You can be on Entrepreneur’s cover!

სტარტაპის განვითარებისთვის გზა სულ არის 500 Startups-ის 5 ფინალისტის რჩევები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

500 Startups მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს-აქსელერატორია, რომელიც უმდიდრესი საინვესტიციო პორტფელით გამოირჩევა. იგი საქართველოში, „საქართველოს ბანკისა" და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით შემოვიდა და ქვეყანაში სტრატაპ-ეკოსისტემის, საინვესტიციო პოტენციალისა და ეკონომიკის განვითარების ზრდას ისახავს მიზნად. უმსხვილესმა აქსელერატორმა ქვეყანაში არაერთ სტარტაპს განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობები შესთავაზა.

საქართველოში აქსელერაციის ოთხთვიან პროგრამაში 15-მა სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა. მათ მიერ მოზიდული ინვესტიციები, რომელიც 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ნათელი მაგალითია იმისა, რომ თუნდაც პანდემიის მიერ გამოწვეულ რეალობაში, გზა სულ არის განავითარო სტარტაპი.

აქსელერაციის პროგრამაში ჩართული სტარტაპებიდან, 5 ფინალისტი გახდა, 2 კი გამარჯვებული. ერთთვიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, Cardeal და Cargon სილიკონ ველიზე 2021 წლის გაზაფხულზე გაემგზავრებიან.

Entrepreneur წარმოგიდგენთ საერთაშორისო აქსელერატორის 5 ფინალისტი სტარტაპის რჩევებს, რომელსაც ისინი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გვიზიარებენ.

Stack

„უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ გასამდიდრებლად სტარტაპის კეთება იოლი გზა ნამდვილად არ არის. ასე რომ, იდეის გაჩენის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრო, რატომ დაგებადა ეს იდეა? რატომ ფიქრობ, რომ იდეის განხორციელება მნიშვნელოვანია? რამდენ ადამიანს მოუტანს სარგებელს ის და კონკრეტულად რას? თუ ამ შეკითხვებზე პასუხი ნათელია, მაშინ სტარტაპერის სულისკვეთება და რწმენა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რაც წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. რაც შეეხება გუნდს: თუ სტარტაპის ჩამოყალიბება გადაწყვიტეთ და ფიქრობთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ მის ბოლომდე მისაყვანად, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ საქმეს 5-10 წელი დასჭირდება. შესაბამისად, ძირითადი გუნდის ყველა წევრს უნდა სიამოვნებდეს დანარჩენებთან ერთად მუშაობა და ყველა უნდა აცნობიერებდეს იმას, რომ მასზე გუნდის სხვა წევრების ბედიც არის დამოკიდებული". - Stack-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი.

Cardeal

„მათთვის, ვინც ახლა იწყებს, პირველი რჩევა იქნება, რომ არ გაჩერდნენ, რადგან ჩვენ შემთხვევაში, წარმატების საიდუმლო დაუღალავი შრომა და უამრავი ცდის ჩატარებაა. აქსელერატორში მონაწილეობითაც უკეთ მივხვდით, რომ საჭიროა გქონდეს სტრატეგია და მიზნის მისაღწევად მუდმივად ექსპერიმენტებსა და ახლის ცდის სტადიაში იყო. წარმატების ერთი ზოგადი ფორმულა არ არსებობს. სტარტაპი, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, პირველი ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, არ უნდა კმაყოფილდებოდეს მოცემულობით და მუდმივი გაუმჯობესების, ზრდისა და ტემპის აჩქარების პროცესში უნდა განაგრძოს ყოფნა." - Cardeal-ის თანადამფუძნებელი ზურაბ ბაკურიძე.

PHUBBER

„აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი იდეის ბოლომდე და გააკეთოთ მაქსიმალური მის მისაღწევად. ყოველთვის გახსოვდეთ, თუ რა პრობლემას ჭრით თქვენი სტარტაპით. მოუსმინეთ თქვენზე გამოცდილ ადამიანებს და ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ მათგან. არასდროს დაკმაყოფილდეთ შედეგით, სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია უწყვეტი ზრდა. ყოველთვის ეცადეთ, თქვენს სტარტაპს შეხედოთ, როგორც დიდ სურათს შორეულ პერსპექტივაში. იფიქრეთ იმაზე, სად გინდათ იყოთ 1 ან 2 წლის შემდეგ. დაისახეთ მკაფიო მიზანი და მხოლოდ ამ მიზნის მიღწევაზე იმუშავეთ. არასდროს დანებდეთ! ეცადეთ, ყველა გარემოება გამოიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეთ და გაიზარდოთ". - Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.

