განასხვავეთ ფიზიკური და სოციალური დისტანცირება

გახსოვდეთ, კორონა ვირუსის გამო ვამცირებთ შეხვედრებს, მაგრამ არა ურთიერთობებს!

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მსოფლიომ ერთხმად აღიარა, რომ ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი სოციალური დისტანცირებაა, თუმცა არა საუკეთესო, რადგან ადამიანები, ფუნდამენტურად სოციალური არსებები ვართ და სოციალური დისტანცირება ჩვენთვის მარტივი არ არის.

stuff.co

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის გამო დისტანცირების ეფექტების შესწავლა ვერ მოხერხდა, ზოგადი ცოდნით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იზოლაცია გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე − იგი უმეტესწილად განიცდება სტრესად. იზოლაციამ, თუკი იგი მარტოობას იწვევს, შესაძლოა გაზარდოს შფოთვისა და დეპრესიის რისკი.

რადგან გამოირკვა, რომ სოციალურ დისტანცირებას შეუძლია ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკ-ფაქტორები გამოიწვიოს, ადამიანებმა დაიწყეს ორი ცნების გამიჯვნა, ესენია: ფიზიკური და სოციალური დისტანცირება. მართალია ფიზიკური დისტანცირება გულისხმობს სოციალური კონტაქტების შემცირებას, მაგრამ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მართალია ვამცირებთ ფიზიკურ კონტაქტს, თუმცა ვცდილობთ, შევინარჩუნოთ სოციალური კავშირები, დავიცვათ ჩვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა.

მას შემდეგ, რაც ვისწავლით ფიზიკური და სოციალური დისტანცირების გამიჯვნას, ჩვენს სხეულზე ზრუნვის პარალელურად შეგვიძლია ვიფიქროთ სოციალური ურთიერთობების აშენებაზე. მწერალი და მკვლევარი, მილერი სოციალური კავშირების გაბმის რამდენიმე პატარა, თუმცა დიდი ეფექტის მქონე გზებს გვიზიარებს:

  • თუ ცხოვრობთ ისეთ ადგილას, სადაც ნებას გრთავენ, რომ გარეთ გახვიდეთ, დაპატიჟეთ მეგობრები სასეირნოდ, სარბენად ან უბრალოდ, დროის ერთად გასატარებლად, თუმცა არ დაგავიწყდეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ და თავი აარიდოთ ხელის ჩამორთმევას და ახლო კონტაქტს.
  • ვიდეო და სატელეფონო ზარები მშვენიერი არჩევანია. თუკი გყავთ მოხუცი ახლობლები ან მეგობრები, რომლებიც სმარტფონებსა და კომპიუტერებს იყენებენ, თუმცა ვერ ერკვევიან ვიდეოზარების განხორციელებაში, საუკეთესო დროა გააცნოთ WhatsApp, Facetime, Skype…
  • თუ შინიდან მუშაობთ, შექმენით ონლაინჯგუფი. შესაძლებელია ვიდეოლანჩიც: ჩართეთ კამერა, მიკროფონი, და გაატარეთ ლანჩი „ერთად“.
  • მოკლე ტექსტური შეტყობინებები სოციალური კავშირების გასამყარებლად სწრაფი და მარტივი გზაა. თუნდაც ერთი მესიჯი − „შენზე ვფიქრობ“, უკვე ბევრს ნიშნავს.

როცა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) გვირჩევს შევზღუდოთ თავშეყრა, სადაც 10 კაცზე მეტი ადამიანია, არ უნდა დაგვავიწყდეს ფაქტი, რომ შეგვიძლია ვირუსის მატარებლები ვიყოთ, გვქონდეს ფარული სიმპტომები და გაუცნობიერებლად გადავდოთ სხვას. თუ არ ცხოვრობთ ტერიტორიაზე, სადაც სახლის დატოვება აკრძალულია, თავად უნდა გადაწყვიტოთ, რამდენ ადამიანთან გსურთ კონტაქტის დამყარება. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური იზოლაციით არა მხოლოდ საკუთარ თავს ვეხმარებით, არამედ ხელს ვუშლით ვირუსის გავრცელებას განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში, რომლებიც დამატებით ზრუნვას საჭიროებენ.

საბოლოოდ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ფიზიკური დისტანცირება სოციალურ კონტაქტებს ამცირებს, თუმცა დამერწმუნეთ, შეგვიძლია ფიზიკურად შორს, მაგრამ სოციალურად დაკავშირებულები ვიყოთ. მაგალითად, თუკი დადიხართ სპორტდარბაზში, იოგაზე, წიგნის კლუბში ან სხვაგან, ნუ იტყვით უარს იმ საქმეზე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. ჩაანაცვლეთ ისინი ონლაინ, აპლიკაციებისა და ვიდეოზარების მეშვეობით და გახსოვდეთ, ფიზიკური დისტანცირება მართალია უსიამოვნოა, თუმცა არ ნიშნავს სოციალური კავშირების გაწყვეტას.