You can be on Entrepreneur’s cover!

''წიგნების თარო'' - ქართული წიგნების გზა ამერიკაში ოკეანის მიღმა არ არსებობდა ქართული წიგნების მაღაზია, რაც ბევრ პრობლემას იწვევდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარიამ მაცაბერიძე

მარიამ მაცაბერიძეს, 28 წლისას საკონსულოში მუშაობის დროს დაებადა ბიზნესიდეა. მთავარ შეკითხვაზე, თუ რა სჭირდებოდათ ემიგრანტებს ამერიკაში, პასუხის გაცემის შემდეგ მიხვდა, რომ ოკეანის მიღმა არ არსებობდა ქართული წიგნების მაღაზია, რაც ბევრ პრობლემას იწვევდა − ემიგრანტებს ხშირად უწევდათ წიგნების სამშობლოდან წაღება, რაც იშვიათად ხდებოდა. შესაბამისად, ქვეყანაში ქართულენოვანი ლიტერატურის აშკარა დეფიციტი იყო. მარიამი მიხვდა, რომ ეს საქმე გახდებოდა წარმატებული მომავლის საწინდარი. 2019 წელს შვილი − ზუკა ნუცუბიძე გაუჩნდა, რომელიც მარიამის მთავარ მოტივაციად იქცა. პატარა დღემდე დიდი ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს დედას.

იდეის გაჟღერებისა და მოწონების შემდეგ, 2018 წლის დეკემბერში დაიბადა „წიგნების თარო" − ინტერნეტმაღაზია, რომელიც ახდენს ქართული წიგნების იმპორტირებას აშშ-ში და ემსახურება ქართველ ემიგრანტებს. მაღაზია თანამშრომლობს ქართული წიგნის შემდეგ გამომცემლობებთან: „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", „პალიტრა L", „ელფის გამომცემლობა", არტანუჯის გამომცემლობა", „ინტელექტი" და აგრეთვე მაღაზიათა ქსელი „პეპელა". Entrepreneur-ის მეშვეობით, მარიამი მთელი ემიგრაციის სახელით ყველა ზემოთ ხსენებულ კომპანიებს უხდის დიდ მადლობას.

აღსანიშნავია, რომ ონლაინპლატფორმაზე შერჩეული წიგნების ტრანსპორტირებას საშუალოდ ორი კვირა სჭირდება და ჩამოსვლიდან მეორე დღეს უკვე ხელმისაწვდომია საიტზე: „გარდა იმისა, რომ „წიგნების თარო" ქართული წიგნების პირველი და ერთადერთი მაღაზიაა მთელ ამერიკაში და ეს მას თავისთავად ხდის უნიკალურს, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საამაყო. ჩვენი ერთ-ერთი მიღწევა გახლავთ ის, რომ ვემსახურებით ნებისმიერ შტატში მცხოვრებ ქართველებს. მათ მიერ შეძენილი წიგნები, ორ დღეში მზადდება გასაგზავნად და გაგზავნიდან მოკლე დროში ბარდებათ მისამართზე. აგრეთვე, ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ ემიგრანტი ბავშვების ქართულ ენაზე განათლების მიღება. ვცდილობთ გამომცემლობებისგან შევიძინოთ საგანმანათლებლო წიგნები ყველა ასაკის ბავშვისთვის. ჩვენ ვეხმარებით მშობლებს, ინგლისურენოვან გარემოში მშობლიური ენა არ დაავიწყონ და შეასწავლონ მათ", აღნიშნავს მარიამი.

ბუნებრივია, ყველა საქმეს დაბრკოლებები ახლავს. ამ მხრივ გამონაკლისს არც „წიგნების თარო" წარმოადგენდა. როგორც დამფუძნებელი გვიყვება, დაარსების ეტაპზე, ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ მომხმარებელზე მორგებული ვებგვერდის შექმნა. მარიამისთვის ვებდიზაინერთან თანამშრომლობა, სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა. ამან მასში დიდი პროტესტი აღძრა და მოტივაცია მიეცა, არ დანებებულიყო, ამიტომ დაიწყო ამ საქმის შესწავლა. მონდომებამ შედეგი გამოიღო და ერთ თვეში „წიგნების თაროს" საიტი აეწყო ზუსტად ისეთი, როგორიც მარიამს წარმოედგინა − დღეს ეს ყველაფერი მას სიამაყეს სძენს.

მოგეხსენებათ, დღევანდელი რეალობა, ეპიდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, საზიანო და დამღუპველიც კი აღმოჩნდა ბევრი ბიზნესისთვის. „წიგნების თაროც" იდგა ამ საფრთხის წინაშე, თუკი ფოსტა შეწყვეტდა მუშაობას ან სხვა დაბრკოლება წარმოიშვებოდა. „თვითიზოლაციის დროს, წიგნის კითხვა ყველაზე კარგი გამოსავალია ნაყოფიერად დროის გასაყვანად, ამიტომ მყიდველების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა. მქონდა საკუთარ თავთან ბრძოლა, შინიდან გასვლასთან დაკავშირებით იმ მიზეზით, რომ წიგნები გამეგზავნა, რადგან მოგეხსენებათ, ნიუ იორკი დაავადების ეპიცენტრია დღეს. მიუხედავად ამისა, უკან არ დავიხიე და ყველანაირი წესის გათვალისწინებით, წიგნებს უწყვეტ რეჟიმში ვაგზავნი ჩვენს მომხმარებლებთან, რადგან მათ ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ", − ამბობს მარიამი.

„წიგნების თარომ" ძალიან კარგი ბევრი რამ მოახერხა ორწლიანი არსებობის განმავლობაში. უპირველესად, მაღაზიის საიტი მუდმივად შეუფერხებლად და გამართულად მუშაობს. არასოდეს ყოფილა რაიმე სახის შეფერხება, ყოველთვიურად ივსება მაღაზია ახალი და საინტერესო წიგნებით. არ წყდება დადებითი შეფასებები მომხმარებლებისგან, წარმატებული იყო „წიგნების თაროს" პირველი გამოჩენა მომხმარებლებთან „თბილისობის" ღონისძიებაზე ნიუ იორკში. აგრეთვე, ყოველდღიურად იზრდება ფეისბუქგვერდის გამომწერთა რაოდენობა, რაც თავისთავად მეტყველებს კომპანიის განვითარებასა და წარმატებაზე.

„ჩვენი მიზანია, ხმა მივაწვდინოთ ყველა შტატში მცხოვრებ ქართველს. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ქართული წიგნების მაღაზია და სწორედ ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ მომავალში. ასევე, დიდი სურვილი მაქვს ლიტერატურული სივრცე შევქმნა ნიუ იორკში, სადაც წიგნების მოყვარული ადამიანები თავს მოიყრიან და ჩატარდება ღონისძიებები. სურვილი მაქვს საფუძველი ჩავუყაროთ ქართველი მწერლების ნაწარმოებების ინგლისურ ენაზე თარგმნას და მათ მსოფლიოსთვის გაცნობას, რადგან ეს დამსახურებული იქნება. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედგა ამ საქმის დაწყების დღიდან და დღემდე არ იშურებს ძალისხმევას, რომ „წიგნების თარო" იყოს წარმატებული", − გვიყვება „წიგნების თაროს" დამფუძნებელი მარიამ მაცაბერიძე.