You can be on Entrepreneur’s cover!

რა მასწავლა სილვესტერ სტალონემ ბიზნესზე შვიდი თვისება, რომელიც ლეგენდარული მსახიობისგან ვისწავლე (ისე, რომ მას არც კი ვიცნობდი)

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

deadline.com

"უპირველესად, განცხადება უნდა გავაკეთო: სილვესტერ სტალონეს არ ვიცნობ, მას არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ მისით აღფრთოვანებული ვარ. ჩემთვის ის არის განსახიერება ყველა იმ თვისებისა, ძლიერი იქნება თუ სუსტი, და ღირებულებებისა, რომელთა გამოც ადამიანებს ვეთაყვანებით და რომლებიც ანტრეპრენერებს წარმატებულს ხდის. მე ბევრი რამ ვისწავლე − როგორც პირადად სტალონესგან, ისე იმ ცნობილი პერსონაჟებისგან, რომლებიც მან თავისი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში შექმნა.

1. შექმენით თქვენი, საკუთარი ნიშა

სტალონეს ისტორია კლასიკური ზღაპარია ძონძებიდან სიმდიდრემდე. გადარჩენისთვის მებრძოლი, ზოგჯერ უსახლკარო, მსახიობი-მიმბაძველი სტალონე, ერთი საქმიდან მეორეზე ხტებოდა, ხოლო დღეს მის როლებს მხოლოდ იმიტომ ამჩნევენ, რომ მსახიობმა ნამდვილად დიდ მწვერვალებს მიაღწია. როგორ შეძლო ამდენი? მან ლოდინი შეწყვიტა, თუ როდის ჩამოუვარდებოდა ციდან დიდი როლი და როდის დაეცემოდა პირდაპირ თავზე, და 1975 წელს თვითონ დაწერა ფილმის სცენარი. ეს იყო საკულტო ფილმი „როკი", რომელიც შემდეგში „ოსკარის" 9 ნომინაციაზე წარადგინეს. ფილმის გმირი, მუშათა კლასის წარმომადგენელი, ზოგჯერ მკაცრი როკი ბალბოა აცნობიერებდა, რომ საკუთარი პირობებით უნდა მოეპოვებინა გამარჯვება. როგორც როკიმ თქვა, „დიდი ხანია შევწყვიტე აზროვნება ისე, როგორც სხვა ადამიანები აზროვნებენ. შენ ისე უნდა იფიქრო, როგორც ფიქრობ". ბიზნესში თქვენი ორიგინალური თვისებები უნდა იპოვოთ და განავითაროთ. ის თვისებები, რომლებიც უნიკალურსა და ფასეულს გაგხდით.

2. ადრეულმა ტრავმამ მომავლის წარმატებებს არ უნდა შეუშალოს ხელი

როდესაც სტალონე დაიბადა, მშობიარობისას მაშები გამოიყენეს. ამის გამო ნერვი დაუზიანდა და შედეგად, სახე ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. ამას სრულიადაც არ შეუშინებია, სტალონემ ისეთი პერსონაჟები შექმნა, რომლებიც დამცინავად და ოდნავ გაურკვევლად ლაპარაკობდნენ, და ეს დამაჯერებელი და განმასხვავებელი თვისებები იყო.

3. ფიტნესი სამუდამოდ

ახლა სტალონე 73 წლისაა და მასზე ორჯერ უმცროსი მამაკაცების უმრავლესობაზე ბევრად უკეთ გამოიყურება. ჯანმრთელობის შენარჩუნება მან მთელი თავისი ცხოვრების პრიორიტეტად აქცია. შესაძლოა მას ის 2,8 პროცენტი ცხიმიც არ ჰქონდეს, რომელიც „როკი III-ზე" მუშაობისას დაუგროვდა, მაგრამ 2005 წელს გამოცემულ წიგნში („ეშმაკური სვლები: გახდომის, ძალის მომატების, ნებისყოფის შეძენისა და ოცნების განხორციელების ჩემ მიერ შემოწმებული პროგრამა") დაწვრილებით აქვს აღწერილი, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური, გონებრივი მომზადება, და ეს ნამდვილად შთამაგონებელია.

4. იყავი თავმდაბალი

სტალონე ანგელოზი ნამდვილად არ არის. ჩვეულებრივი ადამიანია − თავისი ნაკლოვანებებითა და სისუსტეებით. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა და წარმატებას მიაღწია, აღმოაჩინა, რომ მისი სუსტი წერტილი სიმდიდრე იყო. Rolling Stone-ში 1982 წელს გამოქვეყნებული სტატია ერთ ისტორიას მოგვითხრობს: „სილვესტერ სტალონეს ზუსტად ახსოვს ის მომენტი, როდესაც გააცნობიერა, რომ განდიდების მანიით შეპყრობილი ერთი საძაგელი ადამიანი გახლდათ. სულ ორი კვირა იყო გასული, რაც $80,000-ად Clénet შეიძინა, იჯდა მანქანაში, ბედნიერი კრუტუნებდა და ფიქრობდა, რომ ეს შესანიშნავი მანქანა იყო. ერთხელაც გარეთ გაიხედა, მაღაზიის ვიტრინაში ამ არაჩვეულებრივი მანქანის ანარეკლი დაინახა და საკუთარ თავს უთხრა: „როგორი განდიდების მანიით შეპყრობილი საძაგელი ადამიანი მართავს ამ მანქანას", და თავისი Clénet მეორე დღესვე გაყიდა. თვალისმომჭრელი ავტომობილები უკეთეს, წარმატებულ ადამიანებად არ გვაქცევენ, და ეს გაკვეთილი სტალონესგან ვისწავლე. ზუსტად ასეა ბიზნესის შემთხვევაშიც − წარმატებული ბიზნესის მართვა, მხოლოდ ფული და სტატუსი არ არის, ეს სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი საზოგადოების გაუჯობესებაზე ზრუნვაა.

5. გამარჯვება ყველაფერი არ არის

ეს ძალიან სასაცილო ამბავია. თუ ადამიანების უმრავლესობას ჰკითხავთ (კეთილი, ნორმალური ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც არ არიან შეპყრობილნი სტალონეთი), თუ რა ხდება „როკის" ბოლოს, ისინი გეტყვიან, რომ ის დიდ ბრძოლაში იმარჯვებს. და ისინი ცდებიან − „როკის სერიის" პირველი ფილმი რინგზე გამარჯვებით არ მთავრდება, როკი ბალბოას ტრიუმფი ნოკაუტი არ არის და არც მსაჯის გადაწყვეტილებაა. განცხადება უნდა გავაკეთო: მსაჯის გადაწყვეტილებით, როკის მეტოქე, აპოლონ კრიდი იმარჯვებს. როკიმ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ძალიან ბევრს შრომობდა და დიდი სირთულეების მიუხედავად, 15 რაუნდი გაიარა მსოფლიოში საუკეთესოებთან ერთად. რა თქმა უნდა, მან ეს ღირსეულად, თავმდაბლურად და მთელი გულითა და სულით გააკეთა. ჩემი პროფესიული სულისკვეთებაც მსგავსია: მინდა დაუღალავად ვიშრომო, შესანიშნავ შედეგებს მივაღწიო და ჩემი სამუშაოთი ვიამაყო, ისე, როგორც როკი ბალბოამ მოიპოვა თავისი, საკუთარი პირობებით გამარჯვება.

6. სრულიად ნორმალურია, თუ სულელი ხართ

სილვესტერ სტალონემ მაგარი ბიჭების როლების შესრულებით შეიქმნა კარიერა − როკი ბალბოათი დაწყებული და ჯონ რემბოთი დამთავრებული. მაგრამ რა გააკეთა, როდესაც მის პატარა ბიჭუნას, სეიჯს მამის ნახვა მოუნდა „მაპედ შოუში"? სტალონემ გლადიატორის კოსტიუმი ჩაიცვა და „მაპედ შოუს" აუდიტორიის თვალწინ, უაზრო ბრძოლაში ჩაება უზარმაზარ, რბილ ლომთან და უცნაური ვერსია შეასრულა სიმღერისა „მოდით, ამ სისულელეს თავი დავანებოთ". მართალია ის, რომ სილვესტერ სტალონე 1979 წელს ამ შოუს 320-ე ეპიზოდში გამოჩნდა. ეს ძალიან სასიამოვნოა, სულელურია და მე ეს მომწონს. ჩემი აზრით, მართლაც გმირული საქციელია პრიორიტეტის მინიჭება მხიარულებისა და ოჯახისთვის, და არა იმიჯისთვის.

7. ბრძოლასაც აქვს თავისი ხიბლი

წარმატება, რომელიც ადვილად მოდის, არასოდესაა ისეთი სანუკვარი, როგორც წარმატება, რომელიც თავდაუზოგავი შრომით და თავდადებით მოიპოვება. და სტალონეს ღრმად აქვს გააზრებული, რამდენად ბევრს ნიშნავს ბრძოლა: „თუ მთა არ გაქვთ, თავად შექმენით იგი, და შემდეგ მასზე ადით. ხოლო შემდეგ, რაც ახვალთ, კიდევ ერთი შექმენით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი თქვენი ცხოვრება ერთფეროვანი იქნება".

თუ ვინმემ დაიმსახურა განცხრომით ცხოვრება, ეს სილვესტერ სტალონეა. მაგრამ მას არ დაუსვენია. ის არ ჩერდება, მუდამ ახალ პროექტებზე მუშაობს. რატომ მიყვარს სტალონე? იმიტომ, რომ ჩემთვის ის არის მაგალითი, თუ რამდენად კეთილშობილური საქმიანობაა თავდაუზოგავი შრომა. ის ანტრეპრენერობის სულის განსახიერებაა. ის თითქმის პირველივე დღიდანვე შეეჯახა სირთულეებს, და საკუთარი წარმატება თვითონვე შექმნა."

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"