📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

20 რჩევა 2020 წელს წარმატების მისაღწევად! გაბედეთ ის, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

1. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს! გახსოვდეთ, ახლობელ ადამიანებზე ზრუნვას უფრო კარგად და სრულფასოვნად მაშინ შეძლებთ, როცა თავად იქნებით ჯანმრთელი და ბედნიერი! 2020 წელი თქვენი გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების წლად გამოაცხადეთ!

2. გაბედეთ ის, რაზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით! 2020 წელი შეუჩერებელი მოქმედების, თქვენი ოცნებების მკაფიო მიზნებად ქცევის და მათი ასრულების წლად გამოაცხადეთ. ამისათვის ყოველდღიურად, მიზანმიმართულად და ენერგიულად იმუშავეთ!

3. თქვენს ოცნებებს „პატარა" ადამიანებს ნუ გაუმხელთ! გაუზიარეთ ისინი მხოლოდ მათ, ვინც გულწრფელად აღფრთოვანდება თქვენი იდეით, მხარს დაგიჭერთ და გაგამხნევებთ! გახსოვდეთ მარკ ტვენის სიტყვები: „თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც თქვენი ამბიციების შეკვეცას ცდილობს. ამას პატარა ადამიანები აკეთებენ. ნამდვილად დიდები კი გაგრძნობინებენ, რომ თქვენც შეგიძლიათ, დიდი გახდეთ". 2020 წელს „ნამდვილად დიდებთან" იმეგობრეთ!

4. დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების! ნუ იფიქრებთ, რომ არ შეგიძლიათ! 2020 წელი თქვენი უნიკალური შესაძლებლობების რეალიზაციის წლად გამოაცხადეთ და ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ! მოემზადეთ ყველაზე თამამი ნაბიჯებისთვის და 2020 წელს ყველას გასაგონად თქვით – მე ანტრეპრენერი ვარ! მე შევცვლი ქვეყანას უკეთესობისკენ!

5. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეთ! 2020 წელს ხელს სხვისკენ ნუ გაიშვერთ, არ გეკადრებათ... გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ თავად ხართ!

6. ნუ გაბრაზდებით ადამიანებზე! მათზე, ვინც უსამართლოდ მოგექცევათ, ვინც გიღალატებთ, ვინც დანაპირებს არ შეგისრულებთ, ვინც ცილს დაგწამებთ! 2020 წელსაც შეგხვდებიან ასეთები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ისინი თავისი ქმედებით, თავისდაუნებურად, თქვენ კი არ გავნებენ, არამედ განვითარებასა და სრულყოფაში გეხმარებიან!

7. არასოდეს დანებდეთ! 2020 წელიც ვერ ჩაივლის მარცხის გარეშე... მთავარია, არ შეშინდეთ და განაგრძოთ წინსვლა! მარცხის თემაზე ბევრი შთამბეჭდავი ფრაზა მახსენდება, მაგრამ 2020 წლის შთაგონებად, იაპონური სიბრძნე აქციეთ: „შვიდჯერ დაეცი, რვაჯერ ადექი"!

8. გახდით უკეთესი! 2020 წელს ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ J გახსოვდეთ, მთავარი ის კი არაა, რამდენად კარგი ხართ, არამედ ის, თუ რამდენად უკეთესი იქნებით მომავალში! გახდით უკეთესი საკუთარ თავთან, ოჯახთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან ურთიერთობაში! საკუთარ თავში იპოვეთ ახალი ძალა, ახალი ენერგია და გარესამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლით დაიწყეთ.

9. დისციპლინის გარეშე არაფერი გამოვა! ეცადეთ, 2020 წელს მაინც ჩადგეთ რეჟიმში და დრო სწორად გაანაწილოთ. ადრე ადექით და მეტს მოასწრებთ! რომის ფილოსოფოსი იმპერატორის, მარკუს ავრელიუსის არ იყოს: „თუ შენ დილით გეზარება ადრე ადგომა, მაშინ ასე შეაგონე შენსავე თავს: მე ვდგები, რათა აღვასრულო ჩემი კაცური საქმე"!

10. დიდი საქმეების მოლოდინში, აქაოდა პატარა საქმეები რა ჩემი საკადრისიაო, 2020 წელს დროს უმოქმედოდ ნუ გაიყვანთ და აკეთეთ ის, რისი კეთებაც შეგიძლიათ და რაც ხელგეწიფებათ! რაზეც ხელი მიგიწვდებათ! აქ და ახლა! მერწმუნეთ, ნაპოლეონ ჰილსს დაეჯერება: თუ დიდი საქმეების კეთება არ შეგიძლიათ, პატარები დიდებულად აკეთეთ"!

11. არ დაგავიწყდეთ – 2020 წელს ყოველ დილით გაასწორეთ საწოლი! ისე, როგორც ამას არც მეტი არც ნაკლები – ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სარდლობის მეთაური, საზღვაო ძალების ადმირალი უილიამ მაკრავენი აკეთებს. გახსოვდეთ მისი რჩევა, რომ თუ გსურთ, შეცვალოთ მსოფლიო, უპირველესად, დღე საკუთარი საწოლის გასწორებით უნდა დაიწყოთ...

