You can be on Entrepreneur’s cover!

ახალგაზრდა ანტრეპრენერი ქალთა მხარდასაჭერად გაიცანით La Clinique!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალექსეი სეროვი. ლოკაცია: Monograph Freedom Square

საქართველოში ეკონომიკისა და ქალთა მხარდამჭერ აქტივობებს, რომელიც მათ გაძლიერებასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბიზნესპროცესებში მონაწილეობას დაუჭერს მხარს, მალე კიდევ ერთი პროექტი შეემატება, რომლის ინიციატორი და ავტორიც თამუნა კერძაიაა. განათლება ინგლისში, ოქსფორდში მიიღო. 23 წლის ასაკში ქვეყანაში დაბრუნდა და საჯარო სექტორში მუშაობას შეუდგა. გადაწყვიტა, სახელმწიფო სტრუქტურებში − სამინისტროებსა და პარლამენტში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება კერძო სექტორის, სტარტაპეკოსისტემისა და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართოს. ამისათვის კი მათ განვითარების ახალ სივრცეს უმზადებს.

„საქართველოში დაბრუნების შემდეგ სახელმწიფო სამსახურში დავიწყე მუშაობა. სამინისტროებსა და პარლამენტში წლების განმავლობაში ვიმუშავე. ერთ-ერთი იყო „სტარტაპ საქართველო", რომელშიც განსაკუთრებული ინტერესითა და აქტიურობით ვიყავი ჩართული. იქ მიღებულმა გამოცდილებამ არსებული სტარტაპ-ეკოსისტემისა და მისი გაძლიერების მიმართულებით საინტერესო ხედვები ჩამომიყალიბა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ თავადაც მომიწია კერძო სექტორში შებიჯება. 2016 წელს გადავწყვიტე დასთან ერთად ესთეტიკური ცენტრი La Clinique დამეარსებინა. ამ საქმის დიდი ინტერესი მქონდა, თუმცა პრაქტიკული ბიზნესის მართვის გამოცდილება და ფინანსური კაპიტალი ამისთვის არ გამაჩნდა. საჭირო იყო კლინიკის სათანადო აპარატურითა და მაღალი უსაფრთხოების ნორმებით აღჭურვა. ჩემი მხრიდან ეს საკმაოდ რისკიან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა არაერთი თვალსაზრისით. საქმეში მართლაც უამრავ ბარიერს წავაწყდი. აღმოვაჩინე, რომ რეალური ბიზნესი სულაც არაა მარტივი და უამრავ დეტალს მოიცავს. თითოეულ მათგანს კი სათანადო ყურადღება და ცოდნა სჭირდება. გამოწვევებმა უამრავი რამ მასწავლა, ძალიან ღირებული გამოცდილება შემძინა და ცხოვრების შემდეგი ეტაპებისთვის ახალ მოტივაციად იქცა", − გვიყვება თამუნა კერძაია.

La Clinique მომხმარებლებს თანამედროვე და მოთხოვნად ესთეტიკურ სერვისებს სთავაზობს. მაღალტექნოლოგიურ ლაზერულ ეპილაციასთან (Soprano Ice Platinium-ით) ერთად, აქ თავის მოვლის არაერთი გამაჯანსაღებელი პროცედურის მიღებაა შესაძლებელი: სხვადასხვა სახის სხეულისა და სახის გამაახალგაზრდავებელი მასაჟი, პროცედურები, ვიზაჟი და ქალბატონებისთვის სასურველი კიდევ სხვა სერვისები. ამ ყველაფრისთვის კი აქ პრემიუმკლასის ფრანგულ ბრენდ Biologique Recherche-ის პროდუქციას იყენებენ.

ესთეტიკ-სფეროსა და რეალურ ბიზნეს-აბლაბუდაში გამორკვევამ 4 წლის განმავლობაში საინტერესო გამოცდილება დააგროვა. აღმოჩნდა, რომ La Clinique ქალბატონებს სრულად ასაქმებს. მათთან მუშაობა, კომუნიკაცია და ხედვების გაზიარება კიდევ ერთ დამატებით მოტივაციად იქცა, რათა შემდეგი საქმიანობა კვლავ ქალებთან და მათ მხარდაჭერასთან ყოფილიყო დაკავშირებული. La Clinique ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტისთვის ინსპირაცია აღმოჩნდა.

პროექტის მიზანს სტარტაპერი ქალებისთვის ბიზნესსამყაროში ერთგვარი ნავიგაციის ფუნქციის შესრულება წარმოადგენს. ამისათვის პროგრამა ტრენინგებით, მენტორინგით, რეგულარული შეხვედრებითა და განვითარების სხვა ინსტრუმენტებით დაკომპლექტდება. ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კომპონენტი აქ უმთავრესი იქნება. როგორც თამუნა ამბობს, ამისათვის გამოცდილი პროფესიონალები ძალისხმევას არ დაზოგავენ. ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება სამოტივაციო შეხვედრებს დაეთმობა, რომელიც უწყვეტი სტიმულისმიმცემი უნდა იყოს ქალებისთვის. მუდმივი მოქმედების ინსპირაციას კი ისინი სწორედ იმ ქალბატონებისგან მიიღებენ, რომლებმაც რთული გზა უკვე გაიარეს და ახლა მზად არიან გამოცდილება სხვებს გაუზიარონ.

თავად თამუნას მთავარი ინსპირატორი ჯერ კიდევ ბავშვობაში, ოჯახში აღმოაჩნდა.

„ზოგადად, მიმაჩნია, რომ ნებისმიერი საქმის წამოსაწყებად უმნიშვნელოვანესია, თუ რა გახდა მთავარი შთამაგონებელი და მოტივაციის მომცემი. ხშირად ასეთი ჩვენ ორგვლივ მყოფი ადამიანები არიან. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია, თუ ეს ადამიანი შენი ოჯახის წევრია. ჩემთვის ასეთი ბებია აღმოჩნდა, რომელიც მე და ჩემს დას ყოველთვის განათლების მიღების, მუშაობისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისკენ გვიბიძგებდა. უამრავი რამ ჩემს ცხოვრებაში მისი დამსახურებაა. ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო ყველაფერში პირველივე ნაბიჯებიდან, მათ შორის − გარისკვის საკითხებშიც. მუდამ მოტივაციას მაძლევდა. მიაჩნდა, რომ ქალის სიძლიერე მის განათლებასა და გამბედაობაში იყო. ეს პროექტიც, ქალებისთვის სწორედ ცოდნის შემატებისა და იმ საჭირო უნარების შეძენისკენ იქნება მიმართული, რომელიც მათ საკუთარი საქმიანობების უკეთ მართვა-განვითარებასა და ეკონომიკური სიძლიერის მიღწევაში დაეხმარებათ".

იმისათვის კი, რომ ქალებმა საკუთარი წამოწყებებისა და ბიზნესების განვითარება წარმატებით შეძლონ, პროექტის ფარგლებში ე.წ. Wonder women-ები გამოცდილების დაუნანებლად გაზიარებასა და არაერთ საინტერესო აქტივობას აანონსებენ.

„ვფიქრობ, შევარჩევთ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვთ, შემდეგი განვითარებისთვის კი ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შესაძლოა ჩვენ ძალიან კარგი მედიატორებიც კი აღმოვჩნდეთ მათთვის ახალი პარტნიორების მოძიებაში. ასევე, ძალიან გვინდა, რომ ქვეყანაში მეწარმეებს DCFTA-ს სპეციფიკაში გაცნობიერებასა და ექსპორტზე პროდუქციის გატანის საკითხებშიც დავეხმაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ როგორ მოარგონ თავიანთი პროდუქტი ევროკავშირის რეგულაციებს, რა უნდა გაითვალისწინონ და აკეთონ წინსწრებად, რათა მომავალში ევროპის ბაზარზე შესვლა და დამკვიდრება შეძლონ. ზოგადად კი, აგროსფეროს სტიმულირება და განვითარება განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა ჩემთვის. მიმაჩნია, რომ ამაში უზარმაზარი პოტენციალი აქვს ქვეყანას. აგროგანათლების გაძლიერება აუცილებლად გვჭირდება. მეურნეობებისა და ხარისხიანი წარმოების ზრდა პირდაპირ კავშირშია გაზრდილ ექსპორტთან. ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აუცილებელია ახალი გაერთიანებებისა და კოოპერატივების შექმნის წახალისებაც. აგრომიმართულებას ჩვენს ქვეყანაში უდიდესი პოტენციალი აქვს და აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ ყველაფერში. ეს როგორც ადგილობრივ წარმოებას, ასევე ახალ საინტერესო ინვესტიციებსაც მოიზიდავს. მე თვითონაც ვაპირებ ჩემი მცირე მეურნეობის გაკეთებას. ძლიერი სოფელი ნამდვილად ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს", − თამუნა კერძაია.

ქართული ბიზნესისა და ქართველი ქალბატონების საერთაშორისო ეკონომიკურ აქტივობებში ინტეგრირებისთვის ქართული დიასპორა და უცხოეთში მომუშავე ქალებიც ჩაერთვებიან. თამუნას მნიშვნელოვანი გეგმები ამ მიმართულებითაც აქვს. La clinique-ის მართვის, კიდევ სხვა აქტიური საქმიანობებისა და ჩანაფიქრების განხორციელებაზე ზრუნვის პარალელურად, სწავლასაც არ წყვეტს. Henley Business school-ში სამაგისტრო საფეხურის გავლის პარალელურად, დამატებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება, საზოგადოებას კი არაერთ საინტერესო წამოწყებასა და პროექტს ჰპირდება.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი