You can be on Entrepreneur’s cover!

თანამშრომელთა სტიმულაციის 4 მთავარი ნაბიჯი, პროექტების დროულად დასასრულებლად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

მე მახსოვს ის დღეები, როდესაც ადრე ვფიქრობდი, რომ ძლიერი ხედვა და თავდაჯერებული საუბარი სრულიად საკმარისი იქნებოდა ჩემი თანამშრომლების მოტივაციისთვის, რომ მათ რაღაცისთვის მიეღწიათ. ამის მომდევნო დღეებიც მახსოვს, ჩემმა გუნდმა პროექტი დროულად ვერ დაასრულა. ან კიდევ ბოლოს და ბოლოს დაასრულა, მაგრამ სათანადო ხარისხის არ იყო. ამ ყველაფრის შემდეგ კი, მთელი პასუხისმგებლობა მე დამეკისრა.

როგორც 2018 წელს The Economist Intelligence Unit-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, უმაღლესი ხელმძღვანელობის, მენეჯერების და უმცროსი პერსონალის 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე ცუდი კომუნიკაცია შეფერხებებს იწვევს და პროექტების დროულად შესრულებას უშლის ხელს.

ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მისი მოგვარება შესაძლებელია. ქვემოთ ოთხ ნაბიჯს გაეცნობით, რომელთა დახმარებით თანამშრომლებთან ურთიერთობებსაც გააუმჯობესებთ და მათ მოტივაციასაც შეძლებთ, რომ დადგენილ ვადებში დაასრულონ თავიანთი პროექტები.

1.სრული ინფორმაცია მიაწოდეთ პროექტის ამოცანების შესახებ და იმაშიც დარწმუნდით, რომ მათთვის ყველაფერი გასაგებია

შესაძლოა თანამშრომლისთვის არც ისე ადვილია დახმარების თხოვნა. მახსოვს მაგალითები, როდესაც გუნდის წევრებს პროექტის მასშტაბები ავუხსენი, ისინი თავს მიქნევდნენ იმის ნიშნად, რომ ყველაფერი გაიგეს. შეხვედრიდან დარწმუნებული მივდიოდი, რომ სამუშაო დროულად დასრულდებოდა, და ისე როგორც მე მსურდა. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ხშირად ეს თავის დაქნევა იმის ნიშანი იყო, რომ ისინი ვერ ბედავდნენ დახმარება ან განმარტება ეთხოვათ.

მაგალითად, ერთხელ თანამშრომელს ადგილობრივ რესტორნებთან და ორგანიზაციებთან დაკავშირება ვთხოვე, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებულიყვნენ ჩვენი კომპანიის საინფორმაციო ბიულეტენის დასპონსორებით, რაც შემდეგში დამატებით ფულად ნაკადებს მოგვიტანდა და საზოგადოებაში ჩართვის შესაძლებლობასაც მოგცემდა.

ერთი კვირის შემდეგ ვიკითხე, როგორ გაართვა თავი დავალებას ამ თანამშრომელმა და ის დაბნეული მომეჩვენა. მან მითხრა, რომ ჯერ კიდევ არაფერი ჰქონდა გაკეთებული, ელოდა, როდის გაიგებდა ზუსტად, ვისთვის მიემართა და რა ეთქვა, მე კი იმედი მქონდა, რომ ის ამ ყველაფერს თვითონ გაარკვევდა. მე ეს პირდაპირ არ მითქვამს, მან კი არასწორად გაიგო დავალება და არაფერი გააკეთა. მე ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ მას ვერაფერს დავაბრალებდი.

როდესაც რაღაცას სთხოვთ თანამშრომლებს, უზომოდ მნიშვნელოვანია, მათ ბოლომდე გაიგონ, რას ელოდებით მათგან, სამუშაოს შესრულების ვადებით დაწყებული, მისი არსით და სამუშაოსადმი იმ შემოქმედებითი მიდგომით დამთავრებული. რომელიც მათ უნდა გამოიჩინონ. ხაზგასმით უთხარით, რომ მათ აუცილებლად უნდა დაგისვან შეკითხვები, რომ რაიმე გაურკვეველი არ დარჩეს. შესაძლოა იფიქროთ, რომ რაღაც ისეთის განმარტებას ცდილობთ, რაც ისედაც ნათელია, მაგრამ იცოდეთ, რომ დამატებითი ძალისხმევის გამოჩენა ნამდვილად ღირს.

2. აქტიური მონაწილეობა მიიღეთ პროექტში

საკმაოდ ძნელია საკუთარი თავის ან სხვების მოტივირება, რომ ისეთ საკითხზე შეძლონ მუშაობა, რომელიც პირადად მათთვის არც მნიშვნელოვანია და არც საინტერესო.

ამას ადასტურებს 2017 წელს Harvard Business Review-ში გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორებიც არიან ორგანიზაციული ფსიქოლოგი ლუის გერადი და ბიზნეს ფსიქოლოგიის მასწავლებელი თომას ჩამორო-პრემუზიჩი. „კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯილდოები, როგორიცაა მაგალითად, ფული, ნაკლებ ეხმარება ადამიანებს დემორალიზებისგან დაცვაში ან მოსაწყენი ამოცანების შესრულებაში. ფსიქოლოგებმა უჩვენეს, რომ იმ დროს როდესაც რთული ამოცანის შესრულება შესაძლოა საინტერესო იყოს და ამ დროს მოტივაციას იძლეოდეს, მაგრამ დამღლელი და მოსაწყენი სამუშაო ადამიანს ყველაფრის მიუხედავად ფიტავს", – წერენ ისინი.

სხვადასხვა ადამიანებისთვის მამოძრავებელი ძალა სხვადასხვაა, მაგრამ აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რას აფასებენ თქვენი თანამშრომლები, უნდა ჰკითხოთ, რა აზრის არიან პროექტზე და ეს ყველაფერი სწორ გზაზე დაგაყენებთ.

როდესაც თანამშრომლებს გეგმა წარვუდგინე და საქმიანობის დაწყებამდე აზრის გამოთქმა ვთხოვე, გაცილებით უკეთესი შედეგები მივიღე. ჩემი თანამშრომლები იმასაც გრძნობენ, რომ მათ აფასებენ და უსმენენ და ამავე დროს, ხშირად სასარგებლო იდეები და წინადადებები უჩნდებათ, რომლებსაც ადრე არც განვიხილავდი. ამით ისინი გაცილებით აქტიურ მონაწილეობას იღებენ პროექტში და საკუთრების გრძნობაც უჩნდებათ, რადგან ეს უკვე მათი საკუთარი იდეების ასახვაცაა.

3. პერიოდულად შეამოწმეთ

როდესაც თანამშრომლებს უზიარებთ, რა მოლოდინები გაქვთ და ისინი უფრო მეტ დაინტერესებას იჩენენ. შემდეგი ნაბიჯი, მთელი პროცესის განმავლობაში მათი რეგულარული შემოწმებაა. ეს ადასტურებს რამდენად დაინტერესებული ხართ პროექტით და რამდენად ჩართული ხართ ყოველ ეტაპზე, და ეს ასევე შესაძლებლობას გაძლევთ დასრულებამდე აკონტროლოთ დეტალები, თუმცა, არ დაივიწყოთ რომ მიკრომართვას თავი უნდა აარიდოთ.

თუ ვინმე რაღაცას არასწორად აკეთებს, უკეთესია ეს პროექტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოვლინდეს და არა მისი დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, პროექტის შესრულების რეგულარული გაკონტროლება თანამშრომლებისგან პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს. სკოლის დრო გაიხსენეთ, როდესაც ესსეზე მუშაობის დაწყებას რაც შეიძლება შორს დებდით ან კიდევ, ბოლო წუთას იწყებდით გამოცდებისთვის მზადებას. თუ თანამშრომლებს შეამოწმებთ, სამუშაოები აღარ გაჭიანურდება და თქვენი პროექტი სათანადო ტემპით წავა წინ.

4. თქვენი მოსაზრებები კონსტრუქციული გზით გააცანით

მე აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის როდესაც თანამშრომლებთან კონსტრუქციულად გამოვთქვამდი ჩემს აზრს იმ სამუშაოზე, რომელსაც ისინი მიჩვენებდნენ, ვხედავდი, რომ შემდეგი შეხვედრისას ისინი გაცილებით უკეთ იყვნენ მომზადებულნი.

როგორც HBR-ში გამოქვეყნებულ ზემოხსენებულ სტატიაშია ლაპარაკი, რთული სამუშაო შესაძლოა უზომოდ საინტერესო იყოს, და საინტერესო სამუშაო თავისთავად რთულად შესასრულებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ პროგრესისთვის ყოველთვის არსებობს შესაძლებლობები. მთელი პროექტის განმავლობაში თანამშრომლების მხარდაჭერა, მათ სწავლასა და სრულყოფაში ეხმარება. საბოლოო შედეგი - გაცილებით ბედნიერი თანამშრომლები არიან, რომლებიც თავინთი ზრდით ამაყობენ და ამასთან ერთად, გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქტით.

ყველაფერი ეს ერთი შეხედვით შეიძლება მეტისმეტად მარტივი ჩანდეს, მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ ნორმალურ ურთიერთობას თანამშრომლებთან დიდი მნიშვნელობა აქვს წარმატების მისაღწევად, როგორც თქვენთვის, ისე თქვენი თანამშრომლებისთვის.

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე