COVID–19 - ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის

გაეცანით ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის შედეგებს
COVID–19 - ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და საქართველოსთვის
ფოტო: EPRC
8 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2019 წლის მიწურულს ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში გაჩენილი ვირუსი სულ რამდენიმე თვეში პანდემიად იქცა. ფაქტია, რომ COVID – 19-მა მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიური ეფექტი მოახდინა, თუმცა ვირუსის ზეგავლენის მასშტაბებსა და ხარისხზე ამომწურავი ინფორმაციის ფლობა დღემდე შეუძლებელია, რადგან კაცობრიობა ამ ეტაპამდე ებრძვის მას. სწორედ ამიტომ, კვლევითი ცენტრის მიერ ქვემოთმოყვანილი მონაცემები მიახლოებულია და მხოლოდ წარმოდგენას ქმნის იმ ეფექტზე, რომელიც ვირუსმა მოახდინა და ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე.

აზიის განვითარების ბანკის მიხედვით, პანდემია 77$ (0.08% მშპ) მილიარდიდან 347$ მილიარდამდე (0.4% მშპ) ზიანს მიაყენებს მსოფლიო ეკონომიკას, ხოლო გაეროს მიერ 9 მარტს გაკეთებული ანალიზით, COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდება, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიაღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ყველაზე დიდი ზიანი ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყნებს მიადგება, რომელთა ეკონომიკური ზრდის ტემპი კი შეიძლება მინიმუმ 1%-ით შემცირდეს.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას თქმით, მხოლოდ ერთ თვეში ჩინეთსა და ირანთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართველოში გამოიწვია დაახლოებით 30 მილიონი ლარის ზარალი. ამ განცხადების შემდეგ ავიამიმოსვლა შეწყდა ევროკავშირის ქვეყნებთანაც.

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები განსხვავებულია, ძირითადად, ეკონომიკური ზეგავლენა ქვეყნებზე შემდეგი ლოგიკით განვითარდება: მთავარ ეკონომიკურ დარტყმებს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებშიც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იქნება, შემდეგ ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე, ამის შემდგომ კი ნეგატიური ზეგავლენა მათი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებშიც გადაიღვრება.

კვლევისას ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად სექტორებზე, რომლებიც მაღალი ეკონომიკური გამტარობით ხასიათდებიან, ანუ წარმოადგენენ ერთი ეკონომიკიდან მეორეში დოვლათის გადასვლის მთავარ არხებს, შესაბამისად, ესენია: ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და საგარეო ვაჭრობა.

ჩინეთი

ეკონომიკური შედეგები, რაც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა, ძალიან მძიმედ აისახა ჩინეთის ეკონომიკაზე. ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით7 , ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთის საგარეო ვაჭობა 11%-ით შემცირდა (17.2%-ით შემცირდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი მხოლოდ 4%-ით). მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთის ვაჭრობა მის უმსხვილეს პარტნიორებთანაც: ევროკავშირთან (14.2%), აშშ-სთან (19.6%) და იაპონიასთან (15.3%). აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელი ორი თვის მონაცემებით ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ 7.09$ მილიარდიანი დეფიციტი დააფიქსირა. ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, თებერვლის თვეში ჩინეთის წარმოების ინდექსი (PMI) 14.3 ნიშნულით დაეცა.

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზის მიხედვით ჩინეთის ეკონომიკას COVID-19-ის ეპიდემია ყველაზე უარეს შემთხვევაში 42$ მილიარდი დაუჯდება და მშპ-ს ზრდის ტემპი 1.74%-ით შემცირდება. უფრო ნეგატიურ შედეგებს ელოდებიან რაბო ბანკის ანგარიშში, რომლის მიხედვითაც ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შემცირდება ნავარაუდები 5.7% ზრდის ნაცვლად.

ევროკავშირი

განახლებული ანალიზი, რომელიც 12 მარტს გამოქვეყნდა, მძიმე ეკონომიკურ ეფექტს და ზარალს პროგნოზირებს ევროკავშირსა და ევროზონაში. ანგარიშში 2020 წლის მშპ-ს ზრდის ტემპის (1.4%) შემცირებას 2.5%-ით ელოდებიან, სხვა სიტყვებით, 2020 წლისთვის დაახლოებით -1%-იან რეცესიას პროგნოზირებენ13, რომლისგანაც ევროკავშირის ეკონომიკა თავის დაღწევას მხოლოდ 2021 წლისთვის მოახერხებს. თუმცა, ანგარიში ასევე ყურადღებას ამახვილებს თითოეული ქვეყნის როლსა და უნარზე, შეამცირონ პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე. სწორი და მიზანმიმართული ქმედებების შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდა შეიძლება დაახლოებით 0%-მდე გაუმჯობესდეს.

დღევანდელი მონაცემებით, COVID-19-ის პანდემიამ ყველაზე მძიმე გავლენა ევროპულ ქვეყნებს შორის იტალიაზე იქონია. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან ქვეყანა სრულ კარანტინზე გადავიდა. ეუთოს ანგარიშის მიხედვით იტალიის ეკონომიკა სტაგნაციას გააგრძელებს და 0%-იან ზრდას დააფიქსირებს მიმდინარე წელს. ეს პროგნოზი COVID-19- ის გავრცელებასთან ერთად განახლდა, მანამდე კი არსებობდა მოლოდინი, რომ იტალიის ეკონომიკა 0.4%-ით გაიზრდებოდა16. გაცილებით უფრო ნეგატიურია რაბო ბანკის მოლოდინები, რომელიც იტალიის ეკონომიკის შემცირებას -1.6%-ით პროგნოზირებს.

იტალიის მთავრობამ 28$ მილიარდი გამოყო კრიზისის შესამსუბუქებლად და პანდემიის ნეგატიური შედეგების შესამცირებლად. ეკონომიკური სტიმულირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 3.9$ მილიარდი ჯანდაცვის სერვისების სუბსიდირებას მოხმარდება, ხოლო 11 მილიარდი - ოჯახების და დასაქმებულების დახმარებისთვის იქნება გახარჯული.

COVID-19-ის დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობით ევროპულ ქვეყნებში გერმანიაც ერთ-ერთი ლიდერია. განსაკუთრებული ზიანი გერმანიის ეკონომიკას პირველ ორ კვარტალში მიადგება. ხოლო მესამე კვარტლიდან გერმანიის ეკონომიკა უწინდელ კალაპოტს დაუბრუნდება. პანდემიის გავლენა გერმანიის ეკონომიკაზე V-ფორმის რებილიტაციის პროგნოზით ხასიათდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარდნა ძლიერი და მტკივნული იქნება, თუმცა ეკონომიკის რებილიტაცია და მის პირვანდელ ნიშნულებთან დაბრუნება მოკლე დროში იქნება შესაძლებელი.

Rabo Bank-ის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთიც და ესპანეთიც ეკონომიკის ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შემცირებას უნდა ელოდონ. ეუთოს პროგნოზით მიმდინარე წელს საფრანგეთის ეკონიმიკის ზრდა 0.9% იქნება,22 ესპანეთის ეკონომიკის ზრდა კი 0.7%-მდე შემცირდება.

ამერიკის შეერთებული შტატები

იქიდან გამომდინარე, რომ ეპიდემია აშშ-ში მხოლოდ ახლა იწყებს გავრცელებას, ჯერ კიდევ არ არის ნათელი მისი პირდაპირი ეფექტი ეკონომიკაზე. UCLA Anderson Forecast-ის მოლოდინით, აშშ-ს მშპ-ს ზრდა რეალურ ფასებში პირველ კვარტალში 6.5%-ით შემცირდება, ხოლო მეორე კვარტალში - 1.9%-ით25. მოსალოდნელია, ასევე, უმუშევრობის გაზრდა 3.6%-დან 5.0%-მდე, რაც 2020 წლის პირველი კვარტლიდან 2021 წლის პირველ კვარტლამდე მილიონამდე სამუშაო ადგილის შემცირებას გულისხმობს. უფრო პოზიტიური მოლოდინებია ეუთო-ს ანგარიშში, რომელიც ამერიკის ეკონომიკის ზრდის პანდემიამდე პოტენციურ ზრდასთან შედარებით, მხოლოდ 0.1%-ით შემცირდებას პროგნოზირებს.

რუსეთი

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, რუსეთი თითქოს წარმატებულად არიდებს თავს ვირუსის ლოკალურ აფეთქებას, COVID-19-ის ნეგატიური ზეგავლენა რუსეთის ეკონომიკაზე უკვე საგრძნობია. ეუთო-ს მარტის ანგარიშში, რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი გადაიხედა და შემცირდა. თუ წლის დასაწყისში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 1.6% იყო, ახლა ის ოთხი მეათედით შემცირდა. შესაბამისად 2020 წლისთვის რუსთის ეკონომიკის 1.2% ზრდა არის პროგნოზიებული. 18 მარტს 24%-ით შემცირდა ამერიკული ნავთობის ფასი (West Texas Intermediate crude) და ბარელის ღირებულება 20.37$-მდე დაეცა, რაც 2002 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნული არის. საერთაშორისო ნავთობის (Brent crude) ფასი 14%-ით შემცირდა და ბარელის ფასი 24.52$ შეადგინა.

რუსეთის ეკონომიკის მსგავსად, ნავთობის ფასის ვარდნა მძიმე ზეგავლენას მოახდენს ირანის ეკონომიკაზეც. თუმცა ირანის შემთხვევაში ეკონომიკური მოლოდინები კიდევ უფრო მძიმეა. იანვარში განახლებული, ამერიკული სანქცებით, დასუსტებული ეკონომიკა, დიდ ზიანს მიიღებს ნავთობის ბაზრის შემცირებით. FocusEconomics-ის მოლოდინით ირანის ეკონომიკა 2020 წელსაც განაგრძობს ტენდენციას და 1.3%-ით შემცირდება.

საქართველო

გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის (დროებითი მაინც) გარდაუვალი ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება - ეს ის ხილული ეკონომიკური ეფექტებია, რომელთა გამოცდა საქართველოს მოსახლეობამ საკუთარ თავზე უკვე დაიწყო.

ტურიზმი: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, რომელიც 2003 წელს SARS-ის გავრცელების სცენარს განიხილავს, როგორც პოტენციურ მოდელს, მსოფლიო ტურიზმი მოგზაურების 1-3%-იან შემცირებას უნდა ელოდოს მაშინ, როდესაც წინასწარი პროგნოზებით ვიზიტორების რაოდენობა 3-4%-ით უნდა გაზრდილიყო. ეს კი მსოფლიო ტურიზმს $30-50 მილიარდამდე ზარალს მიაყენებს.

 მსოფლიო ტურიზმის კრიზისი საქართველოზეც მოახდენს გავლენას. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, თებერვლის თვეში უკვე შემცირდა საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 0.7%-ით წინა წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა გაიზარდა ტურისტულ ვიზიტორთა რაოდენობა 4%-ით.

ტურისტების შემცირება ასევე აისახება სარესტორნო ბიზნესზე, სავაჭრო ობიექტების ბრუნვაზე და ა.შ. ამ ბიზნესებზე ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ ტურისტების შემცირება, არამედ სხვადასხვა შეზღუდვები, რომლებიც დისტანციების დაცვას ისახავს მიზნად. ეკონომიკური გავლენის მასშტაბის შესაფასებლად შეიძლება აღინიშნოს, რომ მაგალითად ტურიზმის სფეროში, 2018 წლის ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ სასტუმროებსა და რესტორნებში 44 000 ადამიანია დასაქმებული; ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის სფეროში ჩართულია 187,6 ათასი ადამიანი და ა.შ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები: 2019 წლის მონაცემებით 15 ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის არიან აშშ, ჩინეთი და იაპონია. არსებულ ქვეყნებში ვირუსული აფეთქების ეკონომიკური ეფექტი შეიძლება პირდაპირ გავრცელდეს საქართველოზეც. ინვესტიციების შემცირების ტენდენცია უკანასკნელი წლების მანძილზე ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. ახლა ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალურია.

საგარეო ვაჭრობა: საქართველოს ახლო ეკონომიკური ურთიერთობა აკავშირებს ევროკავშირთან, რომელიც საექსპორტო ბაზრის 1/3-ს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ექსპორტში აზერბაიჯანის წილი, რომელთანაც გადაადგილება შეიზღუდა, თუმცა სასაქონლო სავაჭრო ბრუნვა არ შეწყვეტილა. ჩინეთის წილი ექსპორტში, იმის მიუხედავად, რომ იანვარ-თებერვალში ამ ქვეყანაში უკვე დაწყებული იყო კორონავირუსის აფეთქება, ასევე დიდია და 12,4%-ს შეადგენს, მესამე ადგილზეა რუსეთი, რომლის წილიც ექსპორტში, დროის იგივე მონაკვეთში, 11,5%-ს შეადგენდა. იმპორტის შემთხვევაში იანვარშიც და თებერვალშიც წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით მატება შეინიშნება. იანვარში იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა წინა წლის იმავე თვეში იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით 5.03%-ით გაიზარდა. თებერვალში ზრდა შედარებით მცირე, მხოლოდ 1.11%-ი იყო. მარტის თვეში, სავარაუდოდ, უარყოფითი ტენდენცია გაგრძლედება, როგორც ექსპორტის ისე იმპორტის მხრივ. ორივე მიმართულებით კლება არის მოსალოდნელი, თუმცა დღევანდელი მონაცემებით კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი თითქმის შეუძლებელია.

ცალკე განხილვის თემაა რუსეთის ბაზარი. აქ არსებულმა სავალუტო კრიზისმაც (რომელიც, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პირველ რიგში დაკავშირებულია ნავთობის ფასის ვარდნასთან) ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ქართული ვალუტის კურსზე. რადგან საქართველოს ექსპორტში რუსეთის წილი ბოლო წლებია მნიშვნელოვნად იმატებდა და მაგალითად 2020 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 11,5%-ს შეადგენს. რუსული რუბლის კურსის ვარდნა განსაკუთრებით აისახება ისეთ სფეროებზე, რომლის ექსპორტშიც რუსეთის წილი განსაკუთრებით მაღალია - პირველ რიგში, ეს ღვინის ექსპორტია: ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-თებერვლის და 2019 წლის ჯამური მონაცემებით რუსეთი ქართული ღვინის ექსპორტში პირველ ადგილზეა.

ფულადი გზავნილები: ფულადი გზავნილების წილი საქართველოს მშპ-ში 13.5 %-ს შეადგენს (2019 წლის წინასწარი, საქსტატი). ევროკავშირიდან მიღებული ფულადი გზავნილები, მთლიანი ფულადი გზავნილების 41.7%-ია. ყველაზე მეტ ფულად გზავნილს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველო იტალიიდან (15.8%) და საბერძნეთიდან (12%) იღებს. მნიშვნელოვანი, 10.4%-იანი წილი მოდის აშშ-ზე. რუსეთიდან (20.9%) და ისრაელიდან (10.5%) მიღებული გზავნილები დაახლოებით მთლიანი გზავნილების 1/3-ს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გზავნილების მოცულობა არ შემცირებულა, პანდემიის გავრცელებას ევროპასა და ამერიკაში, სავარუდოდ, მძიმე ნეგატიური გავლენა ექნება ფულადი გზავნილების მოცულობაზეც.

დასკვნა

გთავაზობთ უცვლელად:

დღეს, როცა საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პიკი არ არის მიღწეული, ცხადია, საკმაოდ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება იმ ეკონომიკური გავლენის შესახებ, რომელსაც მსოფლიოში პანდემიური პროცესი და ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სურათი მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე.

 სავარაუდოა, რომ ეფექტი მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა იგი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • მთავრობის მიერ არსებული ეკონომიკური გამოწვევების სწორად გააზრება. ამ ეტაპისთვის მთავრობა მიმდინარე გამოწვევებს პასუხობს, მართავს სამედიცინო საფრთხეებს და ჰუმანიტარულ ამოცანებს, და გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტის შეფასებისთვის საკმაოდ შეზღული რესურსი რჩება;
  • შეზღუდული რესურსების პირობებში, საკმაოდ რთულია ცალკეული ეკონომიკური შეღავათების და სტიმულირების პაკეტების ინიცირება, შეზღუდვების დაწესება და ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების ეკონომიკური ფასის განსაზღვრა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კრიზისის ე.წ. შეღავათების შეთავაზებას არ ქონდეს ისეთი ხასიათი, როგორიც მაგალითად საბანკო „შეღავათიანი პერიოდის“ მექანიზმს, რომელიც მექანიკურად გაქცევს ამ რეჟიმში და მისი დატოვებისთვის გიწევს აქტივობის განხორციელება და არა - მასში ჩართვისთვის. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, მნიშვნელოვანია არ შეიზღუდოს მოქალაქეთა ეკონომიკური არჩევანის თავისუფლება;
  • მნიშვნელოვანია კრიზისის ვადები და ასევე ის, თუ როგორ შეძლებს მსოფლიო მასთან გამკლავებას - რადგან საქართველოს ტიპის ქვეყნები მნიშვნელოვნად იქნებიან დამოკიდებული იმ საერთაშორისო დახმარების მასშტაბზე, რომლის მობილიზებასაც ისინი შეძლებენ;
  • კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ელექტრონული მმართველობის მიმართულებით რეფორმების დაჩქარებას და არსებული პლატფორმების განვითარებას და მათი ხელმისაწვდომობის ზრდას;
  • საერთაშორისო პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გააზრება, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური კრიზისის მართვის მიმართულებით, აუცილებელია;
  • ასევე, მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივებიც, ანუ ის, თუ რამდენად შეძლებს ქართული ბიზნესის ნაწილი მაინც თვითორგანიზებას, ახალი ტიპის მომსახურებებისა და პროდუქტების შემუშავებას, რომელიც არსებულ გამოწვევებს მეტად უპასუხებს.

 

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.