You can be on Entrepreneur’s cover!

კორონას მსოფლიო ქართველი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის წერილი ისრაელიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

21-ე საუკუნის ადამიანი საინფორმაციო სამოთხეში ცხოვრობს. ინფორმაცია, თანაც ულევი, ყველგან ხელმისაწვდომია: შინ, სამსახურში, ტრანსპორტში; საკმარისია სმარტფონის ეკრანს Standby-რეჟიმი მოვხსნათ, ინფორმაციის სიუხვე ხშირად მისი გადამუშავების საშუალებაზე მეტია.

რას არ ნახავთ, ან როდის. დედამიწის ნებისმიერი კუთხიდან მოდის ყველანაირი ინფორმაცია − ზოგი აღგაშფოთებს, ზოგი გაგახარებს, ზოგი გულს გაგითბობს, ზოგიც დაგაფიქრებს.

მაგრამ ის, რაც მსოფლიომ გასული წლის გვიან შემოდგომაზე იხილა, ყველა მოლოდინს გადასცდა. ჩინეთის ქუჩებსა თუ დაწესებულებებში, კამერის წინ გონდაკარგული ადამიანები მოწყვეტით, უსიცოცხლოდ ეცემოდნენ იატაკზე. შეშინებულ გამვლელებს ისღა დარჩენოდათ, სამედიცინო პერსონალისთვის ეხმოთ საშველად.

ამ ვიდეოების მთავარი შემზარაობა კი მის ვერბალურ დანართში ისმოდა: people are literally dying on streets in China, and there are no answers, no one knows what's really going on − გვამცნობს მძაფრი ბრიტანული აქცენტის მქონე ბლოგერი.

შოკმა და შიშმა მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩინეთისკენ მიმართა, რომელმაც მალევე დაადასტურა ცნობა ახალი, აქამდე უცნობი ვირუსის გავრცელების შესახებ. ვირუსი, რომელიც პაციენტებში იწვევს მწვავე ორმხრივ პნევმონიას (ფილტვების ქსოვილის ანთება), ჩინელი ოფიციოზის განცხადებით, გავრცელდა ჰუბეის პროვინციაში და მისი მთავარი კერა ქალაქი ვუჰანია, 11 მილიონი მოსახლით. მათი თქმით, ვირუსს აქვს ფატალური (სიკვდილის გამომწვევი) შემთხვევები.

თუ არასამედიცინო განათლების ადამიანები ვირუსის მომაკვდინებლობამ შეაშინა, სამედიცინო წრეებს სისხლი გაუყინა ერთმა ფაქტმა: მათ არაფერი იცოდნენ ახალი მტრის შესახებ. ეს არის ახალი ვირუსი, რომელზეც მედიცინას აქამდე ინფორმაცია არ ჰქონდა.

ამ სიახლის გავრცელების შემდეგ, საქმეში ჩაერთო ყველა, ვისაც რაიმე საერთო ჰქონდა მედიცინასთან, განსაკუთრებული ყურადღება კი მიიქციეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (ECDC), გაერო (UN) და წამყვანი ქვეყნების სამედიცინო საზოგადოებები, ინფექციური დაავადებების მართვის ცენტრები.

ამასობაში, იზრდებოდა ჩინელი პაციენტების რიცხვი და მათთან ერთად, გარდაცვალებული ავადმყოფების სტატისტიკაც.

სულ რამდენიმე დღეში, ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა კორეაში, იაპონიაში და სხვა აზიურ ქვეყნებში.

არც ევროპა და ამერიკის კონტინენტი აღმოჩნდა იზოლირებული, ავსტრალიამ კი ამ ორივეზე ადრე გამოაცხადა უკვე COVID-19, SARS Cov-2 ან Novel Coronavirus 2-ად წოდებული ვირუსის არსებობა თავის მატერიკზე.

მიუხედავად თავდაპირველი ოპტიმიზმისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალევე მიანიშნა ახალი კორონავირუსული ინფექციის პანდემიადქცევის ალბათობაზე.

მეცნიერებს თავდაპირველად ვირუსის გადაცემის გზებზეც კი არ ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია, გეოგრაფია, დასნებოვნებულებისა და გარდაცვლილების რიცხვი კი იზრდებოდა.

ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო − ამ ანდაზიდან ძველი მხოლოდ პანდემიის ფაქტი იყო, გამომწვევი კი ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი გახლდათ. თან საკმაოდ აგრესიული, რთული ხასიათით.

მსოფლიოს პანიკამ თავისი არსებობა შეახსენა.

ყველა ქვეყანა და ყველა სოციუმი საკუთარ შესაძლებლობებზე დაფიქრდა და არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი.

აღმოჩნდაო, რომ ვამბობ, ამაში ვგულისხმობ იმ მოლოდინს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ჰქონდა ჩვენი მედიცინისადმი. საშუალოზე დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, როგორც წესი, მედიცინაც პრობლემებით აქვთ სავსე. არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, თუმცა გამონაკლისობა ხომ ჩვენი დიდი ეროვნული თვისებაა.

ქართველი ეპიდემიოლოგების საქმე და პროფესიონალიზმი დღეს უკვე საერთაშორისო წრეების გასარჩევი და სასაუბრო თემაა. წარმატების საიდუმლო კი მოქნილი ფორმულაა, რომელიც ზუსტად მოარგეს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და დღევანდელ სამედიცინო რეალობას.

მართალია ჩვენს ქვეყანაში პირველი პაციენტი 26 თებერვალს შემოვიდა ირანიდან, თუმცა ის ჯერ კიდევ შორს იყო ჩვენი საზღვრებიდან, რომ საქართველოს ეპიდემიოლოგიის სამსახურს უკვე ჰქონდა მასზე ინფორმაცია. ეს პიროვნება საბოლოოდ გამოჯანმრთელდა და მან ამ წერილამდე ბევრად ადრე დატოვა საავადმყოფო.

მსოფლიო ლიდერები ამასობაში განიხილავდნენ შესაძლო სცენარებს, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ინფექციის თავიდან ასარიდებლად, როგორ შეემცირებინათ მასთან კონტაქტის რისკი (ე.წ. Exposure risk), რა რესურსს მოითხოვდა ვირუსთან ბრძოლა, იქნებოდა თუ არა ეკონომიკური დანაკარგები, დადებითი პასუხის შემთხვევაში, რამდენი; იყო თუ არა ჩინური მოდელი − დაეკეტათ 11-მილიონიანი ქალაქი თვეზე მეტი ხნით − დასავლური დემოკრატიებისთვის შესაფერისი ქმედება, და ასე შემდეგ.

ცხადად ჩანდა, რომ ჩვენი გლობალური სამყარო, „დაპატარავებული" დედამიწა, მხოლოდ ვირუსის გავრცელებას უწყობდა ხელს.

ერთ-ერთი პირველი, რაც გაკეთდა, შეწყდა ფრენები ჩინეთის მიმართულებით, განსაკუთრებით კი ჰუბეის პროვინციაში.

მაღალი სანდოობის პრესა კი ალაპარაკდა აზიური წარმოშობის მქონე ადამიანებისადმი უდიერი და რასისტული გამოხდომების გახშირებულ შემთხვევებზე.

სამედიცინო წრეებში კი დაიტვირთა ფორუმები, ბლოგები, ტელეხიდები, განსაკუთრებით ჩინელი ექიმების პირდაპირი ეთერით; ამ ყველაფრის მიზეზი კი ერთი − უცნობ მტერზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის რაც შეიძლება სწრაფად გაზიარება იყო. დახვეწილმა კომუნიკაციების საშუალებებმა მედიცინას დახმარება გაუწია, ყოველი ახალი პაციენტიდან მიღებული გამოცდილება ელვის სისწრაფით ვრცელდება სპეციალისტებში. მედიკამენტების და ვაქცინის არარსებობა კი უიმედოობის განცდას ძალას მატებდა.

სანამ საქართველო თავის ერთეულ პაციენტებს ითვლიდა და ეპიდემიოლოგიაში გვარიანად ნათლდებოდა, კორეის რესპუბლიკამ და იაპონიამ „არნახული" წარმატების შესახებ უკვე წარადგინეს ცნობები. ერთი მასობრივ ტესტირებას, ხოლო მეორე ეროვნულ თვისებებს მიაწერდა თავის წარმატებას. სამწუხაროდ, სამხრეთ კორეაში რელიგიური მოძრაობის ლიდერმა, უნებლიედ რამდენიმე ათასი ადამიანის დასნებოვნებას შეუწყო ხელი, ხოლო იაპონიამ აპრილის დასაწყისში ტოკიო და მისი შემოგარენი კარანტინის ზონად გამოაცხადა.

აი სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში კი, ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა − ისეთი, რომ ლიტერატურული ნაწარმოები გეგონებოდათ.

იტალია იქცა კორონავირუსის სასაკლაოდ.

ქვეყნის საუკეთესო კლინიკები ვერ აუდიოდნენ პაციენტების მოზღვავებას.

პაციენტების მთავარი ჩივილი − სუნთქვითი უკმარისობა კი იმდენად მძლავრად იყო გამოხატული, რომ უმეტესობას ფილტვის ხელოვნური სუნთქვის აპარატით სჭირდებოდა დახმარება.

ამდენი არც აპარატი აღმოაჩნდათ, არც ექიმი, არც ექთანი და არც სახარჯო მასალა.

საქმე მორალურ დილემამდეც მივიდა − გაჩნდა ცნობები ასაკობრივი პრეფერენციების მინიჭების თაობაზე.

ამასობაში, ჩვენ ათეულ კორონა-დადებით პაციენტს ვითვლიდით და უკვე ცხარე დებატებიც გვქონდა იმაზე, თუ ტესტირების რომელი მეთოდი სჯობს არსებულ სტანდარტს, რა ჯგუფები „გავტესტოთ", რა თანმიმდევრობით; ბე-ცე-ჟე ვაქცინის შესაძლო სარგებელი, გენეტიკა თუ გვეხმარება კორონასთან ბრძოლაში; მარნეულის კლასტერი უფრო დიდია თუ იტალიის; მეოთხეული გადაცემა და მისი საკრალურობა საქართველოში; წავიდეთ თუ არა ტაძრებში, ლუგარის ლაბორატორიის სიკეთე და ასე შემდეგ.

სასიამოვნო სანახავია სოლიდარობის არნახული გამოვლინება ჩვენს თანამოქალაქეებს შორის. თანაბრად განიხილება ადამიანის თუ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უფლებები. სამუშაო კიდევ ბევრია, მაგრამ პრობლემის შეცნობის ფაქტი უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად მინდა ჩავთვალო.

ამ დღეებმა გვაჩვენა ჩვენი ჯანდაცვის სისტემის უარყოფითი მხარეებიც (რომელიც საბედნიეროდ, არ გახლდათ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე და მოგვეცა დროის მოგების საშუალება), ამას მაღალი ცოდნისა და რეპუტაციის მქონე სპეციალისტებმაც გაუსვეს ხაზი და მალევე გახდა ცნობილი ოჯახის ექიმების გადამზადების პროგრამების შესახებ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ჯანდაცვის სისტემა მთელი ქვეყნის, საზოგადოების ცხოველ ინტერესში მოექცა, ასე რომ დღევანდელი დღე შეიძლება გამოვიყენოთ ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისათვის. ჯანდაცვის სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის, პირველადი და მეორადი რგოლების სისტემის შექმნა და გამართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას განვითარებული ქვეყნების მაგალითიც აჩვენებს.

ამასობაში კი იტალიურ ტრაგედიას მოყვა ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რომელიც ყველაზე მეტად მომზადებული შეხვდა პანდემიას ობიექტური თუ სუბიექტური მონაცემებით.

როგორც მოსალოდნელი იყო, პანდემია ინფორმაციის საუკუნეში პოლიტიკის ჩარჩოებს ვერ გასცდა, უკეთ რომ ვთქვათ − პოლიტიკის ჩარჩოები აქეთ მოირგო ტანზე.

ადამიანები ალაპარაკდნენ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე, სპეციალისტები კი რეცესიაზე. მდიდარმა ქვეყნებმა ტრილიონობით დოლარი გამოყვეს ეკონომიკისა და თანამოქალაქეების დასახმარებლად. სამუშაო დაკარგა რამდენიმე ათეულმა მილიონმა ადამიანმა, პროგნოზირებენ უარესს. საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უბრალოდ შეაჩერეს.

არც პოლიტიკურ შეხედულებებსა და მიმართულებებს შორის წინააღმდეგობა დავიწყნია ვინმეს: ჩინურმა ტრიუმფმა კორონავირუსის ეპიდემიაზე სკეპტიკოსები აალაპარაკა, ნუთუ „ეკონომიკურად წარმატებული" კომუნიზმი სჯობნის დასავლურ დემოკრატიას?

გაისმა არაერთი საყვედური ევროკავშირის ქვეყნების შეუთანხმებელი აქტივობების შესახებ. საქმე იქამდეც მივიდა, რომ იტალიელმა პოლიტიკოსებმა (პრო-დასავლურმა, არაპოპულისტურმა ფლანგმა) შენგენის ზონის მომავალიც კი სათუოდ მიიჩნიეს. კრიტიკას მალე შეუერთდა აღმოსავლეთ ვეროპის რამდენიმე ლიდერიც, უნგრეთის პრემიერმა კი ახლო აღმოსავლეთის ლიდერებიც კი გააკვირვა.

პოლიტიკას არც რელიგია ჩამორჩა. გაგვაოცა ტრადიციებისადმი განსაკუთრებულად მტკიცე ერთგულებით და სიყვარულით გამორჩეულმა ისლამმა − მათ დაკეტეს მექა.

იუდაიზმი და აღმოსავლეთის ეკლესიის ნაწილი დღემდე არ არღვევს შეკრებისა და ერთად ლოცვის ტრადიციას. ისრაელში საჭირო გახდა საჯარისო შენაერთებით რელიგიური დასახლებების ბლოკირება, და ეს ხდება პასექის დღესასწაულის დაწყებისას.

ტრადიციულად, პრაგმატული და ადამიანზე ორიენტირებულია დასავლური ეკლესია − რომის პაპი მარტო ატარებს წირვებს, წმინდა პეტრეს მოედანი ცარიელია.

გლობალურმა კარანტინმა წარმოშვა უამრავი პრობლემა. როგორც იწინასწარმეტყველეს, კორონავირუსი მართლაც გააკოტრებს უფრო მეტს, ვიდრე დახოცავს. ბიზნესი გაჩერებულია ყველგან და ყველა ითვლის ზარალს.

სანამ მეცნიერები ეძებენ კორონავირუსის წამალს, სამედიცინო დარგის სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომლის ჯანდაცვის სისტემა მზად იყო ამგვარი სცენარისთვის.

პაციენტების რაოდენობას ვერ აუდის ვერც სამედიცინო მრეწველობა ­− არცერთ ქვეყანას არ აქვს საკმარისი ეკიპირება. ბაზარზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება წარმოების ინტენსივობას. ქვეყნები დგანან სამედიცინო ეკიპირებისა და სატესტო მასალების რიგში.

იტალიამ და ესპანეთმა (მანამდე ჩინეთმა) პაციენტების სიმრავლის გამო შექმნეს მრავალსანათურიანი სასუნთქი მილები, მათი მეშვეობით კი ცდილობენ სიცოცხლე შეუნარჩუნონ მინიმუმ ორ პაციენტს ერთი აპარატით − წმინდა ჰიგიენური და ინფექციური პრობლემების კუთხით, ასეთი რამ ვერც კი წარმოგვედგინა მანამდე. ილონ მასკმა ცოტა ხნით დაივიწყა მარსის დეველოპერული გეგმები და სასწრაფო ტემპით გამოუშვა ფილტვის ხელოვნური ვეტილაციის აპარატები; „ფორდი" და სხვა მაღალტექნოლოგიური საწარმოები დაუფიქრებლად შეუერთდნენ მასკის ინიციატივას. ისრაელში გახსნეს ე.წ. ტექნო-სასაფლაო და ვენტილაციის ჩამოწერილი აპარატები სამომავლოდ გაარემონტეს.

ალბათ ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ჩვენი დასავლელი კოლეგები (და არა მარტო დასავლური მაღალგანვითარებული ქვეყნების სამედიცინო წრეები), რომ მოუწევდათ გასტერილებული ერთჯერადი სამედიცინო სახარჯი მასალის (განსაკუთრებით მედპერსონალის დამცავი ეკიპირების) გამოყენება. ისრაელშიც მივიღეთ გაფრთხილება, შესაძლოა მალე დავიწყოთ დამცავი ეკიპირების რესტერილიზაცია, ასე რომ, ნუ მოეპყრობით უდიერადო.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინტერნეტგვერდზე კი გაჩნდა დეტალური გზამკვლევი სამოქალაქო, მრავალჯერადი ნიღბების დამზადების თაობაზე.

ამასობაში კი კავკასიის ცენტრში, მსოფლიო ლოდერების ქათინაურებით ნასიამოვნები, ჩვენი თანამოქალაქეების საკამათო, არც მეტი არც ნაკლები, სასწრაფო წესით დამზადებული ნიღბების დიზაინია. ახლად დაფუძნებულმა სტარტაპმა რომ ხარისხიანი დამცავი სისტემების კომპლექტების წარმოება დაიწყო, ეს მგონი არც ახსოვთ.

ამ წერილზე მუშაობის მომენტში საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 306 შემთხვევაა, 69 გამოჯანმრთელებულია და 3 გარდაცვლილი. მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ აქვს არც წამალი, არც ვაქცინა და არც ვირუსთან ბრძოლის რაიმე განსაკუთრებული ხერხი.

ერთადერთი, რაც ვიცით, ალბათობა იმისა, რომ კორონავირუსი კიდევ გვესტუმრება ახლო მომავალში, საკმაოდ მაღალია.

მსოფლიო შეიცვალა და არავინ იცის, როგორი იქნება ის ხვალ. ყველაზე მძიმე პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა საკვებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დეფიციტი (გახანგრძლივებული კარანტინის შემთხვევაში), რაც გაზრდილი კრიმინალის, ჰომიციდის და შესაძლო რეგიონული და გლობალური კონფლიქტების ალბათობას ზრდის.

ხელების ჰიგიენა, დისტანცირება (მინიმუმ 2 მეტრის რადიუსით) და შინ ყოფნა კი ჩვენი პლანეტის გადასარჩენად მთავარი იარაღია.

აქამდე კი სახეობა Homo sapiens-ს ხელოვნური ინტელექტისა და მარსის კოლონიზაციის დეტალებით ჰქონდა თავი გამოჭედილი.

ლექსო ვაჩაძე

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი | ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკა. იერუსალიმი, ისრაელი