You can be on Entrepreneur’s cover!

4 მოძველებული წესი, რომელზეც ბიზნესის ნებისმიერმა მფლობელმა უნდა თქვას უარი მოგწონთ თუ არა თქვენ, ფაქტია, რომ უკვე ყველაფერი შეიცვალა. მუშაობის ტრადიციული "წესები" თითქმის აღარსად გამოიყენება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

AlphaGamma

მოგწონთ თუ არა თქვენ, ფაქტია, უკვე ყველაფერი შეიცვალა. მუშაობის ტრადიციული "წესები" თითქმის აღარსად გამოიყენება. ეს სიმართლეა, რომლის მოსმენაც ადვილი არ არის. ბევრ ჩვენგანს უამრავი მძიმე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ცვლილებების განხორციელება და ახალი მოვალეობების შესრულებაც გვიხდება, მაგრამ იმის გასაკეთებლად, რაც ჩვენი ბიზნესისთვის კარგია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გააზრება, რა იყო წარსულში და რა შეიცვალა მას შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ ცვლილებებს.

ძველი წესი: ტრადიციული სამუშაო საათები

ახალი წესი: აქტიური საათები

მრავალ ინდუსტრიაში დისტანციური მუშაობის რეჟიმის დანერგვამ ისეთი რყევები გამოიწვია, რომლისთვისაც, თუ გულახდილად ვიტყვით, ყველა არ იყო მზად. თუმცა, რადგან სახლიდან მუშაობის რეჟიმი დღესაც ცვლის ბიზნესის წარმოების წესს, ჩვენთვის, დამსაქმებლებისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მუშაობის მთლიან ფორმატს ვერ შევცვლით და ვერც იგივე წესებს შევინარჩუნებთ. "აი, ასე ვაკეთებდით ყოველთვის" - ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან გარემოებები შეიცვალა და უკვე დროა ბიზნესის მფლობელებიც მოერგონ ახალ რეალობას.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ტრადიციული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ოფიციალურად უკვე მკვდარია და ბიზნესის მფლობელებმაც რაღაც უნდა შეცვალონ. ვითარების გადახედვის ნუ შეგეშინდებათ მოძველებული ფორმატის შენარჩუნების ნაცვლად, რომელიც, მართალი გითხრათ, პროდუქტიულობისთვის კარგი არასდროს ყოფილა.

შეცვალეთ თქვენი ტრადიციული სამუშაო საათები წინასწარ განსაზღვრული "აქტიური საათებით", რომელიც თქვენთვის, თქვენი თანამშრომლებისა და თქვენი ბიზნესისთვის უკეთესი იქნება. ეს შეიძლება იყოს დღის 2 საათიდან 5-მდე ყოველდღე (ან დროის სხვა მონაკვეთი, რომელიც გამართლებული იქნება) და მხარი დაუჭირეთ თქვენს თანამშრომლებს, უზრუნველყავით, რომ ამ საათებში მათთან დაკავშირება იყოს შესაძლებელი და / ან მორიგეები იყვნენ.

არ დავიწყოთ, ყოველთვის ჰკითხეთ თქვენს თანამშრომლებს, რა იქნება მათთვის უკეთესი, და სულაც არ არის აუცილებელი, რომ თითოეულ თანამშრომელს ერთი და იგივე აქტიური საათები ჰქონდეს კვირის თითეულ დღეს. არ აქვს მნიშვნელობა, როდის მუშაობენ ისინი, დილის 5 საათიდან დილის 7-მდე, 13 საათიდან 15-მდე, თუ საღამოს 8 საათიდან 11-მდე. მთავარია სამუშაო შესრულდება თუ არა.

ძველი წესი: სტანდარტული 40-საათიანი სამუშაო კვირა

ახალი წესი: მოქნილი გრაფიკი

მე მომწონს ადამიანებისთვის შეხსენება, რომ რვასაათიანი სამუშაო დღე 200-ზე მეტი წლისაა. "რვასაათიანი მუშაობა, რვასაათიანი გართობა, რვასაათიანი დასვენება", – ეს სიტყვები რობერტ ოუენსმა, უელსის შრომის უფლებების აქტივისტმა, 1817 წელს წარმოთქვა. ამ კონცეფციამ, სწრაფად გაიკვალა გზა ამერიკაში. 1920-იანი წლების დასაწყისისთვის რვასაათიანი სამუშაო დღის იდეა აქტუალური გახდა და ჩვენ მას შემდეგ ვეყრდობით ამ სტრუქტურას.

ბუნებრივია, ბოლო ორასი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. თუ ასეა, რატომ ვართ ისევ ამ კონცეფციაზე მიჯაჭვულები, რომელიც ფაქტობრივად საუკუნეების ხნისაა? კვლევამ დაადასტურა, რომ უფრო მოკლე სამუშაო დღეები და უფრო მოკლე სამუშაო კვირები, ფანტასტიკური გზაა თქვენი თანამშრომლების როგორც ცხოვრების, ასევე მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ვიცით, რომ თანამშრომლები, რომლებიც უფრო ბედნიერები არიან (და უფრო პროდუქტიულები), კომპანიის შემოსავლების ზრდას უწყობენ ხელს. და თუ ასეა, რატომ არ გადავდივართ ახალ გრაფიკზე?

თქვენ ბიზნესის მფლობელი ხართ და კრიტიკულად უნდა შეხედოთ, ნამდვილად ამართლებს თუ არა რვასაათიანი სამუშაო დღე თქვენი ბიზნესის შემთხვევაში. შესაძლოა, თქვენთვის უფრო სხვა გრაფიკი იყოს მოსახერხებელი, მაგრამ გადაწყვეტილება ამის საფუძველზე არ უნდა მიიღოთ. შეიძლება რვასაათიანი სამუშაო დღე მოგწონდეთ, რადგან თქვენთვის ასე უფრო ადვილია თანამშრომლებისთვის თვალყურის დევნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ეს უკეთესია თქვენი ბიზნესისთვის. ამის ნაცვლად, ისეთი თანამშრომლების დაქირავებაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომლებსაც ენდობით, რომ ყოველდღიურად მათი თვალყურის დევნება არ დაგჭირდეთ.

კვლევებმა უჩვენა, რომ თანამშრომლები კონცენტრირებულ პერიოდებში უკეთ მუშაობენ, და როდესაც ისინი საკუთარ გრაფიკს აკონტროლებენ, მათი კეთილდღეობაც უკეთესი ხდება, და ეს კი თქვენს ბიზნესზე აისახება. კომპანიებს, რომლებიც სამუშაო გრაფიკს უფრო მოქნილს ხდიან, პროდუქტიულობაც უკეთესი ექნებათ, მათი თანამშრომლების ჯანმრთელობაც უკეთესი ხდება და კეთილდღეობაც, თქვენ კი უფრო მეტ მოგებას მიიღებთ. სამუშაო გრაფიკის მკაცრმა დაცვამ შეიძლება თქვენს ფინანსებს მიაყენოს ვნება და სრულიადაც არ დაგეხმაროთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში.

ძველი წესი: დიდი (ან ძალიან მცირე) კონტროლი

ახალი წესი: პასუხისმგებლობა

ბიზნესის მფლობელთა უმრავლესობა მოქნილი გრაფიკის ან სახლიდან მუშაობის ვარიანტების შემოღებას ეწინააღმდეგება. ამის ერთ - ერთი მიზეზია ის, რომ მათ აწუხებთ, რომ თანამშრომლების გაკონტროლება რთულია თუ ისინი ოფისში არ არიან ან სისტემაში ერთდროულად არ არიან შესულები.

მუშაობის ეს ახალი გზა მოითხოვს, რომ თქვენს თანამშრომლებს თვალდახუჭული ენდობოდეთ, გჯეროდეთ, რომ ისინი ნამდვილად ასრულებენ თავიანთ დავალებებს და რომ ფილმებს არ უყურებენ კომპანიის ხარჯზე. ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურის შექმნაა, როდესაც იმას მიიღებთ, რაც გჭირდებათ, თუ თქვენს თანამშრომლებს განვითარების შესაძლებლობას მისცემთ. პასუხისმგებლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ის აძლევს საშუალებას თქვენს თანამშრომლებს ნათლად გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა და მოლოდინები, მისცეთ მათ საშუალება თავისუფლად იმუშაონ არატრადიციულ სამუშაო გარემოში, და ისეთი სტრუქტურა შექმნათ, რომ სამუშაოს შესრულება გარანტირებული იყოს.

სამწუხაროდ, თუ არ იცით, რას აკეთებენ ყოველდღიურად თქვენი თანამშრომლები, ეს ყოველთვის არ არის "მათი" პრობლემა. თუ თქვენს თანამშრომლებს არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმაზე, თუ რას უნდა აკეთებდნენ (და როგორ უნდა აკეთებდნენ), მათთვის უფრო რთულია იქნება თქვენი დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა.

იმის ნაცვლად, რომ თქვენს გუნდს გამოეთიშოთ ან, პირიქით, საშინელი მიკრო მენეჯერი გახდეთ, მათთან შეხების წერტილების მოძებნა უნდა სცადოთ. გსურთ თქვენმა გუნდმა გზას არ გადაუხვიოს? რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი დაადგინეთ და შემდეგ ყოველკვირეულად შეამოწმეთ თქვენი თანამშრომლები. მათ ის სამი მთავარი ელემენტი უნდა დაასახელონ, რომელზეც ამ კვირაში მუშაობენ. ამის გაკეთებას მთელი კვირის განმავლობაში Slack-ით ან ელექტრონული ფოსტით შეძლებთ, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ უნდა ისწავლოთ, რომ ენდოთ იმ ადამიანებს, რომლებიც დიდი სამუშაოს შესასრულებლად გყავთ დაქირავებული.

ძველი წესი: იყავი კარგი მენეჯერი

ახალი წესი: იყავი დიდი ლიდერი

როდესაც ბიზნესის მფლობელი ხართ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი სწავლაც შეგიძლიათ ის არის, რომ უნდა დაინახოთ რა განსხვავებაა მენეჯერსა და ლიდერს შორის. გუნდის მართვა (სხვადასხვა წარმატებით) ყველას შეუძლია, მაგრამ ეს დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს, რომელიც ამ ეტაპზე არ გაქვთ.

იმაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, თუ როგორ მართავთ თანამშრომელთა გუნდს, ის უნდა ისწავლოთ, თუ როგორ უნდა გახდეთ ფანტასტიკური ლიდერი. შემოქმედებითი და მოქნილი იყავი. თქვენი თანამშრომლებისთვის ან პანდემიისთვის ყველაფრის გადაბრალების ნაცვლად, უნდა ისწავლოთ რეაქტიული კი არა, აქტიური როგორ გახდეთ. რის გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად, როგორც ლიდერს? რა სფეროში შეიძლება გახდეს უკეთესი თქვენი გუნდი? დაადგინეთ, როგორ უნდა მისცეთ თქვენს გუნდს ავტონომიურად და მაღალ დონეზე მუშაობის შესაძლებლობა.

გახსოვდეთ, საუბარი მხოლოდ იმაზე არაა, რაც საუკეთესოა ან ყველაზე მოსახერხებელი თქვენთვის. ამას პრაქტიკა სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ გამოსავალს მაინც იპოვით, რომელიც თქვენი მომხმარებლებისთვის, თქვენი თანამშრომლებისა და თქვენი კომპანიისთვის საუკეთესო იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"