წყვილი, რომელმაც ე.წ. STREETFOOD-ინდუსტრია კარგა გემრიელად შეაჯანჯღარა

გიჟი ხარ? PAZZA-ს პიცა გასინჯე... და დაწყნარდი
წყვილი, რომელმაც ე.წ. STREETFOOD-ინდუსტრია კარგა გემრიელად შეაჯანჯღარა
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
5 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართულ ბაზარზე ახლახან ახალი ბრენდი „პაცცა“ გამოჩნდა, რომლის დამფუძნებლები, ახალგაზრდა წყვილი – აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა, პირდაპირ გასტრონომიული სამყაროდან მოგვევლინენ.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წლებია ამ ინდუსტრიაშია, საკუთარი ბიზნესის მართვა ახლახან დაიწყეს. „პაცცა“ მათი პირველი წამოწყებაა. რატომ „პაცცა“?− ეს სიტყვა იტალიურად „გიჟს“ ნიშნავს და როგორც დამფუძნებლები იხსენებენ, ამ სახელზე კომპანიის ხასიათიდან გამომდინარე შეთანხმდნენ.

„ერთ-ერთი მარკეტინგული მიდგომის თანახმად, ბიზნესის დაფუძნებისას იგი ისე უნდა დაახასიათო, როგორც ადამიანი. ჩვენ კომპანია აღვწერეთ იტალიელ გოგონად, რომელიც ემიგრირებულია აშშ-ში სასწავლებლად, არის თავისუფალი, მხიარული და გადაწყვეტილი აქვს გახსნას სწრაფი კვების ობიექტი, რათა თავი ირჩინოს. როდესაც ეს დახასიათება ჩამოვაყალიბეთ, მივხვდით, რომ ეს ადამიანი იყო „გიჟი“ (კარგი გაგებით). ჩვენი მოულოდნელი გადაწყვეტილებაც გიჟური იყო. შესაბამისად, ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირეთ“, – იხსენებს აჩო.

აჩო ზამბახიძე და ქეთო პაპავა მრავალი წელია კულინარიულ ბლოგ Katy&Acho Cooking-ს მართავენ, 2014 წელს კი ჯანსაღი კვების მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციის, Food Revolution Community-ის ელჩები გახდნენ საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში წყვილი აქტიურად ათავსებდა ვიდეორეცეპტებს Youtube-ზე, ასევე მართავდნენ Facebook-გვერდს. პარალელურ რეჟიმში იყვნენ ჟურნალ „ფოკუსისა“ და „რესტორატორის“ თანაავტორები, წერდნენ გასტრონომიულ ბიზნესში არსებული სხვადასხვა ობიექტის შეფასებებს. 2018 წელს კი აჩომ და ქეთომ საკუთარი ძალები ერთ-ერთი სარესტორნო ქსელის მენეჯმენტში მოსინჯეს. იმ დროისათვის აჩომ აღმასრულებელი დირექტორის, ხოლო ქეთომ ღონისძიებების მენეჯერის პოზიცია დაიკავა.

სანამ „პაცცას“ იდეა გაჩნდებოდა, აჩომ და ქეთომ ორი კულინარიული წიგნი შექმნეს. პირველი ძირითადად მარტივი რეცეპტებით შემოიფარგლება და მოყვარული მზარეულებისთვისაა, მეორეში კი, ქართული გემოს მრავალფეროვნებაზეა აქცენტი.

„წიგნში „ქართული გემოს მემკვიდრეობა“ საშუალება გაქვთ 155 ქართულ რეცეპტს გაეცნოთ. ჩვენ სამი წელი ვაგროვებდით რეცეპტებს საქართველოს კუთხეებში და ვეცნობოდით ეროვნულ არქივში არსებულ ინფორმაციას. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, „აჭარა ჯგუფისა“ და „ნიკორას“ დაფინანსებით შედგა“, – ამბობს ქეთო.

დაგროვილი ცოდნისა თუ გამოცდილების შემდეგ, აჩო და ქეთო მივიდნენ დასკვნამდე, რომ საკუთარი გასტრონომიული ბიზნესი ჰქონოდათ. აბაშიძის ქუჩაზე შემთხვევით აღმოაჩინეს ფართი, რომელშიც იმალებოდა „განძი“ – ქვიშისა და ქვის ღუმელი, რომლის დანახვისთანავე გადაწყვიტეს, რომ ადგილი იჯარით აეღოთ, უკვე მეორე დღეს კი წყვილი რეცეპტების მომზადებას შეუდგა.

„პაცცას“ მიზანია მომხმარებლებს სხვადასხვა StreetFood შესთავაზოს, მაგრამ დასაწყისში მათ აქცენტი პიცაზე გაამახვილეს. მრავალფეროვანი და გამორჩეული მენიუს შექმნის პროცესი ადვილი არ აღმოჩნდა. როგორც აჩო ამბობს, პიცების რეცეპტების ერთპიროვნული ავტორი მისი მეწყვილეა.

„რამდენიმე თვის განმავლობაში ქეთო ტესტავდა პიცის ცომს, ასევე დიდი დრო წაიღო სასურველი სოუსის შექმნამ, ჩვენ მაშინ შევჩერდით, როცა ვთქვით, რომ გამომცხვარი პიცა იყო ის, რომელსაც ვეძებდით“, – აღნიშნავს აჩო.

ტესტირების პროცესში „პაცცას“ დამფუძნებლებმა თბილისში არსებული თითქმის ყველა პიცა გასინჯეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა ერთსა და იმავე საკითხში ცდებოდა და შესაბამისად, მათი პიცების ერთმანეთისგან განსხვავება უკვე წარმოუდგენელი იყო.

დაკვირვების შედეგად, ქეთომ და აჩომ გაანადგურეს ის დეტალები, რომელიც ყველა პიცას უშლის ხელს, იყოს მადისაღმძვრელი. ასევე, სტარტაპერებმა ყურადღება ინგრედიენტთა წარმომავლობაზე გაამახვილეს: 100%–იანი მოცარელა ყოველგვარი ცხიმნარევების გარეშე, ასევე 100%–იანი სალიამი, დანიური ობიანი ყველი, პროშუტო და სხვა. მათი აზრით, ჯანსაღი პროდუქტები არა მარტო სარგებლიანობის კუთხითაა კარგი, არამედ აუცილებელია ნამდვილი გემოს მისაღებად.

„პაცცას“ დამფუძნებლები ცდილობენ გააკეთონ მაქსიმუმი, რომ კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებლები ჰყავდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი სულ რაღაც ერთი თვეა აქტიურ ფაზაშია, მან შეძლო თბილისის ყველა წერტილამდე მიეტანა საკუთარი ისტორია და ერთგული მეგობრები გაეჩინა.

„როგორც აღვნიშნეთ, იტალიურად „პაცცა“ „გიჟს“ ნიშნავს და ჩვენ საკომუნიკაციო ენაც უშუალო და თავისუფალი ავირჩიეთ. სოციალურ ქსელში მომხმარებლებს ისე ვესაუბრებით, როგორც მეგობრებს. დღესდღეობით უშუალობა ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო მიისწრაფვის, რომ ფორმალურობა უკან მოიტოვოს და წინ წამოსწიოს ის დამოკიდებულება, რომელიც ყოველდღიურობაშია და ადამიანისთვის უფრო ორგანულია. ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრულ ენაზე, კითხვებზე ვპასუხობთ ზედმეტი ფიქრის გარეშე, იუმორითა და სილაღით, თუმცა ცენზურისა და ადეკვატურობის ფარგლებში“, – ამბობს აჩი.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის დაარსება საინტერესო და მრავალფეროვანი პროცესია, მას უამრავი სირთულეც ახლავს. გამონაკლისს არც „პაცცა“ წარმოადგენდა.

„ყველაზე უცნაური გამოწვევა თანამშრომლებთან ჩვენეული ხედვის გაზიარება და შერწყმა გახდა. თავიდან მათ არ ესმოდათ, თუ რატომ არ უნდა დაეკლოთ პროდუქტი და პირიქით, შეძლებისდაგვარად დაემატებინათ ინგრედიენტები. ჩვენ ვიყენებთ ნატურალურ მოცარელას, იტალიურ, ნეაპოლურ სალიამს, პროშუტოკრუდოს. მივხვდით, რომ ხალხი დაზოგვაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი პირიქით ვართ. როცა მომხმარებლისთვის საუკეთესო გინდა, არ ზოგავ თავს და ცდილობ ხარისხიანი, მაქსიმალურად სასარგებლო პროდუქტი შესთავაზო და მალევე ხედავ, რომ დადებითი შედეგიც არ აყოვნებს“, – აღნიშნავს ქეთო.

„პაცცამ“ შეძლო ამ საკითხთან გამკლავება და დღეს თამამად აღნიშნავენ, რომ პრობლემა გადალახულია. გარდა იმისა, რომ კომპანია ადამიანებს მომაჯადოებელი გემოს პიცებით ანებივრებს, მას სურს ხალხში ერთი მნიშვნელოვანი რამ დანერგოს – შეძლონ იმის ანალიზი, რომ StreetFood და FastFood არ არის მავნე საკვები და შეიძლება იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი, ნამდვილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებული.

„მოდიან მშობლები, რომლებსაც სურთ შვილებისთვის იყიდონ პიცა. ჩვენ მათ თავდაჯერებულად და გულწრფელად ვეუბნებით, რომ არ ვიყენებთ არაჯანსაღ პროდუქტებს და შეუძლიათ მშვიდად იყვნენ“, – გვარწმუნებს აჩო.

„პაცცას“ პიცა არის ნეაპოლური, ბუთქუნა და კრაწუნა. ეს ეფექტი სწორედ შეწვის უნიკალური პროცესის შედეგია. მზარეულები იყენებენ Leoparding-ის მეთოდს – როგორც ლეოპარდს აქვს შავი კოპლები, ასევე პიცას მომზადების პროცესში უჩნდება ლაქები. საბოლოო ჯამში, გარდა ინგრედიენტებისა, პიცის გენიალურობა სწორად გამოცხობაშია. ასე რომ, სწორად გამომცხვარი პიცა დამატებით არომატს სძენს მას. მართალია, ჯერჯერობით დამფუძნებლებს Leoparding-ის მეთოდის ახსნა უწევთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათი ერთგული მომხმარებლები მალე ფეხს აუწყობენ ნამდვილი პიცის გამოცხობის ერთ-ერთ საინტერესო ტექნიკას.

„პაცცას“ სამომავლო გეგმები მარტივი და ცხადია. რადგან ასეთ მოკლე დროში იგი უამრავმა ადამიანმა გაიცნო, აჩოს და ქეთოს მიაჩნიათ, რომ მომხმარებლების ნდობა მოპოვებული აქვთ.

„პაცცა“ არ აპირებს მხოლოდ პიცერიად დარჩენას, არამედ სურს StreetFood-ის ერთ-ერთი მთავარი, გემრიელი და კარგი მოთამაშე გახდეს ბაზარზე. მას სურს სხვადასხვა პროდუქციის ათვისებით ხალხს პერიოდულად ხელმისაწვდომი და გემრიელი სიახლეები შესთავაზოს. სწორედ ისეთი, რომ „პაცცას“ სლოგანი – „დაივიწყეთ ყველა პიცა“ ბოლომდე გამართლდეს.

Latest on Entrepreneur