ჩემი ბიზნესის გადასარჩენად კონგრესში წავედი

დიდი ცვლილებების მისაღწევად, მილიარდერობა სულაც არ გჭირდებათ

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2009 წელს ყავის ფინჯანი გადამიყირავდა და ჩემი კომპიუტერი გავანადგურე. ეს რომ აღარასოდეს განმეორებულიყო, 2011 წელს ახალი პროდუქტი − სამოგზაურო ჭიქა Mighty Mug შევქმენი, რომელიც ისე ძლიერ ეკვრის ნებისმიერ ზედაპირს, რომ მისი გადაყირავება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ როდესაც ყავის მოსმა გსურთ, სრულიად მარტივად აიღებთ ხელში. ვიცოდი, რომ ის სენსაციას გამოიწვევდა.

Entrepreneur

ასეც მოხდა. ჩვენ გარიგებები გავაფორმეთ Target-თან, Bed Bath & Beyond-თან, და Office Depot-თან. რამდენიმე წლის შემდეგ, ინტერნეტში ამ ტიპის ფალსიფიცირებული ჭიქები შევამჩნიე, მაგრამ არ შემშინებია. თუმცა როდესაც Bed Bath & Beyond-მა $5-მილიონიანი ყოველწლიური პროგრამა გააუქმა ჩვენთან და მას ფალსიფიცირებული ჩაანაცვლა, ჩემს ადვოკატებთან წავედი. მათ მირჩიეს, რომ მოქმედების ორი ვარიანტი მქონდა: ბრძოლის დაწყება, სასამართლოში სარჩელის შეტანა (რაც სავარაუდოდ, $2 მილიონი დამიჯდებოდა) ან კიდევ, შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის კომისიაში (მაგრამ გაცილებით გონივრულ ფასად) საჩივრის გაგზავნა. მე მეორე ვარიანტი ვარჩიე.

ჩემი საქმის გამოსაძიებლად, ყველა ფალსიფიცირებული Mighty Mug-ი უნდა მეყიდა, რომლებსაც ვიპოვიდი. შევამჩნიე, რომ თითოეული მათგანი ჩინეთიდან იყო გამოგზავნილი და მიწოდება უფასო გახლდათ! თითოეულის ღირებულება, მიწოდების ჩათვლით $5.69 იყო. ამან კინაღამ გადამრია. მხოლოდ ერთი ჭიქის მიწოდება შეერთებული შტატების ტერიტორიაზე $6.30 მიჯდებოდა. საინტერესოა, როგორ ახერხებდნენ ჩინეთში ბაზირებული კომპანიები თავიანთი პროდუქტის გაყიდვას და 8 000 მილის დაშორებით ჩვენი საკუთარი შტატის ფარგლებში მიწოდებაზე იაფად?

პასუხი მალევე აღმოვაჩინე − ეს ყველაფერი უნივერსალური საფოსტო კავშირის (UPU) სახელით ცნობილი საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში იყო შესაძლებელი. ამჟამად იგი გაეროს საფოსტო განყოფილებაა. 1874 წელს როდესაც დააარსეს, მან ჩინეთს ტვირთის გადაზიდვის მართლაც გასაოცარი ტარიფები დაუწესა (უმეტესად, 75 პროცენტით ნაკლები), რადგან იგი განვითარებადი ქვეყნების ჩამონათვალში შედიოდა. დღეს ჩინეთი ელექტრონული კომერციის უდიდესი ბაზარია მსოფლიოში, მაგრამ ეს ხელშეკრულება არასოდეს განახლებულა, რაც იძულებულს ხდიდა შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურს, ჩინური ნივთები მათ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიეწოდებინათ მომხმარებლისთვის. შესაბამისად, უცხოელი გადამზიდველების სუბსიდირება წელიწადში $300-დან $500 მილიონამდე თანხას შეადგენდა.

ამ ამბავმა იმდენად აღმაშფოთა, რომ კოლუმბიის ოლქში, ვაშინგტონში მიმავალ მატარებელში ჩავჯექი და თეთრი სახლის წინ აღმოვჩნდი. KFC-ის ერთი კალათა ვიყიდე − გამიგია, პრეზიდენტ ტრამპს უყვარს იგი და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელს ვუთხარი, რომ მას აუცილებლად უნდა შევხვედროდი. გასაოცარია, მაგრამ ამან არ გაამართლა.

ვიფიქრე, ვისთვის მიმემართა? კიდევ ვინ დამეხმარებოდა, და ხმაურიც ავტეხე. მსხვილ სავაჭრო ასოციაციებსა და პოლიტიკოსებს ვხვდებოდი, რომელთა შორის ზოგიერთებმა უკვე იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოეძებნათ მისი მოგვარების გზა. მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციისა და სავაჭრო პალატის შეხვედრებს ვესწრებოდი. სტატიები დავწერე The Wall Street Journal-სა და The Atlantic-ში, შეერთებული შტატების პრეზიდენტს 18-გვერდიანი წერილი გავუგზავნე.

2018 წლის აპრილში, უთვალავი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის დახმარებით, წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, კანონპროექტი შევიდა ამ პოლიტიკის გადახედვის შესახებ, რამაც უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო ამერიკული კომპანიების მხრიდან, რომლებიც ვერც კი აცნობიერებდნენ, თუ რამდენად დიდ ზარალს აყენებდათ ეს შეთანხმება. თეთრმა სახლმა ექვსი თვის შემდეგ განაცხადა, რომ თუ მიწოდების ტარიფების პრობლემა არ მოგვარდებოდა, მოლაპარაკებიდან გავიდოდა. ეს კი, ნამდვილ ქაოსს შექმნიდა საერთაშორისო გადაზიდვების სამყაროში. ამ მუქარამ თავისი საქმე შეასრულა. უნივერსალურმა საფოსტო კავშირმა ამ პრობლემის მოგვარებას მისცა ხმა.

ცვლილებები მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდება. შეერთებულ შტატებს ექნება უფლება გაცილებით მაღალი ტარიფები დაუწესოს საერთაშორისო გადამზიდავებს. ეს კი, ჩვენს კომპანიებს და უცხოელ კონკურენტებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს და მკვეთრად შეამცირებს ფალსიფიცირებული პროდუქციის რაოდენობას, რომელიც ინტერნეტით იყიდება.

ანტრეპრენერებს უამრავი პრობლემა აქვთ და ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ დაზარალებულთა ხმა არავის ესმის. მაგრამ ასე არ არის, თუ რეალური ცვლილებების განხორციელება გსურთ, თქვენი პრობლემები უნდა გააცნობიეროთ. ჩემს შემთხვევაში მხოლოდ ერთ მცირე ბიზნესზე იყო ლაპარაკი, მოკავშირეები მჭირდებოდა. ძლიერი მოთამაშეები უნდა მეპოვა, იძულებული გამეხადა ამ საკითხზე დაფიქრებულიყვნენ და ამ თამაშში ჩაბმულიყვნენ. ამგვარმა მიდგომამ გაამართლა და კიდევ ერთხელაც გაამართლებს. ამიტომ, ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ოდესმე მსგავს ვითარებაში აღმოჩნდება, ვურჩევ: ხმა ამოიღეთ!