You can be on Entrepreneur’s cover!

კორონავირუსის კარანტინის პირობებში ''ნეტფლიქსზე'' ხელმომწერთა უდიდესი ზრდაა "ნეტფლიქსს" რეკორდული - 15.77 მილიონი ფასიანი ხელმომწერი დაემატა პირველ კვარტალში, თუმცა კომპანია მათ აფრთხილებს, რომ პანდემიის გამო ზოგიერთი ფილმის დემონსტრირება გადაიდება

By მაილ კანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

PCMag

კორონავირუსის პანდემიამ „ნეტფლიქსზე" ხელმომწერთა რეკორდული ზრდა გამოიწვია.

ნაკადურ ვიდეოსერვისს რეკორდული − 15.77 მილიონი ფასიანი ხელმომწერი დაემატა პირველ კვარტალში, ზუსტად მაშინ, როდესაც COVID-19-მა მთელი სამყარო აიძულა შინ დარჩენილიყვნენ. „ჩვენი წევრების ზრდა, დროებით, იზოლირების რეჟიმის გამო დაჩქარდა", − განუცხადა „ნეტფლიქსმა" აქციონერებს.

ეს ზრდა ყველგან შეიმჩნეოდა. მათ შორის, შეერთებულ შტატებსა და კანადაშიც, სადაც კვარტლის განმავლობაში, კომპანიას 2.3 მილიონი ახალი ხელმომწერი დაემატა. ეს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო, რადგან „ნეტფლიქსმა" სამი კვარტლის წინ 130 000 ხელმომწერი დაკარგა. ამ კომპანიამ თავისი არსებობის განმავლობაში პირველად გადალახა 10-მილიონიანი ბარიერი, ფასიანი აბონენტების ზრდის მაჩვენებლით სამი თვის განმავლობაში.

„ჩვენი წევრების ზრდა პირველი კვარტლის პირველი ორი თვის განმავლობაში, წინა ორი წლის ანალოგიური იყო, მათ შორის, შეერთებულ შტატებსა და კანადაში. შემდეგ, როდესაც მარტში, ბევრ ქვეყანაში კარანტინი დაიწყო, „ნეტფლიქსს" ბევრი სხვა ოჯახი შეუერთდა, რათა გართობის საშუალება ჰქონოდათ", − განაცხადა კომპანიამ.

თუმცა, კომპანიამ ყველაზე დიდ წარმატებას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის რეგიონში მიაღწია, სადაც „ნეტფლიქსს" 7 მილიონი ფასიანი ხელმომწერი დაემატა. „მათი ბიზნესი თითქმის იდეალურად ერგება მოსახლეობას, რომელიც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა სახლზე მიჯაჭვული", − განაცხადა ერიკ ჰაგსტრომმა, eMarketer-ის ანალიტიკოსმა, − „ნეტფლიქსს ასე ვთქვათ, პირქარი ეხმარება, ცუდი ეკონომიკური გარემოდან წინ მიიწევს, მომხმარებელმა თავისი ბიუჯეტის ნაწილი აქეთ მომართა კინოთეატრების, სპორტული ღონისძიებების, რესტორნებისა და ბარების დახურვის გამო".

„ნეტფლიქსს" ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში მთლიანად 183 მილიონი ფასიანი ხელმომწერი ჰყავს. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმი: „ვეფხვების მეფე: მკვლელობა, უკანონობა და სიგიჟე", 64-მა მილიონმა ოჯახმა ნახა. ზუსტად იგივე რაოდენობამ იხილა ეთერში გამოსვლის პირველი ოთხი კვირის განმავლობაში გასულ წელს „უცნაური ამბები" (მესამე სეზონი).

მეორე მხრივ, კორნავირუსი გეგმებს უცვლის „ნეტფლიქსს"− კომპანია ნაკადურ სერვისს ახალ შოუებსა და ფილმებს ვეღარ უმატებს. „როდესაც საქმე ფილმების წარმოებაზე მიდგება, ფაქტია, რომ ამ ეტაპზე გადაღებები თითქმის მთელ მსოფლიოში შეწყდა, რამდენიმე ქვეყნის გამოკლებით, როგორებიცაა კორეა და ისლანდია", − აცხადებს კომპანია.

„ნეტფლიქსი" ხელმომწერებს აფრთხილებს, რომ ზოგიერთი ფილმისა და შოუს დემონსტრირება გადაიდება: „არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი, როდის შევძლებთ სხვადასხვა ქვეყანაში ფილმების წარმოების უსაფრთხოდ განახლებას".

საბედნიეროდ, ამ კვარტალში „ნეტფლიქსი" უკვე ფიქრობს ყველა დაგეგმილი შოუსა და ფილმის გაშვებას. ამაში შედის დიდი ხნის ნალოდინევი „კოსმოსური ძალა" − ახალი კომედიური სერიალი სტივ კარელისა და პროდიუსერ გრეგ დანიელსის მონაწილეობით, რომელიც ეთერში 29 მაისს უნდა გავიდეს.

კომპანია თავისი შოუების ბოლომდე მიყვანასაც ცდილობს, რომელთა გადაღებაც დასრულდა. „რაც შეეხება გადაღების შემდგომ ეტაპს, 200-ზე მეტი პროექტის გაშვება შევძელით დისტანციურად. ჩვენი სერიალების სცენარისტთა უმეტესობა ვირტუალურად მუშაობს", − აცხადებს „ნეტფლიქსი".

მეორე კვარტალში „ნეტფლიქსი" მხოლოდ 7.5 მილიონი ხელმომწერის დამატებას გეგმავს. ამის მთავარი მიზეზი, მისი გათვლით ის არის, რომ მთავრობები შინ ყოფნის ბრძანებას მოხსნიან. „ეს ნამდვილად მოხდება, და ბუნებრივია, მოველით, რომ ფილმების ნახვა და ხელმომწერთა ზრდა შემცირდება", − დასძინა კომპანიამ.