You can be on Entrepreneur’s cover!

წარმატებული ქართველები აგროსფეროდან - ჩვენი ჯანსაღი კვების გარანტი!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

COVID-19-ის სახელით მიმდინარე ეპიდემიამ უკვე დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოს დღის წესრიგზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ვირუსი არც ისე დიდი ხანია რაც დაფიქსირდა და უკვე 25-ზე მეტ გამოჯანმრთელებულსაც ვითვლით, მოსახლეობას უკვე დაეტყო პანდემიის მძიმე ეფექტი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დროებითი უმუშევრობის პრობლემამ უკვე მრავალი ოჯახი დააზარალა. საზოგადოება ასევე შეაშფოთა მოსალოდნელმა საფრთხემ, რომელიც სასურსათო დეფიციტს უკავშირდება. ამას დაემატა სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდვები, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება და გულისხმობს მხოლოდ იმ კომპანიების ფუნქციონირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც თანამშრომელთა, ისე მომხმარებელთა უსაფრთხოებას.

ბიზნესის დისტანციურად მართვის რეჟიმში გადასვლა ბევრისთვის ახალი გამოწვევაა, თუმცა ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცვლილ გარემო-პირობებთან ადაპტაცია საქმიანობის გადარჩენის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახდა. ვიდრე დანაზოგის მქონე მოსახლეობა თვეობით სამყოფ პროდუქტს ყიდულობს, ჩვენ აგრობიზნესის მართვასა და დღევანდელ გამოწვევებზე გავესაუბრეთ წარმატებულ ქართველებს, რომლებიც ბაზრებს ჯანსაღი პროდუქტებით ამარაგებენ.

„ბარბალე"

ქეთი დიდმანიძესა და გაგა მუმლაძეს „ბარბალეს" დაარსების იდეა თუშეთში მოგზაურობისას გაუჩნდათ. მეგობრებს დიდხანს არც უფიქრიათ, სოფელ აწყურში მიწები იქირავეს და კარტოფილი დათესეს. მას შემდეგ 5 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში გუნდმა მოიყვანა სხვადასხვა ტიპის ბოსტნეული, შეისწავლა მეფუტკრეობა. უყურადღებოდ არც ხილი დატოვა, რომლისგანაც მურაბები და ჩირები დაამზადა. გასულ წელს UNDP-ის დაფინანსებით აპისახლი (აპითერაპიის პატარა ქოხი) ააშენეს, გააკეთეს მზის პანელები. გარდა ამისა, სოფელში შექმნეს ეკოკლუბი, სადაც სკოლის მოსწავლეების დახმარებით გარემოსდაცვით აქტივობებს ატარებენ.

„ბარბალეს" ჯანსაღი პროდუქტის შეძენა ადამიანებს როგორც Facebook-ით, ასევე ვალეს ბაზარი/ბისტრო-სა და „დაფნაში" შეუძლიათ. მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრები მიიჩნევენ, რომ საბოლოო მიზნამდე ჯერ შორს არიან, თუმცა ნელ-ნელა წინ მიიწევენ.

ქეთისა და გაგას თუ დავუჯერებთ, აგრობიზნესის მართვა რთული, მაგრამ არა დაუძლეველია. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი მეტი რაოდენობის ბოსტნეულის დათესვას გეგმავენ. თავის მხრივ, მიაჩნიათ, რომ მხოლოდ ერთი მხარე დამოუკიდებლად ვერაფერს შეძლებს და საჭიროა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანით, ამისათვის კი სახელმწიფო მხარში უნდა დაუდგეს მათ, გამოყოს სუფსიდიები, გააიაფოს ტექნიკის მომსახურება, გაიყვანოს სარწყავი არხები და სხვა. გარდა ამისა, მათი აზრით, უნდა შემცირდეს გაურკვეველი წარმოშობის ბოსტნეულის შემოტანა და ქართველ გლეხსა და ფერმერს შეექმნათ პირობები, რომ რაც შეიძლება ჯანსაღი პროდუქტი მოიყვანონ.

„ენკენი"

შპს „ფით" 2016 წელს 3 სტუდენტის: ნონა ნონიაშვილის, შალვა მძინარაშვილისა და თამარ შეითნიშვილის მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია. კომპანიის მიზანია ჯანსაღი სნექების/სასმელების გლობალური ბრენდის − „ენკენის" შექმნა, რომელიც თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის შესაბამისი პროდუქტი გახდება.

კომპანია უკვე აწარმოებს 2 სახეობის ვაშლის ჩიფსს. ორივე მათგანი მზადდება დამფუძნებლების მიერ შემუშავებული ინოვაციური შრობის მეთოდის (რეჟიმების) გამოყენებით. პროცესი მიმდინარეობს ზეთისა და დანამატების გარეშე. მიღებული პროდუქტი არის ჯანსაღი კატეგორიის სნექი, რომელიც გამოირჩევა განსხვავებული ვიზუალითა და გემოვნური თვისებებით, ხრაშუნა ტექსტურით, ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობით.

დღესდღეობით „ენკენი" წარმოდგენილია თბილისის წამყვან მარკეტებში („აგროჰაბი", „გუდვილი", „ევროპროდუქტი", „ფრესკო", „ნიკორა"), სხვადასხვა ფიტნესკლუბსა და კინოთეატრში (მაგ. „კავეა"). ასევე, მცირე რაოდენობით ქალაქგარეთაც.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამ ეტაპზე სურსათის დეფიციტის საშიშროება არ არსებობს, თავად მუდმივად ზრუნავენ მომხმარებელზე და ყოველთვის წინასწარ ქმნიან იმ მარაგს, რომელიც საჭიროა მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობისთვის. „ბარბალეს" მსგავსად, „ენკენიც" მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი, კონკურენტუნარიანი პროდუქციით ჩანაცვლება, რადგან ეს აუცილებელია როგორც დღევანდელი კრიტიკული სიტუაციის გასამკლავებლად, ასევე სამომავლოდაც. გუნდს სწამს, რომ სწორედ ამ მიდგომით შეიძლება დღევანდელ გამოწვევასთან გამკლავება.

რაც შეეხება რჩევებს, ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ აგრობიზნესის წამოსაწყებად, უპირველესად, აუცილებელია მზადყოფნა და დიდი სურვილი, რადგან ეს საკმაოდ რთული სფეროა და ბევრი დეტალის შემცველი. გარდა ამისა, საქმისადმი დიდი სიყვარული, რათა წარმატებით განხორციელდეს ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს ხელშეწყობა და რელევანტური პროგრამების შექმნა, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას, როგორიცაა აგრობიზნესი. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია საქმიანობის დაწყების ეტაპზე სხვადასხვა გადასახადის შემცირება ან გაუქმება, რათა არ მოხდეს ბიზნესის თავშივე ჩახშობა.

„მიკროგრინი"

მიკრომწვანილის მოყვანის იდეა მარიტა გენებაშვილსა და ლეკო შათირიშვილს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას გაუჩნდათ. თავდაპირველად შინ „იექსპერიმენტეს" და როცა ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, გადაწყვიტეს, რომ მიკრომწვანილი საქართველოს ბაზარზე შეეტანათ.

„მიკროგრინი" პირველი ვერტიკალური ურბანული ფერმაა საქართველოსა და კავკასიაში, სადაც 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი მოჰყავთ. ამ ტიპის ფერმა საშუალებას იძლევა პროდუქტი მთელი წლის განმავლობაში აწარმოოთ და შედეგად, შეუფერხებლად მიიღოთ მოსავალი, რაც მნიშვნელოვანი მოთხოვნაა ექსპორტიორი აგრობიზნესისთვის. გამართული სარწყავი სისტემის მეშვეობით კი, უფრო ნაკლები წყალი იხარჯება, ვიდრე ჩვეულებრივ ფერმებში. მიკრომწვანილი იკრიფება დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში. იგი ახალგაზრდა მწვანილის ფორმის ბოსტნეულია, რომელიც გაჯერებულია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რაც მიკრომწვანილს განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტს ხდის.

„მიკროგრინის" პროდუქტი 2017 წლიდან იყიდება „აგროჰაბსა" და „გუდვილში", ასევე ონლაინ − soplidan.ge-ზე. „ჩვენი მთავარი სამიზნე ჯგუფი რესტორნები და სასტუმროებია. ამან კი ჩვენზე ცუდად იმოქმედა, რადგან კორონავირუსის გამო დაიკეტა ძირითადი ობიექტები. ჩვენ პრაქტიკულად მიკრომწვანილის რეალიზაციას ვაჩერებთ აპრილიდან, თუმცა, იმედი გვაქვს, დროებით. მიკრომწვანილი არ არის ისეთი ძირითადი ინგრედიენტი, როგორიცაა კარტოფილი, ბროკოლი და ა.შ. არამედ არის დამატებითი კომპონენტი, რომელიც ელემენტებსა და ვიტამინებს სძენს კერძს. შესაბამისად, თავისთავად სასურსათო დეფიციტი ჩვენ არ შეგვეხება და არც მგონია, რომ შეიქმნას ზოგადად ჩვენს ქვეყანაში, რადგან ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე (თესვის სეზონზე) აგროსექტორს სხვადასხვა თესლის მარაგი აქვთ. ვიმედოვნებ, რამდენიმე თვეში დამარცხდება ვირუსი და ყველაფერი ჩვეულ რიტმში იფუნქციონირებს", − აღნიშნავს მარიტა.

აგრობიზნესის მიმართულებით რჩევებს რაც შეეხება, „მიკროგრინი" ადამიანებს ურჩევს, თუკი მასშტაბური ბიზნესის დაწყება სურთ, იგი ექსპორტზე გასასვლელად მოამზადონ; კომპანია აღჭურვონ შესაბამისი დანადგარებით და დააკმაყოფილონ სტანდარტი, რათა ფერმამ სერტიფიცირების გავლა შეძლოს და მსოფლიო ბაზარზე მარტივად აღმოჩნდეს.

„სამყურა"

ნიკა ბაგალიშვილს არაჯანსაღმა გარემომ უბიძგა დაეწყო ბიოპროდუქტების მოყვანა. თავდაპირველად, ოჯახისთვის, შემდეგ კი საზოგადოებისთვისაც. ასე დაიწყო „სამყურას" ისტორია − დედაქალაქიდან არც ისე შორს, წნორში. ნიკას აზრით, ადამიანის ჯანმრთელობა 3 ფაქტორზეა დამოკიდებული, ესენია: ჯანსაღი გარემო, კვება და სპორტული ცხოვრება. „მე ავირჩიე კვების პრობლემის გადაჭრა, რადგან ამ კუთხით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრ პრობლემას ვაწყდებით. ჩემი პროდუქცია არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს (ნიტრატებს, მძიმე მეტალებს), ასევე გამოირჩევა გემოვნური თვისებებით, რასაც პროდუქტის ერთგული მომხმარებლები ხშირად აღნიშნავენ", − გვიყვება ნიკა.

„სამყურა" თითქმის ყველა სახის ბოსტნეულს გვთავაზობს. რაც შეეხება რეალიზაციას, ნიკა შეკვეთებს Facebook-ის მეშვეობით იღებს და კვირაში რამდენჯერმე ჩადის თბილისში განსაზღვრულ ლოკაციაზე, საიდანაც მომხმარებლებს შეკვეთილი პროდუქცია მიაქვთ.

არსებულ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით, Entrepreneur-თან საუბრისას „სამყურას" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ის ფასებს არათუ გაზრდის, არამედ პირიქით − შეამცირებს, რითაც მოსახლეობას ჯანსაღი, ბიოპროდუქტის ყიდვის შესაძლებლობას გაუმარტივებს. ნიკა ასევე გეგმავს, ბიოპროდუქტების მოყვანა ონლაინპლატფორმის საშუალებით ბავშვებსაც ასწავლოს. მანამდე კი აგრობიზნესით, კერძოდ კი ბიოპროდუქტის წარმოებით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს, რომ პრაქტიკული გამოცდილების გარეშე დიდ ინვესტიციას ნუ დააბანდებენ, რადგან ერთია თეორიული ცოდნა და მეორეა გამოცდილება, თუნდაც მცირე ნაკვეთზე მუშაობის. მიიჩნევს, რომ აგრობიზნესის განვითარება მცირე ფერმერების ხარჯზე უნდა მოხდეს და არ მოსწონს, როცა დონორი ორგანიზაციები დიდი კაპიტალის მქონე ბიზნესებით ინტერესდებიან. ნიკას მიაჩნია, რომ ყველა დამწყებმა აგრობიზნესმენმა დაუღალავად უნდა იშრომოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევენ.

სოციალური მედია

"მამალოების" ბიზნესი საბავშვო გასართობების ნაცვლად

11 წლის ანტრეპრენერის სწრაფად მზარდი სტარტაპი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"