You can be on Entrepreneur’s cover!

ლებრონ ჯეიმსის 5 გაკვეთილი დიდ მიზნებზე და დამტკიცება იმისა, რომ სკეპტიკოსები ცდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Tampa Bay Times

ლებრონ ჯეიმსის ტიტულების ჩამოთვლა ადვილი არ არის, Forbes-ის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად აღიარეს NBA-ში, NBA- ს სამგზის ჩემპიონია, 15 სეზონის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ყველა ვარსკვლავის მატჩებში, ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა, სამჯერ აღიარეს ყველაზე ფასეულ მოთამაშედ და ა.შ. ახლა 34 წლის ჯეიმსი Los Angeles Lakers-ში 20 წელიწადს გადაცილებულ თანაგუნდელებს შორის თამაშობს, ეს ისტორია კი, მის Cleveland Cavaliers-ის პერიოდს უკავშირდება, რამდენიმე წლის წინანდელ ამბებს, მძიმე გაკვეთილებს, რომლებიც თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელების ძლიერ გუნდად ჩამოყალიბებისას ისწავლა. მისი მინიშნებების მიხვედრა ჩვენც უნდა ვცადოთ და ეს ყველაფერი ჩვენს კარიერას უნდა მივუსადაგოთ.

NBA-ს ფინალებს და ახალი ჩემპიონის გამოჩენას ყოველ წელს მოუთმენლად ველოდი, და რადგან სან-ფრანცისკოში ვცხოვრობ, ყოველთვის Golden State Warriors– ის გულშემატკივარი ვიყავი. მაგრამ 2016 წელს ტიტულის მფლობელი სრულიად მოულოდნელად Cleveland Cavaliers გახდა, და იძულებული გავხდი მეღიარებინა, რომ ეს გუნდი ნამდვილად იმსახურებდა ჩემპიონობას.

ფინალის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია, Golden State Warriors-ის მწვრთნელის, სტივ კერის სტილი მომწონდა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ლებრონ ჯეიმსსაც მივაგო სათანადო პატივი და იმაზეც გავამახვილო ყურადღება, რა გაკვეთილის მიღება შეიძლება მისი საგმირო საქმეებიდან. თუ კერი თავშეკავებული მწვრთნელის ერთ-ერთი მაგალითია, ლებრონი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ თამამი, გაბედული და ნიჭიერი ახალგაზრდების უნარები, და როგორ აქციოთ ისინი მძლავრ ლიდერულ თვისებებებად, რომლებიც პატივისცემას იმსახურებს საზოგადოებაში.

ლებრონ ჯეიმსის ისტორია ყველამ ვიცით. კალათბურთელისა, რომელმაც Cleveland Cavaliers-ის 2010 წელს შეაქცია ზურგი, საკაბელო სპორტულ არხზე, ESPN-ზე ყველას გასაგონად გამოაცხადა, რომ Miami Heat - ში იწყებდა თამაშს, რისთვისაც მწვავედ გააკრიტიკეს. გადავიდა კიდევაც და ორი ჩემპიონატიც მოიგო, და იმდენ ხანს მართავდა იქაურობას, რამდენ ხანსაც სურდა. მეფე ჯეიმსმა 2014 წელს მოისურვა დაბრუნება და Cleveland Cavaliers-ის იმ დაპირებით დაუბრუნდა, რომ ქალაქს NBA-ს ჯილდოს მოუტანდა.

ლებრონს დამპყრობელივით ამაყად შეეძლო ქალაქში შესვლა, მაგრამ აქ არყოფნისას მასში რაღაც მნიშვნელოვანი შინაგანი ცვლილება მოხდა. ბიჭურ ყოყლოჩინობასა და ქედმაღლობას, სხვა თვისებები ჩაენაცვლა - ყველაფერს უკვირდებოდა და გადაწყვეტილებაც ჰქონდა მიღებული, ამჯერად, ყველაფერი განსხვავებულად გაეკეთებინა. ამით, ლებრონი კიდევ ერთ კაშკაშა ვარსკვლავს, ჩოგბურთის პროფესიონალს, ანდრე აგასის მაგონებს, რომელიც ადრიანად დაფრთიანდა, თავისი უმწიფარი წლები როგორღაც გადაიტანა და საკუთარი ნიჭის წყალობით, კარიერაში კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს, მოგვიანებით მიაღწია.

1. თამაშის დასრულებამდე, დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ

Cleveland-მა ჩემპიონატის პირველივე მატჩი წააგო და მეორისთვის ფორმაში ჩადგომა ვერ მოახერხა, სპორტულმა ანალიტიკოსებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ამ გუნდის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ვარაუდობდნენ, რომ Warriors იმას შეძლებდა, რაც არასოდეს მოუხერხებია და სეზონს გამარჯვებით დაასრულებდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე იქნებოდა Cleveland-ის მდგომარეობა, არც არავის გაუკვირდებოდა ამ ფონზე ლებრონს რომ მხრები ჩამოეყრა, მაგრამ კრიტიკოსებს გამარჯვებაზე უკეთ ვერაფერი გააჩუმებს. ლებრონმა თავისი გაიტანა და სკეპტიკოსებს დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ.

თუ თქვენს ბიზნესს ხშირად აკრიტიკებენ და კომენტარებს არ იშურებენ, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ გარკვეულ მდგომარეობას მიაღწიეთ. ენერგიის კრიტიკოსებზე დახარჯვის ნაცვლად, პრინციპებს არ უღალატოთ და გეგმებს გაბედულად მიჰყევით.

2. უნდა გქონდეთ მისია, რომელიც აზრს შესძენს თქვენს სამუშაოს

ლებრონ ჯეიმსმა თავისი დიდი კარიერა Cleveland Cavaliers-ში დაიწყო და ამან უბიძგა ამ ქალაქში დაბრუნებულიყო, და გუნდისთვისაც და ქალაქისთვისაც რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა. მართალია, მაიამიში ჩემპიონატზე წარმატებას მიაღწია, მაგრამ კლივლენდში წარმატება, მისთვის რაღაც განსაკუთრებული იქნებოდა. ლებრონს ნამდვილად შესტკიოდა გული კლივლენდის საბრალო გულშემატკივრებზე, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათი ქალაქი „დაწყევლილი" იყო, რადგან 1966 წლიდან აქ სპორტული ჩემპიონატები აღარ ტარდებოდა. მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მთელ კლივლენდს საზეიმოდ დაპირდა, რომ ჩემპიონობას მოუტანდა. ბიზნესშიც ასევე მნიშვნელოვანია მისია, რომელიც თქვენს სამუშაოს აზრს შესძენს და იმასაც შეგახსენებთ, თუ ვისთვის ასრულებთ ამ სამუშაოს.

3. გამოიცანით, როდის უნდა შეცვალოთ თამაშის გეგმა

კლივლენდის გამარჯვებას ჩემპიონატის მეშვიდე მატჩში სპორტულმა მიმომხილველებმა "გუნდის ყველაზე მოულოდნელი დაბრუნება უწოდეს, NBA-ს ისტორიაში". მაგრამ იმაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა, თუ რამ განაპირობა ეს გამარჯვება, გუნდმა თამაშებს გადახედა და მეშვიდე მატჩის სტრატეგია შეადგინა, რომელმაც მდგომარეობა მთლიანად შეცვალა. სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი ვარ და ყურმოკვრით კი არა, საკუთარ მაგალითზე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია პრობლემების გადაჭრის უნარი, შეცვლილი ვითარების საპასუხოდ სწრაფი მოქმედება და კომპანიის მიმართულების შეცვლა. საბოლოოდ Cleveland Cavaliers-მა გაიმარჯვა, ხოლო Warriors კი დარწმუნდა, რომ ძველი წარმატებები, მომავლის წარმატებების გარანტიას არ ქმნის.

4. მარტო ყველაფერს ვერ შეძლებთ

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერი პიროვნება ხართ და როგორი ლიდერული თვისებები გაქვთ, საიმედო თანაგუნდელების გარეშე ამბიციურ მიზნებს ვერ მიაღწევთ. ლებრონს ყველაზე ფასეული კალათბურთელის ტიტული მიანიჭეს, მაგრამ თამაშის გმირად კირი ირვინგი აღიარეს, მან მატჩის დამთავრებამდე 53 წამით ადრე სამქულიანი ბურთი ჩაადო და Golden State Warriors დაამარცხა, გუნდს ჩემპიონატში გამარჯვება მოუტანა. როდესაც ლებრონი კლივლენდში დაბრუნებაზე ფიქრობდა, გონებაში ირვინგი ჰყავდა, მის ნიჭსა და დიდ პოტენციალს აფასებდა, და იცოდა, რომ საზეიმოდ დადებული სიტყვის შესასრულებლად კარგი გუნდი უნდა შეეკრა. სწორედ ასეა ნებისმიერ სხვა სამსახურშიც, მთელი გუნდი ერთად გაცილებით ბევრს შეძლებს, ვიდრე ცალ-ცალკე მოახერხებდა.

5. წინასწარ განჭვრიტეთ სავარაუდო შედეგები

თქვენი მოგზაურობის თითოეული ნაბიჯი თქვენს მიზანს უნდა შეესაბამებოდეს. როდესაც ლებრონმა გამოაცხადა, რომ Cleveland Cavaliers-ში დაბრუნება გადაწყვიტა, უმრავლესობა, სრულიად გასაგები მიზეზებით, სკეპტიკურად შეხვდა მის გამოსვლას. ზოგს მისი მოტივები დამაჯერებელად არ მოეჩვენა, მაგრამ ლებრონმა დაამტკიცა, რომ გაცილებით მეტის მიღწევა სურდა, Miami Heat-ის გამარჯვებები მისთვის საკმარისი არ იყო, და ვერ დამშვიდდებოდა, ვიდრე Cleveland -ისთვის ყველაფერს არ გააკეთებდა.

ბიზნეს ლიდერებს განსაკუთრებული გამჭრიახობა მოეთხოვებათ, წინასწარ უნდა განჭვრიტონ როგორც საკუთარი, ისე თავიანთი კომპანიების მომავალი. გზად შესაძლოა მარშრუტი შეიცვალოს, მაგრამ თუ გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი არ წაგიძღვათ წინ, სავარაუდოდ, დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე ვერ მიაღწევთ.

Golden State Warriors-მა, ზედიზედ ორი ფინალში გამარჯვების ნაცვლად, სეზონებს შორის დარჩენილი დრო მთლიანად ამ სერიების შესწავლაში გაატარა და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან სწორედ ასე იქცევიან ეფექტური გუნდები წარუმატებლობების შემდეგ, ისინი არც სხვებს ადანაშაულებენ და არც თავის მართლებას ცდილობენ. ისინი სერიოზულად კიდებენ საქმეს ხელს და სწორ გზას უბრუნდებიან. ლებრონმა თავისი სიტყვა შეასრულა, Cavaliers და კლივენდელებს ჩემპიონობა მოუტანა, 2018 წელს კი ამ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და Los Angeles Lakers-ში გადაინაცვლა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან