LiveCaller - 500 STARTUPS საქართველოში

საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

LiveCaller საქართველოში შექმნილ ონლაინჩატისა და ზარის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კომპანიის ვებგვერდზე ვიჯეტის სახით ინსტალირდება, მომხმარებლებს კი საშუალებას აძლევს მისწერონ, დაურეკონ ან სულაც გაუზიარონ ეკრანი კომპანიის წარმომადგენლებს. ასევე, პროგრამაში სხვადასხვა სოციალური მედიაა ინტეგრირებული, რაც კომპანიებს საკუთარ მომხმარებლებთან Facebook, Viber, Whatsapp და Telegram- არხებში, LiveCaller-ის პროგრამიდან საუბრის პარალელურ შესაძლებლობას აძლევს.

Entrepreneur Georgia

LiveCaller სრულიად ციფრული პროდუქტია. შესაბამისად, მისი გამოყენება ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ კომპანიას თამამად შეუძლია. მისი მოქმედების არეალი შეუზღუდავია.

თანამედროვე კომპანიები აქტიურად ცდილობენ, საკუთარ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან და უმაღლესი სტანდარტით მოემსახურონ. მათ ამ ტენდენციურ გამოწვევას LiveCaller პასუხობს. მიზნების მისაღწევად, ორგანიზაციებისა და ბიზნესებისთვის მჭიდრო კომუნიკაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მოხმარებლებთან ინფორმაციის მუდმივი მიმოცვლისთვის აქტიურად გამოიყენება არაერთი არხი: ონლაინ ჩატი, ტელეფონი, სოციალური მედია და სხვა. თუმცა, დანაწევრებული კომუნიკაცია შესაძლოა პრობლემად იქცეს. LiveCaller ყველა ამ არხს ერთიან ციფრულ სივრცეში აქცევს. ეკრანის გაზიარების საშუალება კი სერვისის სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.

მზარდია ტენდენცია, რომლის თანახმად, კომპანიები მომხმარებლებს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ესაუბრებიან, ეცნობიან სტატისტიკას, აანალიზებენ, თუ დროის რომელი მონაკვეთია ყველაზე დატვირთული, რა მიმართულებითაა საჭირო გაუმჯობესება და ა.შ. LiveCaller-ის მეშვეობით თითოეული მომხმარებლის სათქმელი მარტივად და პირდაპირ მიდის კომპანიაში. ეს ყველაფერი კი სერვისის მუდმივ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. პროგრამა ტექნიკურად უკვე სრულფასოვნადაა გამართული და მას წარმატებით იყენებენ როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდი ზომის კომპანიები.

სტარტაპი ნიკა გაბუნიამ, გიგა გოცირიძემ და გიორგი ჩადუნელმა დააფუძნეს. მრავალწლიანი გამოცდილება და საერთო ხედვა ახალ იდეაში ტრანსფორმირდა. ნიკა გაბუნია CEO-ს ფუნქციას ითავსებს. მას სხვადასხვა სტარტაპკომპანიაში მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს. ამავდროულად, მარკეტინგული სააგენტო AdvertWise-ის დამფუძნებელიცაა. გიგა გოცირიძე ტექნიკური მიმართულებით ფლობს გამოცდილებას, LiveCaller-ში კი CTO-მიმართულებას ხელმძღვანელობს. გიორგი ჩადუნელი 10-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალია დეველოპმენტის სფეროში. სტარტაპში ის CIO-ს ფუნქციას ასრულებს.

სწორედ ამ 3 ადამიანის კოლაბორაციით შეიქმნა LiveCaller − მხარდამჭერი ციფრული ინსტრუმენტი კომპანიების საკომუნიკაციო პროცესის გამარტივებისა და მათი შემდგომი განვითარებისთვის. სტარტაპი და მისი გუნდი თავადაც მუდმივ განვითარებასა და ოპერირების არეალის გაფართოებაზეა ფოკუსირებული. მიზანს მსოფლიოს გარშემო არაერთი საერთაშორისო კომპანიის დაინტერესება და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში Livecaller-ის პროდუქტის დანერგვა წარმოადგენს.