You can be on Entrepreneur’s cover!

სოციალური ინოვაციის ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობები სოციალური ამონაგები ინვესტიციაზე (SROI) და შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPIs) სოციალური გავლენის გასაზომად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CENN

დღევანდელ სამყაროში, რომელიც არასტაბილურობით, გაურკვევლობით, სირთულეებითა და არაერთგვაროვნებით (VUCA) ხასიათდება, სოციალური ინოვაციების ეკოსისტემების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა დიდი გამოწვევაა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და გარემოსთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული სირთულეები დღეს ბიზნესის მთავარი გამოწვევებია. ამ ვითარებაში სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტია კომპლექსური ანალიზი და სათანადო ფინანსური გათვლები, რაც არა მხოლოდ კომპანიის მენეჯმენტის უნარზე, კვალიფიკაციასა და მართვის სტილზეა დამოკიდებული, არამედ ბიზნესისგან დამოუკიდებელ გარე ფაქტორებზეც.

სოციალური ინოვაციების ეკოსისტემის შექმნისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემოფაქტორების ანალიზი და სათანადო გარემო პირობების შექმნა. სოციალური ინოვაციისა და სოციალური ცვლილებების სტიმულირების მიზნით ბიზნესისთვის სათანადო პირობების შექმნით ბიზნესი დაიწყებს ფიქრს ისეთი ინიციატივების შექმნასა და განვითარებაზე, რომლებიც სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე იქნება მიმართული. პრობლემების გადაჭრაზე ორიენტაცია, თავის მხრივ, სოციალური ინოვაციების მთავარი მამოძრავებელია. სოციალური ინოვაციების ეკოსისტემების განვითარებაში ძირითადი გამოწვევები დაკავშირებულია ფონდების მოძიებასთან, პერსონალის ნაკლებობასთან, ცოდნის ნაკლებობასთან, საკანონმდებლო შეზღუდვებთან, არაჯანსაღ კონკურენციასთან, კორუფციასთან, კრედიტზე ბიზნესის ხელმისაწვდომობასა და მთავრობის მიერ მიღებულ გამჭვირვალე გადაწყვეტილებებთან. სოციალური ინოვაციის სტიმულირებისთვის სახელმწიფო საკანონმდებლო შეზღუდვების მოხსნით, მასტიმულირებელი ახალი საკანონმდებლო ბაზის ინიცირებით მხარს უჭერს და ახალისებს ინოვაციურ იდეებს. 2016 წლის სოციალური ინოვაციების ინდექსის რეიტინგში პირველ და მეორე ადგილებს ინაწილებენ ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც სოციალური ინოვაციების ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში მოწინავე ქვეყნების რეიტინგში ლიდერობენ. კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანია სოციალური ინოვაციების სტიმულირებისთვის მთავრობის მხარდაჭერა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა.

განვითარებული ქვეყნების მაგალითებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღეს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პოზიტიური თანამშრომლობა ქმნის სოციალური ინოვაციური იდეების გენერირებისთვის მასტიმულირებელ გარემოს, რაც სოციალურ და მწვანე საწარმოებს შესაძლებლობას აძლევს, უფრო მეტი რესურსი (დრო, ფული, ადამიანები) მიმართონ ინოვაციური პროდუქტების შექმნაზე. ინოვაციური ეკოსისტემების განვითარება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული; კერძოდ, სამართლიან საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებასა და მასტიმულირებელი პოლიტიკის გატარებაზე, სამართლიანი კონკურენციის უზრუნველყოფაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ადამიანურ კაპიტალზე, რაც ხელს შეუწყობს პოზიტიური და პროდუქტიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის. ვინაიდან ეკოსისტემები დინამიკურია, მასზე გარე ფაქტორები დიდ ზეგავლენას ახდენს, თუმცა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს დადებითი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ცვლილებებზე. კერძო სექტორს განსაკუთრებული როლი აქვს ინოვაციური ეკოსისტემების შექმნაში, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტიციით, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ტექნოლოგიური ცოდნის გაზიარებით ისინი ქმნიან ინოვაციის დანერგვასა და განვითარებისთვის შესაბამის პირობებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტარტაპების როლი, ვინაიდან მათი ბიზნესმოდელის საფუძველი ინოვაციაა, მართვაში იყენებენ ეჯაილ (Agile) მართვის მეთოდებს და ადვილად ახდენენ გარემოსთან ადაპტაციას; არიან მოქნილები გადაწყვეტილების მიღების პროცესში და აქვთ უნარი, განავითარონ ახალი ინოვაციური იდეები და შეიმუშაონ ახალი გადაწყვეტილებები, ეკოსისტემაში შეიტანონ კრეატივი, ინოვაცია და ჯანსაღი კონკურენცია. სოციალური ინოვაციების ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში ადამიანური კაპიტალი მნიშვნელოვანი ფაქტორია; კერძოდ, პროფესიონალები ტექნიკური უნარებით, რისკიანობითა და მიზანდასახულობით ქმნიან ინოვაციურ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელთა შექმნა, დატესტვა, ადაპტაცია და განვითარება სწორედ ადამიანების ცოდნასა და უნარებზეა დამოკიდებული.

საწარმოებში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას ხელს უწყობს პოზიტიური ინოვაციური კულტურის დანერგვა, რაც გულისხმობს თანამშრომლებისთვის მამოტივირებელი გარემოს შექმნას, ჩაერთონ ინოვაციური პროდუქტისა თუ მომსახურების შექმნაში; აგრეთვე ინოვაციური იდეების მხარდაჭერასა და განვითარებაში ხელშეწყობას, საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, რესურსებითა და ტექნოლოგიური დანადგარებით უზრუნველყოფას, თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების განვითარებას, რაც ქმნის მათი ინოვაციური იდეების რეალობაში განხორციელების შესაძლებლობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწარმომ ხელი შეუწყოს ურთიერთთანამშრომლობასა და პოზიტიური გარემოს შექმნას თანამშრომლებს შორის, რაც საშუალებას მისცემს მათ, გაუზიარონ ერთმანეთს მოსაზრებები, დატესტონ ახალი იდეები და იფიქრონ მათი განვითარების პერსპექტივებზე, გადაჭრან პრობლემები ისე, რომ არ დასჭირდეთ ზედა რგოლის მენეჯმენტის ჩართვა პროცესში. თანამშრომლობა განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებთან, რომლებსაც სხვა ცოდნა და გამოცდილება აქვთ, ქმნის კრეატიული და ინოვაციური იდეების გენერირების საფუძველს.

სოციალური ამონაგები ინვესტიციაზე (SROI) და შესრულების ძირითადი ინდიკატორები (KPIs) სოციალური გავლენის გასაზომად

საწარმოები სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გავლენების შესაფასებლად იყენებენ მეთოდს - სოციალური ამონაგები ინვესტიციაზე (SROI), კერძოდ, იმის დასადგენად, თუ, ეკონომიკური სარგებლის გარდა, რა სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულების მომტანია ბიზნესი. მეწარმეები და ინვესტორები ამ მეთოდს იყენებენ საწარმოს რისკებისა და შესაძლებლობების შესაფასებლად, კერძოდ, გადაწყვეტილების მისაღებად, სად ჩადონ ინვესტიცია, ან პირიქით -შეწყვიტონ ინვესტიციის ჩადება. ისინი აფასებენ საწარმოს საქმიანობის პროგრესს სოციალური და გარემოსდაცვითი ღირებულებების გაზომვით. აფასებენ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ რისკებს, რომლებმაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინონ ამონაგებზე. SROI მეთოდით გავლენების შეფასების პროცესში დაინტერესებული მხარეების (გადაწყვეტილების მიმღები პირები, დასაქმებულები, მომხმარებლები და სხვ.) ჩართვა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ მეთოდით სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური გავლენების შეფასება იწვევს ცვლილებებს და, შესაბამისად, გასათვალისწინებელია ყველა დაინტერესებული მხარის თანხმობა ცვლილებებზე.

SROI მეთოდით ზომავენ არა მხოლოდ ამონაგებს ინვესტორისათვის, არამედ სოციალურ და გარემოსდაცვით ღირებულებას ყველა დაინტერესებული მხარისათვის და, ზოგადად, საზოგადოებისათვის. SROI მეთოდით საწარმოები აფასებენ ჩადებული ინვესტიციიდან (დრო, ფული, რესურსები) მიღებულ სოციალურ, გარემოსდაცვით და ეკონომიკურ სარგებელს. არსებობს SROI ანალიზის ორი ტიპი: შეფასებითი ანალიზი - კონკრეტული საქმიანობიდან მიღებული შედეგების გაზომვა და პროგნოზირებადი ანალიზი - მომავალში კონკრეტული საქმიანობის განხორციელებით მიღებული სოციალური ღირებულების გაზომვა. SROI ანალიზის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  1. ანალიზის მიზნის განსაზღვრა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება;
  2. ურთიერთკავშირის დადგენა საწარმოს მიერ ჩადებულ რესურსებს, აქტივობებსა და შედეგებს შორის თითოეული დაინტერესებული მხარისათვის;
  3. ინდიკატორების განსაზღვრა და გავლენების იდენტიფიცირება - ინდიკატორების შემუშავება საწარმოში ჩადებული რესურსების, აქტივობებისა და შედეგების გასაზომად და საწარმოს მიერ გაწეული ძალისხმევის გავლენის გასაზომად გარემოზე;
  4. ღირებულებების განსაზღვრა და მართვა - მიღწეული შედეგების ფინანსურ ღირებულებად გადაქცევა, SROI კოეფიციენტის გამოთვლა.

SROI გაანგარიშება შემდეგი ფორმულით ხდება:

სოციალური ამონაგები ინვესტიციაზე = ხელშესახები + ხელშეუხებელი ღირებულება საზოგადოებისთვის/ჩადებული რესურსების ღირებულება

SROI დაანგარიშებით კომპანიები ცდილობენ, შეამცირონ გარემოს დეგრადაცია და სოციალური უთანასწორობა და იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობაზე ე.წ. შერეულ ღირებულებებზე პასუხისმგებლობის აღებით. კერძოდ: კომპანიებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვით, ინვესტიციით - სოციალური აქტივობებში, ინვესტიციით მდგრადი განვითარების მისაღწევად, სოციალური საწარმოების განვითარებით.

SROI დაანგარიშებით კომპანიის წარმომადგენლები იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოო პროცესებთან დაკავშირებით გრძელვადიან პერიოდში და კონკრეტულ მიმართულებებზე ბიუჯეტის განაწილებასთან დაკავშირებით. შესრულების ძირითადი ინდიკატორებით (KPIs) კი ხდება საწარმოს კონკრეტული საქმიანობების შეფასება, რასაც შემდეგ იყენებს საწარმოს სოციალური გავლენის გასაზომად და SROI დასაანგარიშებლად. საწარმოები KPIs სოციალური აქტივობების შეფასებით ზომავენ საწარმოს მისიის შესრულების დონეს, ვინაიდან მათ აქვთ როგორც სოციალური, ისე კომერციული მიზნები და ზომავენ საწარმოს ოპერაციების ეფექტიანობას.

სოციალური ინოვაციების ეკოსისტემების შექმნასა და განვითარებაში მთავრობას, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა აჩენს ახალ შესაძლებლობებს, ინოვაციური მიდგომებით გადაწყვიტონ მძიმე სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები. მათ შორის დიალოგი და კომუნიკაცია ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლობას ინოვაციური იდეების გენერირებასა და განვითარებაში, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, კვლევასა და განვითარებაში (R&D) მხარდაჭერასა და ჯანსაღ კონკურენციას.

სტატია მომზადებულია პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისათვის: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის", რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან, Green Lane NGO (სომხეთი) და KRDF (საქართველო) ერთად, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.