USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა ქალთა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის

USAID YES-GEORGIA-ს პროგრამა ქალთა ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის
ფოტო: Entrepreneur Georgia

Grow Your Business, Not Your Inbox

Stay informed and join our daily newsletter now!
9 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

USAID YES-Georgia-ს პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ აგრძელებს თავის საქმიანობას ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

პროგრამა ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“.

პროგრამა ღირებულ დახმარებას სთავაზობს დამწყებ და უკვე არსებულ მეწარმე ქალბატონებსა და ახალგაზრდებს, რომელთაც ახალი ბიზნესის წამოწყების ან უკვე არსებული ბიზნესების გაფართოების და პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების სურვილი აქვთ. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგემს „ბაზ საქართველო“, რომელიც გულისხმობს რეგიონებსა და სოფლად მცხოვრები ქალებისათვის ტრენინგებით ადგილზე მომსახურებას, საკლასო ოთახის მსგავსად აღჭურვილი ავტობუსების დახმარებით. მიმდინარე პანდემიის ფონზე ტრენინგები, რომელიც ამჟამად ყოველ შაბათ-კვირას ტარდება, მთლიანად ონლაინაქტივობებზე გადავიდა, რამაც საშუალება მისცა პროგრამას საქართველოში მცხოვრები ყველა ქალი მოეცვა.

Entrepreneur კი გთავაზობთ იმ ქალბატონების მცირე მონათხრობს საკუთარ თავსა და საქმიანობაზე, რომლებიც ამ ტრენინგების სერიას ესწრებიან და არ წყვეტენ განვითარებას, აღნიშნულ პროგრამაში შეძენილი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით კი საკუთარი წამოწყებების ახალ საფეხურზე აყვანას ცდილობენ. თუ როგორ აკეთებენ ამას ისინი, თავად მოგვითხობენ:

თამარ გავაშელი

„მე ვარ თამარ გავაშელაშვილი, 30 წლის, ქუთაისიდან. ვცხოვრობ მცხეთაში, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. მაქვს ჩემი ივენთკომპანია, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ქორწილებს, სხვადასხვა ტიპის წვეულებას და კორპორაციულ საღამოებს. აქტიურად ვმონაწილეობ მეწარმე ქალთა მხარდამჭერ პროექტებში, სადაც ვხვდები უამრავ ძლიერ, მიზანდასახულ და აქტიურ ქალს, რომელთაც ზუსტად იციან რა სურთ, მუშაობენ თვითგანვითარებაზე და საკუთარი მაგალითით ცვლიან ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ. თითოეული მათგანის ისტორია განსაკუთრებული და გამორჩეულია, რაც ძალიან შთამაგონებელია და უდიდეს მოტივაციას მაძლევს.

მსურს დავაგროვო ცოდნა და გამოცდილება იმისთვის, რათა მომავალში თავად შევძლო ადამიანების, განსაკუთრებით კი ქალების ეფექტური დახმარება და მხარდაჭერა. ვფიქრობ, უდიდესი შესაძლებლობების ეპოქაში ვცხოვრობთ და ადამიანმა თითოეული მათგანი უნდა გამოიყენოს უკეთესი რეალობის შესაქმნელად. რატომაც არა − შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ!“

სალომე პოპიაშვილი

„მე − სალომე, საზოგადოებრივი ბაღჩა „კოკოპელის“ ერთ- ერთი დამაარსებელი ვარ. მცენარეების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ყველა მცენარე მიკვდებოდა, არც კი მიფიქრია დანებება და ვამბობდი, ერთხელ მაინც მათ კარგად მოვლას ვისწავლი-მეთქი. შარშან, 2019 წელს, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ყვავილის ბოლქვი, წიგნები და თესლი შემომეყიდა. ვუყურებდი ამ ყველაფერს და ვფიქრობდი, ახლა ბაღჩაღა დამრჩა-მეთქი. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გაუცნობიერებელი მოსამზადებელი პერიოდი იყო, რათა შემექმნა ოცნების პროექტი აქ, თბილისში.

USAID YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში ჩემთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ქალებმა სხვადასხვა რეგიონიდან და ვფიქრობ, ეს იყო უნიკალური შესაძლებლობა დამენახა ჩვენი ქალი მეწარმეების სიძლიერე, მათი უნარები და მიზანდასახულობა, ბრძოლის ჟინი და როგორც ძველებურები იტყოდნენ, „მარიფათი“. ისინი ნამდვილად დიდი ინსპირაციის წყაროები არიან, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ახალგაზრდა გოგონებისთვის სამაგალითო პიროვნებები − ქალები, რომლებიც უნებლიედ ამსხვრევენ ყველა სტერეოტიპს. მათი ისტორიები და რჩევები დიდხანს გამყვება. როგორც ტრენინგზე ვთქვი, „ძნელია იყო ამ ქალბატონების შემდგომი თაობა, რადგან საკმაოდ მაღალი სტანდარტი დაგვიწესეს, რომელსაც არ უნდა ჩამოვრჩეთ“.

თამარ კობახიძე

„მე ვარ თამარ კობახიძე. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ბავშვობიდან მიყვარდა ხელნაკეთი ნივთები, თუმცა ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით მივიღე განათლება, კერძოდ მარკეტინგის, ხოლო მოგვიანებით, მასტერი საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით საფრანგეთში. 10-წლიანი გამოცდილების შემდეგ კერძო ბიზნესში, გადავწყვიტე საკუთარი პატარა კომპანია დამეარსებინა, ინსპირაცია კი ჩემი შვილი გახდა, რომელიც დაიბადა 2017 წელს. ქართულ რეალობაში ბევრი პროდუქტის მოძიება ჩვილისთვის გამიჭირდა, ამიტომ გადავწყვიტე თვითონ შემექმნა საბავშვო მიმართულებით ბრენდი, რომელიც დღემდე აწარმოებს საბავშვო თეთრეულს, შემეცნებით ხალიჩებს, საძილე ტომრებს, სათამაშოებს, საწოლის მობაილებს და სხვა მრავალ პროდუქციას. ჩვენი სლოგანი არის გაიმარტივე „დედობა“, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობთ დავხვეწოთ ჩვენი პროდუქცია და მივცეთ საშუალება დედებს შეიმსუბუქონ ყოველდღიური რუტინა. ახალი სფერო ჩემთვის დიდი გამოწვევებით და რისკით იყო სავსე, მაგრამ მთავარია საკუთარი თავის რწმენა, დაუღალავი შრომა, რომლის საფუძველზე ყველაფერი გამოვა. არასდროს არ უნდა დანებდე ადამიანი. არავის უარყოფით შეფასებას არ უნდა ვენდოთ. უნდა გვწამდეს ჩვენი ფიქრების, იდეებისა და მისწრაფებების. ამდენი მოტივირებული ადამიანი კი, რომელიც USAID YES-Georgia-ს პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ „ბაზ საქართველოს“ ტრენინგზე გავიცანი, კიდევ ერთხელ მაფიქრებს და მაძლევს იმედს, რომ ქალები საქართველოში ის ძალაა, რომელიც ქმნის ეკონომიკის ძალიან დიდ ნაწილს. მომავალ პერსპექტივაში კი, უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ ქალები გავძლიერდებით და ყოველ ეტაპზე ჩვენს სათქმელს ვიტყვით ქართულ ეკონომიკაში.

ნანა თავხელიძე

„ყოველთვის მქონდა ნოსტალგია იმ წლებისა, როცა ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ჩემი პროფესიით ვმუშაობდი ძველ, საბჭოთა სტილის აფთიაქის ექსტემპორალურ განყოფილებაში. იქ მიღებული გამოცდილებით წლებია ვამზადებდი სახის მოვლის საშუალებებს. როცა დაინგრა ძველი სისტემა, მეც ახალი ტიპის ფარმაცევტულ კომპანიაში ვიმუშავე 20 წელი. წლებმა გამოცდილება დამიგროვა ამ მიმართულებით და გამიჩნდა სურვილი საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებისა. სამსახურიდან წამოვედი და დავიწყე ახალი შემართებით საინტერესო საქმე. დავინტერესდი ნატურალური საპნის მომზადებითაც. ვეძებდი, ვკითხულობდი, ვსწავლობდი... მერე გაბედულება, თავდაჯერებულობა მოვიდა. პირველი საპონი 4 წლის წინ მოვამზადე. მას შემდეგ მოვდივარ ამ საქმის სიყვარულით. ზაფხულობით დავდივარ, ვეძებ, ვაგროვებ საჭირო სამკურნალო მცენარეებს. მოვძებნე ძველი რეცეპტების გაცრეცილი რვეული, სადაც ორგანულ რეცეპტებს „ეძინათ“. მოვძებნე და ისევ იქ დავბრუნდი, საიდანაც დავიწყე. ჩემს საქმიანობას ორი ძირითადი მიმართულება აქვს: ორგანული, ხელნაკეთი საპნების დამზადება ნულიდან და ორგანული კოსმეტიკის დამზადება.

ნატურალური საპნების მიმართულებით, მაქვს ყოველდღიური მოხმარების სახის, ტანის, თმის (შამპუნი-საპნები) დასაბანი მყარი და თხევადი საპნები. ვამზადებ სამკურნალო დანიშნულებით შემდეგ საპნებს: კუპრის, გოგირდის, ნახშირის. ცოტა ძნელია, მაგრამ ვცდილობ, ადგილობრივი წარმოების ნედლეული გამოვიყენო. მოვძებნე და აქტიურად ვიყენებ ქართული წარმოების აბრეშუმის კოკონს (შამპუნ-საპნებში, ბავშვისა და სახის დასაბან საპნებში); „ნუკრიანის ლავანდას“ პროდუქტებს: ლავანდის ეთერზეთს, ლავანდის, სალბისა და უსუპის ჰიდროლატებს; „ქართული ზეთისხილის“ ზეთს თითქმის ყველა საპნის შემადგენლობაში; „მწვანე ბუმბოს“ წარმოების დაფნისა და ევკალიპტის ეთერზეთებსა და ჰიდროლატებს (სამკურნალო საპნებში და კოსმეტიკაში აქტიური კომპონენტებია). „შატო ზეგაანის“ რქაწითელის ყურძნის წიპწის ზეთი, სკრაბი, ფქვილი, სანთელი, ფუზი − ეს ნედლეული აუცილებელია ჩემი კოსმეტიკური კრემების, სკრაბების, სახის ნიღბების დასამზადებლად. ვირის ფერმების − „სახე-დარისა“ და „ვირლანდიას“ რძეზე დამზადებულ საპნებსა და კოსმეტიკას დიდი მოწონება და დაინტერესება აქვს. ეს მიმართულება „კარგად დავიწყებული ძველია“. კლეოპატრას სილამაზე საიდუმლო აღარაა − ის ვირის რძეს ყოველდღიურად მოიხმარდა სხეულისა და სახის სილამაზისა და ახალგაზრდობისათვის. ანტიასაკობრივი კომპონენტებით მდიდარი ვირის რძისაგან ვამზადებ საპნებს (ალოე და ვირის რძე, შოკოლადი და ვირის რძე, ნახშირი და ვირის რძე, ლავანდა ვირის რძით, შამპუნი-საპნები ვირის რძით, გულყვითელას საპონი ვირის რძით). კოსმეტიკურ კრემებში ჯერჯერობით მაქვს ვირის რძით დამზადებული 5 პროდუქტი: დღის ანტიასაკობრივი კრემი, მკვებავი კრემი, ხელის კრემი, ტანის კრემი და კრემი გაუხეშებული ქუსლებისათვის.

ჩემი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მიბიძგებს, საშუალებას მაძლევს ახალი პროდუქტების შექმნაზე ვიფიქრო. აქტიურად ვამზადებ და ვცდი სატესტო ვერსიებს. მყავს ერთგული მომხმარებლებიც, ჩემგან სიახლისა და კარგის მოლოდინში რომ არიან. ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ და მჯერა, რომ ჩემი ბრენდი, ჩემი პროდუქტები ქალბატონებს სილამაზეს და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს“.

ქეთი გეგეჭკორი

„მე გახლავართ ქეთევან გეგეჭკორი, 56 წლის. ჩემი ფესვები აფხაზეთიდანაა. გასული საუკუნის 90-იანი წლები ყველასთვის რთული პერიოდი იყო. გასაკვირიც არაა − ძველი მსოფლმხედველობა ინგრეოდა და ახალი შემოდიოდა. ახალი ყოველთვის მტკივნეულია, რადგან არ ვიცით და არ ვართ მზად მის მისაღებად. განსაკუთრებულად მძიმე იყო ეს პერიოდი აფხაზეთის მოსახლეობისთვის, როდესაც კარგავ ყველაფერს და ზუსტად ეს არის ის კატალიზატორი, რომელიც გაძლიერებს და სხვა აზროვნებისკენ გიბიძგებს. ოჯახის დანგრევამ, ჩემს პრობლემებთან პირისპირ დარჩენამ, დამაწყებინა სულ სხვა აზროვნება, ძიება, სწავლა, და მიმიყვანა იმ ადგილამდე, იმ ხალხთან, იმ სფეროში, რომელიც ჩემი იყო. მადლობა ამისთვის! არაფერი ისე არ ხდება!

ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ჩემს ლამაზ ოჯახთან ერთად. დავეუფლე სულ სხვა პროფესიას − გავხდი გიდი (ზოგადად, პროფესიით მეღვინე ვარ), საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი, მსოფლიო გიდების ასოციაციის (WFTEGA) რეგიონული ტრენერი. პროფესიული ზრდისა და გამოწვევის 7 არაჩვეულებრივი წელი გახდა საფუძველი, გადავსულიყავი სხვა მაღალ დონეზე. მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ ტურისტული კომპანია TbiliSio. დიდი გეგმებით, მოლოდინით, მაგრამ პანდემიამ − დაისვენეთო. არა უშავს, ესეც გაივლის! „ბაზ საქართველოს“ ტრენინგების განმავლობაში მოსმენილი ქალური ისტორიები, გამოცდილება, რჩევები, იმედი, მცდელობები, წინსვლის სურვილები ჩემთვის ახალი გამოცდილების, შთაგონებისა და მოტივაციის წყარო გახდა. მადლობა თქვენ, ამ ქვეყნისთვის საჭირო წამოწყებისთვის!“

ქეთი ბარნაბიშვილი

„მე ვარ ქეთევან ბარნაბიშვილი, 33 წლის, ლაგოდეხიდან. ძალიან მიყვარს კახეთი და ვფიქრობ, ჩემი მომავალი საქმიანობა რეგიონის განვითარებას დავუკავშირო. ამჟამად ვმუშაობ მარკეტინგის მენეჯერად და ვუთავსებ ჰობის − ნატურალური ქვებისგან სამკაულებს ვამზადებ. ბრენდს Qeto ჰქვია. ყველა ნივთი, რომელსაც ვქმნი, განსაკუთრებულია, რადგან თითოეულს დიდ ემოციას და გრძნობას ვაქსოვ. მიყვარს ეს საქმე და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგიური თვისებები, რომლებსაც „ქეთოები“ ატარებენ, ხშირ შემთხვევებში ამართლებს, ამიტომ ვიღებ დადებით უკუკავშირს და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს ჩემს „ქეთოს“. ვხუმრობ ხოლმე, საკუთარის ბრენდის სახელის მოფიქრება რომ დამჭირდა, ყველაზე მარტივი გამოსავალი მოვნახე და პირდაპირ ბებიის სახელი დავარქვი-მეთქი. ბებიაჩემიც შემოქმედი ადამიანი იყო და რთულ წლებში, მაშინ, როცა მაღაზიები არ არსებობდა, ლაგოდეხის მცხოვრებლების ჩაცმულობაზე აქტიურად ზრუნავდა. საქმის ერთგულება და სიყვარული მისგან ვისწავლე. თავიდან ჩანთებს ვკერავდი, შემდეგ თექის საყურეებს ვაკეთებდი, ბოლოს კი მინერალური ქვების სამკაულზე − „ქეთოებზე“ შევჩერდი და ვაპირებ ეს მიმართულება თანდათან გავაძლიერო.

მიყვარს ადამიანებს ჩემი ცოდნით, გამოცდილებით და საქმით რომ ვეხმარები − იქნება ეს მარკეტინგული კონსულტაცია თუ სწორად შერჩეული სამკაული. მინდა ყველა ქალს ვურჩიო არასდროს გაჩერდნენ, არ შეწყვიტონ სწავლა, შექმნან საკუთარი თავის საუკეთესო ვარიანტი და აკეთონ ის, რაც ბედნიერებას ანიჭებთ“.

ეკა ქაცარავა

„მე ვარ ეკატერინე ქაცარავა, დავიბადე ქ.თბილისში, პროფესიით ვარ ფსიქოლოგი, დავამთავრე ფსიქოლოგიის ინსტიტური. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი კერძო კომპანიებში. ჩემი პირველი ბიზნესი დავიწყე 2017 წელს, როცა ბებიის რეცეპტით მეგრული კუპატი დავამზადე და ახლობლებს შევთავაზე. პირველი ცდა წარმატებით დამთავრდა, ყველას მოეწონა ასეული წლების წინ შექმნილი მეგრული კუპატის რეცეპტით დამზადებული პროდუქტი. კლიენტების რაოდენობა ნელ-ნელა მომემატა და პატარა საქმე მალე საინტერესო სერიულ წარმოებად გადაიქცა. ბოლო წლებში ქვეყანაში ტურიზმის სექტორის განვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ამ სფეროშიც მეცადა ბედი და მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში, ბაბუის დანატოვარ სახლში გავაკეთე საოჯახო სასტუმრო STAR, რომელსაც მესამე წელია ვამუშავებ. ამ სამი წლის განმავლობაში თითქმის ყველა ქვეყნიდან მყავდა სტუმრები. წელს „კოვიდის“ პანდემიის გამო, უცხოელი ტურისტების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ უამრავი ქართველი ვიზიტორი ესტუმრა სამეგრელოს, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებს, რამაც სტიმული მომცა უფრო მეტი ენერგია და მონდომება ჩამედო საკუთარი სასტუმროს ინფრასტრუქტურის უკეთ მოწყობაში და შიდა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. მაქვს უამრავი გეგმა ეკოტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების მიმართულებით, და ვიმედოვნებ, რომ ყველა გეგმას თანმიმდევრობით შევასრულებ. მთავარია დაუღალავი შრომა და შეუჩერებელი სწრაფვა განვითარებისკენ“.

ნინო ზუხბაია

„მე გახლავართ ნინო ზუხბაია, პროფესიით იურისტი. მოხარული ვარ, რომ ხორციელდება მსგავსი პროექტები, რომელიც ხელს უწყობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. მიუხედავად განსხვავებისა ჩემს პროფესიასა და ეკონომიკის სფეროს შორის, სწორედ ტრენინგის სათაურმა − „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მიიქცია ჩემი ყურადღება და დავინტერესდი მონაწილეობა მიმეღო, რაც მართლაც სწორი გადაწყვეტილება გახლდათ.

შეხვედრები უჩვეულოდ სასიამოვნო იყო. დამხვდა მეგობრული, თბილი და შესაბამისად, კომფორტული გარემო, რამაც თავის მხრივ, განაპირობა მონაწილეთა მაღალი ხარისხის ჩართულობა. მომეცა საშუალება გამეცნო ძლიერი ქალბატონები, რომელთაგან უმეტესობა უკვე წარმატებულია ბიზნესსფეროში. შეხვედრებზე მიღებულმა თეორიულმა ცოდნამ და ასევე წარმატებული ქალბატონების მიერ გაზიარებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ შესაძლებელია ჩემი ჰობი მომგებიან ბიზნესად ვაქციო. ასე რომ, ჩემი ხელნაკეთი ნივთები ბაზარზე გასვლას და მყიდველებს ელოდება.

ამ პროექტის არსებობა დიდი მოტივაციაა ქალებისთვის, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი უნარ-ჩვევები ან საკუთარი თავის რწმენა ბიზნესსფეროში. მადლობა თქვენ, რომ გვაძლევთ შესაძლებლობას სურვილი მიზნად ვაქციოთ, ვიყოთ ძლიერები და წარმატებულები.

Latest on Entrepreneur