You can be on Entrepreneur’s cover!

''სატორი'' – სივრცე პიროვნული განვითარებისთვის რა სარგებლობა მოაქვს ქოუჩინგს?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

„სატორი" მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერის ცენტრია, რომელიც აქ მოსულ ადამიანებს ქოუჩინგის მეთოდით ფსიქოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებასა და პიროვნულ გაძლიერებაში მხარდაჭერას ჰპირდება. ცენტრის მიზანი ადამიანისკენ მიმართული, მყუდრო და სიყვარულით სავსე გარემოს შექმნაა, რათა აქ მოსულმა, თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს. ცენტრი მეგობრებმა – დადუნა სამადაშვილმა და გვანცა გადელიამ დააარსეს. ძირითადი პროფესიებისა და განსხვავებული საქმიანობების მიუხედავად, ქოუჩინგი სწორედ ის სფერო აღმოჩნდა, რომელშიც მათი ინტერესები და მუშაობის სურვილი მჭიდროდ გადაიკვეთა.

გვანცა გადელია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მუდმივად სიახლეებისა და საკუთარი თავის ძიებაში კი აღმოაჩინა, რომ პროდუქტიული ვერ იქნებოდა სფეროში, რომელიც მასში მძაფრ ინტერესს არ აღძრავდა. არაერთი პროფესიის შეცვლის შემდეგ, საკუთარი თავი ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგში აღმოაჩინა, რომელიც დღეს უკვე ყოველდღიურ საქმიანობად აქცია.

დადუნა სამადაშვილი კი პირვანდელი პროფესიით იურისტია და ამ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილებაც აქვს. საჯარო სამსახურში ხანგრძლივი მუშაობის პარალელურად, ფსიქოლოგია მისთვის მუდმივი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა. გადაწყვიტა, ამ მიმართულებით ცოდნა საფუძვლიანად გაეღრმავებინა და ახალ პროფესიად ექცია.

„გავაანალიზე, ადამიანებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე რამდენად სჭირდებათ კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნა. გადავწყვიტე მეც ინტენსიურად ჩავრთულიყავი მათთვის კვალიფიციური დახმარების მიღების საკითხში", – გვეუბნება დადუნა სამადაშვილი.

ადამიანების დახმარების ამ მოტივაციითა და ერთობლივი ძალებით კი შეიქმნა სივრცე, რომელიც ინდივიდს საკუთარი თავის პოვნასა და პიროვნულ გაძლიერებაში ეხმარება.

„თანამედროვე ცხოვრების სტილი ადამიანის ცხოვრებაში უკვე მრავალი სტრესისა და ნეგატივის არსებობას გულისხმობს. ზოგჯერ იმისათვის, რომ ჩვენი ემოციური მდგომარეობა არასტაბილური გახდეს, არც არის აუცილებელი, რაიმე დიდი ტრავმა მივიღოთ. შესაძლოა, ვერც კი ვხვდებოდეთ, რომ რუტინა, რომელშიც ვცხოვრობთ, ან ჩვენი აზრები, რომლებიც აქამდე გვეგონა, რომ საკუთარი იდენტობის ნაწილი იყო, სტრესის მიზეზი ხდება. ჩვენ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს იმ თემებზე ვატარებთ, რომლებიც საზოგადოებაში აქტუალურია. მიგვაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ინფორმაციის მისაღებად, არამედ თანადგომის, ემოციებისა და გამოცდილების გასაცვლელად", – გვიხსნის დადუნა სამადაშვილი.

ქოუჩინგის ძალა გვანცა გადელიას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ეს მეთოდი მას ცხოვრებაში არაერთი სირთულის გადალახვასა და პიროვნულ გაძლიერებაში დაეხმარა.

„ყოველდღიური კომფორტი ბანალურია, შესაბამისად – უინტერესოც. ამიტომ თუ არ გეტკინა, ვერასდროს გაიზრდები. ადამიანს ეს გამოცდილება ძალიან გეხმარება წინსვლაში. ჩვენი წარმატება ცოდნაზე, შრომასა და ნებისყოფაზეა დაფუძნებული. ჩემს შემთხვევასაც ასე ვუყურებ. რომ არა საკუთარი გამძაფრებული ნეგატიური გამოცდილება, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი. ჩემს ცხოვრებაში „ქარმა დაუბერა" და სწორედ ამის შედეგად დავიწყე გაძლიერება და ფსიქოლოგიისადმი ინტერესიც აქედან გაჩნდა. ბავშვობას გავიხსენებ: ვიყავი დედისერთა და ძალიან გათამამებული. ამან თავისი კვალი დატოვა. ზედმეტად მიმნდობი გავხდი. მჯეროდა, რომ სამყარო კეთილი იყო და ვარდისფერი სათვალე კარგად მქონდა მორგებული. ამასთანავე, დამჯერი ადამიანობაც შევითავსე, რამაც ზრდასრულ ასაკში დისკომფორტი შემიქმნა. როცა ეს გავაცნობიერე, დავიწყე მოქმედება. მივხვდი, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლის, შრომისა და თვითგანვითარების დრო იყო. დავწერე წიგნი. შევქმენი ჩემი გვერდი. ერთი წლის განმავლობაში ვატარებდი ონლაინკონსულტაციებსა და სემინარებს. გავიდა გარკვეული პერიოდი და მე და ჩემმა მეგობარმა ფსიქოლოგიური ცენტრი გავხსენით. ახლა აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმიანობაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საკუთარი თავი ვიპოვე", – გვიზიარებს გამოცდილებას გვანცა გადელია.

გოგონებს მიაჩნიათ, რომ ქოუჩი სწორედ ისაა, ვისთან ერთადაც ადამიანს შეუძლია ნამდვილი სურვილები იპოვოს, გარდაქმნას ისინი მიზნებად და მინიმალური ჩარევით მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

ქოუჩინგის დახმარებით ადამიანი საკუთარ თავს გზადაგზა ეცნობა და იმ ახალ თვისებებს აღმოაჩენს, რომლებსაც შემდეგ მიზნის მიღწევისას იყენებს. ეს პროცესი კი განსაკუთრებით საინტერესო იმითაა, რომ ყველაფერი თავად ადამიანის რესურსებსა და პოტენციალის ხარჯზე ხდება და არა ქოუჩის მიერ წინასწარ გაწერილი ტექსტებით ან რეცეპტებით.

ქოუჩინგი დაცლილია თავს მოხვეული აზრებისგან. ამ მეთოდით შედეგზე გასვლა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის შინაგანი რესურსებისა და ნებისყოფის მეშვეობით ხდება.

ქოუჩინგი ადამიანს საკუთარი თავის რეკონსტრუქციაში ეხმარება და ცვლის მის შინაგან სტრუქტურას. ქოუჩი გაცილებით მეტს უსმენს, ვიდრე საუბრობს. ის მხოლოდ სპეციალური კითხვების დასმით ხსნის ადამიანში პოტენციალს, აღვიძებს მის უნიკალურ შესაძლებლობებს.

ტრანსფორმაცია კი ხდება ყოველი ახალი დიალოგის დროს. ქოუჩთან თითოეული ახალი შეხვედრა ცვლილებებთანაა დაკავშირებული. ადამიანი ყოველდღიური ბრძოლისთვის უფრო ძლიერი ხდება.

„ზოგჯერ ხალხი ქოუჩინგის მიმართ არასერიოზულადაა განწყობილი, რადგან ეს მეთოდი მოკლე დროში დიდი შედეგის დადებას გვპირდება. თუმცა ეს პროფესია, სხვადასხვა მეთოდით, საუბრით, სავარჯიშოებით, თერაპიით, მართლაც ეფექტურია. ქოუჩი კლიენტის მოტივატორიც არის. დღესდღეობით, პირადი კონსულტაციების გარდა, ვატარებ სემინარებსაც, რომელიც არანაკლებ სასარგებლოა ადამიანების განვითარებისთვის. ჩემს სემინარებზე ქალების ინტერესი ჭარბობს, რაც სიმართლე გითხრათ, მახარებს", – ამბობს გვანცა გადელია.

„გარდა გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრისა და რთული მდგომარეობიდან გამოსვლისა, ადამიანებს ხშირად სჭირდებათ მოტივაცია იმისათვის, რომ დაისახონ მიზნები და მიაღწიონ წარმატებას. პოზიტიური აზროვნების ჩამოყალიბება და განვითარება შესაძლებელია თავის თავში აღმოჩენებისა და საკუთარი თავისთვის მოტივაციის მიცემის გზით. ამ მხრივაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ცენტრში მომუშავე ქოუჩების როლი. ჩვენ ამ ტიპის შეხვედრებსაც ვგეგმავთ", – გვიზიარებს უახლოეს გეგმებს დადუნა სამადაშვილი.

„სატორის" დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ადამიანისთვის ყოველი დღე ახალი ოპტიმიზმის საფუძველი უნდა იყოს. ყოველდღიური სირთულეების გადალახვა საბოლოოდ მყარ და ძლიერ ხასიათს აყალიბებს, რომელიც ადამიანს გამარჯვებისკენ მიდრეკილს ხდის. თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი კი გამარჯვებას ყოველთვის შეძლებს.

„სატორს" მრავალი სამომავლო გეგმა აქვს. მალე ცენტრი სალონური საუბრების სერიას გამართავს, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს შეეხება. ასევე, იგეგმება ცალკეული თემატური შეხვედრების ჩატარება.

„სატორი" აქტიურად საქმიანობას სწორედ იმ სფეროში აპირებს, სადაც ადამიანებს მხარდაჭერა სრულფასოვანი, უკეთესი ცხოვრებისა და პიროვნული განვითარებისთვის სჭირდებათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"