მზადება მომავლის პროფესიებისთვის

„საქართველოს ბანკმა", საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან" თანამშრომლობით ახალი პროექტი დაიწყო.

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო და შრომითი ბაზარი ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რაც თავის მხრივ ახალი შესაძლებლობების ჰორიზონტს აჩენს. ამ მიმართულებით სწორი ორიენტირის აღებისა და დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, „საქართველოს ბანკმა“, საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით მომავლის პროფესიების ლაბირინთებში გამოსარკვევად, ახალი პროექტი დაიწყო. მის მიზანს ადამიანებისთვის ახალი გამოწვევების, შესაძლებლობების, უნარებისა და შემოსავლის წყაროების შესახებ კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. პროექტი ბაზარზე არსებული ტენდენციებისა და ტრენდების შესახებ გამოცდილი სპეციალისტების მიერ რელევანტურ საკითხებზე ე.წ. თოქებისა და ბლოგების მომზადებას გულისხმობს. ეს ყველაფერი კი ადამიანებს ახალ რეალობასთან სწრაფ ადაპტირებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება.

BOG

„ახალი რეალობიდან გამომდინარე, შეიცვალა მომხმარებლის ქცევა, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების პრაქტიკა. შესაბამისად, შრომის ბაზარიც. კონკრეტულ პროფესიებზე შემცირებული მოთხოვნის კვალდაკვალ, გაჩნდა ახალი პროფესიების საჭიროება: IT და ციფრული ტექნოლოგიები, საცალო და მომსახურების სერვისები. გამოწვევაზე ლოგიკური პასუხი არის ახალი უნარ-ჩვევების შეძენა. გვინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ, რომლის საქმიანობამაც დაკარგა აქტუალობა, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, განვითარდნენ ახალი მიმართულებით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია არ გაჩერდნენ და გააგრძელონ წინსვლა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ახალი პროექტიც, რომელიც ადამიანებს ახალი პროფესიების მოძიება/ათვისებაში ეხმარება. ამიტომ ჩემი რჩევაა, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდეთ, განავითარეთ საკუთარი თავი!“ − ამბობს საქართველოს ბანკის CSR-მიმართულების ხელმძღვანელი თამარ გოჩაშვილი.

„დღეს ნებისმიერი მცდელობა ცვლილებებისთვის, ხვალ აუცილებლად კარგ შედეგებს მოიტანს. საქართველოს შრომის ბაზარი დღეს ტრანსფორმაციას განიცდის და საკმაოდ საინტერესო ტენდენციები შეინიშნება. ამ ბაზარს მუდმივად ვაკვირდებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ინტერესი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართ. პანდემიამ კი მსოფლიო შრომითი ბაზარი მნიშვნელოვნად შეცვალა. Linkedin-ისა და ლიდერი საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ის მიხედვით, დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: მონაცემთა ანალიტიკოსი, მონაცემთა არქიტექტორი, Software-არქიტექტორი და რა თქმა უნდა, სხვადასხვა ენის პროგრამისტი. ახალმა რეალობამ შეცვალა მოთხოვნები უნარებზეც და დღეს ძალიან პოპულარულია ისეთი უნარები, როგორიცაა ინოვაციურობა, დამოუკიდებლად მუშაობა, პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტილების მიღების უნარი. პანდემიის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში, საქართველოს შრომის ბაზარზე შეიმჩნეოდა პასიურობა, მაგრამ არ შეჩერებულა და კვლავ მზარდია მოთხოვნა ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა გაყიდვების მენეჯერი, დისტრიბუტორი, შესყიდვების მენეჯერი და მოთხოვნა-მიწოდების სპეციალისტები. დღეს ბევრი ჩვენგანი ისევ online მუშაობს, ჩვენ სერვისებს ვიღებთ დისტანციურად ციფრულ სამყაროში და ეს მომხმარებლის ქცევის ცვლილებაზე მიუთითებს. მომხმარებლის შეცვლილი ქცევა კი ბიზნესისთვის ახალი გამოწვევაა და მოითხოვს ცვლილებებს. ამას აუცილებლად დასჭირდება ახალი პროფესიები. მომავლის პროფესია ყველა ის საქმიანობაა, რომელიც ციფრულ ეკონომიკას და მომხმარებლის შეცვლილ ქცევას უპასუხებს. შესაძლებელია, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩნენ, ეს გარემოებები მათ სასარგებლოდაც კი მუშაობდეს, რადგან მათ აქვთ შანსი, სრულიად შეცვალონ საკუთარი საქმიანობა. ამიტომ ცდა აუცილებელია“, − მედეა ტაბატაძე, საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მენეჯერი.

„საქართველოს ბანკი“ და „ინსორსი“ კი ცვლილებებისა და მომავლის პროფესიების განვითარების მხარდასაჭერად, საინტერესო სიახლეებს გვპირდებიან.