YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული მობილური აპლიკაცია კორონავირუსის წინააღმდეგ

აპლიკაცია კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას გაგიმარტივებთ
YES Hackathon Contain COVID-19-ის გამარჯვებული მობილური აპლიკაცია კორონავირუსის წინააღმდეგ
ფოტო: Yes Hackathon Contain

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მარტში ფონდმა „კრისტალმა“, USAID YES Georgia-სა და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან (NCDC) თანამშრომლობით, ორგანიზება გაუკეთა ონლაინ-ჰაკათონს YES Hackathon Contain COVID-19, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ეფექტური ბიზნესიდეების გენერირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა. ჰაკათონის ერთ-ერთ გამარჯვებულად ალექს გიჯაშვილი დასახელდა. მისი იდეა წარმოადგენს მობილურ აპლიკაციას, რომელიც მომხმარებელს კორონავირუსთან დაკავშირებული სიმპტომების მართვას გაუმარტივებს, მიაწოდებს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციას და მთლიანად შეცვლის მომხმარებლის გამოცდილებას ჯანმრთელობის მართვასთან დაკავშირებით.

ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ახალი კორონავირუსი გავრცელების პიკურ მდგომარეობას აღწევდა. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა იმ დროს: ჩაიკეტა საზღვრები, ბიზნესების უმეტესობა გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ზოგმა საწარმომ საერთოდ შეწყვიტა მუშაობა. ასეთ მომენტებში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ხშირად მნიშვნელოვანი ბიძგია იმისათვის, რომ ენთუზიაზმი და კრიზისული მდგომარეობა ახალ შესაძლბლობად იქცეს. სწორედ ამ დროს ჩავერთე ონლაინ-ჰაკათონში“, − იხსენებს ალექსი.

როგორც ის აღნიშნავს, ონლაინ-ჰაკათონში გამარჯვება მისთვის ახალი შესაძლებლობაა, შექმნას და განავითაროს ისეთი მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა ადამიანს შეუცვლის საკუთარი ჯანმრთელობის მართვის გამოცდილებას და გახდება ყოველდღიური მოხმარების საგანი. სწორედ ამიტომ აარჩია სლოგანი: „შენი ჯანმრთელობის აპლიკაცია“.

Entrepreneur-თან საუბრისას ალექსი ამბობს, რომ პროექტში გამარჯვების მეორე დღიდანვე დაიწყეს აპლიკაციის შექმნაზე ინტენსიური მუშაობა, და რადგან გუნდში ამ მიმართულებით წარმატებული პროექტების შექმნის გამოცდილება უკვე ჰქონდათ, ამიტომ ზუსტად იცოდნენ, როგორ უნდა შეექმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს მოეწონებოდა: „ჰაკათონის მსვლელობისას მენტორები დაუღალავად გვეხმარებოდნენ, გვაძლევდნენ რჩევებს, რომელიც არ „იგუგლება“ და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მოდის. გვეხმარებოდნენ როგორც იდეის დახვეწაში, ასევე გვასწავლიდნენ ჟიურისთან პროტოტიპის პრეზენტაციის სწორად წარდგენას. მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ტექნიკურად გამართული პროდუქტი მიაწოდო მომხმარებელს, ხოლო მეორე მხრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს, დაიცვა და გაითვალისწინო ყველა დეტალი, რომელიც ახლავს ჯანმრთელობის აპლიკაციების შექმნას. დავიწყეთ ფიქრი, როგორც მეწარმეებმა. არ ვიყავით ამ სფეროს ექსპერტები და ვერ ვხედავდით წინაღობებს, ვიჩენდით სამეწარმეო სიჯიუტეს”, პროექტის მართვაში ვიყენებდით Sprint 2.0 მეთოდოლოგიას და შედეგად მივიღეთ გამართული მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელმა შეიძლება ჩამოტვირთოს www.bewise.ge-დან ან დაიხმროს Wisebot - m.me/Bewise.ge , − ამბობს ალექსი.

ჰაკათონის გამარჯვებულის მიხედვით, აპლიკაციის შემდეგი ვერსია აგვისტოში გაეშვება. აღნიშნული ვერსია იქნება გაცილებით მასშტაბური და ფუნქციურად დატვირთული, რომელიც გააერთიანებს ყველა ასაკისა და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანს. ყველას, ვისაც უნდა, რომ ჯანმრთელობის მართვა ყოველდღიური საქმიანობის პროცესი გახდეს.

ახალ ვერსიაში მომხმარებელს შეეძლება:

  • სხვადასხვა სახელმწიფო სერვისით სარგებლობა
  • პრეპარატების მიღებითა და მართვის მოდულით სარგებლობა
  • ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Covid-ქვიზით სარგებლობა, რომელიც მომხმარებელს აუმაღლებს ცნობიერებას კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით
  • სხვადასხვა თემატურ Online-ღონისძიებაზე დასწრება და მონაწილეობის შესაძლებლობა
  • სიმპტომების მართვის ოპტიმიზებული პროცესი

ახალ ვერსიაში სიახლე ბიზნესისთვისაც გაჩნდა − აპლიკაციის საშუალებით, თემატური ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ მიზნობრივ მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული არხის მეშვეობით შესთავაზონ და გააცნონ თავიანთი პროდუქტები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრძელვადიან პერსპექტივაში იგეგმება BeWise-ის გატანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.

„აღნიშნულ ონლაინ-ჰაკათონში „კრისტალის“ როლი უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ მისი ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება, რომელიც პირველი არ არის, რადგან „კრისტალი“ მუდმივ რეჟიმში ეხმარება ახალგაზრდა მეწარმეებს. ამ პროექტში გამარჯვება ჩვენთვის არ იყო მხოლოდ ფინანსურ რესურსებზე წვდომის საშუალება, არამედ ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის დროს ბიზნესის დაწყებისა და სამეწარმეო უნარების განვითარების იდეალური შესაძლებლობა გახლდათ“, აღნიშნავს ჰაკათონის გამარჯვებული.

Latest on Entrepreneur