The Founder: რატი კოტორაშვილი, Fitland

#thefounder
The Founder: რატი კოტორაშვილი, Fitland
ფოტო: entrepreneur.ge

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
3 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

განათლება: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი მენეჯმენტის მიმართულებით

თქვენი პირველი სამსახური და ხელფასი?

პირველად მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც, ძირითადად, მომხმარებელთან ურთიერთობა და პროდუქტის წარდგენა მევალებოდა. მნიშვნელოვანი აქ ის იყო, რომ შესაძლებლობა მქონდა გამერკვია, თუ რა სურდათ ადამიანებს, როგორ შეიძლებოდა სწორი კომუნიკაციის გზების მოძებნა. ამ საქმით 500 ლარს გამოვიმუშავებდი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის, თანაც უამრავი მეგობარი შევიძინე და ბევრი რამ ვისწავლე მათგან.

დაქირავებული მუშაობა თუ საკუთარი ბიზნესი? რატომ გადაწყვიტეთ თქვენი საქმის წამოწყება?
დაქირავებულად მუშაობა ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს, რაც გეხმარება კარიერულ განვითარებაში, ასევე შენი ბიზნესის მართვაში. საკუთარი საქმის დაწყებით კი ბევრად რთულ გზას ირჩევ, სადაც არ არსებობს სამუშაო საათები, შაბათ-კვირა და დღესასწაულები. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ აქ მაქსიმალურად შეგიძლია შენი იდეების რეალიზება. ის, რაც მიგაჩნია, რომ შესაძლებელია უკეთ გაკეთდეს, გამოასწორებ და შეცვლი უკეთესობისკენ. შეგიძლია შექმნა ის განსხვავებული გარემო, რომელიც სხვაგან გაკლდა და ფიქრობდი, რომ რაღაც მეტი უნდა ყოფილიყო. „ფიტლენდის“ შექმნის იდეაც ასე გაჩნდა − მინდოდა მეგობრული და მყუდრო გარემო, რომელსაც თავად ვეძებდი სპორტდარბაზებში.

შესაბამისად, დაქირავებულად მუშაობა ძალიან დიდ გამოცდილებას და განვითარების საშუალებას გაძლევს, თუმცა საკუთარი ბიზნესის შემთხვევაში ძალიან სწრაფად სწავლობ, იმიტომ, რომ უამრავ შეცდომას უშვებ და თავადვე გიწევს ამის გამოსწორება, უკეთესი გზების მოძებნა.

მოგვიყევით თქვენი ბიზნესის შესახებ...

„ფიტლენდი“ ფიტნესდარბაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ფიტნესს, კრივს, ზუმბას, აერობიკას და პერსონალური, სერტიფიცირებული მწვრთნელების მომსახურებას. დარბაზი პეკინის N5-ში მდებარეობს, სადაც მყუდრო და მეგობრული გარემოა, რათა მომხმარებელმა თავი დადებითად, მოტივირებულად იგრძნოს და ვარჯიშს, ჯანსაღ ცხოვრებას რამდენიმე საათი დაუთმოს, სადაც ასევე პროფესიონალები და უახლესი ტრენაჟორები დახვდება. თავად უკვე 10 წელია ვვარჯიშობ და ვიცი, რაოდენ მნიშვნელოვანია გარემო, რომელსაც ირჩევ სავარჯიშოდ. სწორედ ასეთი გარემოს შესაქმნელად გადავწყვიტე საკუთარი დარბაზი გამეხსნა.

ვიყო ბიზნესის დამფუძნებელი, ჩემთვის ნიშნავს:

  • ვიყო მიზანდასახული, რადგან უამრავი პრობლემა და დაბრკოლება იქნება გადასალახი და არ უნდა დავნებდე;
  • შევქმნა არსებულზე უკეთესი გარემო;
  • მუდმივი სწავლა და განვითარება – რესურსების ნაკლებობის გამო, ყველაფრის სწავლა და გაკეთება თავად მიწევს, რაც ძალიან მეხმარება განვითარებაში.

რა იყო პირველი დიდი სირთულე, რომელსაც შეეჯახეთ?

გამოწვევა იყო ის პერიოდი, როცა დავიწყეთ საქმიანობა, რადგან პანდემიიდან გამომდინარე, რთული აღმოჩნდა პროგნოზირება, თუ რამდენად შევძლებდით ფუნქციონირებას და მომხმარებელი როგორ მიიღებდა ახალ დარბაზს. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება გახსნაზე, თუმცა გადავწყვიტეთ, მაინც მიგვეცა შესაძლებლობა მომხმარებლისათვის, რომ ევარჯიშა, მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური მოვლენებისა. ჯანსაღი ცხოვრება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება.

რა არის თქვენი, როგორც დამფუძნებლის, მთავარი მოტივაცია?

ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც მოდიან და ძალიან დადებითად განწყობილი ტოვებენ დარბაზს. ასეთ დროს ხვდები, რომ რაც გააკეთე, მნიშვნელოვანია და კიდევ ძალიან ბევრის გაკეთება შეგიძლია. ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ასევე ჩვენი დარბაზის გუნდია – მამოძრავებელი ძალა, რადგან ისინი ქმნიან იმ გარემოს, რომელიც ასე ძალიან მინდა დახვდეს მომხმარებელს. რთულ პერიოდებში, როდესაც უამრავი პრობლემაა, სწორედ გუნდის და ერთობლივი შრომის შედეგად ვუმკლავდებით დაბრკოლებებს.

რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?

ვარჯიშია განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ჩემთვის, რადგან ვთავისუფლდები სტრესისგან და ახალი ენერგიით ვივსები.

რას ურჩევდით თქვენს თავს 7 წლის წინ?

ვურჩევდი, რომ მეტად გამომეყენებინა შესაძლებლობები, რომელიც გვხვდება გარშემო; ორიენტირებული ვყოფილიყავი სიახლეებზე, რადგან ზოგჯერ ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვხვდება, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ.

Latest on Entrepreneur