You can be on Entrepreneur’s cover!

''კოდალა'' - სოციალური საწარმო დადებითი ცვლილებებისთვის ხის უსაფრთხო სათამაშოები ბავშვებისთვის!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კოდალა

სოციალური საწარმოს ფენომენი, რომელიც ბიზნესმოდელის პრინციპით მოქმედ მკაფიო სოციალური მისიის მქონე საწარმოს წარმოადგენს, მსოფლიო მასშტაბით მზარდია. სოციალური საწარმოს მიზანს დადებითი სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების მოტანა, საზოგადოებრივი ცხოვრების პარამეტრების გაუმჯობესება წარმოადგენს. სოციალურ საწარმოთა ტენდენციას საქართველოც რამდენიმე წელია უკვე აქტიურად უერთდება. სოციალური მეწარმეობის ცენტრის მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში ასამდე სოციალური საწარმო არსებობს. აქტიური და წარმატებული ქართული სოციალური საწარმოების რიცხვს მიეკუთვნება „კოდალა", რომლის მიზანს ბავშვებისთვის ხის უსაფრთხო სათამაშოების შექმნით, შშმ-პირების დასაქმების ხელშეწყობა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.

„კოდალას" დამფუძნებელი კოტე სვანაძეა, რომლისთვისაც ამ საქმიანობაში ჩართვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ხის სათამაშოების მიმართ ბავშვობისდროინდელი სიყვარული გახდა. სხვადასხვა სექტორში ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, გადაწყვიტა ხის სათამაშოების პოპულარიზაციისა და ამ საქმიანობაში აქტიურად ჩართვის მიზნით, საგრანტო კონკურსში ეცადა ბედი. პროექტმა წარმატებით გაიარა საკონკურსო ეტაპები და 2016 წლიდან „კოდალას" ისტორიაც დაიწყო.

„სოციალური მეწარმეობა ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ სიახლეა. თუმცა ბოლო პერიოდში ის გარკვეულ ტრენდად ჩამოყალიბდა და მის მიმართ საზოგადოების თუ პოლიტიკური სპექტრის დაინტერესებაც გაიზარდა. ძირითადად, სოციალური მეწარმეობის ცნების ორი მოდელი არსებობს − ამერიკული და ევროპული, თუმცა მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სტერეოტიპული გაგება ჭარბობს. სიტყვა „სოციალური", ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში დახმარების, მოწყალების ასოციაციას იწვევს და მასთან მიმართებაში სიტყვა „მეწარმეობას" უფრო ბუნდოვანს ხდის. სამწუხაროა, თუმცა ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, დღეს სოციალური მეწარმეობის ქართული გაგება ამდაგვარად აღიქმება. რაც შეეხება მის სტიმულირებასა და განვითარებას, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, როგორც სოციალური მეწარმეების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი მხრივ, „კოდალას" საქმიანობით ამას ყოველდღიურად ვცდილობთ", − ამბობს კოტე სვანაძე Entrepreneur-თან საუბრისას.

ამჟამად „კოდალას" საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. მათ შორის 12 შშმ-პირი, რომლებმაც ეტაპობრივად გაიარეს სწავლება-გადამზადების პროგრამა. მათი ძალისხმევით, ეკოლოგიურად სუფთა, 200-ზე მეტი სახის ხის სათამაშო იწარმოება. „კოდალას" ნივთების შეძენა მსხვილ სავაჭრო ობიექტებში: „გუდვილში", „აგროჰაბსა" და „სმარტშია" შესაძლებელი.

კოტე სვანაძეს და მთლიანად „კოდალას" გუნდს მიაჩნიათ, რომ ბავშვთა სწორი გონებრივი თუ მოტორული განვითარებისა და სიჯანსაღისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი სათამაშოების შერჩევა, რომლებიც მთლიანად თავისუფალი უნდა იყოს ტოქსიკური ნივთიერებებისა და ქიმიური მინარევებისგან.

საწარმო სათამაშოებს 6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის ქმნის. „კოდალას" სათამაშოებში შეხვდებით როგორც ფაზლის ტიპის, ასევე მექანიკურ და ფიგურულ სათამაშოებს. ისინი ადგილობრივი წიფლის ხისგან მზადდება, რომელიც ლამაზი შეფერილობით და მდგრადი სტრუქტურით გამოირჩევა.

სათამაშოებისთვის მხოლოდ ევრორეგულაციების ნორმების შესაბამის, ეკოლოგიურად სუფთა გერმანულ საღებავებს იყენებენ.

სათამაშოების პარალელურად, საწარმოში ხის დეკორაციული ნივთები და სუვენირებიც იქმნება. „კოდალას" ხის ნივთების ასორტიმენტში შეხვდებით ლარნაკებს, საყვავილეებს, საათებს, ღვინის ბოთლის სადგამებსა და ხის სხვადასხვა ნამუშევარს.

სახელი „კოდალა" ძლიერი, ხის მეგობარი და მიზანდასახული ფრინველის სიმბოლოდან შეირჩა, რომლის მახასიათებლებიც თავად სოციალური საწარმოს კონცეფციასთან პირდაპირ კავშირშია.

„კოდალას" გუნდს მიაჩნია, რომ საწარმო სირთულეების გადალახვით საზოგადოებაში თანაბარ შესაძლებლობებს ამკვიდრებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თვითრეალიზაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში უწყობს ხელს. თანაც, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში შეაქვს წვლილი, რაც ძალიან ახარებთ და დამატებით მოტივაციას სძენს მათ. თუმცა ამ სექტორის განვითარებისა და მეტი სოციო-ეკონომიკური სიკეთეების მოსატანად, გუნდი სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას აუცილებლად მიიჩნევს.

„უპირველესად, ყველაფერს თავის ბაზისი სჭირდება. როგორც სახლს საძირკველი, სოციალურ მეწარმეობასაც ესაჭიროება აღიარება კანონის დონეზე, რაც უმნიშვნელოვანესი საკითხი იქნება ამ მიმართულებით. მეორე − არანაკლებ მნიშვნელოვანია განწყობისა და დამოკიდებულებების შეცვლა საზოგადოებაში. სწორი აღქმის ჩამოყალიბება სოციალური მეწარმეობის მიმართ წარმატებულ მაგალითებზე დაყრდნობითა და მათი შედეგების გაზიარებით. მინდა ვურჩიო დამწყებ სოციალურ მეწარმეებს, გადადგან სწორი და გააზრებული ნაბიჯები და მათ მიერ არჩეული სოციალური მიზანი დაუკავშირონ ბიზნესსტრატეგიას, რითიც იქნებიან კარგი მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება სოციალური მეწარმეობით მოიპოვო ღირსეული ადგილი ქართული ეკონომიკისა და საზოგადოების განვითარების საქმეში", − აცხადებს კოტე სვანაძე და ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში, შშმ-პირების მხრიდან გაიზარდა ინტერესი ახალი ხელობის შესწავლისა და დასაქმების მიმართ. სწორედ ამიტომ, „კოდალა" ამ ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ, მოქნილ სასწავლო პროგრამებს აუმჯობესებს, რომლის გავლის შემდეგ, ბენეფიციარები დასაქმებასა და საკუთარი თავის რეალიზებას ახერხებენ.

სწავლების პროცესთან ერთად, წარმატებით მიმდინარეობს დასაქმების საკითხიც, იზრდება წარმოება. გასულ, 2018 წელს საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში შეძლო, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ყოველდღიური დაუღალავი შრომით, კიდევ უფრო მასშტაბური მიზნების მიღწევას გეგმავენ. ყველა დამწყებს კი, ვინც ახლა იწყებს სოციალური საწარმოს შექმნას ან აქვს იდეა, მაგრამ ვერ ბედავს ნაბიჯის გადადგმას, კოტე სვანაძე შემდეგ მესიჯს უგზავნის:

„დაივიწყეთ, რას იტყვიან თქვენზე. იმოქმედეთ! გარისკეთ! დანებება დაუშვებლად აქციეთ! და წამიერად აღმოაჩენთ, თუ შეცდომებთან ერთად, როგორ აღწევთ წარმატებას!"

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"