12. ნუ დაელოდებით იმ დროს, როდის მოიცლის თქვენთვის ბედი და იღბალი! ნუ დაელოდებით ბედის წყალობას! 2020 წელს, როგორც არასდროს, იმოქმედეთ დასახული მიზნის მისაღწევად, იყავით შრომისმოყვარე და საკუთარი საქმის, საკუთარი პროფესიისადმი თავდადებული. გახსოვდეთ გოლფის ლეგენდა გერი ფლეიერის სიტყვები: „რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები"! ივარჯიშეთ თქვენც! და წარმატება თქვენთანაც ისე მოვა, როგორც სხვა „იღბლიანებთან"!

13. იფიქრეთ და იმოქმედეთ ჩემპიონივით! არ დაკმაყოფილდეთ მიღწეულით და მუდმივად, თუნდაც მცირედით, მაგრამ აუცილებლად გააუმჯობესეთ მიღწეული შედეგი. 2020 წელს საკუთარ საქმეს შეხედეთ, როგორც სპორტს, მუდმივად ისწრაფეთ უკეთესისკენ, იმოძრავეთ ახალი და ახალი რეკორდებისკენ – სპორტშიც, ბიზნესშიც, ცხოვრებაშიც!

14. იმოქმედეთ პრინციპით მოგება-მოგება! 2020 წელს ადამიანებთან ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე, ორმხრივ სარგებელზე აგებული ურთიერთობა აირჩიეთ! ურთიერთობა, როცა წაგებული მხარე არ არსებობს! როცა ყველა მოგებულია! ნუ დაინახავთ ადამიანებში მტერს, მოწინააღმდეგეს, და ნუ დაისახავთ მიზნად მათ დამარცხებას. გახსოვდეთ: ერთადერთი, ვინც დასამარცხებელი გყავთ, საკუთარი თავია!

15. პრობლემებში შესაძლებლობები დაინახეთ! 2020 წელს მაინც მოიქეცით ისე, როგორც ნამდვილი ანტრეპრენერები იქცევიან – დაიჯერეთ, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები თქვენსავე ხელშია. არ დაელოდოთ სხვას, გამოიჩინეთ ინიციატივა, იყავით მეტად შემოქმედებითი და მოტივირებული. 2020 წელი პრობლემებში შესაძლებლობების დანახვისა და მათი სასიკეთოდ გამოყენების წლად აქციეთ!

16. ისწავლეთ შეცდომებზე! გახსოვდეთ ჰენრი ფორდი, რომელიც ამბობს, რომ „მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერს ვისწავლით". 2020 წელი დაშვებულ შეცდომებზე სწავლის წლად გამოაცხადეთ და სამომავლო მოქმედების ტაქტიკა მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით დახვეწეთ და გააუმჯობესეთ!

17. ადალახეთ მარცხის კომპლექსი! 2020 წელს მარცხის შიშით უარი არ თქვათ ახალი, ინოვაციური იდეების განხორციელებაზე, გამოდით კომფორტის ზონიდან და თამამად შეეჭიდეთ ახალ გამოწვევებს. გახსოვდეთ, რომ მარცხი წარმატების განუყოფელი ნაწილია და როგორ გახდებით წარმატებული, თუ უარს იტყვით მარცხზე? ეს ხომ წარმატებაზე უარის თქმასაც ნიშნავს? მარცხის შიშით 2020 წელს მაინც არ თქვათ უარი წარმატებაზე!

18. შეუპოვრობა და ხასიათის სიმტკიცე წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ! 2020 წელს მაინც დაიჯერეთ, რომ შეგიძლიათ გადალახოთ ყოველგვარი წინააღმდეგობა. გახსოვდეთ ჩერჩილისეული წარმატების ფორმულა: „წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე"!

19. წარმატების მისაღწევად მთავარია ძლიერი, მწველი სურვილი! 2020 წელს საკუთარი თავი, საკუთარი ცხოვრება თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას ბოლომდე მიუძღვენით და რასაც ხელს მოჰკიდებთ, დიდ თუ პატარა საქმეს, სულითა და გულით გააკეთეთ! გახსოვდეთ და მუდამ ჩაგესმოდეთ ელდარ შენგელაიას ცნობილი ფილმის „არაჩვეულებრივი გამოფენა" პერსონაჟის – ახალგაზრდა მოქანდაკის აღტაცებული ფრაზა: „მე ამისგან გავაკეთებ"!.. თქვენც მასავით დარწმუნებული იყავით საკუთარ ძალებში და მასავით პირველივე შესაძლებლობა გამოიყენეთ საკუთარი იდეის ხორცშესხმისათვის!

20. დაბოლოს, ამაზე კარგ და სასარგებლო რჩევას 2020 წლისთვის ვერ მოგცემთ – აღარ გადადოთ! ისევ ძლევამოსილი რომის იმპერიის ფილოსოფოს იმპერატორს, მარკუს ავრელიუსს მოვუსმინოთ: „გაიხსენე, რა ხანია, რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს, რამდენგზის სთხოვე „მაცალეთ" ღმერთებს და რამდენგზის გაცალეს მათაც, მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით. კმარა!"

მადლობა, იმპერატორო!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი