You can be on Entrepreneur’s cover!

რას გულისხმობს ბილაინის ''იმუშავე საიდანაც გინდა'' პოლიტიკა და როგორ ახორციელებს კომპანია ახალ მიდგომას პრაქტიკაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბილაინი

პანდემიის პირობებში როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში ახალ რეალობასთან ადაპტირება ბიზნესისთვის მთავარი ამოცანაა. ბილაინის მიზანიც გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება და შესაბამისი აქტივობების დაუყვნებლივი განხორციელებაა. კომპანიამ „იმუშავე საიდანაც გინდა" მიდგომა პირველმა დანერგა საქართველოში და თუ როგორ აისახება ეს პრაქტიკაში, „ბილაინის" პერსონალთან მუშაობისა და ადმინისტრაციულ საკითხთა დირექტორი ლელა სალაყაია გვიამბობს:

ბილაინი პირველი იყო, ვინც დაანონსა გადასვლა მიდგომაზე „იმუშავე საიდანაც გინდა". პირველ რიგში, რას გულისხმობს ეს პოლიტიკა და როგორ გადაწყვიტეთ მისი შემოღება?

ჩვენს თანამშრომლებს უკვე სამი წელია აქვთ კვირაში ორჯერ დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა, რისთვისაც კომპანია იყენებს ყველა შესაბამის მოწყობილობასა თუ აპლიკაციას. ამრიგად, პანდემიის დროს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ გაგვჭირვებია. გამოწვევა იყო სატელეფონო ცენტრის სრულიად დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა, მაგრამ ამასაც წარმატებით გავართვით თავი და დღესაც ქოლ ცენტრი სრულიად დისტანციურია.

„იმუშავე საიდანაც გინდა" განსხვავებული მიდგომაა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით შემუშავებული გვაქვს გარკვეული გრაფიკი, რაც უზრუნველყოფს ოფისში ერთდროულად თანამშრომლების მინიმალური რაოდენობის თავშეყრას, მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში მოსვლა ოფისში არავისთვისაა სავალდებულო (!) და თანამშრომელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია მოვიდეს ოფისში, თუმცა მხოლოდ გრაფიკით განსაზღვრულ დღეებში. რა თქმა უნდა ჩვენ თვალს ვადევნებთ თითოეული ფუნქციის ეფექტურობას და შეიძლება ითქვას, რომ ის არათუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა კიდეც. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ სახლებიდან, აგარაკებიდან ან მათთვის სასურველი ადგილიდან, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ დავიცვათ თითოეული მათგანის უსაფრთხოება.

როგორ მიიღეს ეს სიახლე თანამშრომლებმა?
ძალიან კარგად. ჩვენი ყველა ღონისძიება, რომელიც ემსახურება კორპორატიული კულტურის გამყარებას, სრულად გადავიტანეთ ონლაინ სივრცეში და ამით თანამშრომლებს მუდმივად ვუქმნით საოფისე ცხოვრების განცდას. რა თქმა უნდა პირადი ურთიერთობა მაინც რჩება პრიორიტეტულად, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ონლაინ სოციალიზაციაში.

როგორ შეაფასებდით ზოგადად დისტანციურად მუშაობას და თქვენი აზრით, როგორი იქნება „იმუშვე საიდანაც გინდა" პოლიტიკის შედეგი? გაზრდის ის თანამშრომელთა კმაყოფილებას?
შედეგები ამ ეტაპზე კარგი გვაქვს, თუმცა არ ვაპირებთ მხოლოდ ამ შედეგებით ტკბობას - ვაგრძელებთ ფიქრს და მუშაობას ამ პოლიტიკის დახვეწაზე. ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ თანამშრომელთა ჩართულობის კვლევას და ვფიქრობთ აქამდე დაფიქსირებული გასავითარებელი ზონებიდან ერთ-ერთი პირადი ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსის დასახვეწად „იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკა შესაბამისი იქნება.

როგორ ფიქრობთ პროდუქტიულობის გაზომვას ახალი პოლიტიკის თანახმად და რას ურჩევდით სხვა კომპანიებს, რომლებიც შესაძლოა ფიქრობენ და ჯერ ვერ ბედავენ იმუშავე საიდანაც გინდა პოლიტიკის შემოღებას?
ჩვენ გვაქვს მიზნების დასახვისა და შეფასების ყოველწლიური სისტემა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გავზომოთ თითოეული თანამშრომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა, რასაც ცხადია გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში. „იმუშავე საიდანაც გინდა" პოლიტიკის შედეგების გრძელვადიან პერსპექტივაში დასანახად, რა თქმა უნდა დრო არის საჭირო, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უკვეა დღევანდელი დღე და ახალი რეალობა მსოფლიოსთვის და ჩვენც ამ ტენდენციის არა მარტო მიმდევრები, არამედ საქართველოში ინიციატორებიც უნდა გავხდეთ. ვფიქრობთ, რომ ბილაინის ამ მიდგომებსა და პრაქტიკას ბევრი კომპანია გაიზიარებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი