ამ ომსაც მოვიგებთ! ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ ახლის დასაწყისია!

By გიორგი შარაშიძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

სტარტაპი რომ ბიზნესმოდელის ძიებაში მყოფი დროებითი ორგანიზაციაა, ეს ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. ბოლო დროს, კორონავირუსთან თანაცხოვრებით გამოწვეული სტრესის შესამსუბუქებლად, სოციალურ ქსელებში ხშირად შეგვხვედრია იუმორნარევი #რასგვიშვრებაესკორონა.

#რასგვიშვრებაესკორონა, და მთელი მსოფლიო ერთ დიდ სტარტაპად გვაქცია – რადგან მივხვდით, რომ რაც მუდმივი და გარანტირებული გვეგონა, დროებითი ყოფილა, რომ ფეხის ფეხზე გადადება და კომფორტის ზონაში განცხრომით ყოფნა ჯერ ადრეა, რადგან თურმე კვლავ ძიების პროცესში ვართ. მივხვდით, რომ არსებული ბიზნესმოდელები თავიდან გადასახედი, და სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც შესაცვლელი გვაქვს.

ძალიანაც კარგი! ბიზნესმოდელის ცვლილება ხომ მეტ ინოვაციას ბადებს! ამის მომსწრენი კი უკვე ვართ და უახლოეს მომავალშიც გავხდებით, როცა ეკონომიკურ პანდემიას, იმედია, მეტი კრეატიულობით, მეტი ინოვაციურობით ვუპასუხებთ და არა მხოლოდ გადავურჩებით, არამედ უფრო ძლიერები და შემოქმედებითი გამოვალთ ამ კრიზისიდან.

ისტორიულად ხომ ყოველთვის ასე იყო, როცა მძიმე კრიზისი მოულოდნელად, ცივი შხაპივით, მოევლინებოდა სამყაროს გამოსაფხიზლებლად.

შორს რომ არ წავიდეთ, ამის მომსწრენი სულ ახლახან – 2008 წლის გლობალური ფინანსური რეცესიის შემდეგაც აღმოვჩნდით, როცა დღეს უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი და მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილადქცეული გლობალური ბრენდები, როგორიცაა Airbnb და Uber დაიბადა. კრიზისის კვალდაკვალ გაჩნდნენ სოციალური კომუნიკაციის ისეთი გლობალური პლატფორმები, როგორიცაა WhatsApp, Instagram, Pinterest და სხვ.

Airbnb და Uber იმითაცაა საინტერესო, რომ მათი გამოჩენით თავდაყირა დადგა და „შეჯანჯღარდა" ტურიზმისა და ტრანსპორტის ინდუსტრიები, და როგორც სხვა ინოვაციების შემთხვევაში, მათაც დამანგრეველი გავლენა იქონიეს არსებულზე, თუმცა დასაბამი მისცეს სრულიად ახალს და ინოვაციურს.

სწორედ Airbnb და Uber იქცა მილიონობით ადამიანის თვითდასაქმების ახალ პლატფორმად, როცა საკუთარი საცხოვრებელი სახლები და სატრანსპორტო საშუალებები, უძრავი და მოძრავი ქონება, დამატებითი შემოსავლების მიღების წყაროდ იქცა. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა კი მილიონობით ადამიანისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა.

დღეს ხშირად გვესმის, რომ კრიზისი ბადებს ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ ქვეცნობიერად, ადამიანთა უმრავლესობა ამ შესაძლებლობების აღმოჩენასა და საქმედ ქცევას სხვისგან ელის.

არადა დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მეტი ფიქრი, მეტი მოძრაობა, გონების მეტი ვარჯიში, რათა უმოქმედოდ კი არ ველოდოთ იმ დროს, როდის გავხდებით შეცვლილი რეალობის პასიური მოწმენი, არამედ პროაქტიურად ვიმოქმედოთ და თავად გავხდეთ ახლისა და ინოვაციურის შემოქმედი, თავად ავიღოთ ხელში ინიციატივა და თავად შევცვალოთ!

ცვლილება, ახლის შექმნა და ინოვაცია კი ანტრეპრენერთათვის დამახასიათებელი მთავარი თვისებაა.

კორონავირუსი ანტრეპრენერული მენტალობის და ზოგადად, ანტრეპრენერშიპის განვითარების ძლიერ კატალიზატორად მოგვევლინა, როცა ყველა მიხვდა, რომ სხვას კი არ უნდა ელოდოს, არამედ თავად უნდა შეცვალოს, თავად უნდა დანერგოს, თავად უნდა შექმნას!

პანდემია ჯერ კიდევ ახალი დაწყებული იყო, როცა მარტის ედითორიალს სათაურად შევურჩიე – როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? მეტად ანტრეპრენერული!

მას შემდეგ ორი თვე გავიდა და არათუ აზრი არ შემცვლია, არამედ პირიქით – უფრო მეტად დავრწმუნდი, რომ მსოფლიოს მომავალი სწორედ მხოლოდ ანტრეპრენერული აზროვნების – უშიშარი, შეუპოვარი, მოქნილი, გაბედული, გამჭრიახი და შემოქმედებითი ადამიანების ხელშია. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ წინააღმდეგობების, არ გაურბიან სირთულეებს და რაც უნდა მოულოდნელად დაატყდეთ თავს ქარიშხალი, მედგრად ხვდებიან სტიქიას, ვაჟკაცურად იცავენ თავს და გადამწყვეტ შეტევაზეც გადადიან – წინააღმდეგობებთან მუდმივ ბრძოლაში გამობრძმედილები!

ანტრეპრენერთათვის ცხადია, რომ ეს არ არის დასასრული, არამედ ეს მხოლოდ ახლის დასაწყისია. ისინი ახალი ენერგიით, ახალი იდეებით, ახალ რეალობასთან ადაპტირებულნი მეტი სასიცოცხლო ძალით ივსებიან და მიუხედავად მოულოდნელად თავსდატეხილი სტიქიისა, უარს არ ამბობენ საკუთარი ოცნებების რეალიზაციაზე.

ანტრეპრენერებს ესმით, რომ დღეს სამყარო ერთ დიდ ომშია. თუმცა მათ იციან, რომ ამ ომს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ეყოლება. შესაძლოა, ეს ომი დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ გამარჯვება გარდაუვალია!

Now this is not the end. It is not even the beginning of the end. But it is, perhaps, the end of the beginning – Sir Winston Churchill.

მადლობა, სერ!

ამ ომსაც მოვიგებთ!

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

ინდუსტრიული ტრენდები

3 გზა, რომლითაც ხელოვნურ ინტელექტს კომპანიის დახმარება შეუძლია კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში

ხელოვნურ ინტელექტს გაყიდვების გაუმჯობესება, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაზრდა და მათი გადინების შემცირება შეუძლია. სტარტაპები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სტაბილურსა და გაცილებით მომგებიან მომავალს შეიქმნიან