თიბისი გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებით ხვდება

ინტერვიუ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან
თიბისი გამოწვევებს ახალი შესაძლებლობებით ხვდება
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
6 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Covid-19-მა თანმხლები ახალი წესებისა და მომავლის ბუნდოვანებასთან ერთად, გლობალური საზოგადოება მრავალი საკითხის გადააზრებისა და ახალი შესაძლებლობების ძიების წინაშე დააყენა. მასშტაბური რადიკალური ცვლილებებისა და პირველი შოკური თვის გასვლის შემდეგ, არაერთმა კომპანიამ სწრაფად მოახერხა ციფრულ რეჟიმზე გადასვლა და მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელება, რაც როგორც მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის, ასევე ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი პროცესია. გამოწვევებთან გამკლავება და მუშაობის უწყვეტად გაგრძელება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, როცა საქმე საფინანსო ინდუსტრიასა და ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინსტიტუტს − თიბისი ბანკს ეხება, რომელიც მიმდინარე კრიზისულ პროცესებს ეფექტური გადაწყვეტილებებით უმკლავდება. თუ როგორ შეხვდა თიბისი საერთაშორისო გამოწვევას და როგორ ესახება კომპანიას პოსტკრიზისული მომავალი, ამის შესახებ Entrepreneur-ს მისი გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ესაუბრა.

„მთელი მსოფლიოსთვის Covid-19 დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ძალიან სწრაფად იცვლება ინფორმაცია, რის გამოც რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება. არავინ იცის, როგორი იქნება 2020 ან 2021 წელი. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველი − თუ როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკა პოსტვირუსულ პერიოდში და მეორე − როგორ განვითარდება მთლიანად ფინანსური ინდუსტრია კრიზისის შემდეგ მსოფლიოში და რაღა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში. უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს სრულიად განსხვავებულია 2008-2009 წლების ან ნებისმიერი სხვა პერიოდის კრიზისებისგან. არსებობს მოლოდინი და პროგნოზი, რომ ქართული ეკონომიკა კრიზისის სწრაფად გავლის შემდეგ უფრო ჩქარა განაგრძობს ზრდას. თუმცა არსებობს ინდუსტრიები, რომელზეც შექმნილ ვითარებას დიდი გავლენა ექნება და ინდუსტრიები, რომელიც შედარებით ნეიტრალურად ან კარგად გაუძლებს ამ გამოწვევას. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი, რომელსაც სისტემურობიდან გამომდინარე, ყველა ინდუსტრიასთან აქვს შეხება, ვცდილობთ, აქტიურად გავეცნოთ მათ პრობლემებს და ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტის გზები. მსხვილ ბიზნესებს ინდივიდუალურად ვხვდებით და მათთან ერთად ვეძებთ გამოსავალს. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, სად იქნება ათვლის ის წერტილი, სადაც ეკონომიკა ვარდნას შეაჩერებს და აღმასვლა დაიწყება“, − გვეუბნება ვახტანგ ბუცხრიკიძე.

თიბისი ბოლო 7 წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ პროდუქტებში საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს, რის გამოც ფინანსურ ინსტიტუტს პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებთან გამკლავება გაუადვილდა. ამას მოწმობს მონაცემები, რომლის თანახმად, 2019 წლის ბოლოს თიბისის ტრანზაქციების 93% ციფრულად განხორციელდა, მათი 7% კი ფილიალებში ფიზიკურად მისვლით შედგა. კომპანია ახლა უკვე ამ 93%-ის მეტად გაზრდასა და ფილიალებში კლიენტების სტუმრობის მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს. ამაში მას ის ახალი ციფრული პროდუქტები ეხმარება, რომელიც ბოლო დროს მრავლად შექმნა და მომავალი 3-6 თვის განმავლობაშიც კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს.

„დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ყველაფერი ვაკეთოთ სივრცეში, ინტერნეტში, და ადამიანებს ნაკლებად ჰქონდეთ ფილიალებში მოსვლის აუცილებლობა. როგორც გითხარით, ეს აქამდეც იყო ჩვენი უპირატესობა. ახლა კი, ჩვენი ამოცანაა, რომ გაყიდვებშიც მსგავს და უკეთეს მაჩვენებელს მივაღწიოთ. როდესაც Covid-19-ის გავრცელება დაიწყო, ჩვენი პირველი გამოწვევა ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იყო. შესაბამისად, თანამშრომლების ოფისებიდან და ფილიალებიდან გაყვანა მაქსიმალურად სწრაფად მოვახერხეთ. დღეს უკვე, თვენახევრის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სათაო ოფისისა და სატელეფონო ქსელის 2200 თანამშრომელი დისტანციურად მუშაობს. მათ რიცხვშია სათავო ოფისის თანამშრომლების 95% და მთლიანად სატელეფონო ქსელის 300-ზე მეტი თანამშრომელი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და რთული ამოცანა იყო, მაგრამ ოპერატიულად მოვახერხეთ, რადგან ჩვენთვის უმთავრესი, ვირუსის ფართო გავრცელებამდე რისკების მინიმიზაცია გახლდათ“.

პრევენციული და დამცავი მექანიზმების ამოქმედების შემდეგ, თიბისი იმ ფილიალებში, რომელიც მინიმალური რაოდენობით კვლავ მუშაობს, უსაფრთხოების ნორმებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. იმ კლიენტებზე ზრუნვა კი, რომლებიც ტრანზაქციების განხორციელებისთვის ფილიალებს სტუმრობენ, კომპანიისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შემდეგ კი, თიბისის პრიორიტეტი უკვე მომსახურების ხარისხია.

„ამ ეტაპზე ჩვენთვის უმთავრესია თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოება, შემდეგ კი უკვე მომსახურების ხარისხი, რაზეც ცვლილებებმა, რა თქმა უნდა გარკვეულწილად იმოქმედა. მაგალითად, რომ ავიღოთ სატელეფონო მომსახურება, ყოველდღე ჩვენ დაახლოებით 7000-დან 8000-მდე ზარს ვპასუხობდით. დღეს ეს მაჩვენებელი გაორმაგებულია. სატელეფონო მიმართულებით 50 თანამშრომლის დამატებაც კი მოგვიწია. მთელი ეს დიდი გუნდი შინიდან მუშაობს, რამაც ხარისხზე ზეგავლენა იქონია, მაგრამ მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობაა. ვცდილობთ, ჩვენს თანამშრომლებს ხელი ყველანაირად შევუწყოთ. ამისათვის მათ კომპიუტერულ უზრუნველყოფაზეც ვიზრუნეთ. ბოლო დროს დაახლოებით 1000-ზე მეტი ნოუთბუქი შევიძინეთ, რათა ჩვენს თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცემოდათ. მაქსიმალურად მოვინდომეთ, რომ მომზადებულები შევხვედროდით ამ გამოწვევას. ცვლილებებს ძალიან სწრაფად ავუწყვეთ ფეხი და მგონია, კრიზისის ჩავლის შემდეგ თიბისი აღარ იქნება ის, რაც თუნდაც 3 თვის წინ იყო. კიდევ უფრო განსხვავებული გავხდებით. მიმაჩნია, რომ კომპანიები კრიზისს ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად უნდა იყენებდნენ“, − ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია შეუქცევადი და უალტერნატივო პროცესია. ახალ რეჟიმზე სწრაფად გადასვლა და საკუთარ საქმიანობაში მეტი ციფრული მექანიზმის ინტეგრირება, კომპანიებს გამოწვევებთან ერთად, ახალი შესაძლებლობების ფართო სპექტრს სთავაზობს. თიბისის ეს კარგად ესმის და მისი სამომავლო სტრატეგიაც სწორედ მეტ ციფრულ ინიციატივას უკავშირდება.

„ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვათ, უკვე გვაქვს მზადყოფნა, რომ თუნდაც 1 თვის შემდეგ ან იმ მომენტიდან, როცა ეკონომიკა დაუბრუნდება თავის მაჩვენებლებს, შინიდან მომუშავე 2200 თანამშრომლით, იმაზე მეტის გაკეთებას შევძლებთ, ვიდრე ამას ოფისებში მუშაობით ვაკეთებდით. ჩვენ ციფრული ტრანსფორმაცია უკვე შევძელით, რაც არაჩვეულებრივი მიღწევაა და ვფიქრობთ, უკან აღარასდროს დავბრუნდებით. სულ სხვანაირი მიდგომა გვაქვს ბევრი ისეთი საკითხისადმი, რაც თუნდაც ერთი თვის წინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა. ვირუსმა, როგორც ახალმა გამოწვევამ, ბევრი რამ მართლაც ახლებურად დაგვანახა. მგონია, რომ ხვალ, როცა კრიზისს დავძლევთ, ჩვენც სხვანაირები გავხდებით. მაგალითად, მარტის თვეში ვაპირებდით, ჩვენს თანამშრომლებთან დიდი შეხვედრები გაგვემართა. აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისში 4000 თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში − ბათუმში კი, 3000 თანამშრომელს უნდა შევხვედროდით, რაც საკმაოდ დიდ ბიუჯეტს მოითხოვდა. ეს ყველაფერი უკვე დაგეგმილი იყო, თუმცა გამოწვევის დადგომის შემდეგ გადავწყვიტეთ შეხვედრები zoom-ით ჩაგვეტარებინა. ერთსაათიანი შეხვედრა დისტანციურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და მასში რამდენიმე ათასმა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა, რაც გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა. მისი ორგანიზებაც ბევრად სწრაფად და მინიმალური ფინანსური დანახარჯებით მოხდა. ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ახალი, გაცილებით ეფექტური ინსტრუმენტები დაგვანახა გამოწვევამ, რომელთა საშუალებით საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეგვიძლია ვაკეთოთ“, − გვიხსნის ვახტანგ ბუცხრიკიძე.

სამუშაოს მოქნილად შესრულებაში, თიბისის ეჯაილ ტრანსფორმაციაც ეხმარება. ამ პრინციპით, კომპანიაში უკვე საკმაოდ ბევრი გუნდი მუშაობს. ცოტა ხნის წინ, დისტანციურ შეხვედრაზე, მათ კომპანიის მმართველებს კითხვითაც კი მიმართეს, მოუწევთ თუ არა ოფისებში დაბრუნება კრიზისის შემდეგ.

„ადამიანებმა დაინახეს, რომ შინიდანაც შეიძლება ხარისხიანად მუშაობა. ცხადია, ამგვარ პროდუქტიულობას მომავალში უკეთ გავზომავთ, თუმცა უკვე ვხედავთ, რომ შინ მუშაობით ეფექტურობა იზრდება. ადამიანები თავიანთ ოჯახურ გარემოში უფრო ნაყოფიერად მუშაობენ. კითხვაზე ვუპასუხე, რომ ისე იქნება, როგორც მათთვის უმჯობესია. აუცილებელი არ არის, ყველამ ოფისებში იაროს. თუ ადამიანები და გუნდები აეწყობიან ისე, როგორც მათთვის კომფორტულია და შრომით კმაყოფილებასაც მეტად მიიღებენ, მუშაობის გაგრძელებას დისტანციურად შეძლებენ. თუ შინიდან ურჩევნიათ, რატომაც არა?! არ გამოვრიცხავთ, რომ ბევრმა გუნდმა შინიდან ამჯობინოს მუშაობის გაგრძელება. მთავარია, ადამიანმა თავისი საქმე ხარისხიანად აკეთოს და კმაყოფილი იყოს საკუთარი გაკეთებული საქმით“.

კრიზისი რომ არა მხოლოდ ნეგატიურ მოვლენად, არამედ ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის კატალიზატორად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ვახტანგ ბუცხრიკიძეს ამის ღრმად სწამს. ფიქრობს, რომ ამ პროცესისგან აუცილებლად ბევრის სწავლა და განვითარება უნდა შევძლოთ. მთავარია, ადამიანებმა, კომპანიების მმართველებმა, მენეჯერებმა მომავლისკენ ხედვა სწორი რაკურსით მიმართონ და ამ მოვლენისგან საუკეთესო გაკვეთილი მიიღონ. სწორედ ამას ცდილობს ის თიბისის გუნდთან ერთად, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდთან შესახვედრად, განახლებული ძალებითა და შესაძლებლობებით ემზადება.

„მიუხედავად იმისა, რომ რთულია, მაქსიმუმს ვცდილობთ, რათა ეს პერიოდი უმტკივნეულოდ გავიაროთ. აუცილებელია, კრიზისს შევხედოთ, როგორც მოცემულობას, რომლისგანაც საუკეთესო შედეგი უნდა მივიღოთ. ალბათ არც მსოფლიო და არც ჩვენი ინდუსტრია ისეთი აღარ იქნება, როგორიც აქამდე იყო. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ეს ყველაფერი და ამისთვის მოქმედება დღესვე დავიწყოთ. ერთია, რომ კრიზისულ სიტუაციაში სწრაფი, მოკლევადიანი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაგრამ ამასთანავე, არ უნდა დავივიწყოთ გრძელვადიანი სტრატეგია ახალ გამოწვევებთან მიმართებაში. დაახლოებით მაინც უნდა გამოვიცნოთ, სად ვიქნებით პოსტკრიზისულ პერიოდში. პირადად მე მჯერა, რომ საქართველოსთვის ეს გამოწვევა სრულიად ახალ შესაძლებლობად იქცევა და ამ კრიზისის შემდეგ, მსოფლიოს წინაშე სულ სხვანაირად წარვდგებით. მთავარია, ეს ეტაპი სწორად გადავლახოთ. თიბისისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა. ჩვენ შეგვიძლია ამ კრიზისიდან გაცილებით ძლიერები გამოვიდეთ და რეგიონში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გავხდეთ“, − ვახტანგ ბუცხრიკიძე.

Latest on Entrepreneur