Cardeal - 500 STARTUPS საქართველოში

საქართველოში ოთხთვიანი აქსელერაციის პროგრამაში 14 სტარტაპი იღებს მონაწილეობას

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ მანქანის შეძენა გადაწყვიტეთ, შეგიძლიათ ის www.cardeal.ge-ზე ადგილობრივ ბაზართან შედარებით 30%-ით იაფად საერთაშორისო აუქციონებიდან მარტივად შეიძინოთ.

Entrepreneur Georgia

Cardeal გახლავთ ავტომატიზებული საერთაშორისო ავტოაუქციონების სავაჭრო პლატფორმა, სადაც ყოველთვიურად ნახევარ მილიონამდე ავტომობილის აგრეგაცია ხდება და მომხმარებელს საშუალება აქვს მისი მეშვეობით ავტომობილის იმპორტისთვის ყველა საჭირო სერვისი მიიღოს.

საიტზე განთავსებული ავტომობილები მოწოდებულია ისეთი ამერიკული და ევროპული კომპანიებისგან, როგორიცაა: BNP Paribas − ARVAL, CARFAX, ADESA.EU, IAAI და სხვა.

პლატფორმა 2019 წელს ზურაბ ბაკურიძემ საერთაშორისო ტექნიკურ პარტნიორ Shelf network-თან ერთად შექმნა, რასაც რეგიონული ბაზრის შესწავლა უძღოდა. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 2019 წელს 700 მილიონი დოლარის ღირებულების მეორადი ავტომობილი შემოვიდა ქვეყანაში. მისი დიდი ნაწილი კი მეზობელ ქვეყნებში რეექსპორტის საშუალებით გადაიყიდა. მიუხედავად ამისა, cardeal.ge-ის დამფუძნებელი კარგად აცნობიერებდა, რომ ბაზარი საკმაოდ დანაწევრებული იყო და ძირითადად მცირე და საშუალო ზომის დილერებისგან შედგებოდა, რაც მომხმარებლებისთვის ზედმეტ შუამავალ რგოლს ქმნიდა და ავტომობილის ჩამოყვანის ღირებულებას აძვირებდა. Cardeal.ge-ის შექმნის მიზანი კი სწორედ ამ ბაზრის კონსოლიდაცია და მომხმარებლისთვის საჭირო სერვისის ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიწოდება გახლავთ. აქ მომხმარებელს საშუალება აქვს პირდაპირ გაეცნოს საერთაშორისო მომწოდებლების შეთავაზებას.

პლატფორმით ასევე შესაძლებელია საერთაშორისო აუქციონში პირდაპირი მონაწილეობა, განაცხადის გაკეთება დაფინანსებაზე, ვაჭრობის და შემდეგ უკვე ტრანსპორტირების სრული პროცესისთვის თვალის დევნება.

Cardeal.ge-ის სერვისით მოსარგებლეთა რიცხვი მუდმივად მზარდია. პლატფორმის გვერდს თვეში დაახლოებით 100 000-მდე უნიკალური მომხმარებელი სტუმრობს და მანქანის შეძენას სწორედ მისი დახმარებით გეგმავს.

დამფუძნებელს მიაჩნია, რომ სფერო განვითარების მაღალი პოტენციალით გამოირჩევა, რადგან 5 წლის პერსპექტივაშიც კი რეგიონული ბაზარი მასშტაბირების დიდ პოტენციალს, საერთო მოცულობაში კი საშუალოდ მილიარდ დოლარამდე ავტოიმპორტის ინდუსტრიას ქმნის.

სტარტაპის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ავტომობილების რეექსპორტზე გამარტივებული რეგულაციებიც ხელს უწყობს.

როგორც ზურაბ ბაკურიძე აღნიშნავს, გუნდის მიზანია, მათი ჩართულობით ავტომობილების ვაჭრობის სრული პროცესი გაციფრულდეს, რაც ინდუსტრიას მეტ ლიკვიდურობასა და გამჭვირვალობას შესძენს. მონაცემები ცხადყოფს, რომ პანდემიურმა ვითარებამ ავტოინდუსტრიაში ავტომობილებით ვაჭრობის დიჯიტალიზაციის პროცესი დააჩქარა, ამასთანავე მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მეორად ავტომობილებზე. მანამდე არსებული სადილერო ოპერაციის მოდელი კი უკვე ცვლილებას საჭიროებს, რაც პლატფორმა cardeal.ge-ის საჭიროებასა და მნიშვნელობას უფრო ზრდის.