ბიზნესი VS კორონავირუსი - თეონა შალამბერიძე (რომპეტროლ საქართველო) "ყველა კომპანიამ უნდა გამოიყენოს ეს კრიზისული პერიოდი იმისთვის, რომ კრიზისი შესაძლებლობად აქციოს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

Covid-19 ვირუსის გავრცელებამ მსოფლიოში ბიზნესის უკლებლივ ყველა სფეროზე მოახდინა უარყოფითი გავლენა, მათ შორის, გამორჩეულად დიდი დარტყმა ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაზე მოდის. ამ სფეროში მომუშავე ბევრი კომპანია, მსოფლიო მასშტაბით, იძულებული გახდა ფიზიკური საქმიანობა შეეჩერებინა, რამაც გავლენა მოახდინა წარმოებაზე, როგორც ნავთობის მოპოვების, ასევე გადამუშავების დონეზე.

ამ ვითარებაში „რომპეტროლ საქართველომ" შეზღუდვების ოფიციალურად დაწესებამდე მოახერხა, სწრაფად გადაწყობილიყო ახალ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, თებერვალში, მსოფლიო მასშტაბით „რომპეტროლის" ყველა ფილიალში შეიქმნა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელმაც სწრაფად შეიმუშავა და მარტის დასაწყისშივე ჩაუშვა გასახორციელებლად კრიზისული გეგმა, რაც მიზნად ისახავდა საქმიანობის უწყვეტობის პარალელურად, დასაქმებულების, მათი ოჯახებისა და მომხმარებლების დაცულობასა და უსაფრთხოებას.

სწორედ ამ გეგმის ფარგლებში, „რომპეტროლ საქართველოს" სათაო ოფისი სრულად გადავიდა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე და ავტოგასამართ სადგურებსა და ბაზებზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ნორმები უმოკლეს დროში დაინერგა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კომპანიაში დიჯიტალიზაციის დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქართულ ბაზარზე, რამაც განაპირობა ახალ სამუშაო რეჟიმზე უმოკლეს დროში გადაწყობა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, თუმცა პანდემიის პერიოდში კომპანიამ უფრო ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო უსაფრთხოების ნორმების გატარება.

იმის გათვალისწინებით, რომ ავტოგასამართ სადგურზე ჩვენს ჩამსხმელ ოპერატორებს მუდმივი კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან, ყველაზე დიდი გამოწვევა კომპანიისთვის, ნედლ ნავთობზე ფასის რეკორდული ვარდნის პარალელურად, მომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფა იყო − ჩვენი, როგორც კორპორაციული ასევე საცალო მომხმარებლებისთვის.

სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვების პერიოდში, ავტოგასამართი სადგურის ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ვერ ახერხებდა სამუშაო ადგილზე გამოსვლას, კომპანიამ სრულად შეუნარჩუნა ანაზღაურება.

ვირუსმა გვასწავლა, რომ კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქნილობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი და შეთანხმებულად მომუშავე გუნდი, რომელიც ერთი მიზნისთვის ერთიანდება − რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ გამოიყვანოს კომპანია ფორსმაჟორული სიტუაციიდან. ასევე, დაგვანახა, რომ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა სულაც არ აფერხებს მუშაობის პროცესს, პირიქით − ელექტრონულად წარმოებულმა პროცესებმა უფრო დააჩქარა დავალებების დასრულების ვადები.

თავდაპირველად, ყველასათვის დიდი სტრესი და გამოწვევა იყო პანდემია და მასთან დაკავშირებული ცვლილებები. თუმცა, შევქმენით უამრავი დამხმარე სახელმძღვანელო ჩვენი გუნდისათვის, რაც ძალიან ეფექტური გამოდგა, რომ მალევე გაგვეთავისებინა როგორც ვირუსის საფრთხეები, ისე მისი პრევენციის ეფექტური გზები. გარდა ამისა, შევქმენით დისტანციურად მუშაობის სახელმძღვანელო, რაც ასევე ძალიან დაგვეხმარა. თუ პანდემიის დასაწყისში კოლეგათა ნაწილს უწევდა ელექტრონულ სისტემებში საქმის აქტიური წარმოება, დღეს ოფისის თანამშრომელთა უკლებლივ ყველა წარმომადგენელი თავისუფლად ფლობს თითოეულ იმ ინსტრუმენტს, რაც დისტანციურად ეფექტურად და უწყვეტად მუშაობისათვის არის აუცილებელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რაც ბიზნესს ამ რთულ ვითარებაში აკისრია, ვფიქრობ, არის პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი, რომელიც გამოიხატება ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაციის პირნათლად შესრულებაში და შესაბამისად, როგორც მისი მომხმარებლების, ასევე თანამშრომლებისა და მათი ოჯახების ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ხელშეწყობაში. ვფიქრობ, ყველა კომპანიამ უნდა გამოიყენოს ეს კრიზისული პერიოდი იმისთვის, რომ კრიზისი შესაძლებლობად აქციოს − გადააფასონ ბიზნესმოდელები, დანერგონ ახალი, ან დახვეწონ არსებული ელექტრონული მომსახურებები, შექმნან ისეთი ალტერნატიული სერვისები და პროდუქტები, რაც ხელს შეუწყობს კომპანიებს ნაკლებად იზარალონ კრიზისულ პერიოდში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული