You can be on Entrepreneur’s cover!

SAP – როგორ ვმართოთ ბიზნესი ავტომატურად? კომპანიის მიზნებზე აღმასრულებელი დირექტორი საქართველოსა და სომხეთში მაქსიმ ლამსკოვი საუბრობს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SAP

კომპანია SAP-ის ისტორია შორეულ 1972 წელს დაიწყო, როდესაც IBM-ის (American Multinational Information Technology Company) 5-მა ყოფილმა თანამშრომელმა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ საკუთარი კომპანიის შექმნა გადაწყვიტა. SAP-ის მიზანს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებული ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენდა. მიზნის მისაღწევად კი სჯეროდათ, რომ პარტნიორ კომპანიებში წლების განმავლობაში დაგროვილი სტატისტიკის, ბაზების შესწავლისა და დამუშავების შედეგად, შექმნიდნენ ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ბიზნესის განვითარებას ერთიორად ააჩქარებდა და სრულიად ახალ პერსპექტივებს გააჩენდა. Entrepreneur SAP-ის მიზნებზე კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოსა და სომხეთში, მაქსიმ ლამსკოვს ესაუბრა.

რა იყო კომპანიის დამფუძნებელთა თავდაპირველი მიზნები და პროდუქტები, რომლებიც SAP-მა ბაზარზე გამოიტანა?
იმ პერიოდში არსებული კომპიუტერების მეხსიერება სულ რაღაც 5000 კილობაიტს მოიცავდა, კალკულატორები კი ჯერ კიდევ ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ პროდუქტად იყო მიჩნეული. ბიზნესის მართვის ავტომატიზაციის პროგრამები საერთოდ არ არსებობდა. კლიენტ კომპანიებს ოპერაციების ავტომატიზაციის სისტემის მოფიქრება თავად უწევდათ.

სწორედ ამ დროს SAP-მა, ფაქტობრივად, ERP (სამეწარმეო რესურსების მენეჯმენტის) ბაზარი შექმნა.

SAP-ის სახელი ისტორიულად სწორედ ERP-სისტემებს უკავშირდება, კომპანია კი ბაზარზე პირველობას წლების შემდეგაც არავის უთმობს. არსებობის განმავლობაში SAP-ი კლიენტების მოთხოვნის მიხედვით აგენერირებს და ხვეწს იდეებს. დღესდღეობით ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტები თანამედროვე ციფრულ სამყაროში მომუშავე კომპანიებისთვის შეუცვლელია – ნაწილი ონლაინშესყიდვების დარგში გამოიყენება, ნაწილი – მომხმარებლის გამოცდილების (Customer Experience) აღრიცხვისა და ანალიზის მიმართულებით, საბანკო თუ სატელეკომუნიკაციო დარგებში.

SAP-ი ახერხებს პარტნიორებს შესთავაზოს სერვისები, რომლებიც სასურველი შედეგის მისაღწევად Big Data-ანალიზსა და ნივთების ინტერნეტს (Internet of Things), მანქანური სწავლების ალგორითმებს იყენებს და პრედიქტიულ ანალიზს ატარებს.

რა მეთოდით ხდება კომპანიების SAP-ის სერვისით უზრუნველყოფა?
დღესდღეობით SAP-ის სერვისების უმეტესი ნაწილი ციფრულ ქლაუდზეა (Cloud Based) განთავსებული. მიგვაჩნია, რომ Cloud Based- მოდელი ციფრული სამყაროს მომავალია. ამ შემთხვევაში, სერვისის მიღება ბევრად სწრაფად, უსაფრთხოდ და იაფადაა შესაძლებელი. დარწმუნებულები ვართ, რომ მოთხოვნა დროთა განმავლობაში გაიზრდება. ცოტა ხნის წინ SAP-მა Microsoft-თან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით Microsoft-ი მომხმარებელს SAP-ის მიერ შექმნილი პროდუქტების – SAP ERP და Sap S/4HANA, Microsoft Azure-ის ქლაუდიდან გამოყენების საშუალებას მისცემს.

