You can be on Entrepreneur’s cover!

გუნდურობა! – სპორტშიც და ბიზნესშიც! თუ გუნდის წევრებს თამაშში და მის მიღმა ერთმანეთის არ ესმით, წარმატება გამორიცხულია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

2007 წლის 17 ოქტომბერი − დღე, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2008-ის შესარჩევი ეტაპის შეხვედრას „დინამო არენაზე" შოტლანდიელთა წინააღმდეგ მართავს. ჩვენი გუნდის იმჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა სარისკო, მაგრამ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო − ძირითად შემადგენლობაში 17 წლის გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე გაამწესა. ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა და მას შემდეგ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს დიდი იმედი ჩაესახა. ამ ყველაფერს დაემატა მომავალი წლის 5 ოქტომბერს ტურინში ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის კარში გატანილი გოლი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იმედი იმედად დარჩა − ტრავმები ლევანის კარიერის თანმდევი გამოდგა, რამაც არ მისცა საშუალება, ჰქონოდა ისეთი კარიერა, როგორიც სურდა და როგორსაც ველოდით.

მიუხედავად ძალიან ბევრი დაზიანებისა და გაცდენისა, ლევანი დღემდე ფეხბურთშია. დღემდე მოედანზეა და ისევ მეტოქის კარზეა „დაგეშილი", რაც საქმისადმი მის სიყვარულსა და მონდომებაზე, უდიდეს მოტივაციაზე მიუთითებს. იტალიაში ხანგრძლივი ვოიაჟის შემდეგ, იგი საქართველოში დაბრუნდა და თბილისის „დინამოსთან" 1+1 სისტემით გააფორმა კონტრაქტი.

ლევან მჭედლიძე ნათელი მაგალითია იმისა, რომ მიუხედავად ბევრი დიდი დაბრკოლებისა, მაინც შეუძლია ადამიანს საყვარელი საქმის კეთება განაგრძოს.

ფეხბურთით გატაცება მამის (კარლო მჭედლიძე) და ეზოში მაშინ არსებული ვითარების დამსახურებაა: „ჯერ მხოლოდ ისიც საკმარისი იყო, რაც მაშინ ეზოში ხდებოდა. ახლა პოპულარულია სპორტის სხვა სახეობებიც, მაგრამ მაშინ ბავშვები მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთს ვთამაშობდით. ჩემი მთავარი მოტივატორი მამა − კარლო მჭედლიძეა, რომლისგანაც უამრავი რამ მისწავლია, ვსწავლობ და ვისწავლი. მისგან ბევრი გამიგია, თან − „ოქროს დინამოში" აქვს ნათამაშები. მისი რჩევები დღემდე მნიშვნელოვანი და საინტერესოა. რაც მთავარია, ყოველთვის გამოსადეგია. იმ შემთხვევაში, როცა არ დავუჯერებდი, ეს ყოველთვის წინ მხვდებოდა".

რა ასწავლა სპორტმა?

„ურთიერთობა, გუნდურობა, პატივისცემა. მასწავლა ისიც, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა შეგაქციოს ზურგი, მაგრამ სწორედ ესაა ცხოვრებისეული გამოცდილება".

გუნდურობა სპორტშიც და ბიზნესშიც

„ზოგადად, ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ ბოლო წლებში ერთობლიობის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. არიან დღევანდელ სპორტში მესი, რონალდუ, სტეფ კარი და ა.შ. ვისაც მარტო შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია. თუ გუნდის წევრებს თამაშში და მის მიღმა ერთმანეთის არ ესმით, წარმატება გამორიცხულია. ასეა ბიზნესშიც. თუ მაგალითად, 5 ადამიანია დასაქმებული და ერთმა მაინც გადაუხვია მიმართულებას, იმ საქმეს წარმატება არ ელის".

ტრავმები, ტრავმები, ტრავმები...

„ადამიანი ინდივიდუალურია. არის კატეგორია ხალხისა, ვისაც ტრავმები ფსიქოლოგიურად ასუსტებს, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც ამ ყველაფრის გადალახვა შეუძლიათ. საბედნიეროდ, ჩემ გარშემო სწორედ ასეთი ხალხი იყო − ყოველთვის გვერდით იყვნენ, მუდამ მამხნევებდნენ და დიდი როლი მიუძღვით ჩემს მოტივირებაში. ჩემი ტრავმები 15 წლიდან დაიწყო და ყოველთვის, როცა დაზიანებები მქონდა და ვტიროდი კიდეც, ამ ადამიანების დამსახურებით, მუდამ ახალი ძალებით ვიღვიძებდი და ყოველთვის მიზანდასახული ვიყავი. ჩემს თავში სწორედ ეს მებრძოლი ხასიათი მომწონს. დანარჩენი უკვე გულშემატკივრის შესაფასებელია".

შეუძლია თუ არა წარმატებულ სპორტსმენს გახდეს წარმატებული ბიზნესმენი?

„რა თქმა უნდა, რადგან ბიზნესში ზუსტად ის თვისებებია საჭირო, რაც სპორტში. თუ მაგალითად, მოედანზე ვიბრძვით და თანაგუნდელის შეცდომის გამოსწორება მიწევს, ანალოგიური ვითარებისთვის უნდა იყო მზად ბიზნესშიც. ისევ და ისევ გუნდურობისკენ მივდივართ, რომელიც ასე ძალიან საჭიროა. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ერთმანეთი უნდა შევავსოთ".

რჩევა დამწყებ სპორტსმენებს და ბიზნესმენებს...

„უპირველეს ყოვლისა, მსურს დამწყებ სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილებიდან ვუთხრა, რომ გარდა სპორტისა, სწავლაც საჭიროა. მინიმუმ 13-14 წლამდე სწავლასაც დიდ ყურადღებას უნდა უთმობდე. შემდეგ, თუ ნაკრებში გამოგიძახებენ და გუნდში ხარ, უფრო მეტ ყურადღებას სპორტს უთმობ, მაგრამ ზოგადად, ყოველდღიური შრომა აუცილებელია. პლუს ამას, ბუნებრივია, რაღაც უნდა მოიკლო. ლეგენდარულ ალესანდრო ნესტას აქვს შესანიშნავი ფრაზა ნათქვამი: „იყო პერიოდი, როდესაც დაბადების დღეებზე ვერ დავდიოდი და ამის გამო ვტიროდი კიდეც, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ". 17-18 წლის ასაკში ამ ყველაფრის გაგება რთულია, მაგრამ უნდა გაიგო. რაც შეეხება ბიზნესს, თუ ყოველდღე არ იმუშავე საკუთარ თავზე და გუნდზე, თუ მუდამ არ იკითხე და არ იზრუნე განვითარებაზე, ვერც აქ მიაღწევ წარმატებას".

ინსპირაცია

რას გვასწავლის მეი მასკი?

"დაისახეთ მიზანი - ახლავე!"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია