You can be on Entrepreneur’s cover!

5 უნარი, რომლის განვითარება ნებისმიერ ანტრეპრენერს შეუძლია ყველაზე დიდი მოაზროვნენი ზეადამიანები არ არიან, უბრალოდ, გონება აქვთ გამახვილებული, რაც ნებისმიერს არა, მაგრამ ზოგიერთებს კი ნამდვილად შეუძლიათ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ერთსა და იმავე დროს, აღფრთოვანებულიც ვარ და ამავე დროს, მოწიწების დიდი გრძნობაც მაქვს ისეთი ადამიანების მიმართ, როგორებიც ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ჯეკი მა და ტიმ ფერისი არიან. მათ დიდი მიღწევები აქვთ, იზრდებიან, ყველგან და ყველაფერში ისე აღწევენ წარმატებებს, რომ ერთი შეხედვით, ზეადამიანებს გვანან. ამ დროს, მათი კარიერის დეტალური შესწავლით, გონებაზე ზემოქმედების მარტივი ინსტრუმენტები აღმოვაჩინე, რომლებსაც ისინი შესანიშნავად იყენებენ.

მართალია, ყველანი ვერ მივაღწევთ იმას, რასაც ამ გასაოცარი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ანტრეპრენერებმა მიაღწიეს, მაგრამ ის მაინც შეგვიძლია, ჩვენი გონება ისე გავწვრთნათ, რომ მათსავით ვიაზროვნოთ. ეს ნებისმიერ შემთხვევაში სხვებთან შედარებით დიდ უპირატესობას მოგვანიჭებს, რისი მიღწევაც უნდა დავისახოთ მიზნად.

1. არასტანდარტული აზროვნება

ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ თეთრსა და შავს, უსაფრთხოსა და სახიფათოს, კარგსა და ცუდს, სიყვარულსა და სიძულვილს ხედავს. ამ დროს, ცხოვრება მთლად ასეთი შავ-თეთრი არ არის და ყველაზე მნიშვნელოვანი კი, როგორც წესი, სადღაც მათ შორის, ნაცრისფერ უბნებში იმალება. ლატერალური, ანუ არასტანდარტული აზროვნება პრობლემის თუ ობიექტის გაცილებით მეტი ვარიანტის დანახვის უნარია, ვიდრე ადამიანთა უმრავლესობა დაინახავდა. თქვენ შავსა და თეთრსაც ხედავთ, ამავე დროს, ნაცრისფრის ყველა ტონსაც ამჩნევთ, და შესაძლოა, ზოგიერთ სხვა ფერსაც. ამას შეიძლება ისე შეხედოთ, როგორც ლოგიკისა და წარმოსახვის ჰარმონიულად შეთავსების უნარს.

რა არის ლატერალური აზროვნების უნარის გასავითარებელი საუკეთესო გზა? − გამოცანების გამოცნობა. ადამიანებს გამოცანები უბიძგებთ პასუხის მისაღებად არასტანდარტულად იაზროვნონ, და ეს პროცესი ერთ-ერთი საუკეთესოა არასტანდარტული აზროვნების გასავითარებლად. კენ რობინსონის შესანიშნავი ვიდეოს ნახვაც შეგიძლიათ, დივერგენტულ, შემოქმედებით აზროვნებაზე, რომელიც ლატერალური აზროვნების კომპონენტია.

მსგავსი სტატია: რა შეიძლება ასწავლოს პიკასომ, კინგმა და აინშტაინმა ანტრეპრენერებს

2. სისტემური აზროვნება

ჩვენს გონებას მეტისმეტად უყვარს ყველაფრის გამარტივება, და ამასთან, პრობლემებისა და საგნების გარკვეულ ნაწილებზე ყურადღების ისე გამახვილება, რომ ხშირად, აზროვნების პროცესში მთლიანი სურათის ნიუანსებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ზოგადად რომ ვთქვათ, დაახლოებით რაღაც ასეთი გამოდის − ტყეს იმიტომ ვერ ვამჩნევთ, რომ იქ ბევრი ხეა. სისტემური აზროვნება იმის ჩაწვდომას გულისხმობს, თუ როგორ მუშაობენ სისტემის ნაწილები ერთად და როგორ ახდენენ ერთმანეთზე ზეგავლენას, და ამასთან, ამ ცოდნის გაცილებით დასაბუთებული გადაწყვეტილებების გამოსატანად გამოყენებას. ემპათია, სხვების ემოციების გაზიარების, თანაგანცდის უნარი, მოდელია იმისა, თუ როგორ ხედავენ და აცნობიერებენ ადამიანები სხვების თვალით დანახულ მოვლენებს.

სისტემური აზროვნება რთულია და ხშირად ზუსტიც არ არის, რადგან ყველაფრის შეფასებას და მიხვედრას მოითხოვს. თუმცა, გაცილებით უკეთესი მიდგომაა, ვიდრე მოვლენის ან საგნის მხოლოდ ერთ მხარეზე ყურადღების გამახვილება.

ამ თვისების გასავითარებლად, ეცადეთ საკუთარ თავში ბავშვური ცნობისმოყვარეობა გააღვივოთ. ყველაფერს ბოლომდე ჩაწვდით, შეეცადეთ, უკეთ გააანალიზოთ თქვენი გარემოცვა. საკუთარ თავს რაც შეიძლება ხშირად ჰკითხეთ: „ეს როგორ მუშაობს?" ყველაზე მთავარი, მოვლენების სხვადასხვა კუთხიდან დანახვაა.

მსგავსი სტატია: სისტემური აზროვნება პრობლემების გადაჭრის უნარს აძლიერებს

3. თვითანალიზი

როგორც პაოლო კოელიო წერდა − „თუ საკუთარ თავზე გაიმარჯვებთ, მთელ სამყაროზე შეძლებთ გამარჯვებას". მაგრამ ნამდვილად ვერ შეძლებთ გამარჯვებას საქმეში, რომელშიც ღრმად ვერ ერკვევით. საკუთარ თავს ბოლომდე ძალიან ცოტა ადამიანი თუ იცნობს. ამ დროს, ვიტყოდი, რომ ეს ყველაზე ცნობილ მოაზროვნეთა მთავარი დამახასიათებელი თვისებაა − ისინი კარგად იცნობენ საკუთარ თავს. როგორც სუსტი, ისე ძლიერი მხარეები შესანიშნავად იციან და განუწყვეტლივ ცდილობენ უფრო უკეთ შეცნობას. მედიტირებენ, მოსაზრებებს იწერენ, ან დღიურს აწარმოებენ; ფსიქოლოგიას, ფილოსოფიასა და ნევროლოგიას კითხულობენ და სწავლობენ კიდეც, რათა უკეთ გაიგონ, რას წარმოადგენენ და რასაც აკეთებენ, რატომ აკეთებენ.

თვითანალიზის დაუფლების სამი გზა არსებობს: მედიტაცია, თვითანალიზი წერით და საკუთარი ბუნების შესწავლა. მე ვმედიტირებ, დაუოკებლად ვკითხულობ დღიურს, რომ საკუთარი თავი და ზოგადად, კაცობრიობა, უკეთ გავიცნო.

4. მუსინ

Mushin − იაპონური სიტყვაა, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება − „გონება გონების გარეშე". ეს გონების გარკვეული მდგომარეობაა, ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, გარკვეულ მომენტში გარემოცვის აქტიური გაანალიზება, თუმცა აქტიური ფოკუსირების გარეშე. ამ მდგომარეობის მიღწევას ბერები, სხვადასხვა სახის მედიტაციის მოყვარულები და საბრძოლო ხელოვნების ოსტატები ცდილობენ მთელ მსოფლიოში. ეს მდგომარეობა რაღაცით „დინების მდგომარეობას" მიაგავს, მაგრამ ზუსტად მისი მსგავსი არ არის. მისი დეტალურად აღწერა უზომოდ ძნელია, რადგან ვერაფერს შეადარებ.

თუ ფანტასტიკა გიყვართ, რობერტ ჯორდანის „დროის ბორბალი" წაიკითხეთ. მისი აზრით, ეს მდგომარეობა „ცეცხლის ალი და სიცარიელე" იქნებოდა. მოაზროვნეები მის მიღწევას სხვადასხვა გზით ცდილობენ, და თუ მოახერხებთ, ამაზე უკეთესი არაფერია. ამისათვის ორ საკვანძო ელემენტს უნდა დაეუფლოთ: მედიტაციას, როგორც ეს თვითანალიზზე საუბრისას განვიხილეთ, და „დინების მდგომარეობას", რომელსაც მომდევნო ქვეთავში განვიხილავთ.

5. დინების მდგომარეობა

ამ თემაზე უამრავი წიგნია დაწერილი, თუმცა ჩემი ფავორიტი სტივენ კოტლერის „სუპერმენის აღზევებაა". გონების ეს მდგომარეობა პროფესორ მიჰაი ჩიკსენტმიჰაჯის გამოგონილია, რომელიც ამ ფსიქოლოგიურ კონცეფციას აქტიურად იკვლევდა.

მუსინი და ნაკადი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მდგომარეობებია, თუმცა ისინი სპექტრის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებიან. მუსინი მოდუნების მდგომარეობაა, ოდნავ ფოკუსირებული თვითანალიზი. ხოლო ნაკადი კი, ინტენსიური, აქტიური კონცენტრირებაა თვითანალიზზე. რაც გინდათ ის დაარქვით − გარკვეულ ზონაში ყოფნა, გარინდება და ა.შ. ნაკადის მდგომარეობას მაშინ შეიძლება მივაღწიოთ, როდესაც მთლიანად ვართ კონცენტრირებული ამოცანაზე, ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე ვიმყოფებით და შესაბამისად, მყისიერად ვიღებთ პასუხს საკუთარ ძალისხმევაზე. ეს მდგომარეობა ყველასთვის ცნობილია − პროგრამისტებითა და ვიდეოთამაშების პროფესიონალებით დაწყებული, ექსტრემალური სპორტსმენებით დამთავრებული.

მოაზროვნეთათვის, რომლებსაც ხშირად უხდებათ ჟონგლირება უთვალავი შემავალი და გამავალი მონაცემით, და კომპლექსური გადაწყვეტილებებით, დინების მდგომარეობაში გადასვლის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეფექტური მუშაობისთვის.

სრულიად ჩვეულებრივ, საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე რას იტყვით? მათთვის ყველაზე კარგი იქნებოდა ზემოხსენებული წიგნით „სუპერმენის აღზევება" დაწყება, და მიჰაი ჩიკსენტმიჰაჯის გამოსვლის მოსმენა TED-კონფერენციაზე დინების მდგომარეობის შესახებ. როგორც კი ღრმად გაერკვევით, რაზეა საუბარი, გაცილებით ხშირად შეძლებთ თქვენი ცხოვრებისა და მოქმედებების შეფასებას, და უკეთესი გზების მოძებნას დინების მდგომარეობაში გადასასვლელად.

მათთვის, ვისაც სამყაროს შეცვლა გსურთ, არ აქვს მნიშვნელობა, გარკვეული ეპოქალური გადაწყვეტილებით თუ არც ასეთი მასშტაბურით, უნდა გითხრათ, რომ ყველაფერი საკუთარი თავის შეცვლის მცდელობით იწყება, თან − რაც შეიძლება უკეთესი ვერსიით.

მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"