რომელ ინდუსტრიებში და კომპანიებთან გაქვთ მუშაობის გამოცდილება?
თითოეულ ქვეყანაში დარგის ლიდერ ლოკალურ კომპანიებთან ვთანაშრომლობთ. მათ შორის, საქართველოშიც. ჩვენთვის კლიენტების მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება პრიორიტეტია. თუკი უნიკალურ პროექტს ვიწყებთ, მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ადგილზე მოვიძიოთ და მათთან ერთად განვახორციელოთ ჩვენი იდეები.

როდესაც საქმე უპრეცედენტო პროექტებს ეხება, თუკი პარტნიორ ქვეყანაში მსგავს პროდუქტზე მუშაობის გამოცდილება არ არსებობს, იმპლემენტაციის პროცესში სხვა ქვეყნების წარმომადგენელ პროფესიონალებსაც ვრთავთ. ჩვენი მიზანია, პროექტი დაყოვნების გარეშე განვახორციელოთ, სამომავლოდ კი მსგავსი ტიპის პროდუქტის შექმნა ბევრად მოკლე დროში ადგილობრივი რესურსით და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით მოხდება.

პარტნიორებთან ერთად შემუშავებული ახალი პროდუქტები ჩვენს ქლაუდზე იტვირთება და SAP App Center-ში ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი შეძენა. ამ სერვისით დღესდღეობით 437 ათასი გამომწერი სარგებლობს. SAP-ს ქართულ კომპანიასთან, BDO-სთან თანამშრომლობის წარმატებული ისტორია აქვს. სწორედ მათ შეიმუშავეს HR-აპლიკაცია Persona, რომელიც SAP Business One-ის დამატებით ფუნქციონალს წარმოადგენს. Persona უკვე ხელმისაწვდომია ჩვენს App Center-ში.

ციფრულმა ტექნოლოგიებმა ეკონომიკის ყველა დარგში წლებია შეაღწია. იმ სფეროებშიც კი, რომლებშიც ვერც კი წარმოგვედგინა, რომ მსგავსი ტიპის ტექნოლოგიის საჭიროება დადგებოდა. მაგალითად, Trenitalia (იტალიის რკინიგზა). კომპანიას 2 ათასი სწრაფმავალი ლოკომოტივი ჰყავს. მათ მიზანს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გარდა, არაგეგმიური სარემონტო სამუშაოების საჭიროების განსაზღვრა წარმოადგენს. ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით, კომპანიას შეუძლია განსაზღვროს, ლოკომოტივთაგან რომელს ესაჭიროება შეკეთება და მომსახურე პერსონალს რეკომენდაცია გაუწიოს.

SAP-ის სერვისს იყენებს ასევე „შვეიცარიის რკინიგზა". კომპანიის მიზანს ელმავლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების პიკის განსაზღვრა წარმოადგენს. მონაცემთა დამუშავების შედეგად, მოხმარების პიკის პერიოდი ირკვევა. კომპანია გარკვეულ მატარებლებში კონდიცირების სისტემის მოხმარებას ზღუდავს და დანახარჯებს ამცირებს.

როგორ ეხმარებით კომპანიებს ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვაში? რას სთავაზობს SAP-ი კომპანიებს ბიზნესის გასავითარებლად?
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, არაერთი პირველი ხარისხის პრობლემის აღმოფხვრაა შესაძლებელი. ასორტიმენტის დაგეგმვიდან დაწყებული, დანახარჯების შემცირებით დასრულებული, გაყიდვების არხების დიფერენცირება, ფასწარმოება, საბანკო შემთხვევაში – პერსონალიზებული შეთავაზების გენერირება, პრედიქტიული ანალიზის ჩატარება. ავტომატიზაციის სისტემის შესაძლებლობები დაუსრულებელია. კომპანიის მთავარ მიზანს მუდმივად ცვალებად ბიზნესგარემოზე დაკვირვება და ტენდენციების განსაზღვრა წარმოადგენს.

მაგალითად, ჩვენი სისტემის დახმარებით, ბანკს შეუძლია კლიენტის საჭიროებებისა და მხარჯველუნარიანობა სტრუქტურა შეადგინოს, შექმნას ინდივიდუალური წინადადება – კრედიტის განსაკუთრებული პირობები, ტარიფები, ან ჩაატაროს წარმატებული მარკეტინგული კამპანია კონკრეტული სამიზნე აუდიტორიის ტარგეტირების მეშვეობით.

SAP-ის Predictive Analytics პლატფორმას პოლონური MBank იყენებს. შესაბამისად, განსაზღვრავს, რომელ კლიენტს დროის რა მონაკვეთში შესთავაზოს კონკრეტული სერვისი, პროდუქტი. შედეგი ასეთია – ბანკის სერვისების მომხმარებელთა რაოდენობა 400%-ითაა გაზრდილი.

კოსმეტიკის მაღაზიათა საერთაშორისო ქსელი Sephora ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კლიენტს პერსონალიზებულ სერვისს სთავაზობს. სისტემა მომხმარებელთა ინდივიდუალურ საჭიროებებს განსაზღვრავს და როგორც კი ისინი მაღაზიასთან ახლოს მოხვდებიან, ატყობინებს მათი საყვარელი პროდუქციის დახლზე დაბრუნების, ან აქციების შესახებ.

იმავე ტიპის მეთოდებს ვიყენებთ ონლაინგაყიდვების შემთხვევაშიც. ჩვენი ერთ-ერთი კლიენტი ინტერნეტგაყიდვების ლიდერი კომპანიაა. მათ მიზანს კლიენტთან მაქსიმალურად პერსონალიზებული კომუნიკაცია წარმოადგენს. თანამშრომლობის შედეგად, მომხმარებელთან კომუნიკაციის ოპტიმიზაცია მოხდა – email-არხებით მიმდინარე მარკეტინგული კომუნიკაციის შედეგი 2018 წლის მეორე კვარტალში 41%-იან ზრდას აჩვენებდა, Viber-ის შემთხვევაში კი, 18%-იანს.

გეგმავთ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას?
თანამშრომლობის საკითხის განხილვისას, ჩვენთვის უდიდეს როლს პარტნიორი კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიციურობა წარმოადგენს.

ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც SAP-ი ოპერირებს, უპირველესად უნივერსიტეტებთან და სასწავლებლებთან ვთანამშრომლობთ. ჩამოვაყალიბეთ „საუნივერსიტეტო ალიანსი", რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების შემსწავლელ სტუდენტებს შანსს აძლევს SAP-ის ბაზაში არსებულ პროდუქტებზე ჰქონდეთ წვდომა. ეფექტი შემდეგია: დიპლომის მიღებისთანავე კურსდამთავრებულებს პრაქტიკული ხედვები უყალიბდებათ, რადგან მათ პრაქტიკული ცოდნა აქვთ მიღებული. კომპეტენციაც შედარებით მაღალია.

უნივერსიტეტების ბაზაზე ასევე ვხსნით ინოვაციურ ლაბორატორიებს –Next-Gen Lab, რომელიც კომპიუტერებს, 3D-პრინტერებს, დრონებს და სხვა ციფრულ მოწყობილობებს აერთიანებს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, ჩვენი კლიენტებისათვის საჭირო ბიზნესდავალებები შეასრულონ. სიამოვნებით ვითანამშრომლებდით ქართულ უნივერსიტეტებთან და მსგავს პროექტს განვახორციელებდით.

საქართველოში IT-სტარტაპების დიდი ბაზაა, ჩვენი კომპანია კი მათთან თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით განიხილავს. უპირველეს ყოვლისა, გვაქვს ინოვაციების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია SAP-ის პლატფორმაზე გაერთიანება და კორპორაციული კლიენტებისთვის საჭირო პროდუქტის შექმნა. ასევე, SAP.io – ვენჩურული ფონდი, რომელიც ახლახან დაარსდა და მესამე – ბერლინის IoT-აქსელერატორი, რომელიც ნივთების ინტერნეტის პროექტზე მუშაობს. ასევე, Techstars-ისა და SA-ის საერთო აქსელერატორი – Machine Learning.