You can be on Entrepreneur’s cover!

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგიული ხედვა წარუდგინეს გაერთიანებას ადვოკატირებას The USAID Economic Governance Program გაუწევს

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტურიზმის ადმინისტრაცია

Covid-19-ის მიერ გამოწვეული შეზღუდვებით არაერთმა სფერომ, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორმა იზარალა. 2019 წელს, საქართველოში ტურიზმის წილი მომხმარებლის შიდა პროდუქტში 3,5 მილიარდ ლარზე მეტი აღმოჩნდა. ამ მაჩვენებელში განთავსების სფეროს წილმა მილიარდ სამას მილიონს გადააჭარბა. 758 მილიონი ლარი კვებისა და სასმელების სფეროზე მოდიოდა, ხოლო ტუროპერატორების, დაჯავშნის მომსახურებისა და მათთან დაკავშირებული სერვისების ბრუნვამ 141 მილიონ ლარს მიაღწია. დღეს ეს მიმოქცევა მთლიანად შეჩერებულია, რაც გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, ტურიზმის სფეროს თითოეულ ბიზნესსუბიექტს მწვავე დარტყმას აყენებს. გარდა ამისა, პანდემიის არაპროგნოზირებადი ქცევის გამო, რთულია წინასწარ თქმა, როდის შეძლებს აღნიშნული სფერო ეკონომიკური საქმიანობის სრულფასოვნად აღდგენას.

არსებული კრიზისული მდგომარეობის შემსუბუქებისა და პოსტკრიზისული პერიოდისთვის მზადების დაწყების მიზნით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მთავრობას პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა 29 აპრილს წარუდგინეს. ტურიზმის სფეროს ასოციაციებმა, კომპანიებმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შემუშავებული დოკუმენტი და საკუთარი ხედვა გააცნეს, თუ როგორ ესახებათ მიმდინარე და მოსალოდნელ გამოწვევებთან გამკლავება სახელმწიფოს მხარდაჭერასთან ერთად. როგორც საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავს, ასოციაციათა ამ მასშტაბის გაერთიანება ქვეყანაში უპრეცედენტოა და მათი საერთო ძალისხმევა შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსავლის პოვნის ერთობლივ მიზანს ისახავს. 1 მაისს კი The USAID Economic Governance Programme-მა სახელმწიფოსა და აღნიშნულ გაერთიანებას შორის ადვოკატირების სურვილი გამოთქვა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კლიმატის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების სტრატეგია ორ მთავარ მიზანს ემახურება: მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა და დამაზიანებელი ეფექტების შეკავება როგორც კრიზისულ, ასევე პოსტკრიზისულ პერიოდში. გარდა ამისა, ოპტიმალური შემოსავლების მოპოვების მექანიზმების დანერგვა და ხარჯების სწორად გადანაწილების მექანიზმების შემუშავება. არსებულ მდგომარეობაში ტურიზმის სფეროსთვის საბანკო, საიჯარო, სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათები კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. აღნიშნული შეღავათების მოთხოვნა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 12 თვის განმავლობაში საშემოსავლოსა და ქონების გადასახადის შეჩერება ტურიზმის დარგის კომპანიებისთვის.
  • კომუნალური მომსახურების ტარიფები ტურიზმში ჩართული მცირე ობიეტებისთვის, განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროებისთვის, მცირე მარნებისთვის, რესტორნებისთვის, სადაც სეზონურად ხდება ფუნქციონირება, გაუტოლდეს ფიზიკური პირის ტარიფებს.
  • მორატორიუმის დაწესება საპენსიო გადასახადის 12 თვით შეჩერებაზე.
  • მეწარმე სუბიექტის მიერ ადგილობრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვებისთვის დღგ-ის გადახდის ვალდებულების გაუქმება. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გლეხებისგან შეძენის დროს, დღგ-ის ნაწილში საგადასახადო მექანიზმის შემუშავება, რომელიც მეწარმე სუბიექტს მისცემს საშუალებას, დაარეგულიროს დღგ-ის ფასნამატი შექმნილ პროდუქციაზე.
  • მცირე და საშუალო ბიზნესის დღგ-ის დასაბეგრი ზღვრის აწევა 500 000 ლარამდე.

სტრატეგიულ დოკუმენტში ასევე დეტალურადაა გათვალისწინებული ტურიზმის სფეროს სხვადასხვა ქვე-მიმართულებები, რომელთაც არსებული მდგომარეობის პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება და დასაქმების ალტერნატიული ვარიანტების შემუშავება სჭირდება. მთავარი კრიზისული ტალღის გადავლის შემდგომი პერიოდისთვის კი, აუცილებელია აქედანვე არსებობდეს ერთიანი ხედვა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით. აგრეთვე, თუ როგორ იქნება მართული საზღვრის კვეთის პროცესი უცხოელი ტურისტების შემთხვევაში და როგორ იქნება მართული უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხი საქართველოში მოგზაურობის პროცესში. ამ და სხვა დეტალური საკითხებით სტრატეგიული დოკუმენტი, სახელწოდებით „საქართველოს ტურიზმი Covid-19-ის დროს და შემდგომ" უკვე სახელმწიფო უწყებებში განხილვის ეტაპზეა და მათგან ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები პასუხს ერთი კვირის ვადაში ელოდებიან.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"