5 მიზეზი რატომ უნდა ივარჯიშო, თუ ხარ ანტრეპრენერი

ვარჯიში უფრო მებრძოლს და მიზანდასახულს გვხდის

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ზუსტად 2 წლისა და 2 თვის წინ დავიწყე ვარჯიში და მას შემდეგ სავარჯიშო დარბაზში, შინ თუ გარეთ ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ დროის განმავლობაში საერთაშორისოდ სერტიფიცირებული ფიტნესმწვრთნელიც კი გავხდი და ძალიან მინდა ეს საქმე რაც შეიძლება მეტ ადამიანს შევაყვარო.

Entrepreneur Georgia

ვარჯიში, გარდა იმისა, რომ ფიზიკურად მაძლიერებს, მენტალურადაც ძალიან მეხმარება ყოველდღური, ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვასა და საკუთარ თავთან ბალანსის პოვნაში. მუდამ ვაკვირდები, რა ხდება და რა კეთდება ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში, და მინდა აღვნიშნო, რომ წინა წლებთან შედარებით, პროგრესი ნამდვილად გვაქვს, ფიტნესინდუსტრია ნელ-ნელა ჩვენთანაც ვითარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესიც ფეხს იკიდებს, თუმცა ქართველი ახალგაზრდა ადამიანების დიდი უმრავლესობისთვის ვარჯიში ცხოვრების წესის მუდმივი ნაწილი ჯერ მაინც არ გამხდარა.

რაც კარანტინი დაიწყო და ყველანი შინ ჩავრჩით, ეს ყველაფერი მეგონა კიდევ უფრო დაკარგავდა აქტუალობას, თუმცა ჩემს სოციალური მედიის გვერდებზე ადამიანების ქცევის ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულება გამოიკვეთა: ჩემი მეგობრების ერთმა, საკმაოდ დიდმა ნაწილმა კულინარიისა და ცხობის უნიკალური ტალანტი აღმოაჩინა ან ახლებურად გააღვიძა საკუთარ თავში, და ყოველდღიურად გემრიელი კერძებისა და დესერტების მომზადებას მიჰყო ხელი, ხოლო მეორე ნაწილმა (შედარებით პატარამ, მაგრამ მაინც) გადაწყვიტა, შინ გასატარებელი თავისუფალი დროის გარკვეული მონაკვეთი ვარჯიშისთვის დაეთმო.

ჩემდა გასაკვირად, ამ ადამიანების რიცხვში ისეთებიც კი მოხვდნენ, ვინც კარანტინამდე საერთოდ არ ვარჯიშობდა და არც რაიმე სპორტით იყო დაკავებული. შესაბამისად, კარანტინის პერიოდში ჩემი ფეისბუქისა და ინსტაგრამის news feed-ი საკმაოდ კონტრასტული „კონტენტით“ შეივსო − დიდწილად მადისაღმძვრელი კერძების, კექსებისა და ნამცხვრების ფოტოებით და ამის პარალელურად, სახლში ან აივანზე გადაღებული ვარჯიშების ვიდეოებით.

კექსებისა და ნამცხვრების რა მოგახსენოთ, მაგრამ ვარჯიში და მოძრაობა რომ აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ეს რომ ამ საკმაოდ რთულ პერიოდში გაახსენდათ ჩემს ფეისბუქმეგობრებს და შეეცადნენ სახლის პირობებში მაინც ევარჯიშათ, ამან ძალიან გამახარა და იმედი მომეცა, რომ ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა სულ მალე მეტი და მეტი ადამიანისთვის მათი ცხოვრებისეული პრიორიტეტების სიაში უფრო მაღალ პოზიციაზე გადაინაცვლებს.

ახლა კი, მინდა ის ძირითადი მიზეზები მოგახსენოთ, რატომ არის ვარჯიში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანტრეპრენერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად ჩემსავით ქაოსური, დატვირთული და ხშირად ემოციურად დამღლელი ცხოვრების სტილი აქვს.

მიზეზი #1: ვარჯიში გვხდის უფრო მებრძოლს და მიზანდასახულს

გარდა იმისა, რომ ფიზიკურად გვაძლიერებს და კარგ ფორმაში გვამყოფებს, ვარჯიში ძალიან დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. ბრძოლის ჟინი და მიზანდასახულობა − ეს ის აუცილებელი თვისებებია, რომლის გარეშეც ანტრეპრენერის ცხოვრება და საქმიანობა წარმოუდგენელია, ვარჯიში კი სწორედ მებრძოლ სულს აღვიძებს ჩვენში. ყოველი საათი ან თუნდაც წუთი, რომელსაც ჩვენ გამოვყოფთ ვარჯიშისთვის, არის ბრძოლა ჩვენი ჯანსაღი მიზნებისთვის, ეს არის გამოწვევა საკუთარ თავთან, რომ ხვალ უფრო ძლიერები და ჯანმრთელები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით. ეს საბრძოლო განწყობა და მიზანდასახულობა აუცილებლად აისახება ჩვენს ცხოვრებასა და ბიზნესსაქმიანობაზეც.

მიზეზი #2: ვარჯიში გვმატებს ძალას და ენერგიას

ბევრი თქვენგანი ძალიან იღლება დღის განმავლობაში. ბიზნესისა და პირადი ცხოვრების დაბალანსება ხომ ძალიან რთულია, როცა ანტრეპრენერული ცხოვრებით ცხოვრობ, და თითქოს ვარჯიშის დრო და ენერგია საერთოდ აღარ გრჩებათ. სინამდვილეში კი, თუ მცირე დროს მაინც გამოყოფთ ამ საქმისთვის, იმ ერთ ან ნახევარ საათში ვარჯიშზე დახარჯული ენერგია შემდეგ ორმაგად დაგიბრუნდებათ. თითქოს თქვენში არსებულ უხილავ refresh-ის ღილაკს დააჭირესო − ვარჯიშს დაასრულებთ თუ არა, უეცრად მეტ ძალას და მოზღვავებულ ენერგიას იგრძნობთ. დამიჯერეთ, ერთხელ მაინც თუ ცდით, დარწმუნდებით, რომ მართლაც ასეა.

მიზეზი #3: ვარჯიში აუმჯობესებს ძილს

გადატვირთულ, თანაც არანორმირებულ და ცოტა არ იყოს სტრესულ სამუშაო გრაფიკს მივყავართ ძილის არეულ რეჟიმთან, უფრო სწორად − სრულ ურეჟიმობასთან. ხან გვიან ღამემდე გიწევს მუშაობა, ხან დილით ადრე ხარ საქმეზე გასაქცევი, ხანდახან შაბათ- კვირა დილიდან ღამემდე დაკავებული ხარ, მაგრამ მერე მთელი ორშაბათი გძინავს და ასე შემდეგ. როდესაც დილის 9-დან საღამოს 6-მდე არავინ გავალდებულებს სამსახურში ყოფნას, ძალიან რთული ხდება რეჟიმის დაცვა და ხშირად ძალაგამოცლილები ლოგინამდე რომ მივაღწევთ, იმის მაგივრად წამიერად ჩაგვეძინოს, პირიქით − ძილი საერთოდ არ გვეკარება, ან ძლივს ჩაძინებულებს მალევე გვეღვიძება. რეგულარული ვარჯიში ძალიან დაგეხმარებათ ძილის პრობლემების მოგვარებაში, რადგან ის ამცირებს ნერვულ ფონს და შფოთვითი აშლილობის სიმპტომებს, რაც მშვიდი და ხანგრძლივი ძილის საწინდარია.

მიზეზი #4: ვარჯიში ამცირებს სტრესს და ამაღლებს განწყობას

ვარჯიშს აქვს იმდენად დადებითი ეფექტი ჩვენს ნერვულ და ენდოკრინულ სისტემაზე, რომ ის ყველაზე ბუნებრივ და ჯანსაღ ანტიდეპრესანტად მიიჩნევა. ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ ვარჯიშის დროს გამოიყოფა ენდორფინები, ეს არის ჰორმონები, რომლებიც თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს და პოზიტიურ განწყობას გვიქმნის. ამ ყველაფერს სამედიცინო კვლევებიც ადასტურებს, თუმცა ჩემს პირად მაგალითზეც შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის არ მახსენდება შემთხვევა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რაც ვარჯიში დავიწყე, რომ ცუდ გუნებაზე მყოფს მევარჯიშა და ამის შემდეგ საგრძნობლად უკეთესად და შინაგანად უფრო მსუბუქად არ მეგრძნო თავი.

მიზეზი #5: ვარჯიში აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციის უნარს

ანტრეპრენერებს მუდმივად სწრაფ რეჟიმში უწევთ მუშაობა და ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღება, თანაც ეს ყველაფერი ისე უნდა აკეთონ, რომ შემოქმედებითობა არ დააკლონ თავიანთ საქმეს. ასეთი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათი გონება მთელი დღის განმავლობაში იყოს სხარტი და კონცენტრირებული. ვარჯიში ძალიან უწყობს ხელს ტვინის გამართულ მუშაობასა და მეხსიერების გაუმჯობესებას, ამიტომაც ესეც კიდევ ერთი მიზეზი თქვენ, რომ კვირაში სულ რამდენიმე საათით შეელიოთ საყვარელ სავარძელში მოკალათების კომფორტს და ამოძრავდეთ.

დასასრულ კი მინდა გითხრათ, რომ ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა არსებობს ძალიან ბევრი სახის − იქნება ეს სირბილი, წონით ვარჯიში, ცეკვა, კრივი, კლდეზე ცოცვა თუ უბრალოდ, ფეხით სიარული − არჩევანი თქვენზეა, მთავარია ამოძრავდეთ და ამ მოძრაობით მონიჭებულ სიამოვნებასა და სარგებელს მალევე იგრძნობთ საკუთარ თავზე.

ნინა მენთეშაშვილი

Written By

ანტრეპრენერი, მარკეტერი და ლექტორი. კომპანია Altersocks-ის თანადამფუძნებელი.