⚡ Get All Content for 20% Off ⚡

-20% - ღვინო დიციდან! საოკუპაციო თემატიკით შთაგონებული ქართული ღვინის ბრენდი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

-20% Wine from Ditsi

„-20% ღვინო დიციდან" ქართული ღვინის ბრენდს სწორედ იმ ტერიტორიიდან წარმოადგენს, რომელიც საოკუპაციო სასაზღვრო ხაზიდან 300 მეტრის დაშორებით მდებარეობს. მთავარი მიზანი, გარდა ღვინის წარმოებისა, მისი მეშვეობით ფართო აუდიტორიისთვის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

ბრენდის დამფუძნებლები ნიკა მარკოზაშვილი და ანა გაბრიაძე არიან. სწორედ ნიკას სოფელია დიცი, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს.

„2008 წლის საქართველო-რუსეთის მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 წლის ვიყავი და ვუყურებდი აგვისტოს მოვლენებს გორიდან და ჩემი სოფლიდან − დიციდან. ვხედავდი, როგორ იბომბებოდა გორი, დიცი... მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ვერ შევძელი ვერც ომში წასვლა და ვერც ჩემი სათქმელის თქმა..." − უყვება ნიკა Entrepreneur-ს.

მარკოზაშვილების ოჯახში ტრადიციულად ღვინოს ყოველთვის აყენებდნენ. დროთა განმავლობაში, თავად ნიკაც კარგად დაეუფლა ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ვაზის მოვლაც შეისწავლა და დღეს მამასთან ერთად უვლის, აშენებს ვენახს. იდეა, საკუთარი მარნის ღვინო ბოთლებში ჩამოესხა და სტუმრებისთვის ეჩუქებინა, როგორც ღვინო დიციდან, მალე გაუჩნდა. მოგვიანებით, ნიკას სურვილს ანა გაბრიაძე შეუერთდა და იდეაც კიდევ უფრო დაიხვეწა. გადაწყვიტეს ღვინისთვის სახელი დაერქმიათ. აზრების გაცვლის შემდეგ, „Wine from Ditsi -20% ღვინო დიციდან -20%" − ამ სახელწოდებაზე შეჩერდნენ. საწყის ეტაპზე 70 ბოთლით დაიწყეს. მათი უმეტესობა სასაჩუქრედ კონკრეტულ ადრესატებთან გააგზავნეს.

„ანუკა ამ პერიოდში საზღვარგარეთ, გაცვლით პროექტზე მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა და გვსურდა საქართველო ღვინით წარმოგვეჩინა, მაგრამ არა უბრალო ღვინით, არამედ სოფელ დიცში ჩამოსხმული ღვინით. ცოტა დრო რჩებოდა მის გამგზავრებამდე და ეტიკეტი მოკლე პერიოდში საკუთარი რესურსით დავამზადეთ. რა თქმა უნდა, მოკლე დროში მისი დიზაინი დახვეწილი ვერ იქნებოდა და მეტნაკლებად მოვახერხეთ იდეის ეტიკეტზე გადატანა. მისი მთავარი სათქმელი ქვეყნის ოკუპაციით გამოწვეული შედეგების გაცნობა იყო. კიდევ ის, რომ დღეს უამრავი დევნილი გვყავს საქართველოში", − ამბობს ნიკა მარკოზაშვილი.

მოგვიანებით, ბოთლის ფოტო ერთ-ერთი ჟურნალისტის სოციალური ქსელის გვერდზე მოხვდა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იდეისა და ბრენდის განვითარებას საკუთარი რესურსით შეუდგნენ. გადაწყვიტეს სათქმელი ეფექტურ ვიზუალსა და ხარისხიან ღვინოსთან ერთად წარმოეჩინათ. ღვინოს, „პასპორტი" და სიმბოლური სადღეგრძელო ქართულ და ინგლისურ ენებზე: „ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოა, ერთიან საქართველოს გაუმარჯოს!" − დაუმატეს.

იდეამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ბევრი მხარდამჭერიც გაიჩინა. ნიკა იხსენებს, რომ მისი ერთ-ერთი პირველი წარდგენა მეწარმის ამპლუაში ჟურნალ Entrepreneur-ის ორგანიზებით მოხდა, სადაც გამოცდილმა და დამწყებმა მეწარმეებმა ერთმანეთს საკუთარი ბიზნესიდეები, გამოცდილება გაუზიარეს, რაც დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა მისთვის.

„Wine from Ditsi -20% ღვინო დიციდან -20%" საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშიც წარდგა, სადაც დეპუტატებმა ამ წამოწყებისა და მისი საერთაშორისო მიზნების შესახებ მოისმინეს.

„გვსურს ჩვენი ღვინო, ჩვენი მოლაპარაკე „ელჩები" მალე საზღვრებს გასცდნენ და მსოფლიოში ბევრ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყნისა და მისი მდგომარეობის შესახებ ოკუპაციის ჭრილში. ჩვენ ღვინით ვყვებით საქართველოს ტკივილიან ისტორიას, სოფელ დიციდან, დიცის ღვინით!" − ამბობს ნიკა მარკოზაშვილი და იმედს იტოვებს, რომ ოკუპაცია ახლო მომავალში ისტორიულ წარსულს ჩაბარდება და მათი ღვინის ეტიკეტიც სხვა სახელით ჩანაცვლდება. მანამდე კი, ამ სავაჭრო ნიშნით, ღვინო საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე ჩამოისხმება.

სამომავლო გეგმები ღვინის წარმოების გაფართოებასა და საერთაშორისო მასშტაბით რეალიზებას უკავშირდება, რაც ფინანსური რესურსების მოზიდვას მოითხოვს. ამჟამად, „გორულ მწვანეს" და „ჩინებულს" სთავაზობენ მომხმარებლებს, მალე კი „შავკაპიტოს" და „თავკვერსაც" შემოგვთავაზებენ. სურთ, რომ თითოეული სახეობის ღვინის ბოთლს განსხვავებული ეტიკეტი ჰქონდეს, რომელიც საქართველოს შესახებ არაერთ ისტორიას მოგვითხრობს. ღვინო გასაყიდად 2020 წლიდან ჩაეშვება და მსურველებს „Wine from Ditsi -20% ღვინო დიციდან -20"-ის შეძენა ღვინის სხვადასხვა მაღაზიაში შეეძლებათ.

ნიკასა და ანას მიზანი, საკუთარი წამოწყების განვითარებასთან ერთად, სოფელ დიცის განვითარება და მისი სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებაცაა. აპირებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მხარდაჭერისთვის, მათგან ყურძენი ჩაიბარონ. ამით მათ მიმართ პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვაც სურთ, რადგან ეს ადამიანები დღეს დიცში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრობენ და მცოცავი ოკუპაციის მიუხედავად, საკუთარ მიწას არ ტოვებენ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

სიახლეები

BTU-ს ახალი კამპუსი და ინოვაციური პროგრამები ემატება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახალი კამპუსის მშენებლობას იწყებს

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი