You can be on Entrepreneur’s cover!

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად! Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლაშა ღუღუნიშვილი

ყველა ვთანხმდებით, რომ დღეს, სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იქცეს საქართველოს ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად! ისე, როგორც ეს მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ და ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებშია, სადაც კომპანიათა საერთო რაოდენობის საშუალოდ 95% სწორედ მცირე და საშუალო ზომის ფირმებზე მოდის, რომლებიც, თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების თითქმის ორ მესამედს, უფრო კონკრეტულად, 64%-ს, ქმნიან (წყარო: ამერიკის შეერთებული შტატების მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია).

საქართველოში კი...

ეს მოწყენილი სამი წერტილი კვლავ სამწერტილად რომ არ დარჩეს და საქართველოსაც ჰქონდეს ისეთი ეკონომიკა, რომლის აქტივობის ნახევარზე მეტს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი შექმნის, ახალგაზრდა ქართველმა ანტრეპრენერმა ნიკოლოზ ფოფხაძემ გუნდთან ერთად მიზნად ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში ქართველი მეწარმეების დახმარება დაისახა. ამ დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ ბევრია საკეთებელი, თუმცა პირველ ეტაპზე, ეფექტიანობის გასაზრდელად, მათ უპირველესად ცოდნა და ტექნოლოგიები აკლდათ, რისი აუცილებლობაც იდგა და შედეგად, საქართველოს ბაზრისთვის სრულიად უნიკალური, ტექნოლოგიური პლატფორმა შექმნა.

„საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს ყველაზე მეტად თანამედროვე ცოდნა და ტექნოლოგიები აკლია. ამ თვალსაზრისით, ისინი საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან. განვითარებისთვის კი ეს ორი რამ აუცილებლად სჭირდებათ. არაერთ ქვეყანაში ეს სეგმენტი სხვადასხვა შეღავათით სარგებლობს როგორც საგადასახადო კუთხით, ასევე დაარსებიდან პირველი წლების განმავლობაში. მათ მიმართ არის მიდგომა, როგორც სტარტაპისადმი, რათა პირველი შემოსავლები ისევ საქმიანობის გასავითარებლად გამოიყენონ. ჩვენთან კი, მცირე და საშუალო ბიზნესები აბსოლუტურად თანაბარ პირობებში არიან. ვფიქრობ, ამ სფეროს მიმართ დამოკიდებულებაშიც არის პრობლემა. ხშირად ხდება, რომ მაღაზიის ფლობას არ აღიქვამენ როგორც ბიზნესს, არამედ ეს თვითდასაქმების და შემოსავლის შექმნის შესაძლებლობაა, რომელიც თავის გატანასთან უფრო ასოცირდება ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ბიზნესთან. შესაბამისად, უფრო ფრთხილი და ინერტული მიდგომაც კი აქვთ, მის გაფართოება-განვითარებაზე ნაკლებად ზრუნავენ და ამ მხრივ არც გარემო-პირობები უწყობთ ხელს. არადა, ამ საქმიანობას უდიდესი ბიზნესპოტენციალი აქვს. რეალურად, დასაქმების კუთხით, ეს ყველაზე ფართო სეგმენტია და შემოსავლების თვალსაზრისითაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაში უმსხვილეს შემომტანად იქცეს", − საკუთარ ხედვას დამწყები ბიზნესის დახმარების იდეით დამუხტული ნიკოლოზ ფოფხაძე გვიზიარებს.

მისი აზრით, ამ სფეროში მეტი ციფრული ელემენტის შეტანაა საჭირო: „დღევანდელ რეალობაში ძალზე მნიშვნელოვანია ბიზნესების გაციფრულება, სრული ხედვა, ანალიზი და გაზომვადობა. თუ ვერ ზომავ შენს ბიზნესს და ზედმიწევნით ვერ აფასებ მის საოპერაციო ნაწილს, ვერც შედეგების გაუმჯობესებაზე იქნები ფოკუსირებული, რაც განვითარების უტყუარი გზა და წინაპირობაა. აქამდე მცირე ბიზნესს, ბაზრის მსხვილი მოთამაშეებისგან განსხვავებით, არ ჰქონდა ფუფუნება, რომ პროგრამული უზრუნველყოფით ესარგებლა. ჩვენ არაერთი დეტალური კვლევა მივუძღვენით ამ საკითხს, სადაც ნათლად გამოჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებული სირთულეები. დეტალურად შევისწავლეთ ყველა ტიპის ბიზნესი და ჩვენი პროდუქტი სწორედ მათ საჭიროებებს მივუსადაგეთ, გავითვალისწინეთ ისეთი საკითხებიც, რომელსაც ვერცერთი მსგავსი ციფრული ხელსაწყო მათ ვერ სთავაზობდა. მაგალითად, ავტომატიზაცია მაღაზიასა და დისტრიბუტორს შორის, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მაღაზიას ყოველთვის ექნება საჭირო პროდუქტი საჭირო რაოდენობით თავის საწყობში. ინფორმაცია საჭირო პროდუქტის შესახებ კი მუდმივად ორმხრივად გაიცვლება. არიან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის დაკვირვებისა და მონაცემთა გაანალიზების ძალიან კარგი უნარი აქვთ, თუმცა პროგრამა ამას გაცილებით სწრაფად გაუკეთებს, თუნდაც შეხსენების სახით და დროის მნიშვნელოვან რესურსს დაუზოგავს, რაც მათივე ბიზნესს მოხმარდება".

ნიკა ფოფხაძემ, შეიძლება ითქვას, მცირე და საშუალო ბიზნესის გადარჩენისა და განვითარების მისია საკუთარ თავზე აიღო, რასაც პირადი გამოცდილება უძღოდა. გვიყვება, თუ როგორ აღმოჩნდა ერთხელად იმ მწარე რეალობის წინაშე, როდესაც უბანში გახსნილი მსხვილი მარკეტი გახდა მიზეზი იმისა, რომ გარშემო არსებული პატარ-პატარა მაღაზიები დაკეტილიყო. ამ მცირე ბიზნესების უკან იყვნენ მისი დიდი ხნის ნაცნობი და ახლობელი ადამიანები, მისი უბნელები და მეზობლები, რომლებსაც არანაირი იარაღი და ხელსაწყო არ ჰქონდათ ბაზრის დიდ მოთამაშეებთან კონკურენციაში ჩასაბმელად და ეს ხალხი დარჩა ერთადერთი შემოსავლის გარეშე. სწორედ ამ დროს გადაწყვიტა და მის გუნდთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი შექმნა, რომელიც ბიზნესპროცესებს ერთიან სივრცეში აქცევს და მენეჯმენტის ეფექტურობაზე ზრუნავს. Optimo ყველა სახის ბიზნესს ერგება. მის მომხმარებელთა რიგებში შეხვდებით როგორც სასურსათო, ასევე ზოო, ტექნიკისა და სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს.

ეკოსისტემის მთავარ პრინციპად ნიკა მისი ყველა მოთამაშის მიერ ერთმანეთის დახმარებას მიიჩნევს, რადგან ამ ჯაჭვში ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი რგოლია. ნიკას და მის თანამოაზრეებს ესმით, რომ ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად მთავარია გესმოდეს დამწყები მცირე მასშტაბის ბიზნესის საჭიროება და მათთვის ისეთივე რესურსები გახადო ხელმისაწვდომი, როგორიც დიდ ბიზნესს აქვს. დახმარება ხომ დიდსა და გამოცდილზე მეტად სწორედ პატარასა და დამწყებს სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, Optimo-მ, მისი ძირითადი საქმიანობის მიღმა, უფრო გლობალურად დაიწყო ფიქრი მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებსა და ხელშეწყობაზე. დაიწყო აქტიური მუშაობა დამატებითი ღირებულებების შესაქმნელად, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სასიცოცხლო ციკლს გაუხანგრძლივებდა, მისცემდა მათ მაქსიმალურად ბევრ შესაძლებლობას, ბაზრის გიგანტებთან კონკურენციისთვის.

შედეგად, დაიწყო აქტიური პარტნიორობა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან, რამაც შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ „ოპტიმოში" ჩართული ყველა ბიზნესი ერთი დიდი ქსელის ქვეშ გაერთიანებულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პატარა უბნის მაღაზიაც შეძლებს ისეთივე შეღავათიანი ფასებით ისარგებლოს შესყიდვისას, როგორც ბაზრის დიდი მოთამაშეების შემთხვევაში ხდება, რადგან ის უკვე ცალკე მდგარი მცირე ბიზნესი აღარაა და დიდი ქსელის ნაწილია, ისევე, როგორც Optimo-ში ჩართული ნებისმიერი სხვა ბიზნესი. კომპანია გაჩერებას არ აპირებს და განვითარებისა და პარტნიორების შემომატების დიდი გეგმები აქვს. მათ შორის სადაზღვევო კომპანიების ჩართვის, რომელიც მათთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ერთიან ციფრულ სისტემაში თანამშრომლობას ორმხრივად სასარგებლო პროცესად აქცევს. ეს კი, მხოლოდ დასაწყისია...

გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს, რომ Optimo მუდმივად განვითარებად, ცოცხალ და მხარდამჭერ მექანიზმს წარმოადგენდეს ბიზნესისთვის, რათა მათ არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს ეფექტიანად პასუხობდეს. ამისთვის მუდმივად უსმენენ მომხმარებლებს და მიღებულ უკუკავშირს გაუმჯობესებულ ფუნქციონალებში ასახავენ. Optimo-ს მისიაა ხელმისაწვდომობა და სიმარტივე, შესაბამისად, ამ პრინციპებს უცვლელად და მკაცრად იცავენ, რათა პროგრამის სიმარტივით, ბიზნესს მაქსიმალურად ბევრი დრო და ენერგია შეუნარჩუნონ განვითარებაზე ზრუნვისთვის.

„ჩვენს მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ. მუდმივად ვეხმარებით და ვაწვდით ცოდნას, თუ როგორ მართონ უკეთ. უწყვეტი მომსახურება Optimo-ს ერთ- ერთი გამორჩეული მახასიათებელია. ტექნოლოგიებს კი, რომელსაც მათ ვახმართ, ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და ეს უპირატესობები აუცილებლად გამოსაყენებელია. რეალურად, ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს ვთავაზობთ ახალ ინსტრუმენტებს, რომლითაც შეუძლია უკეთ მიხვდეს, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს. ამისთვის კი რვეული ნამდვილად არ გამოდგება", − ურჩევს დამწყებ ბიზნესებს ნიკოლოზ ფოფხაძე.

პროგრამა ბიზნესის მესაკუთრეს სიღრმისეულ ხედვაში ეხმარება და პირდაპირ მზა ანალიტიკას აწვდის, რაც მას შემდგომ ნაბიჯებს უადვილებს. მაგალითად, თუ რომელ პროდუქტს ან ნაკრებს ყიდულობს მომხმარებელი ყველაზე ხშირად. შესაბამისად, ბიზნესი ხვდება, როგორ უნდა განალაგოს პროდუქცია დახლებზე, რათა გაყიდვის მაჩვენებლები გაიზარდოს.

„Optimo-ში თავი მოვუყარეთ სრულიად განსხვავებული კომპეტენციის და ამავდროულად, უნიკალური გამოცდილების მქონე ადამიანებს. პროფესიონალთა ეს გუნდი ყოველდღიურად ინოვაციებზეა ორიენტირებული და ჩართულია ყველა იმ ახალი გამოწვევის დაძლევაში, რაც შეიძლება ბაზარზე უეცრად გაჩნდეს. Optimo-ს თითოეული თანამშრომელი, პრობლემას და გამოწვევებს სხვადასხვა პერსპექტივიდან უყურებს და შესაბამისად, ქმნის უნიკალურ და მუდმივად გაუმჯობესებად პროდუქტს. ჩვენი პროგრამის შემთხვევაში, ბიზნესი კი არ ერგება მოდულს, პირიქით − ჩვენ ვარგებთ საკუთარ მოდულებს ბიზნესის თითოეულ საჭიროებასა და მოთხოვნას", − გვიხსნის ნიკა.

ახალი გამოწვევებისა და საზოგადოებისთვის ძალზე დროული და საჭირო შეთავაზების ხაზს კომპანიის კიდევ ერთი სიახლე − „ადაპტერი" აგრძელებს, რომელიც გუნდის სულისკვეთებას გამოხატავს.

„ადაპტერი COVID-19 პანდემიის დაწყებისთანავე შეიქმნა, იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომ უამრავი ბიზნესი იძულებული იყო დახურულიყო, რადგან შეეზღუდათ ფიზიკური წვდომა მომხმარებელთან. ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავდით ყველა იმ სირთულეს, რომელიც ცალკეული და მით უფრო მცირე ბიზნესისთვის, ელექტრონულ კომერციაში გადასვლას ახლავს, განსაკუთრებით ისეთ მძიმე პერიოდში და შეზღუდულ ვადებში, როგორც ეს პანდემიის პერიოდი იყო. ამან ჩვენზეც იმოქმედა, რადგან დავინახეთ, რომ ბევრმა ბიზნესმა გადაწყვიტა უბრალოდ ოპერირება შეეჩერებინა. ბიზნესებს სასწრაფოდ სჭირდებოდათ ადაპტირება ახალ გარემოსთან. სწორედ ამიტომ შევქმენით Adapter.ge − ციფრული ადაპტირების პროგრამა, რომელიც „საქართველოს ბანკისა" და Extra.ge-ისთან პარტნიორობით გავუშვით.

„ადაპტერი" ძალიან ზუსტად და სწორად გადმოსცემს მთელი პროექტის არსს, თავს უყრის ყველა საჭირო მიმართულებას და საშუალებას აძლევს ბიზნესებს, რომ ყველაზე სწრაფ რეჟიმში გახსნან საკუთარი ბიზნესის ფილიალი ციფრულ სივრცეში. ამ შემთხვევაში, Optimo ეხმარება ბიზნესებს თავიანთი მარაგებისა და პროდუქტების აღწერასა და სწრაფად გაციფრულებაში, Extra.ge კი ზრუნავს ამ პროდუქტების გაყიდვასა და მომხმარებლამდე მიწოდებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით.

ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებზე ბიზნესის გადანაცვლება და მის სპეციფიკასთან ადაპტირება COVID- 19-ის პირობებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. Adapter. ge-ის პროექტის გაშვებიდან 880- ზე მეტმა ბიზნესმა თუ მეწარმემ მიმართა განაცხადებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უამრავი ბიზნესი ამ რთული პერიოდისთვის მზად არ იყო. აღნიშნული პროექტით ციფრული ადაპტირება კი ძალიან დროული და მეტიც − ერთადერთი გზა გახლდათ ბიზნესებისათვის, რათა საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურებების გაყიდვა არ შეეჩერებინათ. შესაბამისად, ბიზნესებმა ვაჭრობის გაციფრულების გარდაუვალი მნიშვნელობა ცალსახად დაინახეს. Adapter.ge კი Optimo-ს მომხმარებლებისთვის სწორედ ამ პროცესს ამარტივებს და დამატებითი ხარჯებისგანაც კი იცავს მათ.

Optimo-ში ჩართულ კომპანიას შეუძლია პროდუქცია ავტომატურად Extra.ge-ზე გაყიდოს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინ სავაჭრო მოლია. ისინი სწორედ „ადაპტერის" მეშვეობითაა ერთმანეთთან ინტეგრირებული, რაც არაერთ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. განსაკუთრებით კი, ფიზიკური და ციფრული მარაგების კონტროლისა თუ პროდუქციის რაოდენობის ერთიან სივრცეში ხილვადობა-მიკვლევადობის საკითხს, რაც ელექტრონულ კომერციაში ხშირად ყველაზე მტკივნეული თემაა. ეს უკმაყოფილო მომხმარებლების თავიდან აცილებისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

კომპანიას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის კიდევ არაერთი გეგმა აქვს. ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილებისა და Optimo-ს უკუკავშირის მექანიზმის შედეგად, საკმაოდ საინტერესო და ღირებული ცოდნა დაგროვდა, რომლის გამოყენებასაც ნიკოლოზ ფოფხაძე საკუთარ გუნდთან ერთად არაერთი ბიზნესპროცესის გასაუმჯობესებლად გეგმავს.

მცირე და საშუალო ბიზნესის გასაძლიერებლად კი, გარდა ტექნოლოგიური და პროგრამული უზრუნველყოფისა, უახლესი ცოდნაც არანაკლებ საჭიროა. მეტიც − ყველაფერი სწორედ ამ ცოდნიდან იწყება.

Optimo-ს გუნდს ეს კარგად ესმის. ამიტომაც მომავალში აქტივობებს საგანმანათლებლო მიმართულებით გეგმავს.

ბიზნესსკოლის კონცეფციით შექმნილი Optimo-ს ბიზნესსკოლა დამწყები და მცირე ბიზნესის სეგმენტის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო უახლეს ბიზნესცოდნასა და უნარების გაუმჯობესებას შესთავაზებს. მეორე მხრივ, ბიზნესსკოლა თავის თავზე აიღებს ამ სეგმენტისთვის საჭირო კადრის გადამზადებას. თანამედროვე გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით კი, შექმნის ღირებულ და კვალიფიციურ კადრებს ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის.

Optimo-მ არცთუ დიდი ხანია, რაც დაიწყო ახალი, CSR-მიმართულება და პარტნიორი დილერის ინსტიტუტს ამკვიდრებს. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, არაერთი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ, არიან სტუდენტები, რომლებიც დამატებითი შემოსავლის მიღების კუთხით დასაქმებას მომსახურების სფეროშიც ვეღარ ახერხებენ. მეორე მხრივ, არ არსებობს ერთიანი SME (Small & Medium Entreprise/მცირე და საშუალო საწარმო) ბაზა და ხშირად ბიზნესებისთვის ხმის მიწვდენა არც ისე მარტივია. Optimo ნებისმიერ მსურველს, განურჩევლად გამოცდილებისა, სთავაზობს, რომ ისინი მათ ერთგვარ ელჩებად იქცნენ და SME-სეგმენტისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაციის მიტანაში დაეხმარონ, სანაცვლოდ კი, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და სტაბილურ შემოსავალს სთავაზობს. დღეის მდგომარეობით, Optimo-ს ვებგვერდზე განაცხადის ფორმის შევსებით, არაერთი მსურველი დარეგისტრირდა. აქტიურად მიმდინარეობს მათთან გასაუბრებისა და ტრენინგის პროცესი, რის შემდეგაც Optimo-ს შესახებ ინფორმაცია და მისი ხელმისაწვდომობა მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზრდება.

ასევე, იგეგმება ქართული წარმოების მხარდამჭერი ნაბიჯებიც და ქართული პროდუქციის ციფრული კატალოგების შექმნა, რაც მწარმოებელსა და მაღაზიას ურთიერთობას გაუმარტივებს. კომპანიას სურს, ქართული პროდუქციის ტექნოლოგიური ქომაგი გახდეს და მაღაზიებს ქართული პროდუქციის საკუთარ დახლებსა და საწყობებში ფართო ასორტიმენტით განთავსებასა და გაყიდვაში დაეხმაროს.

მსგავსი მოტივირებული ადამიანებისა და მათ უკან მდგარი გუნდის ყველა ამ ნაბიჯითა და კომპლექსური მიდგომით კი, მცირე და საშუალო ბიზნესს ახალ შესაძლებლობებზე ეხსნება წვდომა, რომლის სწორად გამოყენების შემთხვევაში, როგორც ცალკეულ ბიზნესებს, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით გაუმჯობესებული მაჩვენებლების მიღწევა შეუძლია.

საბოლოოდ, Optimo მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის განვითარების უდიდესი შესაძლებლობა და პოტენციალია. ამ შესაძლებლობას კი ადამიანები ქმნიან, რომლებიც ამ პროექტსა და იდეას ზურგს უმაგრებენ. როგორც Apple-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ რეკლამაშია ნათქვამი, „ადამიანები, რომლებიც საკმარისად „გიჟები" არიან იმის დასაჯერებლად, რომ შეუძლიათ სამყარო შეცვალონ, არიან ისინი, ვინც მართლა ცვლიან მას". ნიკა ფოფხაძეს და Optimo-ს კი ბოლომდე სწამთ, რომ SME-ბიზნესში უდიდესი პოტენციალია, რომელსაც დახმარება და ხელშეწყობა სჭირდება, Optimo კი ზუსტად ის არის, რაც არა მხოლოდ ამ ბიზნესების განვითარებას დაეხმარება, არამედ მთლიანი ინდუსტრიისა და ეკონომიკის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მთავარია, ეს იდეა თავად ბიზნესის მფლობელებმაც ირწმუნონ, რისთვისაც ძალისხმევას მთელი Optimo-ს გუნდი არ იშურებს.

ბიზნესების Optimo-ზაცია დაწყებულია... დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე