ონლაინ ჰაკათონი ახალგაზრდა მეწარმეები კორონავირუსის შესაკავებლად

გაიცანით ინოვაციური იდეების ავტორები
ონლაინ ჰაკათონი ახალგაზრდა მეწარმეები კორონავირუსის შესაკავებლად
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
6 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კორონავირუსმა მასშტაბური ნეგატიური გავლენის პარალელურად, გაგვაცნო ინოვაციური იდეების მქონე ადამიანები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა სამყარო უკეთესი გახდეს და ახალ რეალობაში თითოეული პირი მარტივად ადაპტირდეს.

გლობალური ეპიდემიის შესაჩერებლად, მნიშვნელოვანია ინოვაციური ბიზნესიდეებისა და გადაწყვეტილებების წახალისება. სწორედ ახალგაზრდული სამეწარმეო პოტენციალის მობილიზებისთვის, მარტის თვეში ფონდმა „კრისტალი“ USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19.

ჰაკათონის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ამ ბიზნესწამოწყებების დასაფინანსებლად, „კრისტალმა“ გამოყო სასტარტო დაფინანსების სპეციალური ფონდი 50 000 ლარის მოცულობით.

ონლაინ ჰაკათონი YES Hackathon Contain COVID-19 28-29 მარტს, 48 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მონაწილეებს, რომელთა მინიმალური ასაკი 18 წელი უნდა ყოფილიყო, ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადად განესაზღვრათ 24 მარტი, 23:59 საათი, ხოლო შერჩეული გუნდები დასახელდა 26 მარტს, 20:00 საათზე. ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ გამოცდილი ექსპერტები. საინვესტიციო კომიტეტის (Pitching) სესია გაიმართა 3 დღის შემდეგ, რომლის შედეგად, გამოვლინდნენ გამარჯვებული იდეები და გუნდები.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰაკათონს ექსპერტული რჩევით უზრუნველყოფდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC). სასტარტო დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითო პროექტზე შეადგენდა 5,000 ლარს. ასევე, შესაძლებელი იყო უფრო მსხვილი პროექტის საწყისი ეტაპის დაფინანსება. ჰაკათონში მონაწილეთა მიერ წარმოსადგენი იდეები ფარავდა სხვადასხვა სფეროს, როგორიცაა: სამედიცინო გადაწყვეტები, საკვებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სხვა კომპონენტების წარმოების და/ან მიწოდების სრული ჯაჭვი, სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის ხელშემწყობი სერვისები და გადაწყვეტები, ონლაინ სწავლების, კოლაბორაციისა და კომუნიკაციის, და მათი ხელშემწყობი სერვისები. ყველა პროექტს ერთი მიზანი აერთიანებდა − COVID-19-ის შეკავება.

Entrepreneur ონლაინჰაკათონში გამარჯვებულ ახალგაზრდა მეწარმეებს ჰაკათონის მსვლელობასა და დაფინანსებით შეცვლილ ყოველდღიურობაზე ესაუბრა.

 

ალექს გიჯაშვილი − OMNICHANEL მობილური აპლიკაცია

ალექსი ონლაინჰაკათონის შესახებ ინფორმაციას პირველად Facebook-ის საშუალებით გაეცნო. მეგობრების რჩევა გაითვალისწინა, საკუთარი იდეა ჰაკათონისთვის მისაღებ ფორმატში დაამუშავა და რამდენიმე დღეში მონაწილე გახდა. ალექსის იდეა წარმოადგენს მობილურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას გაუმარტივებს, მიაწოდებს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას და მთლიანად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით. როგორც ის გვიყვება, ჰაკათონი Zoom-პლატფორმის მეშვეობით გაიმართა. საინტერესო და გამოცდილი მენტორების დახმარებით კი, შეძლო მნიშვნელოვნად დაეხვეწა იდეის ბიზნესღირებულება. გარდა ამისა, მან მიიღო უდიდესი გამოცდილება, რაც გულისხმობდა სულ რაღაც 2 დღეში ისეთი პროტოტიპის შემუშავებას, რომელიც საბოლოო მომხმარებლისთვის მისაღებ პროდუქტად იქცეოდა. შედეგად, ალექსმა დაფინანსება მოიპოვა. ის გუნდთან ერთად, სულ მალე წარუდგენს პროექტს აუდიტორიას. „აღნიშნული თანხით ჩვენ უკვე მოვახერხეთ აპლიკაციისათვის საბოლოო სახის მიცემა და რამდენიმე დღეში იგი ხელმისაწვდომი იქნება App Store-სა და Play Store-ზე. აქვე დავამატებ, რომ აღნიშნული ჰაკათონის დატვირთვა იყო არა მხოლოდ სტარტაპერებისათვის ფულად რესურსზე წვდომის მიცემა, არამედ იგი ემსახურებოდა ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის სამეწარმეო უნარ- ჩვევების განვითარებას“, − ამბობს ალექს გიჯაშვილი.

ანრი ყუფარაძე & ნატა სულაქველიძე

ჰაკათონში მონაწილეობა ასევე მიიღო წყვილმა − ანრი ყუფარაძემ და ნატა სულაქველიძემ, რომლებმაც წარადგინეს COVID-19-ის, ბაქტერიული პნევმონიისა და ვირუსული პნევმონიის დიაგნოსტიკის დისტანციური სერვისი, რაც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ვებაპლიკაციას წარმოადგენს. ალექსის მსგავსად, წყვილმა ჰაკათონის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო და პირველივე დღეს დარეგისტრირდა. როგორც ანრი და ნატა გვიყვებიან, ონლაინჰაკათონი, ორგანიზატორების ძალისხმევით, საკმაოდ ორგანიზებულად და საინტერესოდ წარიმართა. სასიამოვნო და გამოცდილებით სავსე 72 საათში მათ ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნეს და ღირებული ინფორმაცია მიიღეს. წყვილმა და ახლა უკვე ბიზნესპარტნიორებმა დაფინანსება მოიპოვეს. მათი სერვისით უსასყიდლოდ სარგებლობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პაკისტანის ერთ-ერთი კლინიკიდან. ნატა და ანრი უკვე ფლობენ რამდენიმე სარეკომენდაციო წერილს. მათი ბიზნესიდეა ტესტირების რეჟიმშია საქართველოს და სამხრეთ აფრიკის რამდენიმე კლინიკაში, დაინტერესება გამოხატა ამერიკელმა ინვესტორმაც, რომლისგანაც უახლოეს მომავალში დაფინანსების მიღებას ელიან. როგორც ანრი ამბობს, მათი შესაძლებლობების დაფასებაში ყველაზე დიდი წვლილი ჰაკათონს მიუძღვის. წყვილი მადლიერებას გამოხატავს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის და სჯერა, რომ წარმატებისკენ სავალი გზა უკვე გაკაფული აქვთ.

ანი არველაძე

ყველაფერი ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მონაწილეობით დაიწყო, სადაც ანი პერიოდულად ეცნობოდა სიახლეებს. ასე მოხდა ჰაკათონის შემთხვევაშიც. რეგისტრაციის შემდეგ, მან წარადგინა იდეა, რომლის არსიც მცენარეების დახმარებით იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის სტრესის დონის შემსუბუქებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში მდგომარეობს. ანიმ წამოიწყო კამპანია #მწვანეიზოლაცია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ, როგორ ატარებდნენ იზოლაციის დღეებს მცენარეებთან ერთად. როგორც ახალგაზრდა მეწარმე გვიყვება, ჰაკათონის მსვლელობისას, დისტანციური რეჟიმი გამართული და შედეგიანი იყო. გუნდმა საკმაოდ მცირე დროში დახვეწა იდეა, ეფექტურად იმუშავა მენტორებთან ერთად და მიიღო პრაქტიკული რჩევები. გუნდისთვის ონლაინჰაკათონი დიდი გამოცდილება იყო. ისინი გადავიდნენ დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე, მაქსიმალურად გაზარდეს გაყიდვის მაჩვენებლები და ადაპტირდნენ არსებულ რეალობაში. „ჩვენი იდეა დაფინანსდა. ამ ეტაპზე კვლავ ვაგრძელებთ ონლაინრეჟიმში მუშაობას და ახლო პერიოდში ვგეგმავთ „ანემონეს“ გახსნას. პროექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება, ჰაკათონის დახმარებით შევძელით გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმე, ადამიანებში გაგვეჩინა ახალი ჰობი − მებაღეობა, ადგილზე მიგვეწოდებინა ყველა ის კომპონენტი, რომელიც მათ სჭირდებოდათ. ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ #მწვანეიზოლაციაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო, გაუჩნდათ მცენარეებთან მეგობრობის, მათზე ზრუნვის სურვილი და წვლილი შეაქვთ ჯანსაღი გარემოს შექმნაში“, − გვიყვება ანი.

მარიამ თურმანიძე

მარიამი USAID YES Georgia-ს ერთ- ერთი მონაწილე და ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის მოსწავლეა. მან ჰაკათონში იდეა წარადგინა, როგორც მრავალჯერადი მოხმარების პირბადეების მეწარმემ. მარიამმა ამავდროულად მიიღო საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ლიცენზიაც. ონლაინჰაკათონის მსვლელობაზე საუბრისას, მარიამი იხსენებს მარკეტინგისა და ზოგადად, ეკონომიკის სფეროში მომუშავე უმაღლესი დონის სპეციალისტებს. ასევე, არაერთ საინტერესო ლექციას, სადაც დეტალურად განიხილებოდა პროექტის წარდგენის თითოეული ნიუანსი.

„რომ არ გამემარჯვა, ჰაკათონი ჩემთვის მაინც იქნებოდა უდიდესი გამოცდილება და ბედნიერება, რადგან არაჩვეულებრივი გუნდი გავიცანი. გარდა ამისა, წარმატებული პროექტის შედეგად, მივიღე დაფინანსება. ამ თანხით უკვე შევიძინე დამატებით დანადგარები, მოვიმარაგე ქსოვილები და გარდა იმისა, რომ პირბადეებს ვაწარმოებ, სამედიცინო მოხმარების ხალათების შეკერვაც დავიწყე. უპირატესობა მივანიჭე ხარისხს და ყოველდღიურად ვზრდი გაყიდვების რაოდენობას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა გადავუხადო ბატონ არჩილ ბაკურაძეს, ჩემს მენტორს − ქალბატონ მონიკა ფილიშვილს, ფონდ „კრისტალის“ მთელ გუნდს და USAID YES Georgia-ს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის უკლებლივ ყველა ტრენერს“, − ამბობს მარიამ თურმანიძე.

ლადო გოგოლიძე

ლადომ, ისევე, როგორც ზემოთ ხსენებულმა მონაწილეებმა, ონლაინჰაკათონის შესახებ ინფორმაცია Facebook-გვერდიდან მიიღო. მისი იდეა არა მხოლოდ ინოვაციური იყო, არამედ იმ დროისათვის აქტუალური პრობლემის გადაჭრას ისახავდა მიზნად. ლადო აწყობს მართვადი სუნთქვის სრულფასოვან აპარატს, რისთვისაც მოუწია რეგულირებადი სარქველების გამოწერა. მასალების ტრანსპორტირების პერიოდში კი, მან სრულიად გარდაქმნა სქემატური ნახაზი და რამდენიმე ექიმთან დააზუსტა ნახაზში შემავალი პარამეტრები და ლოგიკები. მართვითი სუნთქვის აპარატის პროექტით, ლადომ დაფინანსება მიიღო. სისტემის ასამუშავებლად, მას საკმაოდ რთული გზის გავლა უწევს. „ამ ეტაპისთვის პროცესების 70% დალაგებულია და ველოდები დამატებით საჭირო ნაწილებს, რათა დავასრულო აპარატის ტექნიკურად გამართვა, რასაც შემდეგ ტესტირებები და შესაძლო სერტიფიცირება მოყვება“, − დასძენს ლადო.

ლადო გოგოლიძისთვის ონლაინჰაკათონში მონაწილეობა და ჰაკათონის ყველა ეტაპის დისტანციურად წარმართვა ახალი გამოცდილება და გამოწვევა იყო, რომელსაც, მისი თქმით, ორივე მხარე ეფექტურად გაუმკლავდა.

თეიმურაზ გოჩიტაშვილი

თეიმურაზმა ჰაკათონის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. დაიწყო იდეების დამუშავება, ვალიდაციისა და განხილვის ეტაპები იმუნოლოგიის ლექტორთან, ქალბატონ თამარ ცერცვაძესთან ერთად გაიარა და საბოლოოდ ჩამოყალიბებული გეგმა გადაგზავნა ორგანიზატორებთან. როგორც თეიმურაზი ამბობს, პირველი იდეა ჰაერის ფილტრის შესახებ ჰქონდა, თუმცა შემდეგ ინფიცირებული ზედაპირებით ვირუსის გავრცელების შეზღუდვაზე დაიწყო მუშაობა. შედეგად, შეხებისგან დამცავი სამაჯურის იდეაზე შეჩერდა.

თეიმურაზისთვის ონლაინჰაკათონი მაქსიმალურად კომფორტულად წარიმართა. სტარტაპის ყველა საჭირო ეტაპის გავლისა და ტრენინგებზე შეუფერხებლად დასწრების შედეგად გაწერილმა ინოვაციურმა პროექტმა დაფინანსება აიღო. „თანხის მიღებიდან მესამე დღეს, კარანტინის ზომები გამკაცრდა და ფაქტობრივად, მომიწია ყველა პროცესის შეწყვეტა. მუშაობა მხოლოდ მოგვიანებით განვაახლე. ამჟამად MVP-ზე ვმუშაობ და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მიწევს გადაწყობა. ჯერჯერობით, საბოლოო შემუშავების პროცესშია“, − გვიყვება თეიმურაზ გოჩიტაშვილი.

ონლაინ ჰაკათონის YES Hackathon Contain COVID-19 ჩატარებამ შთამბეჭდავი შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის ურთულეს პერიოდში ინოვაციური ბიზნესიდეების, ახალგაზრდა მეწარმეების პოტენციალისა და მათი გადაწყვეტილებების წასახალისებლად და მხარდასაჭერად. ფონდი „კრისტალი“ და პროგრამა USAID YES-Georgia ნიჭიერი ინოვატორების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს და საზოგადოებას ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.

Latest on Entrepreneur