"შავი მამბას" მენტალობა: ყოველი დღე არის შანსი, გახდე უკეთესი მშვიდობით, კობი!

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

26 იანვარი ქართული და მსოფლიო სპორტისათვის არასასიამოვნო დღე გამოდგა: პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი, ხოლო მოგვიანებით, მთელი მსოფლიო კალათბურთის ლეგენდის ტრაგიკული გარდაცვალების ამბავმა შეძრა – კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.

ამავე ავიაკატასტროფაში კობის 13 წლის ქალიშვილი − ჯიჯიც დაიღუპა, რამაც ქართველი ათლეტისა და მსოფლიო სპორტის ლეგენდის დაკარგვისგან გამოწვეული სევდა კიდევ უფრო დაამძიმა.

როგორც შემდეგ არაერთმა გამოცემამ დაწერა, მისი შვეულმფრენის (რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა) ასაფრენად შესაბამისი ამინდი არ იყო.

ბევრი ამბობს, რომ მსოფლიოს გარშემო ასეთი სევდა და შოკი არცერთი ცნობილი ადამიანის გარდაცვალებისას არ ახსენდებათ... კობი არა მხოლოდ დიდი სპორტსმენი, უდიდესი ფიგურაც გახლდათ! და ყოველთვის იქნება!

კობი ბრაიანტი NBA-ში პირდაპირ სკოლიდან მოხვდა. ეს ფაქტი სპორტსმენმა მაშინ ასე ახსნა: „მსურს ვისწავლო, როგორ გავხდე მსოფლიოში საუკეთესო კალათბურთელი და თუ ეს მართლაც გადავწყვიტე, მაშინ საუკეთესო ადგილას უნდა ვისწავლო".

1996-დან 2016 წლამდე „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" შემადგენლობაში დიდებული პერიოდი გაატარა. იგი 5-ჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. გარდა ამისა, აქვს უამრავი ინდივიდუალური ტიტული.

აღსანიშნავია, რომ „შავი მამბა" განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ შრომით, მონდომებითა და მოტივაციით ყველაფერს მიაღწია. იგი იყო ძალიან ჭკვიანურად, ლამაზად, ელეგანტურად მოთამაშე კალათბურთელი. ბევრის აზრით, მაიკლ ჯორდანის შემდეგ ისტორიაში საუკეთესოც.

2016 წლის 14 აპრილს „იუტა ჯაზის" წინააღმდეგ კობიმ თავის ბოლო შეხვედრაში 60 ქულა შეასრულა. ასეთი დიადი იყო კობი, რომელიც ბევრისთვის არის საყვარელი კალათბურთელი, სპორტსმენი, მოტივატორი; კობი ის პიროვნებაა, რომელმაც სპორტი, ბავშვობა, ცხოვრება გაგვილამაზა.

„ბოსტონ სელტიკსის" (ამ გუნდისა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის" მეტოქეობა ყველასათვის ცნობილია) რადიოწამყვანი შონ გრანდე:

„სელტიკსის" ფანები ვფიქრობდით, რომ კობი გულს ვეღარ გვატკენდა. შევცდით".

მადლობა, კობი!

მშვიდად განისვენე, ლეგენდავ!

გთავაზობთ მის რამდენიმე სამოტივაციო გამონათქვამს:

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია, საკუთარ თავებს თავად ვცვლით. ჩემს ტვინს წარუმატებლობის გადამუშავება არ შეუძლია, რადგან თუ მე მომიწევს სარკესთან დაჯდომა, საკუთარ თავთან ჩახედვა და იმის თქმა, რომ „შენ წარუმატებელი ხარ", ეს, დამერწმუნეთ, სიკვდილზე უარესია".

„შემიძლია გავიხსენო ჩემი პირველი ჩემპიონობა. თანაგუნდელები, გულშემატკივრები ზეიმობდნენ, მე კი საკუთარ თავს ვეკითხებოდი – რა მოხდება შემდეგ?"

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანების მოტივირება, იყვნენ დიადები იმ საქმეში, რაშიც არიან".

„შენმა თანაგუნდელებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატების მიღწევა სწორედ მათთან ერთად გსურს".

„სპორტი დიდებული გაკვეთილია. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა: მიზნისკენ სწრაფვა, გუნდურობა, დაბრკოლებების გადალახვა".

„არ მესმის ზარმაცი ადამიანების. მე და ისინი ერთ ენაზე ვერ ვისაუბრებთ. მე მათ ვერ გავუგებ და არც მსურს, რომ გავუგო".

„მე არ მსურს, ვიყო შემდეგი მაიკლ ჯორდანი. ჩემი სურვილია, ვიყო უბრალოდ კობი ბრაიანტი".

„90 ან მეტი ქულა უნდა დამეფიქსირებინა!" – 2006 წელს „ტორონტოს" წინააღმდეგ დაფიქსირებული 81 ქულის შემდეგ.

„იცით, რომელი გამოთქმა მიყვარდა ყოველთვის? თუ დათვთან ორთაბრძოლისას მნახეთ, ილოცეთ დათვისთვის. სწორედ ესაა Mamba Mentality – ჩვენ არ ვნებდებით. ვითმენთ, ვითმენთ და შემდეგ ვიპყრობთ. შეწყვიტეთ საკუთარი თავის შეცოდება! იპოვეთ გამოსავალი და იშრომეთ ისეთი მონდომებითა და მუხტით, როგორც არასდროს".

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

სიახლეები

ჟოზე ამერიკაში წავიდა!

"ჟოზე დარჩება ქართულ მულტფილმად და წარდგება ამერიკის ბაზარზე, როგორც ქართული მულტფილმი", − გიორგი მარშანია