Cargon

„გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რასაც დღევანდელი საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემა გთავაზობთ ზრდისთვის. ხშირად მესმის, ღირს თუ არა მონაწილეობის მიღება სხვადასხვა აქსელერაციისა და დაფინანსების პროგრამებში. რა თქმა უნდა, ღირს! ყველა პროგრამაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა, მით უმეტეს, რომ ამით არაფერს კარგავთ. პირიქით − მხოლოდ თქვენს სტარტაპს დაეხმარებით და მინიმუმ კარგ უკუკავშირს მიიღებთ, რაც განვითარებაში დაგეხმარებათ. არ გაჩერდეთ, მიუხედავად ბევრი წინაღობისა. მზად უნდა იყოთ, რომ ყოველდღიურად ახალ-ახალი პრობლემების გადაჭრაზე მოგიწევთ მუშაობა. ჩემი აზრით, ვისაც ბოლომდე სჯერა საკუთარი იდეის, მხოლოდ ის გაუძლებს ამ გამოწვევებთან ბრძოლას. რეალურად, გამოწვევები განვითარების ახალ შესაძლებლობად გარდაიქმნება ხოლმე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტები და ადაპტირების უნარი. წარმატების მისაღწევად, სტარტაპებს ძალიან ხშირად ახალ რეალობასთან მორგება და ადაპტირება უწევთ. ახალი რეალობა შეიძლება ნიშნავდეს მომხმარებლის ახალ ქცევას ან ბიზნესგარემოს ცვლილებას, რისთვისაც ახალი მიდგომაა საჭირო. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩატარებულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილების მიღებაა. ძალიან რთულია სტარტაპ-სამყაროში წინასწარ რაიმე სწორად განსაზღვრო. ამიტომ, ამისთვის საჭიროა მეტი ცდის ჩატარება და კარგი შედეგის სწორი იმპლემენტაცია. თუ დაბრკოლებების მიუხედავად არ გაჩერდებით, ნამდვილად მიხვდებით, რომ გზა და გამოსავალი სულ არის". - Cargon-ის თანადამბუძნებელი ვანო ჩალაძე.

NEXTSALE

„სტარტაპებს ვურჩევ ცვლილებებისთვის მაქსიმალურ მზადყოფნას, აქტიურობასა და მოქნილობას. იყავით მზად მუდმივ გამოწვევებთან და ასევე, თქვენს შინაგან რწმენებთან დასამეგობრებლად. ისწავლეთ, მოსინჯეთ და დანერგეთ ბევრი სიახლე, რაც თქვენს პროდუქტთან თანხვედრაშია. განვითარებისთვის ყველაზე საკვანძო საკითხი ბევრი მცდელობაა. ჩვენ ბევრი რამ ვცადეთ და ბევრჯერ არ გაგვიმართლა. აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ და ისწავლოთ ბევრი რამ, როგორც წარმატებიდან, ასევე წარუმატებლობიდან. უნდა იპოვოთ ის, რაც კონკრეტულად თქვენს საქმეს სჭირდება. აუცილებლად გამოიყენოთ ზრდისა და გაუმჯობესებისთვის ისეთი შესაძლებლობები, როგორიც 500 startups-ია. ერთდროულად იზრუნეთ როგორც პირადი უნარ-ჩვევების, ასევე ბიზნესის განვითარებაზე. მოუსმინეთ გამოცდილ მენტორებს და მათი რჩევები აუცილებლად გამოიყენეთ თქვენი სტარტაპის გასაზრდელად. არასდროს გაჩერდეთ ერთ ადგილზე და არ შეწყვიტოთ პროგრესი". - Nextsale-ის თანადამფუძნებელი თალე ქარიმლი.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს