You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ დატოვა წყვილმა სამსახური, გადავიდნენ საცხოვრებლად სხვაგან, დაქორწინდნენ და დაიწყეს ბიზნესი როგორ დაეხმარა მათ "სულელური თავდაჯერება" წარმატების მიღწევაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

სამსახურიდან წამოსვლა, საცხოვრებლად ქვეყნის მეორე მხარეს გადასვლა, დაქორწინება და ბიზნესის დაწყება, ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე სტრესული ცვლილებებია. ამიტომ, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთ ცვლილებასთან შეგუებასაც კი, შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. მიუხედავად ამისა, ჯონათან რუჯერომ და მიშელ ლუჩეზემ ერთდროულად ყველაფერი შეძლეს.

მსგავსი სტატია: კომფორტი - ზონა, რომელიც უნდა დატოვო

ლუჩეზემ სრულიად მოულოდნელად დაკარგა სამსახური, მაგრამ ორივემ ერთად გადაწყვიტეს, ეს ფაქტი კატასტროფად არ ჩაეთვალათ. ნაცვლად ამისა, შესაძლებლობით ისარგებლეს და თავიანთ ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი რამ შეცვალეს.

„ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდი და არსად დავდიოდით", − ამბობს რუჯერო, რომელიც 10 წლის განმავლობაში ერთ სამსახურში მუშაობდა, − „იმ აზრამდე მივედით, რომ ამ ცხოვრების შენარჩუნება გაცილებით მტკივნეული იყო ჩვენთვის, ვიდრე გარისკვა და ყველაფრის შეცვლა".

ამიტომ, რუჯერო სამსახურიდან წამოვიდა, და ისინი კალიფორნიიდან ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც სულ რამდენიმე კვირაში მათი ქორწილი იყო დაგეგმილი. საქორწილო სესხი ჰქონდათ აღებული და ამ დროს, არანაირი დანაზოგი არ ჰქონდათ. ისეთი ფინანსური მდგომარეობა შეექმნათ, რომ მათთვის დრო ნამდვილად არ ითმენდა.

სწორედ ამ დროს გაუჩნდათ იდეა და იფიქრეს, რომ მისი განხორციელება კარგი იქნებოდა, პრობლემას მოუგვარებდათ. წყვილმა საქორწინო ბეჭდების კომპანია − Manly Bands დააფუძნა და სამი წლის განმავლობაში იმდენად განავითარა, რომ მისმა შემოსავალმა რვაციფრიან მაჩვენებლებს გადააჭარბა. ლუჩეზე ირწმუნება, რომ ერთ ღამეში მიღწეული ამგვარი წარმატება, მხოლოდ წარუმატებლობების ხანგრძლივი სერიების შემდეგ მოდის. „სხვადასხვა იდეის გამოცდას უკვე იმდენჯერ ცდილობ, სათვალავი გერევა. ერთ დღეს ცოტას გაგიმართლებს, გონება გაგინათდება და რაღაცას მიუსადაგებ იმას, რაც ამდენი წლის განმავლობაში ისწავლეთ და რაც ნამდვილად ამუშავდება", − განმარტავს იგი. მათ ეს ყველაფერი უნდა სცოდნოდათ, რადგან მათი მოგზაურობა სხვებისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ქორწინების საკითხი ზეცაში წყდება, და ინტერნეტში

რუჯერომ თვითონ გაიკვალა გზა − უშტატო ოპერატორადაც მუშაობდა, ვიდეორედაქტორადაც და სხვა შემთხვევით სამუშაოებსაც ასრულებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, მეგობარმა Getty Images-ში გააგზავნა და იქ ვიდეორედაქტორად დაიწყო მუშაობა, ფილმების პრემიერების, წითელი ხალიჩისა და ბევერლი ჰილზის სხვა მოვლენების გადაღება.

მისი მამა ბიზნესს მართავდა, დედა ანტრეპრენერი იყო და რუჯერო ამბობს, რომ ასეთი ატმოსფეროს გამო, საკუთარი ბიზნესის დაწყება ყოველთვის უნდოდა. მაგრამ ყველა საქმეზე მეტად კინორეჟისორობა მოსწონდა. ამიტომ, ეს საქმე კოლეჯში შეისწავლა და კინოინდუსტრიაში კარიერის შესაქმნელად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.

ლუჩეზე მის სიყვარულს იზიარებდა კინოფილმების მიმართ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ხელოვნების ტიშის სკოლის დამთავრების შემდეგ, ფილმში, „212" როლზე დაამტკიცეს, რომლის პრემიერაც სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა. იგი ლოს-ანჯელესში გადავიდა და მეორეხარისხოვანი როლები შეასრულა HBO-ს ცნობილ სერიალებში − „ნამდვილი სისხლი" და რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმშიც.

ისინი 2009 წელს, Match.com-ზე შეხვდნენ ერთმანეთს. იმის გამო დაახლოვდნენ, რომ ორივეს უსაზღვროდ უყვარდა და აინტერესებდა ხელოვნება. „ჩვენ ხშირად ვხუმრობთ, რომ Match.com-ზე გადახდილი $60, საუკეთესოდ დახარჯული ფულია ჩვენს ცხოვრებაში", − ამბობს ლუჩეზე, − „ორივეს შემოქმედებითი ბუნება გვაქვს და კარიერით ვართ უზომოდ გატაცებული. ვიცოდი, რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრება ნამდვილი თავგადასავალი იქნებოდა".

„სანამ მიშელს შევხვდებოდი, ანტრეპრენერობას ვცდილობდი, მილიონი იდეა მქონდა თავში და არცთუ ბევრი მიმართულება", − ამბობს რუჯერო, − „საკუთარ თავში ეჭვი ღრმად მეპარებოდა და ერთდროულად იმდენი რამ მქონდა გასაკეთებელი, არც კი ვიცოდი, საიდან დამეწყო. მიშელი დამეხმარა, მიწაც მყარად ვიგრძენი ფეხქვეშ და ყურადღებაც გამიმახვილდა. ის დამეხმარა, ისეთი პიროვნება გამხდარიყავი, როგორზეც ვოცნებობდი".

რუჯეროს მეგობრები და მასწავლებლებიც ყველანაირად უწყობდნენ ხელს, ანტრეპრენერი გამხდარიყო. ამიტომ, მან მსახიობებისთვის რესურსი შექმნა, სახელწოდებით, Actor Rated. შემდეგ, 2011 წელს დამოუკიდებელი ფილმების გაქირავების საიტის, FilmScreenr.com-ის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. დაზოგილი თანხების ინვესტირება ვებგვერდების დამუშავებაში იქამდე განახორციელა, ვიდრე გაარკვევდა, რომ რამდენიმე კონკურენტი უკვე ჰყავდა და იძულებული გახდა, პროექტი დაეხურა.

ცოტაოდენი დროის გასვლის შემდეგ, რუჯერომ თავის მომავალ ხელისმომკიდესთან ერთად, ციფრული მარკეტინგის ორი სააგენტო დააფუძნა. ერთმა სააგენტომ მხოლოდ წელიწადი იარსება, მეორე დღემდე ფუნქციონირებს. ამასთან ერთად, ბიზნესპარტნიორებს სამაჯურების კომპანიაც ჰქონდათ და კბილების გათეთრების ბიზნესიც. მოგვიანებით, ორივე გაყიდეს. მართალია, ამ საქმიანობით მათ მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარის გამომუშავება შეძლეს, მაგრამ ეს თანხა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მათი ხარჯების დასაფარად.

„საკუთარ თავს ბევრის უფლებას ვაძლევდი. შემეძლო, რაც მინდოდა ყველაფერი შემესწავლა, გამერისკა, და წარუმატებლობებიც გადამეტანა, რადგან სამსახური ჯერ კიდევ მქონდა და თანაც სრულ შტატზე ვმუშაობდი", − ამბობს რუჯერო, მაგრამ ახლოს იყო ის დრო, როდესაც გარანტიების გარეშე უნდა გაეგრძელებინა საქმიანობა.

სულელური თავდაჯერება და არანაირი სხვა არჩევანი

სწორედ ამ დროს, ლუჩეზე თავისი სურვილების ასრულებას ცდილობდა, სამსახიობო კარიერით მანიპულირებდა და ადმინისტრაციულ ასისტენტადაც მუშაობდა სრულ განაკვეთზე. წყვილი 2015 წელს დაინიშნა და წელიწადიც არ იყო გასული, რომ მიშელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„ამ ამბავმა შეგვძრა. იმდენად დიდი სტრესი მივიღეთ, ქორწილის დაგეგმვაც კი ვერ დაგვეხმარა განწყობის გაუმჯობესებაში", − ამბობს ლუჩეზე, − „სრულიად მოულოდნელად დავრჩი უსამსახუროდ და ჯონათანი მზად იყო ცვლილებისთვის. ამიტომ გადავწყვიტეთ, თავზე ხელი აგვეღო და ყველაფერი შეგვეცვალა".

მათ თითქმის 12 წელი გაატარეს ლოს-ანჯელესში და ბოლოს გადაწყვიტეს, კალიფორნიიდან წასულიყვნენ და ქვეყნის მეორე მხარეს, ფლორიდაში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, სადაც მიშელის მშობლები ცხოვრობდნენ და სადაც დაქორწინებას აპირებდნენ.

ისინი უკვე გადასასვლელად ემზადებოდნენ, ნივთებს ფუთავდნენ და თან ქორწილს გეგმავდნენ. „ჯონათანისთვის საქორწინო ბეჭდის ძებნისას, რაღაც საშინელება გადავიტანეთ, იმიტომ, რომ მას დიდი თითები აქვს", − იხსენებს ლუჩეზე, − „იუველირებმა თქვეს, რომ ერთადერთი ვარიანტი, ერთი უსახური თეთრი ოქროს რგოლი იყო, რომელიც შეკვეთით უნდა დაგვემზადებინა, რაც ნამდვილად ძვირი ჯდებოდა".

წყვილმა გადაწყვიტა ბეჭედი თვითონ მოეძებნათ და ვოლფრამისა და ტიტანისგან დამზადებული რგოლები აღმოაჩინეს; თუმცა, იმ რამდენიმე კომპანიასთან ურთიერთობით, რომლებიც ამ ბეჭდებს ყიდდნენ, კმაყოფილები არ დარჩენილან. იცოდნენ, რომ თვითონ ბევრად უკეთ შეძლებდნენ, წარმატებას მიაღწევდნენ და ამ ამბების განხილვისას, კომპანიის დაარსების იდეა გაუჩნდათ. ეს კალიფორნიაში გადასვლამდე ერთი დღით ადრე მოხდა, მაგრამ გეგმა ვერ განახორციელეს, რადგან ნივთების შეფუთვა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამთავრებული.

ისინი 2016 წლის 22 ოქტომბერს, ფლორიდაში, სანტა როსა ბიჩში დაქორწინდნენ. როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, დრო დადგა, შემოსავლის წყაროს მოძებნაზე ეზრუნათ. გადაწყვიტეს, უძრავი ქონების ფოტო და ვიდეომარკეტინგისთვის მოეკიდათ ხელი, მაგრამ გაუჭირდათ უძრავი ქონების აგენტების დარწმუნება იმაში, რომ ეს რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევდა. ამიტომ, მეორე გეგმის განხილვას შეუდგნენ და კვლავ ამოტივტივდა Manly Bands-ის იდეა. ამჯერად, ამ იდეის გამოცდა გადაწყვიტეს.

მათი შთაგონების წყარო Match.com-ზე შეხვედრა გახდა, კომპანიის შექმნა ამ ფაქტმა გადააწყვეტინათ. „ვფიქრობდით, რომ საქორწინო ბეჭდების ონლაინგაყიდვა გამართლებული იქნებოდა, რადგან რა არ ხდება ინტერნეტში, სრულიად გასაოცარი ამბები", − ამბობს ლუჩეზე სიცილით, − „შესაძლოა, ეს უბრალოდ სულელური თავდაჯერება იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ გაამართლებდა. გასაოცარია, როგორი მოტივირებულები ხდებიან ადამიანები, როდესაც სხვა ვარიანტი არ გაქვთ", − აგრძელებს რუჯერო.

ბედის ირონია

FilmScreenr-ის დახურვით წყვილმა სერიოზული გაკვეთილი მიიღო და შემდეგში, უკვე ნელ-ნელა დაიწყეს მოქმედება − თავდაპირველად, კონცეფციის დადასტურება, შემდეგ კი, მისი გაუმჯობესება. მათ მხოლოდ რამდენიმე შეკვეთისთვის დაამზადეს საქორწინო ბეჭდები, რომ უბრალოდ იდეის შემოწმება შეძლებოდათ. რუჯერო საკმაოდ კარგად იცნობდა Facebook-რეკლამას და რამდენიმე გაყიდვის გენერირება არ გაუჭირდებოდა, ლუჩეზემ კი ვებგვერდის ასლი შექმნა.

მათ უკვე ჰქონდათ საქორწინო ბეჭდის ყიდვის გამოცდილება და თავიდანვე იცოდნენ, რომ მთავარი, პროდუქციის ხარისხი და მომხმარებლის მომსახურება იყო, მაგრამ სარეზერვო ვარიანტები არ ჰქონდათ იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია კრახით დაასრულებდა არსებობას. „მივხვდით, რომ სრულიად ნორმალური იქნებოდა, თუ დასაწყისში ყველაფერი იდეალურად არ გამოვიდოდა. მთავარი დაწყება იყო. როგორც კი დავრწმუნდებოდით, რომ ეს გზა ამართლებს, ყველაფრის მიღწევას შევძლებდით", − იხსენებს ლუჩეზე.

შემდეგ ეტაპზე დაადგინეს, რომ დღეში 10 გაყიდვა ჰქონდათ. რუჯერო იხსენებს, რა ეტაპები გაიარეს პირველივე თვეს: „იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე აეწყობა", − ამბობდნენ პირველად, − „ოჰ, ერთი შეხედეთ რა, ნამდვილად მუშაობს. ახლა რა უნდა გავაკეთოთ?" − სრულიად გაოცებულები იმეორებდნენ გარკვეული ხნის შემდეგ. მათი აზრით, წარმატებას იმიტომ მიაღწიეს, რომ ყველაფერში უმართლებდათ. „ჩვენ ზუსტად ის ნიშა აღმოვაჩინეთ, რომელიც ცარიელი იყო ამ ინდუსტრიაში და ვიდრე არ დავქორწინდით, ამ შესაძლებლობის შესახებ არაფერი ვიცოდით".

„უბრალოდ, სასაცილოა. მინდოდა, ჩემი კარიერა დაქორწინებამდე გარკვეულიყო", − ამბობს იგი, − „მაგრამ შვიდწლიანი შეხვედრების შემდეგ, მიშელმა დაადგინა, რას ველოდით ამდენი ხნის განმავლობაში. ეს ბედის ირონიაა. ვიდრე არ დავქორწინდით, ცხოვრება წინ არ წავიდა".

არასოდეს შეხედოთ ცხოვრებას მეტისმეტად სერიოზულად

რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ დღეში არ აწყობილა. მათთან გარკვეულ ეტაპზე მათი ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების უმეტესობა მუშაობდა, რამდენიმე დღემდე იქაა. საკითხავია, ეს მიდგომა ტრადიციულია თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ აშკარად წარმატებულია. წყვილმა ექვს თვეში გააორმაგა ბიზნესი და განაცხადა, რომ თანამშრომელთა შტატი 12 თვის განმავლობაში სამჯერ გაზარდა.

ზოგიერთებს უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ Manly Bands-ის მიმართ, მაგრამ ლუჩეზე ამბობს, რომ ეს არ არის მხოლოდ მამაკაცების ბრენდი: „ჩვენ იმას ვამბობთ, რომ შესაძლოა, მამაკაცისთვის საქორწინო ბეჭდის შეძენა განსაკუთრებული მოვლენა იყოს".

„ჩვენ ყველა გვიყვარს, სქესისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად", − დასძენს იგი. კომპანია მსურველებს წყვილებისთვისაც სთავაზობს ბეჭდებს და ქალთა ბეჭდების ხაზის გაშვებასაც გეგმავს. ამასთან ერთად, მოდური ბეჭდებისაც, რომლებიც „ბევრად უჩვეულონი" არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც საკურთხეველთან მისვლისას გაიკეთებდით.

ამ წყვილს სხვა დიდი გეგმებიც აქვს. მათ შორის, კინემატოგრაფში დაბრუნება. ამასობაში კი, სხვადასხვა საქმეს უწინდებურად ერთად აკეთებენ. ორი წლის შემდეგ, მას მერე, რაც ლუჩეზეს მშობლების სახლიდან გადმოვიდნენ, მთელი ქვეყნის ფურგონით შემოვლა გადაწყვიტეს. ამის შემდეგ, იუტას შტატში დასახლდნენ და პირველი სახლი იყიდეს. „ყოველთვის ვხუმრობთ", − ამბობს რუჯერო, − „ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება მეტისმეტად სერიოზულადაც არ უნდა მიიღოთ".

მსგავსი სტატია: როდესაც შენი მეორე ნახევარი შენი ბიზნესპარტნიორია

ის პრაქტიკულად აკეთებს იმას, რასაც ქადაგებს. თავის ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას იყენებს: „შემოგვიერთდით Match.com-ზე, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო", − იცინის იგი, − „სრული სერიოზულობით კი იმას გირჩევთ, რომ იმ ადამიანების გარემოცვაში იყოთ, რომლებიც მხარს გიჭერენ. ჩვენი მეგობრების, ოჯახის ან ერთმანეთის გარეშე ამდენს ვერ შევძლებდით და ვინმესთან ერთად ამ ყველაფრის გაკეთება ხომ საერთოდ, ვერც კი წარმოგვიდგენია".

ჯონათანთან და მიშელთან დაკავშირებას მათი ვებგვერდით შეძლებთ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"