You can be on Entrepreneur’s cover!

რეპუტაციის აღდგენის 7 გზა კრიზისის შემდეგ საზოგადოებრივი აზრის შესაცვლელად აუცილებელია სოლიდური სტრატეგია, თვითდისციპლინა და მოთმინება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

კვირაში რამდენჯერმე ვიღებ გადაუდებელი სახის შემდეგი შინაარსის წერილებს: „ვფიქრობ, თქვენ უნდა დაგიქირავოთ. ამის მიზეზს მარტივად მიხვდებით, თუ ჩემს სახელს დაგუგლავთ". ამ ტიპის ადამიანებს გარკვეული ინციდენტის ან მოვლენის შედეგად, რეპუტაცია აქვთ შელახული, მათ ფინანსური და იურიდიული წარმომადგენლები ჰყავთ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ მათ დახმარებას მიღებული ზარალის ანაზღაურებაში.

თუ ინვესტორი, პუბლიცისტი, აგენტი ან ადვოკატი ხართ, შესაძლოა ისეთ კლიენტებთან მუშაობდეთ, რომელთა რეპუტაციასაც დიდი საფრთხე ემუქრება. შესაძლოა, მიზეზების ჩამონათვალი უსასრულო იყოს. შესაძლოა, ისეთ კლიენტს უწევთ კონსულტაციებს, რომელსაც საკუთარ თავზე გამოუცდია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი (ან რამდენიმე):

  • კომპანიის პოლიტიკის დარღვევა
  • ცილისწამებაში დადანაშაულება
  • რაღაც შეუფერებელი განაცხადის გაკეთება მედიასთან ინტერვიუს დროს
  • ინტერნეტში რაიმე შეურაცხმყოფელის გამოქვეყნება და გაზიარება
  • შეუფერებელ ადგილასა და შეუფერებელ დროს გამოჩენა
  • აღშფოთებული ყოფილი თანამშრომლები, ინვესტორები, რეპორტიორები ან შურისძიების გამო სოციალურ ქსელებში ამოტივტივებული სასიყვარულო ისტორიები

რეპუტაციის აღდგენა რეპუტაციის მართვის ქვესახეა. ის სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს ჩვენს ახლანდელ გარემოში, სექსუალური შევიწროვების საწინააღმდეგო მოძრაობა #MeToo-ს გამო. კორპორაციის ხელმძღვანელებისა და მათი სოციალურ ქსელებში გამოჩენის მიმართ დიდი ყურადღებაა. ამ ყველაფრის გამო, აუცილებელია მედიაში უფრო აქტიური გამოჩენა. დიდი მოთხოვნაა ადამიანებზე, რომლებიც ნორმალური, კულტურული, სრულიად მისაღები ცხოვრებით ცხოვრობენ და რომელთა კარიერაც ზუსტად ასეთია. მაგრამ ზოგჯერ ასე არ ხდება.

კრიზისი გარდაუვალია, როდესაც ფასეულობების შესახებ შექმნილი საზოგადოებრივი აზრი და ინდივიდის წვლილი, კონფლიქტშია იმასთან, თუ რა წარმოდგენა აქვს ამ ინდივიდს საკუთარ მისიაზე. ეს დიდი დისონანსია. რეპუტაციის მართვის სპეციალისტებს სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი, რომ როდესაც ქარიშხალი გადაივლის, ადამიანებს სხვადასხვა ვარიანტებში ორიენტირებაში, პროაქტიური სტრატეგიების შექმნაში, ემოციების მართვაში და ფეხზე დადგომაში დაეხმარონ.

ეს შესაძლოა მარტივი არ იყოს. ჩემი კლიენტების რეპუტაცია, კომპანიები, კარიერა და არსებობის საშუალებები საფრთხის წინაშე იქნება, თუ პრობლემის მოგვარებას ან ზარალის ანაზღაურებას ვერ შევძლებთ. ზოგჯერ რაღაც უნდა შევცვალოთ, კერძოდ, თუ როგორ აფასებენ ზოგიერთ ადამიანს კონკრეტულ ბაზარზე, ინტერნეტში, კომპანიაში ან შიდა საზოგადოებაში. ასეთ შემთხვევებში ხშირად ვნატრობ, ადრეულ ეტაპზე ვყოფილიყავი ჩართული, და უარყოფითი ზეგავლენის მინიმალიზებაში ან დიდი შეცდომების თავიდან აცილებაში დავხმარებოდი მათ.

როგორც უორენ ბაფეტი იტყოდა, „რეპუტაციის შექმნას 20 წელიწადი სჭირდება, ხოლო მის განადგურებას − ხუთი წუთი".

რამდენიმე კომპანიას, რომლებიც კლიენტების რეპუტაციის აღდგენით არიან დაკავებული, ორმხრივი ციფრული მიდგომა აქვს: ისინი Google-ის ალგორითმებით მანიპულირებენ, რომ თავდაპირველად, კრიტიკული შეტყობინებები არ გამოჩნდეს, და შემდეგ ისე დაატრიალებენ და შეცვლიან ამ ისტორიას, რომ ამ ადამიანის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს. ამ სამუშაოსთვის ისინი დიდ ფულს იღებენ. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მარტივი არ არის.

კლიენტებისთვის აუცილებელია ყველაფრის სწრაფად განმარტება და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა, მაგრამ რეპუტაციის სამუდამოდ გამოსასწორებლად მათთვის გრძელვადიანი გადაწყვეტილებებია აუცილებელი. სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ შეიძლება ამის მოხერხება. მაგალითებია კლიენტების ცხოვრებიდან, თუმცა კონფიდენციალობის დასაცავად, გარკვეული დეტალები შეცვლილია.

1. რეალისტური მიზნები და მოლოდინი დაისახეთ/იქონიეთ

თუ კლიენტს სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი თავდასხმისთვის, მას ვერ წარმოადგენთ საზოგადოების წინაშე, როგორც მეგობრულ ან კიდევ ადვილად მისადგომ პიროვნებად. როდესაც თქვენს კლიენტებს უტარებთ კონსულტაციას, რეალისტურ ვითარებაზე და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებაზე უნდა გაუმახვილოთ ყურადღება. თქვენ ორივე ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ (ვითარება და საზოგადოებრივი აზრი), რომ მათი ბრენდის რეპუტაციის აღდგენა ან მთლიანად გარდაქმნა შეძლოთ.

ამგვარი აზროვნება რეალური მიზნების დასახვაში დაგეხმარებათ. შესაძლებელია თუ არა, თქვენმა კლიენტმა თავის ყოფილ სფეროში გააგრძელოს მუშაობა? ხომ არ უნდა შეიკავოს თავი თქვენმა კლიენტმა პუბლიკაციებისგან სოციალურ ქსელებში? მათი რეპუტაციის აღდგენა კლიენტების საზოგადოებისგან ან მიმდევრების მხრიდან უნდა მოხდეს, თუ უშუალოდ, სავარაუდო სამართალდამრღვევისგან? რეალური შეფასებით, რამდენ ხანში დარჩება უკან ეს სიტუაცია და მიყენებული ზარალი?

მოლოდინის დასახვა თქვენი კლიენტისთვის მარტივი არ იქნება. მათ შესაფასებლად, თქვენი იურიდიული, ადმინისტრაციული, ფინანსური და PR-ინსტრუმენტები გამოიყენეთ, დაადგინეთ, რამდენად რეალისტურად აფასებენ ისინი არსებულ პრობლემებს. თუ თქვენი კლიენტი მზად არ არის რეალური ნაბიჯების გადასადგმელად, მოლოდინში კორექტივების შესატანად, მას სხვა ექსპერტები დაეხმარებიან.

2. ზიანის შეფასება

ყურადღებით და გულდასმით გამოიკვლიეთ, თუ რა შედეგები ექნება რეპუტაციის შელახვას უახლოეს მომავალში. ამაში ციფრული ზემოქმედების შეფასებაც იგულისხმება, როგორიცაა სოციალური მედია, ონლაინურთიერთობები და Google-ის ძიების შედეგები. ეს მონაცემები მოგცემთ შესაძლებლობას, შეაფასოთ, თუ რამდენად სერიოზულია მოცემული სიტუაცია. ზოგჯერ, შესაძლოა შექმნილი ვითარება ისე გავაანალიზოთ, რომ ბიზნესზე საზიანო გავლენის შეფასება ვერ მოხერხდეს.

ჩემი ერთ-ერთი კლიენტი რამდენიმე წლის წინ ორმა ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ თავდასხმაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. მხარეებმა მდგომარეობა დაარეგულირეს და საქმე ჩაწყნარდა. ჩემმა კლიენტმა მომზადების კურსი გაიარა, რომ საკუთარი საქციელის გაკონტროლება შეძლებოდა და თავისი კომპანიის შექმნაზე გაემახვილებინა მთელი ყურადღება.

დროთა განმავლობაში მისი ორგანიზაციები სულ უფრო შესამჩნევი და სახელგანთქმული გახდა, და ამ დროს მისი ყოფილი თანამშრომლები გაერთიანდნენ და მასზე პირადი შეტევები დაიწყეს მიმოხილვის რამდენიმე საიტზე სოციალურ ქსელებში. ამან ყურადღება მიიპყრო, ახლანდელი და პოტენციური ინვესტორები გაანერვიულა. მათ აინტერესებდათ, ჩემი კლიენტის ქცევა საფრთხის წინაშე ხომ არ დააყენებდა მათ წილებს კომპანიაში და სარისკო ხომ არ იქნებოდა.

მე საგულდაგულოდ შევისწავლე მდგომარეობა, სოციალური ქსელებიც გავითვალისწინე, ტრადიციული ახალი ამბების არხებიც და საბაზრო რეპუტაციაც. ჩემმა დასკვნებმა დაადასტურა, რომ ბოლო ინციდენტი უკვე მოგვარებული იყო და არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა ინვესტორებს, თანამშრომლებს ან კლიენტებს. წინასწარმა აქტიურობამ მისცა ჩემს კლიენტს საშუალება, თავის კონტროლქვეშ მოექცია მართვის სადავეები და კომპანიის წინსვლისთვის ხელი შეეწყო.

3. შორს ემოციები სამუშაოსგან

თუნდაც სპეციალური მომზადება გქონდეთ გავლილი, ზოგჯერ საკმაოდ რთული იქნება მეტისმეტად ემოციური კლიენტების დახმარება, რათა მათ ცივი გონებით განიხილონ ფაქტები. რეპუტაციის შელახვა და მასთან დაკავშირებული კრიზისი დიდი გამოცდაა, რომელიც საზოგადოების თვალწინ ხდება. ყოველი ონლაინკომენტარი, შეხვედრა, რომელზეც უარი ითქვა და რაიმე თავშესაქცევიც კი, უფრო მეტად დაუცველებს გახდის მათ. დაეხმარეთ თქვენს კლიენტებს იმის გაგებაში, თუ რა არის სინამდვილეში მართალი და ამ დროს, რა არის მიჩნეული ჭეშმარიტებად.

ჩემი კლიენტი ერთ დიდ კომპანიაში ბულინგის მსხვერპლი გახდა: კოლეგები სპეციალურად აფერხებდენენ, არც მნიშვნელოვან შეხვედრებზე წასვლის და არც ელექტრონული წერილებზე პასუხის გაცემის საშუალებას აძლევდნენ, შემდეგ კი მას სდებდნენ ბრალს, რომ მოსაწვევებსა და შეტყობინებებს იგნორირებას უკეთებდა. გარდა ამისა, მის ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაზეც ავრცელებდნენ ხმებს და იქამდეც კი მივიდნენ, რომ მისი ყოველი ჩავლისას ქირქილებდნენ. ჩემმა კლიენტმა ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან განიხილა და ვერაფერში დაარწმუნა. არაერთხელ გაუმეორეს, რომ ეს მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო, შესთავაზეს, საკუთარ თავზე ემუშავა და თავდაჯერებული გამხდარიყო. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

ჩემი კლიენტი ამ კომპანიიდან ემოციურად სრულიად განადგურებული წავიდა. მისთვის აუცილებელი იყო ისეთი ადგილის მონახვა, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს და მშვიდად შეძლებდა მუშაობას. მან ახალ ადგილას დაიწყო მუშაობა, რომელიც ბევრად ქვედა საფეხურზე იყო მის კვალიფიკაციაზე. ამ ყველაფერმა ჩემი კლიენტის პროფესიულ რეზიუმეს და მის ავტორიტეტს მიაყენა ზიანი, აუცილებელი გახდა, თავისი კარიერის აღდგენაზე ეზრუნა, რომ ისევ იმ პოზიციაზე ემუშავა, რომელიც მისი უნარებისა და კვალიფიკაციის შესაფერისი იქნებოდა.

ჩვენ მხოლოდ ფაქტებზე გავამახვილეთ ყურადღება, გულახდილი საუბარი გვქონდა ყოველგვარი ემოციების გარეშე. ამ ვითარებაში რა ასპექტების ირგვლივ უნდა აეღო მას საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, და რა იყო მის კონტროლს მიღმა? როგორ იქცეოდა ის? როგორ იქცეოდნენ მისი კოლეგები, რომლებსაც ასეთი ზნეობრივი ფასეულობები ჰქონდათ? ყველაფერი განვიხილეთ, რაც მოხდა და ის არჩევანიც, რომელიც მან ასეთ მტრულ პირობებში საპასუხოდ გააკეთა. შემდეგ მისი კარიერის აღდგენის გეგმაზეც ვილაპარაკეთ, მის წარმატებებზეც გავამახვილეთ მთავარი ყურადღება ისე, რომ ნაკლოვანებებზე აღარ შევჩერებულვართ.

4. საგულდაგულოდ დაგეგმეთ თქვენი მედიასტრატეგია

აუცილებლად უნდა აწონ-დაწონოთ, გონივრული იქნება თუ არა განცხადების წინასწარ გაკეთება, ინფორმაციის მომზადება და შესაბამისი ადამიანის შერჩევა ამ განცხადების გასაკეთებლად. ეს სტრატეგიის ყველაზე მარტივი ნაწილია. ფაქიზ დამოკიდებულებას მოითხოვს იმისი გააზრება და გარკვევაც, თუ რა შედეგებს მოიტანს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან (ტრადიციული და ონლაინ) ურთიერთობა.

რეპუტაციის აღდგენის ყოველ სტრატეგიაში არ არის გათვალისწინებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენება. ზოგიერთ შემთხვევებში, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისგან თავის შეკავება უკეთეს მიდგომადაა მიჩნეული. ჩემს ერთ კლიენტს საერთოდ უარი უნდა ეთქვა სოციალურ ქსელებზე და მასმედიის შეკითხვებზე პასუხების გაცემაც უნდა შეეწყვიტა. ამ დროს მეტისმეტად დიდი ხმაური იყო ატეხილი მასთან დაკავშირებით, ყველა მის ისტორიებზე წერდა. უახლოეს მომავალში საუკეთესო სტრატეგია, საერთოდ არაფრის თქმა იყო. მოგვიანებით, როდესაც ჩვენ გაცილებით ეფექტურად დავიწყეთ ურთიერთობა საზოგადოებრივი აზრის ჩამოსაყალიბებლად, მისი რეპუტაციის აღდგენაზე ზრუნვა მედიაარხების გამოყენებით გაცილებით სასარგებლო აღმოჩნდა.

კიდევ ერთი კლიენტი, ადვოკატი, ცნობილი აღმასრულებლისა და მისი ბიზნესის წარმომადგენელი იყო. მას არ ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, არც ქარიზმატულობა ჰყოფნიდა და არც გამჭრიახობა, რაც აუცილებელი იყო მასმედიაზე დადებითი შთაბეჭდილების მოსახდენად. შესაბამისად, მან ვერ შეძლო აღმასრულებლის დაცვა საზოგადოებრივი აზრის სასამართლოზე. ჩვენ მოვახერხეთ და ადვოკატის ჩრდილიდან გამოვიყვანეთ ეს აღმასრულებელი, იგი საიმედო რეპუტაციის ჟურნალისტთან დავაკავშირეთ, რომელიც საზოგადოებისთვის თავისი ისტორიის გაცნობაში დაეხმარა, საკუთარივე სიტყვებით.

5. საგულდაგულოდ შეარჩიეთ თქვენი ბრძოლები სოციალურ მედიაში

სოციალური მედია ერთმნიშვნელოვანი მახასიათებლით ჰგავს მასობრივი ინფორმაციის ტრადიციულ საშუალებებს, რომელიც საგულდაგულო დაგეგმარებასა და სტრატეგიას მოითხოვს, თუ თქვენთან მოსვლამდე კლიენტი სოციალურ მედიაბრძოლებში იღებდა მონაწილეობას, ზიანი უკვე სახეზე იქნება.

შეძლებისამებრ შეახსენეთ თქვენს კლიენტს, რომ ინტერნეტსაზოგადოება არაკონტროლირებადი და ცვალებადია. როდესაც ადამიანები განაწყენებულები, გაბრაზებულები ან დაზარალებულები არიან, თავდასხმაზე გადადიან. მიეცით მათ ემოციების გამოხატვის საშუალება და ისინი მთელ სამყაროს უამბობენ ამის შესახებ. ბევრ შემთხვევაში, განაწყენებული ადამიანებისთვის ეს აუცილებელია. თუ მათთან ბრძოლას დაიწყებთ, ისეთი ომი გაჩაღდება, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში სამარადისოდ ჩაიბეჭდება.

ნაცვლად ამისა, სოციალური ქსელები უკუკავშირის ინსტრუმენტის სახით გამოიყენეთ, საზოგადოებისთვის ნორმალური სიახლეების გასაზიარებლად. კერძოდ, რა კეთდება იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, სოციალური ქსელები შესაძლოა ნამდვილი ოქროს საბადო აღმოჩნდეს. არასწორი გამოყენებისას კი, შესაძლოა, რეპუტაციის გამოსწორება მეტისმეტად რთული იყოს.

6. შეისწავლეთ ყველა შესაძლო ვარიანტი

სამყარო ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდება, ხოლო Google-ის შეცდომებს გაცილებით გრძელვადიანი ზემოქმედება აქვს. კლიენტებს შესაძლოა არასასიამოვნო ვარიანტების შესწავლაც დასჭირდეთ. მათ არ უნდა გამორიცხონ დანაშაულისთვის ციხეში დროის გატარებაც კი (ეს გადატანითი მნიშვნელობით), ნაცვლად იმისა, რომ წლები დაკარგონ ბრალდებებთან ბრძოლაზე, ინდუსტრიებისა და სახელების შეცვლაზეც კი.

ჩემმა ერთ-ერთმა კლიენტმა ხუთი წელიწადი და მთელი თავისი რესურსები დაკარგა იმაზე, რომ თავის ყოფილ დამსაქმებელზე სარჩელი შეეტანა სასამართლოში. მიაჩნდა, რომ მართალი იყო და ნებისმიერ ფასად ცდილობდა ამის დამტკიცებას. მისი რეპუტაცია და კარიერა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სასამართლო პროცესთან, რასაც მედია ფართოდ აშუქებდა, და ნებისმიერი, ვინც კი მის სახელს მოიძიებდა ინტერნეტში, აუცილებლად ამ ისტორიებს წააწყდებოდა. იგი გიგანტურ კორპორაციას ებრძოდა, მუდამ ადვოკატებს მიმართავდა. მან მთელი თავისი ფინანსები ამ საქმეს მოახმარა და მისი ქორწინება კრახით დასრულდა. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ეს ბრძოლა სულაც არ ღირდა იმ უზარმაზარ დანაკარგებად, რომლებიც მან მოიტანა.

ეს ნამდვილად არ იყო შედეგი, რომელსაც ელოდა და რომლის იმედიც ჰქონდა. იმ დროისათვის, როდესაც მე მომმართა, დიდ შესაძლებლობები აღარ ჰქონდა. ჩვენთვის აუცილებელი იყო მისი სახელი და გვარი აღარ გამოჩენილიყო საგაზეთო სტატიებში, რათა მისი კარიერისა და რეპუტაციის აღდგენა შესაძლებელი გამხდარიყო. მან სამუშაოზე გაამახვილა ყურადღება, ქალიშვილობის გვარი დაიბრუნდა და სხვა ტაქტიკას მიმართა. ეს ნაბიჯები დაეხმარა, კვლავ თავდაჯერებული გამხდარიყო, დაეწყო მომავალზე ზრუნვა, რათა შემოსავლიც ჰქონოდა და ბედნიერებაც ეპოვა.

7. გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან (და თქვენს კლიენტებთანაც)

თუ გრძნობთ, რომ რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა, აუცილებლად აღიარეთ. დახმარება ითხოვეთ ან ისწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ინფორმაცია, როგორ უნდა უპასუხოთ მედიის შეკითხვებს ან როგორ უნდა მისცეთ რჩევები თქვენს კლიენტებს იმის შესახებ, თუ როგორ წარადგინონ თავი საზოგადოების წინაშე. ერთი დროული, მნიშვნელოვანი მაგალითი იურიდიული დავის მონაწილე ყველა მხარეს ჩაუტარებს კარგ გაკვეთილს.

ალი რაისმანი შეერთებული შტატების ტანვარჯიშის გუნდის წარმომადგენელია. რაისმანზე სექსუალურად იძალადა მისი გუნდის დიდი ხნის ექიმმა, ლარი ნასარმა. სენატში ამ საკითხზე მოსმენა გაიმართა, რაისმანმა სარა ჰირშლანდს მიმართა, შეერთებული შტატების ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელ დირექტორს. ჰირშლანდმა უთხრა, რომ მასთან დალაპარაკების უფლებაც არ ჰქონდა. ფაქტობრივად, ჰირშლანდს რაისმანისთვის ხელიც კი არ ჩამოურთმევია.

ოლიმპიურ კომიტეტსა და თავდასხმის მსხვერპლებს შორის სასამართლო პროცესი გრძელდებოდა, და შესაძლოა ამიტომ, საჯაროდ ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმა, გონივრული იურიდიული ნაბიჯი იყო. მაგრამ ამან პრობლემები გამოიწვია და კომიტეტს საეჭვო რეპუტაცია შეუქმნა. კომიტეტი ბევრს ეცადა აღმასრულებელი დირექტორის განცხადების გამოსწორებას, ახალ ინფორმაციაზე ყურადღების გადატანას, მაგრამ დრო უკვე დაკარგული იყო და ყველა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა. მასმედია არ წერდა, თუ რა გეგმები ჰქონდა ჰირშლანდს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ნაცვლად ამისა, ყველა სათაურები ერთხმად ღაღადებდნენ, რომ ის უპატივცემულოდ ეპყრობოდა რაისმანს. უკეთესი იქნებოდა, გაცილებით თავაზიანად მოქცეულიყო. მას შეეძლო, სპორტსმენებთან ერთად მუშაობის სურვილი გამოეთქვა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

გულწრფელად რომ ვთქვა, კლიენტები თავიანთი რეპუტაციის კრიზისის დროს კარგად ნადვილად არ გამოიყურებიან. ისინი სრულიად უძლურად გრძნობენ თავს, როდესაც სხვები თავს ესხმიან და მათ ფასეულობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. თქვენს კლიენტებს სანდო მრჩეველი სჭირდებათ, რომელიც ურჩევთ, ზოგად სურათს შეხედონ. Google-მა და Facebook-მა შესაძლოა მარადიულად იარსებონ, თქვენს კლიენტებს კი შეუძლიათ ღირსება შეინარჩუნონ და მთლიანად გააკონტროლონ, თუ რას წარმოადგენენ სინამდვილეში და როგორ აქვთ გადაწყვეტილი სამყაროს წინაშე წარდგომა.