You can be on Entrepreneur’s cover!

საქართველო გლობალურ საგანმანათლებლო პლატფორმა EDX-ს უერთდება პლატფორმა 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

საქართველოში გლობალური საგანმანათლებლო პლატფორმა იქმნება, რომელიც მსოფლიოში ცნობილი edX-ის ბაზაზე 2020 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება. პლატფორმის შექმნასა და მაღალხარისხიანი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროდუქტებით გაჯერებაზე დიდი ადგილობრივი და საერთაშორისო გუნდი ინტენსიურად მუშაობს.

MIT-ისა და Harvard-ის მიერ შექმნილ Open edX-ს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იყენებენ, მის მუდმივ განვითარებაზე კი ისეთი მსხვილი კორპორაციები ზრუნავენ, როგორიც Google, IBM, Microsoft და სხვა კომპანიებია. Open edX-ს მსოფლიოში 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

საერთაშორისო პლატფორმის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი", BTU AI, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი", „პალიტრა ჯგუფი", გამომცემლობა „პალიტრა L", „სილქნეტი", „სილქ TV", საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა ორგანიზაციები არიან.

Open edX-ის ქართული პლატფორმის მიზანი ერთი სივრცეში მაღალი ხარისხის ქართულენოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო მასალების ეტაპობრივი თავმოყრა იქნება, რომელიც მრავალფეროვან და საინტერესო კონტენტს შექმნის. ამასთანავე, პლატფორმა მიზნად საგანმანათლებლო პროდუქტებსა და უახლეს სამეცნიერო მასალებზე წვდომის გაზრდას ისახავს. აღსანიშნავია, რომ მისთვის კონტენტი მუშავდება, ითარგმნება და იქმნება როგორც კლასიკური სწავლების, ასევე თანამედროვე ტელესაკომუნიკაციო და მულტიმედია ტექნოლოგიების გამოყენებით.

სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრის, უნივერსიტეტის, ტრენერებისა თუ მიმწოდებლების მიერ შეთავაზებული პროგრამების დაშვების საკითხს

ქართული პლატფორმის სამეცნიერო საბჭო უზრუნველყოფს, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მომუშავე ქართველი მეცნიერებით კომპლექტდება. სწორედ ისინი განსაზღვრავენ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოლიტიკას, თემატიკასა და სტანდარტს. ამ მიმართულებას დავით ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

თუ რას უნდა ველოდოთ ახალი ქართული პლატფორმისგან და რა ახალ გლობალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს იგი, ამაზე Entrepreneur-ს მიხეილ ბატიაშვილი, BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ესაუბრა: „პლატფორმის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია და სექტემბრიდან არაერთ სასწავლო კურსს გავუშვებთ. მრავალფეროვანი კონტენტი ეტაპობრივად ყველა საჭირო მიმართულებას დაფარავს. სექტემბერში ყველა ის კურსი დაანონსდება, რომელიც პლატფორმაზე 1 წლის განმავლობაში ჩაეშვება. ზაფხულის განმავლობაში გამოვაქვეყნებთ ინფორმაციას, თუ რა ელემენტარულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მსურველი, რომელიც საკუთარი პროგრამისა და კურსის განთავსებას მოისურვებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, მოწოდებული საგანმანათლებლო მასალა ძალიან მაღალი ხარისხის იყოს. ამასთანავე, გვინდა ეს ყველაფერი რაც შეიძლება ნაკლებ ბიუროკრატიულ ბარიერებთან იყოს დაკავშირებული. ჩვენი პლატფორმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონტენტი ერთ სივრცეში გააერთიანოს. ამ პროცესში პროექტის იდეის გაჩენის დღიდან საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამემამულე მეცნიერია ჩართული. ახლაც ყოველდღიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კონტინენტზე მათთან ონლაინკონსულტაციებს. გვინდა ეს პლატფორმა არა მხოლოდ საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო კუთხითაც ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ", − გვეუბნება მიხეილ ბატიაშვილი.

მთელ მსოფლიოში ელექტრონულ სწავლებასა და მის სერვისებზე მოთხოვნა მართლაც დინამიკურად მზარდია. მიმდინარე პანდემიურმა პროცესებმა ეს უფრო დააჩქარა და ელექტრონული სწავლების მნიშვნელობა ბევრად გაზარდა. უნივერსიტეტები, სკოლები და საგანმანათლებლო ცენტრები, რომელთაც საკმარისი ციფრული კომპეტენციები და ინსტრუმენტები აღმოაჩნდათ, გაცილებით მარტივად უმკლავდებიან მიმდინარე გამოწვევას, სასწავლო პროცესებს კი შეუფერხებლად აგრძელებენ. ცხადია, ელექტრონული სწავლება პირისპირ სწავლებას სრულად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ციფრული სივრცის საგანმანათლებლო ასპექტი დღითი დღე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება. აღნიშნული პლატფორმის შექმნა და წარმატებული ფუნქციონირება კი მზარდ ელექტრონულ საგანმანათლებლო ინდუსტრიაში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს უხსნის.

„სანამ პანდემია დაიწყებოდა, რეალურად განათლების სფეროში ყველაზე მზარდი ნაწილი სწორედ e-learning-ი იყო. ყველაზე სწრაფი ტემპით ეს მიმართულება და მისი სწავლების მეთოდები ვითარდებოდა. ეს მრავალმილიარდიანი მსოფლიო ბაზარია. ბოლო პერიოდმა განსაკუთრებით დააჩქარა და გაზარდა მისი მნიშვნელობა. ამაზე მოთხოვნა კიდევ გაიზრდება, ეს გარდაუვალია. საოცარი სისწრაფით ვითარდება ადამიანების ტექნოლოგიური კომპეტენციებიც. უკვე ყველა საუბრობს რომ e-learning-ი გაცილებით მეტი ინტენსივობით შემოიჭრება განათლებაში. რა თქმა უნდა, შეუძლებელია მან ბოლომდე ჩაანაცვლოს ტრადიციული სწავლება, რადგან არ შეიძლება განათლების მთლიანად ფიზიკური სივრცეებისგან მოწყვეტა, თუმცა გარდაუვალად მისი განუყოფელი ნაწილი ხდება. ამიტომაც, ვმუშაობთ, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში სხვადასხვა ფორმის შერეული, ჰიბრიდული სასწავლო პროგრამები იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენი უნივერსიტეტი მზადაა, სივრცეები დაუთმოს ისეთ პროგრამებს, რომლებსაც პირისპირ სწავლება, ლაბორატორიული, ტექნიკური და პრაქტიკული ნაწილის გამყარება სჭირდება. მიმაჩნია, რომ მომავალი ასეთ შერეულ, ჰიბრიდულ მოდელებშია. დღეს ეს მთლიანად გლობალური მსოფლიოს გამოწვევაა, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიებისა და ფიზიკური სივრცეების ერთობლივად, საგანმანათლებლო მიზნებით გამოყენება. ამიტომ, ჩვენი პლატფორმაც გრძელვადიანად ამ მიზნისკენ იქნება მიმართული. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ასეთი რამ, თანაც ძალიან ძლიერი და გამოცდილი პარტნიორის ქუდქვეშ. edX-ი ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე გამართული სისტემაა. ვფიქრობ, ეს მომავალში მნიშვნელოვანი რისკ- ფაქტორებისგან დაგვაზღვევს", − ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

აღნიშნული პლატფორმა ქვეყანას მართლაც მნიშვნელოვან საერთაშორისო პერსპექტივებს უქმნის და შესაძლებლობას აძლევს გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სერვისებისა და პროდუქტების მიმწოდებლად იქცეს. როგორც მიხეილ ბატიაშვილი აღნიშნავს, მის შემდგომ განვითარებაზე რეგიონულ ჭრილშიც შეგვიძლია ვიფიქროთ და სხვადასხვა ენაზე გავხადოთ ხელმისაწვდომი. მით უმეტეს, რომ ციფრული პროდუქტების კომერციალიზაცია და ელექტრონული გზით მიწოდება გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს ფიზიკურადაა შესაძლებელი. ამავდროულად, პლატფორმას შეუძლია ერთგვარ კატალიზატორად იქცეს ახალი სტარტაპებისა თუ ინოვაციური პროგრამების შესაქმნელად, რაც როგორც საქართველოსთვის, ასევე მთლიანად გლობალური საგანმანათლებლო ეკოსისტემის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„უამრავი ახალი შესაძლებლობის პარალელურად, დღეს განათლების ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა და ქვაკუთხედი მასზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. ამ პლატფორმის მიზანიც ესაა, რომ ყველგან, სადაც ინტერნეტია, განსაკუთრებით რეგიონებში, მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომა გაიზარდოს. კომპიუტერის გარდა, მისი გამოყენება ყველა ტიპის ციფრულ ხელსაწყოზე იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს მეტ მოქნილობას შესძენს. მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ხარისხი და ღიაობა ამ პლატფორმის უმთავრესი პრინციპებია და ამას საზოგადოება სექტემბრიდან იხილავს", − მიხეილ ბატიაშვილი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი