ნუ იქნები მეორე, თუ შეგიძლია იყო პირველი "ინოვაციური იდეები ერთეულებს მოსდით თავში"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

დამეთანხმებით, ინოვაციური იდეები ერთეულებს მოსდით თავში. სიახლე, განვითარება და გაუმჯობესებული პროდუქტებიც, შესაბამისად, ერთეულებს მოაქვთ საზოგადოებისთვის, ხოლო ადამიანების დიდი უმრავლესობა, ხშირ შემთხვევაში უბრალოდ აკოპირებს და იმეორებს იმ ინოვაციურ ბიზნესმოდელებს და კრეატიულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სხვებმა მოიფიქრეს და შექმნეს. მოდი დავფიქრდეთ, რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ, ინოვაციურად აზროვნება და შემოქმედებითი ხედვა მართლა მხოლოდ ერთეულებს აქვთ, თუ იმიტომ, რომ სხვისი შექმნილის „დაკოპირება" უფრო ადვილი გამოსავალია, და ამიტომაც ადამიანები ზედმეტად თავს არ იწუხებენ, რომ რაიმე ახალი თავად მოიფიქრონ? მე უფრო მეორე მიზეზი მგონია სიმართლესთან ახლოს, რადგან ვხედავ, ქართულ ბაზარზე როგორი სისწრაფით კოპირდება ნებისმიერი ინოვაციური ბიზნესიდეა თუ ბიზნესმოდელი. როგორც კი რაიმე სიახლე ამართლებს, ყველა ცდილობს ის გაიმეოროს და ამ გზით ადვილად იშოვოს ფული. მე კი მინდა, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ფიქრობთ თქვენი ბიზნესის დაწყებას, მოგიწოდოთ, რომ ასე არ მოიქცეთ და ვეცდები ავხსნა, თუ რატომ არ უნდა იყოთ მეორე, თუ შეგიძლიათ იყოთ პირველი!

First Mover Advantage

როდესაც თქვენ, იმის ნაცვლად, რომ რაიმე ახალი და ინოვაციური ბიზნესი წამოიწყოთ, აკოპირებთ სხვის მიერ შექმნილ პროდუქტსა თუ მომსახურების მოდელს, უარს ამბობთ ბიზნესში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უპირატესობაზე, რომელიცაა პირველობის უპირატესობა, ე.წ. First Mover Advantage. აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ რაც უნდა ბევრმა კომპანიამ დააკოპიროს ინოვაციური იდეა, მომხმარებლის გონებაში მაინც ყველაზე მეტად ის კომპანია ილექება, რომელიც პირველი გამოჩნდა ბაზარზე და მათ ეს სიახლე შესთავაზა. ეს კონკრეტული პროდუქტი უშუალოდ იმ პირველ კომპანიასთან ასოცირდება და ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, იყო მეორე, მესამე და კიდევ შემდეგი კომპანია, რომელიც იგივეს შესთავაზებს მომხმარებელს და მოახერხებს, რომ მის გონებაში უფრო კარგად დაიმკვიდროს ადგილი. ეს ძალიან დიდი მარკეტინგული უპირატესობაა კომპანიისთვის, და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებ, თუ იქნები პირველი.

ბიზნესმოდელის გადმოღება საკმაოდ რთულია. გარდა იმისა, რომ პირველობის უპირატესობას ვკარგავთ, როდესაც სხვის ინოვაციურ ბიზნესიდეას ვიმეორებთ, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ სხვა კომპანიის ბიზნესმოდელის დაკოპირება არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. როდესაც სხვის ბიზნესს აფასებთ, თქვენ მხოლოდ გარედან აკვირდებით, რას და როგორ აკეთებს ეს კომპანია, თუმცა თქვენ არ გაქვთ წვდომა უმთავრესზე – იმაზე, თუ რა ხდება კომპანიის შიგნით, რომელი პროცესები როგორ იმართება, რა კონკრეტული კომპეტენციები და უნარები აქვთ იქ მომუშავე ადამიანებს და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვა, თქვენ არ გაქვთ შიდა ინფორმაცია, რეალურად როგორ მიიღწევა ის წარმატება, რომელიც ასე ძალიან გსურთ ამ ბიზნესმოდელის გამეორებით თქვენც მარტივად მოიპოვოთ.

სხვისი „დაკოპირებით" ახალი ღირებულება არ იქმნება

გიფიქრიათ იმაზე, რომ ყველა ის პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ყოველდღიურად მოვიხმართ, როდესღაც სიახლე იყო? არიან ადამიანები, რომლებიც არ ირჩევენ მარტივ გზას, ბედავენ რაღაც ახალი შექმნან, და რეალურად სწორედ ისინი ავითარებენ ბაზარს, ინდუსტრიას და მომხმარებელს. ინოვაციურობა სრულიად ახალი პროდუქტის გამოგონებას სულაც არ ნიშნავს და არც მაინცდამაინც ტექნოლოგიურ მიღწევებს გულისხმობს. შესაძლებელია უკვე არსებული, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების/მომსახურების, გაუმჯობესებული, დახვეწილი ვერსია შევქმნათ ან რაიმე ახალი, თანამედროვე ფუნქცია მოვუძებნოთ პროდუქტებს, ესეც სიახლე იქნება ბაზრისთვის. ახალი, გაუმჯობესებული პროდუქტი აუცილებლად ანაცვლებს ძველ ანალოგს, და ამით ყველა იღებს სარგებელს – შემქმნელიც და მომხმარებელიც. მთავარია, იმაზე ვიფიქროთ, რომ რასაც შევქმნით, ახალი დამატებითი ღირებულების მომტანი იყოს საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ და ჩვენი ცხოვრების სტილიც მხოლოდ ასეთი, სიახლის შემცველი პროდუქტების მეშვეობით ვითარდება და მიდის წინ.

რომ შევაჯამო, ჩემი სტატიის მთავარი სათქმელიც ისაა, რომ სანამ ცდუნება წაგძლევთ და ისეთ ნაცად ბიზნესს წამოიწყებთ, როგორიც უკვე ისედაც მრავლადაა ბაზარზე წარმოდგენილი, იმ ლოგიკით რომ გაკვალულ გზაზე სიარული უფრო მარტივია, გაიხსენეთ, რომ არსებული პროდუქტების დაკოპირებით თქვენ არავითარ ახალ ღირებულებას არ მოუტანთ ბაზარს. სხვისი გზებით სიარულიც არც ისე მარტივია, თანაც, თქვენ ვერასოდეს გექნებათ პირველობის უპირატესობა. მინდა გირჩიოთ – ერთხელ მაინც შეეცადოთ და იმუშაოთ იმაზე, რომ რაიმე ინოვაციური იდეა მოიფიქროთ და შეეცადოთ მის განხორციელებას, რადგან ასეთმა იდეამ შესაძლოა ძალიან დიდი სარგებელი მოუტანოს საზოგადოებასაც და თქვენც, როგორც მის ავტორს. ერთხელ მაინც სცადეთ და თუ ვერაფერი მოიფიქრეთ ან არ გამოვიდა, ბაზარზე არსებული ბიზნესმოდელების გადმოღებას და გამეორებას ხომ ყოველთვის მოასწრებთ? გახსოვდეთ, რომ თუ არ აირჩევთ ერთი შეხედვით მარტივ, სხვების მიერ უკვე მრავალგზის გატკეპნილ გზას და რაიმე საინტერესო, ახლებურ ბიზნესიდეას მოიფიქრებთ, შესაძლოა საკუთარი და ყველა ჩვენგანის ცხოვრებაც გააუმჯობესოთ და უკეთესობისკენ შეცვალოთ.

ნინა მენთეშაშვილი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი. კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

ანტრეპრენერი, მარკეტინგის სპეციალისტი და ლექტორი.

კომპანია AlterSocks-ის თანადამფუძნებელი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია