არაფერია მზის ქვეშ ახალი

„ეს კატასტროფა არა დასასრული, არამედ დასაწყისია. ისტორია ასე არმთავრდება. ამ გზით იწყება ისტორიის ახალი თავი"
არაფერია მზის ქვეშ ახალი
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
9 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

1. COVID 19-ის ვაქცინის მოლოდინში
 

3.9 მილიარდზე მეტი ადამიანი კარანტინში, 4 მილიონზე მეტი ინფიცირებული, 250 000-ზე მეტი დაღუპული − ეს COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის მიღმა არსებული ციფრებია.

გასული ხუთი თვის განმავლობაში კორონავირუსმა მსოფლიო შეცვალა. იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე და შინ გამოკეტა მოსახლეობის დიდი ნაწილი. პანდემიით გამოწვეული კრიზისი გლობალურ ეკონომიკასაც შეეხო − ზარალი რამდენიმე ტრილიონს აჭარბებს.

COVID-19-ის მიმდინარე პანდემია ნათლად ავლენს ვაქცინებისა და ანტივირუსული სამკურნალო საშუალებების სწრაფი შემუშავების საჭიროებას, რათა შემცირდეს განსაკუთრებულად საშიში SARS-CoV-2 ვირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა და სიკვდილიანობა. ბიოფარმაცევტულმა მრეწველობამ მყისიერად უპასუხა ბოლოდროინდელ გამოწვევას და პანდემიასთან ბრძოლისთვის, სულ მცირე, 80 წამლის კანდიდატი შემუშავების პროცესშია, რამდენიმე მათგანი კი კლინიკური კვლევის პირველ და მეორე ფაზაში. (WHO)

თუ გაგვიმართლებს, საბოლოოდ მივიღებთ გარკვეულ ინსტრუმენტს ახალ გლობალურ საფრთხესთან გასამკლავებლად. ექსპერტების მოსაზრებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალურად შექმნილი ვაქცინის გამოყენება 2021 წელს უკვე შესაძლებელი იქნება, ვირუსის აღმოჩენიდან 12-18 თვეში. ბონის (გერმანია) უნივერსიტეტის კვლევით, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 0,37%-ს არ აღემატება, თუმცა სტატისტიკა კორონავირუსით გამოწვეულ საშიშროებებსა და სიკვდილიანობასთან დაკავშირებით, განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით.

23 მაისის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

მართალია არც საქართველოში აკლია ამ საკითხს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის წარმატებაზე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიც საუბრობენ, როგორიცაა Washington Post, Foreign Policy, The Washington Times, Fox News და ა.შ. წარმატებული ბრძოლისთვის „მხურვალე ტაში“ და მადლობა ეკუთვნის სრულიად სამედიცინო პერსონალს და ყოველდღიურობის სუპერგმირებს.

2. ფარული საფრთხე, რომელიც COVID-19-ის მიღმა იმალება

არ იქნება საღ აზრს მოკლებული, თუ ვიტყვით, რომ ამჟამინდელი აფეთქების უკან კიდევ უფრო დიდი საფრთხე იმალება, რომელიც უკვე კლავს ასობით ათას ადამიანს მსოფლიოში და ართულებს Covid19-ით დაავადებული მრავალი პაციენტის მკურნალობას.

მსოფლიოს მოსახლეობისთვის დაფარულ საფრთხეს წარმოადგენს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა, რაც ნიშნავს ბაქტერიების არსებობას, რომლებსაც ჩვეულებრივი ანტიბიოტიკები ვეღარ ანადგურებს. სამწუხაროდ, ამგვარი მომაკვდინებელი ინფექციების გასამკლავებლად საჭირო წამლის არსენალი თითქმის ცარიელია.

მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას არ ეთმობა იმდენი ყურადღება, რამდენიც Covid-19-ს, უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიები მზარდ გლობალურ საშიშროებას წარმოადგენს. ანტიბიოტიკორეზისტენტობა ყოველწლიურად 33 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება მხოლოდ ევროპაში, 35 000 ადამიანის შტატებში, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში რეზისტენტობა 700 000- მდე ადამიანს კლავს. ექსპერტები შიშობენ, რომ რეალური ციფრები ბევრად დიდია. ინფექციის გამომწვევი ე.წ. „სუპერბაქტერიები“ მრავლდებიან საავადმყოფოებში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რაც შემდგომში რისკის წინაშე აყენებს ყველა მსუბუქი თუ მძიმე დაავადების მქონე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ბრიტანეთის მთავრობის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პრობლემა იმავე ტემპით გააგრძელებს განვითარებას, 2050 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზარალი 100 ტრილიონი ამერიკული დოლარი იქნება და დაახლოებით 10 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იმსხვერპლებს − უფრო მეტს, ვიდრე სიმსივნური დაავადებები.

რეზისტენტული ბაქტერიების გამო, მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან პაციენტები, რომელთა იმუნიტეტი უფრო მოწყვლადია ისეთი ვირუსული ინფექციებისადმი, როგორებიცაა გრიპი, მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS) და Covid-19. მაგალითად, 2009 წელს დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) თანახმად, H1N1 გრიპის ვირუსმა მსოფლიო მასშტაბით თითქმის 300 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ შემთხვევებიდან სიკვდილობის 29%-დან 55%-მდე გამოწვეული იყო მეორადი ბაქტერიული ინფექციის არსებობით (პნევმონიით). ვირუსული ინფექცია ასუსტებს ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც აადვილებს რთულად სამკურნალო ბაქტერიის მასში დამკვიდრებასა და მეორადი ბაქტერიული ინფექციის განვითარებას.

1918-1920 წლებში, „ესპანური ვირუსის“ (ე.წ. „ისპანკა“) დროსაც, პაციენტების უმეტესობა სწორედ მეორეული ინფექციით დაიღუპა. მართალია, ზუსტი მონაცემები გარდაცვლილთა შესახებ არ არსებობს, თუმცა, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ვირუსმა სულ მცირე 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჯერჯერობით სტატისტიკა ბოლომდე არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, იტალიაში COVID-19-ით გამოწვეული ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის ერთ- ერთი ძირითადი მიზეზი, პაციენტებში თანდართული ქრონიკული დაავადებების გარდა, საავადმყოფოებში რეზისტენტული ბაქტერიების არსებობაა. იტალიაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა 30%-ს მეორეული ბაქტერიული ინფექცია უვითარდებათ, რაც პაციენტის იმუნიტეტს განსაკუთრებულად ასუსტებს. ერთი წლის განმავლობაში იტალიაში რეზისტენტული ინფექციებით 11 000 ადამიანი იღუპება, რაც მთლიანად ევროპაში რეზისტენტობით გამოწვეული სიკვდილიანობის (33 000 ადამიანი) 33%-ს შეადგენს. აღნიშნულს იტალიის ტერიტორიაზე ანტიბიოტიკების ჭარბად გამოყენებას მიაწერენ:

  • საშუალოსტატისტიკურ მონაცემებთან შედარებით, იტალია ორჯერ მეტ ანტიბიოტიკს იყენებს მედიცინაში;
  • ასევე ლიდერია ანტიბიოტიკების გამოყენებით საკვები ხორცის ინდუსტრიაში. ქვეყნის ტერიტორიაზე ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი ღორის ხორცი წარმოებს.

ამ სიტუაციაში ჩვენ „ახლომხედველები“ ვერ ვიქნებით, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის საკითხთან მიმართებაში. უნდა მივიღოთ ზომები, რათა უზრუნველვყოთ საჭირო ანტიბიოტიკებისა და ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების არსებობა როგორც დღეს, ისე მომავალში. მოქმედების დრო სწორედ ახლაა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც დღესდღეობით „სუპერბაქტერიები“ ყველაზე ნაკლებად ისურვებდნენ ზაფხულის გატარებას, ან სულაც დასახლებას, ერთი მიზეზის − ბაქტერიოფაგების („ბაქტერიის მჭამელი“ ძველბერძნულიდან), ან უბრალოდ ფაგების გამო, რომლებიც ბაქტერიების ბუნებრივი მტრები არიან და სუპერბაქტერიებს სადილად მიირთმევენ.

ფაგები დღესდღეობით ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა და საქართველო, ისევე, როგორც ღვინის, ფაგის ტექნოლოგიის სამშობლოცაა.

3. ინოვაცია პოსტ-COVID-იანურ საქართველოში

პანდემიის ჯანდაცვის სისტემებზე ზემოქმედებისგან განსხვავებით, არავინ დავობს უკვე არსებულ და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც შესაძლოა გაცილებით ვირუსული აღმოჩნდეს, ვიდრე თავად კორონავირუსი.

რთულია ისაუბრო შესაძლებლობებზე, როდესაც ქვეყანაში საკმაოდ რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობაა შექმნილი. მართალია მცირე, მაგრამ მსხვერპლიც არსებობს. 90 წელს მიღწეული, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი წინასწარმეტყველი ომაჰადან, უორენ ბაფეტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და „ინტელიგენტი ინვესტორია“, სრულად ყიდის გიგანტი ავიახაზების კომპანიების აქციებს და მის ყოველწლიურ მოხსენებაში ეკონომიკაზე საუბრისას ნაკლებად იგრძნობა ბაფეტისთვის ჩვეული, მოჭარბებული ოპტიმიზმი. Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს მსგავსად, განსაკუთრებული წარმატებით მებრძოლ ახალ ზელანდიაშიც აცხადებენ, რომ ქვეყანა კიდევ დიდი ხნით იქნება ჩაკეტილი და შერჩევითად მოხდება სხვადასხვა ქვეყანასთან „უსაფრთხო კორიდორების“ შექმნა. მსგავსი სამოქმედო გეგმა აქვს საქართველოსაც, ორმხრივი ინტერესითა და გამკაცრებული სასაზღვრო კონტროლით, წინასწარ შეთანხმებულ ქვეყნებთან საზღვრების გახსნა, რაც მიმართულია ბიზნესისა და ეკონომიკის სწრაფად ამუშავებისკენ.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, სასტუმროები, რესტორნები, კულტურის სექტორი, ავიახაზები და ა.შ. ეს იმ ბიზნესების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო. იმედია, საქართველო მოკლე ვადაში გაართმევს თავს ამ გამოწვევას და პოსტპანდემიურ რეალობაზე გათვლილი, მოქნილი სტრატეგიითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ერთიანი ძალებით დაამარცხებს ეკონომიკურ კრიზისს. სოციალური გამოწვევების დაძლევის გარდა, მოახერხებს გასაჭირში მყოფი ბიზნესისა და ინდუსტრიების მხარდაჭერას, ხელს შეუწყობს ახალი, მდგრადი სექტორების ჩამოყალიბებას, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკისა და ქვეყნის მომავალ განვითარებას. 12 წლის წინ ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე და ვიწამე, რომ XXI საუკუნე ინფორმაციის, ბიოტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის საუკუნე იქნებოდა და მთლიანად პასუხისმგებელი, ახალი, გლობალურ პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოს შექმნაზე. 2000-იანი წლებიდან დაბეჭდილი არაერთი სტატია ირწმუნება, რომ სწორედ ინფორმაცია გახდებოდა ყველაზე ძვირადღირებული რესურსი და თანამედროვე ეკონომიკაც სწორედ ინფორმაციაზე იქნებოდა დაფუძნებული. ერთი მხრივ, აგრიკულტურული, ინდუსტრიული და ინფორმაციული რევოლუციების შემდეგ, ადამიანები, ბიზნესები და ქვეყნები, რომლებიც ინდუსტრიული რევოლუციის მე-4 ფაზაში (კიბერფიზიკური სისტემები), ან მსოფლიო ტექნოლოგიურ ევოლუციაში მხოლოდ 3, 5 და 10 წლის შემდეგ ჩაერთვებიან პროაქტიურად, გვიანი უმრავლესობის როლში აღმოჩნდებიან, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაართულებს განვითარებადი ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ზრდას.

მეორე მხრივ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური „ხორუმის“ მონაწილე და ახალი, გაბედული ინიციატივებით შეაბიჯოს „საოცარ ახალ სამყაროში“.

თუ ვინმე მკითხავდა, რომელია თვისება ან უნარი, რომელიც მეტწილად პასუხისმგებელია 21- საუკუნეში საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყნად, არსებობაზე, რწმენას და სიახლისკენ სწრაფვას შემოვხაზავდი. რა თქმა უნდა, საკმაოდ მსუყე და კომპლექსური თემაა კვლევისთვის, თუმცა საქართველოს ისტორიაში წარმატებისა და აღმავლობის პერიოდები, რომელიც ხშირად შესაძლოა ქართულ ტრადიციულ სუფრებზეც მოვისმინოთ, ძირითადად სიახლესა და ინოვაციას უკავშირდება. ალბათ ეს სია ღვინით უნდა დაიწყოს, რასაც იშვიათად აღვიქვამთ და ვუწოდებთ ღვინის ტექნოლოგიას; ერთ-ერთი პირველი ანბანური დამწერლობა რეგიონში, რომელიც 2016 წელს იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა; რელიგია ქრისტიანობის სახით, ქალი მმართველი, უნიკალური ნაწარმოები „ვეფხისტყაოსანი“, რომელმაც იტალიურ რენესანსსაც დაასწრო და კიდევ მრავალი ინოვაციური უპირატესობა.

ისევე, როგორც სხვადასხვა უნარის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დისციპლინაში საპაექროდ, როგორც კარგი ფიზიკური მზადყოფნა და კუნთის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ სპორტდარბაზში სავარჯიშოდ, ახლა ისე, როგორც არასდროს გვჭირდება რწმენა, უკვე არსებულთან ერთად, რწმენა მეცნიერებასა და ინოვაციაში. ეს იმისთვის, რომ 21-ე საუკუნის პირველი ნახევარი სწორედ ერთ-ერთ გარღვევის მომენტად ჩაიწეროს საქართველოს ისტორიაში.

ქართულ მედიაში აქტიურად გამოჩნდა სტატიები სათაურებით: „რომელი არსებული თუ არარსებული ინდუსტრიები უნდა გახდეს საქართველოს ეკონომიკისთვის მამოძრავებელი ლოკომოტივი პოსტპანდემიურ კრიზისში“. სოფლის მეურნეობა თუ ტურიზმი? რაც ცხადია, ცალ-ცალკე არც უნდა განიხილებოდეს, როგორც პრინტერი და კარტრიჯი. ეკონომიკის განვითარებისთვის, ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა და ეფექტიანობა იმ შემთხვევაში ექნება,თუ საქართველოში სტუმრობისას ტურისტის მიერ დახარჯული თანხის ძირითადი ნაწილი საქართველოშივე დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ სალათის შემადგენელი ინგრედიენტების ძირითადი ნაწილი, რომელსაც ტურისტი რესტორანში უკვეთავს, ადგილობრივად იქნება მოყვანილი და სალათზე გაწეული დანახარჯიც ლოკალურ ეკონომიკაში გააგრძელებს ბრუნვას. ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე, რომელშიც საქართველოა, ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, ამ ორი ინდუსტრიის პრიორიტეტულობის საკითხი არც უნდა განიხილებოდეს და მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება უალტერნატივოც აღმოჩნდეს, თუმცა სოფლის მეურნეობისა და წარმოების პარალელური განვითარების, კულტურის სფეროს ხელშეწყობის გარეშე, გაგვიჭირდება მოგების მაქსიმიზაცია. შესაბამისი დაგეგმვა განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომ ტურიზმზე მთავარი ფსონის დადება სარისკო თამაშია ინდუსტრიის სპეციფიკისა და მყიფე ხასიათიდან გამომდინარე, რაც ბოლო რამდენიმე თვისა და ერთი წლის განმავლობაში ნათლად დავინახეთ.

რა მიმართულებებზე უნდა ფოკუსირდეს საქართველო ზემოთ ხსენებული პრიორიტეტების გარდა? ცნობილ ეკონომისტ ერიკ რეინერტის აზრით, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ეწვია საქართველოს, კაცობრიობის ისტორიაში არცერთი ქვეყანა არ გამდიდრებულა წარმოებისა და ინდუსტრიის გარეშე, ერთეული ნავთობის ექსპორტიორი გამონაკლისი ქვეყნის გარდა. წარმოება შეიძლება ბუნებრივ რესურსებსა და იმავე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების შექმნასაც მოიცავდეს. საქართველოს შემთხვევაში, რეინერტს მის მოხსენებაში მაგალითად თიხა მოჰყავს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე საკმაოდ ჭარბად მოიპოვება და ამ თიხის მოსაპირკეთებელ მასალად (კაფელად) გადაქცევაზე საუბრობს, რაც დამატებითი ღირებულების შექმნის ხარჯზე მეტ დასაქმებულს, მეტი იმპორტის ჩანაცვლებას, მეტ ექსპორტსა და დღის ბოლოს მნიშვნელოვანი მოგების დატოვებას გულისხმობს ქვეყნის ეკონომიკაში.

რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია წარმატების სხვადასხვა ცნობილი და უცნობი ფაქტორები, თუმცა, თუ ისრაელის „ეკონომიკური სასწაულის“, ფორმულის ერთ სიტყვაში შეჯამებას ვეცდებით, ეს სიტყვა აუცილებლად „ინოვაცია“ იქნება. ქვეყანა ჩამოყალიბებიდან 50 წლის განმავლობაში სასოფლო კოოპერატივებიდან და ინფრასტრუქტურული პროექტებით ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფით დაწყებული, მოკლე ვადაში გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი ინოვაციური და ტექნოლოგიური ცენტრი. „სტარტაპ- ერი“ − ისრაელს ხშირად ასეც კი მოიხსენიებენ. საქართველოს ინოვაციის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი საფუძველი უკვე ჩაყრილია და ამ საქმეში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) განსაკუთრებული წვლილი შეაქვს.

განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება იმ სფეროებზე უნდა გამახვილდეს, რომელშიც უკვე გვაქვს ტექნოლოგიური know-how და კონკურენტული უპირატესობა, როგორებიც მაგალითად ბიოტექნოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებია. ამ დარგების განვითარების ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს, დაახლოებით იმავე ტექნოლოგიური მოცემულობის ლიეტუვაში, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ ქეისად და საინვესტიციო შესაძლებლობად განიხილება მთელი ევროპის მასშტაბით.

ყოველწლიური 22%-იანი ზრდის მაჩვენებლით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში და მაღალი პოტენციალის მქონე ბიოტექნოლოგიური სექტორით, ლიეტუვა ბალტიის რეგიონის ინოვაციურ კვლევით ცენტრად ჩამოყალიბდა. 2020 წლისთვის ქვეყანაში R&D-ი მიმართულების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 1.9%-ის დახარჯვაა დაგეგმილი.

საქართველოში არსებული ტექნოლოგიური კონკურენტული უპირატესობის მაგალითად, ზემოთ ხსენებული ფაგის ტექნოლოგია შეგვიძლია მოვიყვანოთ. ფაგებს საქართველოში თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს და ღვინის გარდა, საქართველო, ამ უნიკალური ტექნოლოგიის აკვანიც არის. ამ მიმართულების პირველი ინსტიტუტი სწორედ საქართველოში შეიქმნა. ფაგებზე, ბიოტექნოლოგიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ფოკუსირება და მათი პრიორიტეტად გადაქცევა, არსებულ გამოცდილებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაყრდნობით, საქართველოს შესაძლებლობას აძლევს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მოსალოდნელი პანდემიების თავიდან აცილებაში. რატომ არ შეიძლება სწორედ საქართველო გადაიქცეს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობასთან ბრძოლის ერთ-ერთ საერთაშორისო ცენტრად?

ისევე, როგორც სტატიის პირველ ნაწილში ნახსენები ანტიბიოტიკორეზისტენტობის შემთხვევაში, „ახლომხედველები“ ვერც ეკონომიკის შემთხვევაში ვიქნებით. საჭიროა ქვეყანაში უკვე არსებული მძლავრი, ასევე ახალი, მაღალტექნოლოგიური მიმართულებების ფუნდამენტური განვითარება.

საქართველოს ბიოტექნოლოგიური კლასტერი, ან საქართველოს ხელოვნური ინტელექტის კლასტერი − რატომაც არა?

ალბათ ერთი მიმართულება და საკითხი, რომელზეც მწამს, ყველა შევთანხმდებით, არის ფაქტი, რომლის წინაშეც დღეს ყველანი აღმოვჩნდით. დღეს საუკეთესო დროა მსოფლიოში იმ საქმის ყველაზე კარგად საკეთებლად, რომელზეც მთელი ცხოვრება ვფიქრობდით და ვოცნებობდით.

„რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“.

ეკლესიასტე 1:9

Latest on Entrepreneur