You can be on Entrepreneur’s cover!

ჩვენი დროის გმირები 3 ექიმის ინტრაპრენერული პორტრეტი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მირიან მელაძე

სამყაროს ისტორია გმირებზე დგას. ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ქვეყნიერების არსებობის სხვადასხვა ეტაპზე არაჩვეულებრივი მისიები იტვირთეს. პიროვნებებზე, რომლებმაც თავიანთი უნარების, დროის, ძალისხმევის, ცოდნის, ენთუზიაზმის – ყველანაირი ადამიანური რესურსის უდიდესი ნაწილი სხვა დანარჩენ, უამრავ ადამიანზე ზრუნვას და მათ კარგად ყოფნას მიუძღვნეს.

ზემოთქმულიდან მოკლე დეფინიცია გამოვიყვანოთ − რა არის გმირობა? იქნებ, თავგანწირვაში გადაზრდილი პროფესიონალიზმი?.. რას იტყვით, ეთანხმებით?

თუ ამ მოსაზრებაში ეჭვი შეგეპარებათ, მაშინ შევეცდებით, ის ძირშივე გაგიფანტოთ და წარმოგიდგინოთ ჩვენი დროის საქართველოს ინტრაპრენერთა შორის ყველაზე გმირი ინტრაპრენერები, რომელთა პროფესიონალიზმს, გააზრებული რისკით გადაგმულ, გეგმაზომიერ ნაბიჯებს, ემოციურ გაწონასწორებულობას და ამ ყველაფრით მიღებულ საუკეთესო შედეგებს თუ კარგად გავაანალიზებთ, მარტივად შევნიშნავთ, რომ ბევრ პროგრესულ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ.

სწორედ ასე ხდება მაშინ, როდესაც საქმეს მასზე შეყვარებული პროფესიონალები აკეთებენ.

აპრილის ENTREPRENEUR თანამედროვე სამყაროს მთავარ გამოწვევასთან მებრძოლი სამი ქართველი ინტრაპრენერის საქმიან მიკროპორტრეტს შემოგთავაზებთ:

პაატა იმნაძე − დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი

ამირან გამყრელიძე −დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი

თენგიზ ცერცვაძე − ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, იმუნოლოგი

დღეს მსოფლიო წარმოუდგენლად დიდი გამოწვევების წინაშეა და იმაში, რომ საქართველო ასე წინაა პანდემიური კრიზისის წარმატებით მართვაში, მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნებთან შედარებითაც კი, ჩვენმა გმირმა ინტრაპრენერებმა ყველაზე დიდი როლი შეასრულეს.

საინტერესოა, როგორი მმართველები არიან ისინი, რა არის მათი, როგორც ლიდერების, მთავარი უნარები, მოქმედების სტრატეგია და კრიზისის ეფექტურად მართვის მანერა.

გასაკვირი არავისთვის იქნება, თუ ამ სამ ადამიანში ბევრ საერთო თვისებას აღმოვაჩენთ. უპირველესად, აჯობებს მათი დახასიათება ალბათ ყველაზე ადამიანური და სასიამოვნოდ აღსაქმელი თვისებებით დავიწყოთ - მსუბუქი, მოსწრებული იუმორი და ოლიმპიური სიმშვიდე პროფესიონალების ის დადებითი მუხტია, რომელიც ფორს-მაჟორულ დღევანდელობაში თითქმის სრულიად საქართველოს მოსახლეობას ემოციურად ასაზრდოებს.

კრიზისის მართვა და მენეჯმენტის მთავარი სტრატეგიები

სამივე ინტრაპრენერის დამოკიდებულება საქმისადმი, ფაქტობრივად, იდენტურია.

პროფესიონალიზმის ცნება თავისთავად უამრავ გამორჩეულ, დადებით უნარსა და თვისებას მოიცავს, მაგრამ არსებობს ასევე უმაღლესი პროფესიონალიზმი, როდესაც საქმისადმი ემოციური ბმა, მისით გატაცება, პასუხისმგებლობის განცდა სცდება ჰობის, სიამოვნების, აქტუალურობის, სასარგებლოობის ფარგლებს და გადაიზრდება ვნებაში. To be passionate to... − ასეთი გამოთქმა აქვთ ამერიკელებს, რაც ადამიანის განსაკუთრებულად ძლიერ, ემოციურ დამოკიდებულებას აღნიშნავს რაიმეს მიმართ, რომლითაც ის მთლიანად მოცულია და მასთან ზიარება პიროვნების სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. სწორედ ამგვარი ემოციური დამოკიდებულება აქვთ ჩვენი ჯანდაცვის „მუშკეტერებს" თავიანთი საქმიანობის მიმართ, რომელთა შემთხვევაშიც საქმისადმი სიყვარული და ერთგულება უდიდეს სოციალურ პასუხისმგებლობას კვეთს და საზოგადოებისთვის პრინციპულად სასარგებლო ძალად და საქმედ რეალიზდება.

სამივე ინტრაპრენერის საქმიანობა ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი პროცესების მართვას და ხშირ შემთხვევაში, კრიზისებთან გამკლავებას უკავშირდება, ამიტომ მთავარი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და მუშაობის სტილი მათ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია.

პაატა იმნაძისთვის მთავარი სამუშაო სტრატეგია − მზადყოფნაა, ინფორმაციულად და ტექნიკურად მზადყოფნა, თანამედროვე პროფესიული გამოწვევების კვალდაკვალ სვლა ან მეტიც − მისთვის გასწრება. ამგვარად, იმნაძისთვის პრინციპულ როლს თამაშობს საჭირო ინფორმაციის წინასწარ მოძიება და მომზადება შესაძლო კრიზისისთვის. თავად აღნიშნავს, რომ კრიზისის მართვა მისი ცხოვრების ჩვეული წესია. მისი დღის წესრიგი, როგორც წესი, საკმაოდ გადატვირთულია უამრავი ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ზარებით და რაც მთავარია − უამრავი გადასაჭრელი და მოსაგვარებელი საკითხით. დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო სჭირდება, ხანდახან რამდენიმეწუთიანი განტვირთვაც საკმარისია. მისი დროის უდიდესი ნაწილი საყვარელ საქმეს მიაქვს, რომელსაც უკვე მრავალი წელია ერთგულად ემსახურება.

ამირან გამყრელიძე კრიზისის მართვაში მიკრო და მაკრომენეჯმენტის როლს განსხვავებულად ხედავს. მისთვის მაკრო ბევრად მასშტაბურია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენლისთვის და ქვეყნებს შორის კოორდინირებულ თანამშრომლობასა და საერთო სისტემურ გაიდლაინებზეა აგებული. თუმცა, მისი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობა მაინც ქვეყნების შიდა მენეჯმენტს ენიჭება. გამყრელიძის საქმიანობა სპეციფიკურია და თავად მიაჩნია, რომ ზოგადი, გლობალური რეკომენდაციების გარდა, მნიშვნელოვანია, ხელმძღვანელმა თავად მიიღოს საჭირო დროს ინდივიდუალური, გონივრული გადაწყვეტილებები, ხოლო მოქმედების წესები საკუთარი გამოცდილებისა და შეხედულების მიხედვით განსაზღვროს. გამყრელიძე რისკიანი ლიდერია. გონივრული რისკის გათვალისწინებით გადადგმული ინოვაციური ნაბიჯები და მიზნის მაქსიმალურად სწრაფად მისაღწევად ინდივიდუალური წესების შემუშავების უნარი, სწორედ ამაზე მეტყველებს. ბატონი ამირანისთვის კრიზისის მართვის უპირველესი ხერხი მისი პრევენციაა, იმ ღონისძიებების წინდაწინ გატარება, რომელიც კრიზისის აცილების ან მისი მაქსიმალურად მსუბუქად გადატანის შესაძლებლობას მისცემს.

თენგიზ ცერცვაძის, როგორც ლიდერის, მთავარი საქმიანი სტრატეგია გრძელვადიანი, ერთი შეხედვით რთულად მისაღწევი მიზნების დასახვაა. მისი გეგმები ამბიციური და პროგრესულია, რომლისკენაც მშვიდი, გეგმაზომიერი, წინასწარ გათვლილი და დისციპლინირებული ნაბიჯებით მიიწევს თავის გუნდთან ერთად. ცერცვაძის სახელთან არაერთი ინოვაციური, თამამი პროექტის შესრულებაა დაკავშირებული, რომელიც საზოგადოებისთვის პრინციპულად სასარგებლო ხასიათს ატარებდა. თავის ათეულობით ათას პაციენტთა შორის ერთისგანაც კი არასოდეს აუღია ფული ან ფასეული ნივთი − ასეთი ახირებული ექიმია ბატონი ცერცვაძე, რასაც თავადაც ადასტურებს. საკმაოდ რისკიანია, მეტიც − რისკი მისი გატაცებაა. ამბობს, რომ არასოდეს არაფრის ეშინია და ხშირ შემთხვევაში, სიფრთხილის გრძნობაც კი განეიტრალებული აქვს. საკმაოდ ცნობისმოყვარეა, „შეუსწავლელის შესწავლა" მისი გატაცებაა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა წლების წინ იმ დროისათვის იდუმალ სამედიცინო სფეროში − შიდსში. მისთვის, როგორც ექიმისთვის, თითოეული განკურნებული პაციენტი დიდი გამარჯვებაა და ამ ძლიერ ემოციას ბატონი თენგიზი იმ დეტექტივის განცდებს ადარებს, რომელმაც სერიოზული საქმე გახსნა. კრიზისული სიტუაციების მართვისას, დროის შეგრძნებას კარგავს და თავისუფალ რეჟიმზე გადადის. მუშაობს 18-20 საათის განმავლობაში და შესაბამისად, ძალიან ცოტა ხანს სძინავს.

გუნდურობა

ის, რაც თითოეულ ნამდვილ ლიდერს და ინტრაპრენერს ახასიათებს, საკუთარი გუნდის სიყვარული, პატივისცემა და მათი შრომის დაფასებაა. ამ თვისებას ჩვენი სამივე გმირის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ძალიან მარტივია შევნიშნოთ პაატა იმნაძის მგრძნობიარე, გამორჩეულად თბილი განწყობა გუნდის მიმართ, რაც მათი ფაქტობრივად ოჯახის წევრებთან გათანაბრების ტოლ ემოციას აღძრავს. მეგობრული ხელმძღვანელია, თანამშრომლებთან პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია მისი სტილია. შესაბამისად, ზუსტად იცის, ვინ როდის, რას და რამდენს შრომობს. მთელი გულით და გონებით აფასებს მათ შრომას, პროფესიონალიზმს და მის გვერდით ერთგულად დგომას.

ამირან გამყრელიძე ხშირად გამოხატავს მადლიერებას თავისი თანამშრომლების მიმართ, ხმამაღლა აღიარებს მათ პროფესიონალიზმს და მტკივნეულად განიცდის, თუ მისი კოლეგების, გუნდის ავტორიტეტის ხელოვნურად შელახვის საფრთხე დგება.

თენგიზ ცერცვაძისთვის მისი გუნდის წევრები გმირები არიან − სწორედ ასე უწოდებს ის თანამშრომლებს და ხშირად ხმამაღლა უცხადებს მადლიერებას.

დროის მენეჯმენტი

დროის სწორ მენეჯმენტს ჩვენი სტატიის გმირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან დრო მათ საქმესა და წარმატებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. სწორად დაგეგმვა, საჭირო დროს საჭირო მითითებების გაცემა, მოკვლევა, საქმის დროული კოორდინირება მათ მოვლენების წინასწარ განჭვრეტის საშუალებასაც კი აძლევს, რაც კრიზისის მართვის მიმართულებით, წინგადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

ამირან გამყრელიძისთვის დროის მენეჯმენტი, უპირველესად მუდმივ მობილიზებას, გამოწვევებისთვის მზადყოფნას ნიშნავს. მისთვის მნიშვნელოვანია, სისტემა ისე იყოს აწყობილი, რომ სწრაფად ამოქმედდეს, სწრაფად უპასუხოს გამოწვევებს. სხვა შემთხვევაში, დროში შეფერხება შესაძლოა ადამიანებისთვის ლეტალურიც კი აღმოჩნდეს.

ანალოგიური დამოკიდებულება აქვს დროის მართვასთან პაატა იმნაძეს, რომლისთვისაც, თავისი კოლეგების მსგავსად, დღევანდელი ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო, დროის მენეჯმენტი სტანდარტულიდან ქაოსურ რეჟიმში გადავიდა, ხოლო საგანგებო რეჟიმში დროის სწორად მართვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ლიდერებისგან მეტ უნარს, განსაკუთრებულ მობილიზებას, ენერგიას, ყურადღებას და ნებისყოფას მოითხოვს, რომლის ძალასაც ჩვენს გამოცდილ პროფესიონალებს მხოლოდ საქმისადმი ერთგულება, სიყვარული და უსაზღვროდ დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აძლევს.

ალბათ ლოგიკურია, თუ ამ სტატიას იმავე ნოტაზე დავასრულებთ, როგორც დავიწყეთ და ჩვენს გმირ ინტრაპრენერებს, თავგანწირულ პროფესიონალებს, გამძლეობას და რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასს − ჯანმრთელობას ვუსურვებთ.

„65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად შინ უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტი ხნის ვარ, მაგრამ შინ ვერ დავრჩები. მე უნდა ვიმუშაო", − პაატა იმნაძე. თბილისი. 2020 წლის 25 მარტი...

მსოფლიო პანდემიის წინააღმდეგ...

სიახლეები

Startup Büro-ს ლევან მესხიშვილი უხელმძღვანელებს

Startup Büro არის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის შექმნასა და გაძლიერებას ემსახურება.

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან