Le Papillon - შესაძლებლობა, ატარო უნიკალური აქსესუარი

გაეცანით ირა ინარიძის სტარტაპ ისტორიას!
Le Papillon - შესაძლებლობა, ატარო უნიკალური აქსესუარი
ფოტო: Entrepreneur Georgia
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა აქსესუარების გარეშე. მართალია, ისინი ხშირად შეუმჩნევლად გვეჩვენება, თუმცა დამეთანხმებით, გემოვნებით შერჩეულ მინიმალურ დეტალს შეუძლია რადიკალურად შეცვალოს მთლიანი Look-ი და ინდივიდუალიზმსაც გაუსვას ხაზი.

Le Papillon ქართული სტარტაპია, რომელიც თითოეული მომხმარებლისთვის უნიკალურ ბაფთებს ქმნის. ბრენდი ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ატარო ისეთი აქსესუარი, რომელიც მთლიანად შენს გემოვნებასა და სურვილებზეა მორგებული.

ბრენდის ისტორია დამფუძნებლის ბავშვობას უკავშირდება. როგორც სტარტაპერი ირა ინარიძე იხსენებს, ბაფთა მისთვის განუყრელი აქსესუარი იყო: „ბავშვობაში ყოველთვის ვატარებდი გრძელ თმას, რომელსაც დედის დამსახურებით სხვადასხვა ბაფთა მიმშვენებდა. ასე დაიწყო ჩემი და აქსესუარების ურთიერთობა“. ირა აღნიშნავს, რომ ადრეული ასაკის შემდეგ, მათი გზები ისევ გადაიკვეთა − დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და პროფესიით რამდენიმე წელი იმუშავა. თუმცა ხვდებოდა, რომ ეს არ იყო სფერო, სადაც საკუთარი სურვილების რეალიზებას შეძლებდა. ამას დაემატა დაუგეგმავი სამუშაო რეჟიმი, ოჯახი, და ირამ გააცნობიერა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას არ იმყოფებოდა.

მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა, ირა ფოტოგრაფიით დაინტერესდა, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოხატვაში კი შვილები დაეხმარნენ. „როდესაც ბავშვებს ფოტოებს ვუღებდი, ესთეტიკურობისთვის სხვადასხვა ბაფთას ვიყენებდი. ფოტოსესიებში მრავალფეროვანი აქსესუარის აქტიური გამოყენების შემდეგ ხალხის უკუკავშირით მივხვდი, რომ ყველას ძალიან მოსწონდა ბაფთები და რადგან ბაზარზე ვერსად ვნახე ხარისხიანი და დახვეწილი მეტალის სამაგრიანი ბაფთა, გადავწყვიტე თავად შემეკერა. თავდაპირველად გოგონებისთვის, შემდეგ კი, როცა მესამე შვილი შემეძინა, ბიჭის საყელოს ბაფთების დამზადებაც დავიწყე“.

ირა საქმემ იმდენად გაიტაცა, რომ გადაწყვიტა იდეისთვის კომერციული სახე მიეცა. სახელზე დიდხანს არ უფიქრია, მისთვის ყველაზე ლამაზი ენიდან − ფრანგულიდან ისესხა სიტყვა Le Papillon, რაც ქართულად „პეპელას“ ნიშნავს. სტარტაპერს სურდა მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ისეთი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე არ მოიპოვებოდა და რადგან მისთვის დიზაინი და სტილი უმნიშვნელოვანესია, აქცენტი უნიკალურობაზე გაამახვილა: „თავდაპირველად, შევქმენი ლოგო და პარალელურად აქტიური მუშაობა დავიწყე. მინდოდა მიმეგნო ისეთი ფორმისთვის, რომელსაც ანალოგი არ ექნებოდა. შევკერე სხვადასხვა დიზაინის ბაფთა, ამან კი მომცა ბიძგი, არ შევჩერებულიყავი და შემექმნა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა როგორც ხარისხიანი, ასევე განსხვავებული“.

ბაფთების შეკერვის შემდეგ ეტაპზე ირამ გადაწყვიტა ნეიტრალურ ფერებში მოეწყო მინისტუდია, სადაც აქსესუარების გადაღებას შეძლებდა. 2019 წელს ასე შედგა პირველი ფოტოსესია და Facebook-გვერდზე აიტვირთა სარეკლამო ფოტოები, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოყვა.

პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, Le Papillon-მა განსხვავებული დიზაინის, ფორმისა და ქსოვილისგან მრავალფეროვანი პროდუქტი შექმნა. დღესდღეობით ბრენდი სხვადასხვა სქესის, ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებლისთვის ქმნის აქსესუარს. პოპულარობით სარგებლობს როგორც პერსონალური, ისე წყვილისთვის თუ საოჯახო სამეული, რომელიც მოიცავს დედის, მამისა და შვილის ერთგვაროვან ბაფთებს. ბრენდი აქტიურად ქმნის მამაკაცის საყელოს კლასიკურ ბაფთებს, რომლებიც გამოირჩევა განსხვავებული ფორმითა და ზომით. აქსესუარის მორგება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მამაკაცს შეუძლია. Le Papillon-ის ბაფთები განსაკუთრებით ხიბლავს წყვილებს, რომლებსაც ბრენდი შესაძლებლობას აძლევს იდენტური დიზაინის აქსესუარები ატარონ. როგორც Entrepreneur-თან საუბრისას ირა აღნიშნავს, ამ მიდგომამ მომხმარებელთა რაოდენობა მკვეთრად გაზარდა.

რაც შეეხება სირთულეებს, Le Papillon-ის დამფუძნებელი იხსენებს, რომ აქსესუარის შექმნის პროცესში ყველაზე შრომატევადი ხარისხიანი მასალის მოძიება იყო, მაგრამ ბრენდისთვის არც ეს აღმოჩნდა გადაულახავი პრობლემა. ირა აცნობიერებს, რომ მის მიერ შექმნილი ბრენდი სტარტაპია და მთავარი გამოწვევების წინაშე ჯერ კიდევ იდგება, თუმცა იმედოვნებს, რომ ყველა დაბრკოლებას ოპტიმისტური განწყობითა და დაუღალავი შრომით გადალახავს: „ბიზნესი დაბრკოლების გარეშე არ იქმნება და არ ვითარდება. ამ კუთხით არც Le Papillon-ია გამონაკლისი. რაც უნდა მოხდეს, ფარხმალს არ დავყრი, რადგან მგონია, რომ შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიმიყვანს“. ირასთვის ერთ-ერთი გამოწვევა უნიკალურობის შენარჩუნებაცაა. როგორც აღნიშნავს, მოდის მიერ დაწესებული ტენდენციები ხშირად იწვევს მიმბაძველობას, მას კი, როგორც ინდივიდუალიზმის მომხრეს, სურს სწორედ მსგავსი საფრთხისგან დაიცვას ბრენდი.

მართალია სტარტაპი არცთუ დიდი ხანია არსებობს, თუმცა უკვე დაიპყრო მომხმარებელთა გული − პროდუქტის ხარისხი, მომსახურება, განსხვავებული სასაჩუქრე შეფუთვა, რომელზეც Le Papillon-ის სამარკო ნიშანი ბრენდირებული ბეჭდითაა დამოწმებული, ქმნის ჰარმონიას, რომლის უყურადღებოდ დატოვება რთულია.

ირა ინარიძისთვის ბიზნესის გასაგრძელებლად ერთ-ერთი ძირითადი მოტივი საქმისადმი სიყვარული და ინტერესია, მთავარი სტიმულისმომცემი კი ოჯახი გახლავთ: „მაბედნიერებს შვილები, რომლებიც დიდი სიხარულითა და ინტერესით იღებენ მონაწილეობას სარეკლამო ფოტოსესიებში, ასევე კმაყოფილი მომხმარებელი, რომლისგანაც უკუკავშირს ვიღებ და რაც მთავარია − საქმე, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.