You can be on Entrepreneur’s cover!

Art Inception Georgia - ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა საქართველოში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Art Inception Georgia

ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception Georgia გამოჩნდა, რომლის მიზანს ხელოვანთა სხვადასხვა ჯგუფთან − დონორებთან, კერძო კომპანიებთან, მომხმარებლებთან, სოციალური მედიის მომხმარებლებთან და ა.შ. დაკავშირება და მათ შორის ეფექტური კომუნიკაციის წარმართვაში მხარდაჭერა წარმოადგენს.

Art Inception Georgia-ს იდეის ავტორი და პლატფორმის დამფუძნებელი გვანცა კიკალიშვილია, რომელიც საკუთარ გუნდთან ერთად ხელოვნების მოყვარულებსა და თავად ხელოვანებს უამრავ სიახლეს ჰპირდება.

„ჩვენი გუნდი საკმაოდ პატარაა, მაგრამ მჯერა მალე გავიზრდებით და ბევრად მეტი ადამიანი შემოგვიერთდება. მისი ამჟამინდელი წევრები კი ფონდების მოძიების, საგრანტო განაცხადების მომზადების და პროექტების წერის მიმართულებით, ნამდვილი პროფესიონალები არიან. ასევე, ჩვენს გუნდში არიან კომუნიკაციების სპეციალისტები, რადგან დაგეგმილი გვაქვს, აქტიურად დავეხმაროთ ხელოვანებს საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ვეხმარებით მსურველებს როგორც პროექტების დაწერაში, ისე განაცხადების შევსებაში, სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნასა და სხვადასხვა საჭირო საქმიანობაში".

პლატფორმის გასაჯაროებას დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. აქ, ყოველდღიურად ქართულ ენაზე თავს იყრის უახლესი ინფორმაცია საერთაშორისო ფონდების, სტიპენდიებისა და კონკურსების შესახებ. პლატფორმის მეორე მიმართულება კი განათლება, ანუ Art Inception Edu არის, რომელიც ეხმარება ბავშვებს, მიიღონ ცოდნა ხელოვნების შესახებ და მისი გამოყენებით საკუთარ თავში ახალი უნარები და ინტერესები აღმოაჩინონ.

„ამ ეტაპზე Terminal-ში ვატარებთ ხელოვნების ვორქშოფებს ბავშვებისთვის, სადაც ისინი იღებენ ახალ ინფორმაციას სახალისო ფორმით და შემდეგ ამ ცოდნას პრაქტიკაში განიმტკიცებენ. ეს ვორქშოფები განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ბავშვების სამყარო და ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. აქ, მათ ისევ აქვთ საშუალება შეხვდნენ თანატოლებს და არაფორმალურ გარემოში ისწავლონ და გაერთონ. ამასთანავე, მიმდინარე პანდემიის გამო, სურვილის შემთხვევაში, მივდივართ ბავშვებთან შინ და იქ ვუტარებთ ვორქშოფებს", − გვეუბნება გვანცა კიკალიშვილი, რომელსაც თავად Art Inception Georgia-ს შექმნამდე, საკმაოდ საინტერესო პროფესიული თავგადასავალი და გამოცდილება ჰქონდა. პირველადი პროფესიით ჟურნალისტი, წლების განმავლობაში სხვადასხვა მედია, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობდა. 2019 წელს კი ოცნების პროფესიის ათვისება გადაწყვიტა და ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში გაემგზავრა, სადაც ერასმუსის უნივერსიტეტში არტმენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა გაიარა.

ეს არის ჩემი ოცნების პროფესია. მაინტერესებს, მიყვარს ხელოვნება და მინდა, ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში დადებითი ცვლილებები განვახორციელო.

Art Inception Georgia აერთიანებს ჩემს ორივე პროფესიას, რადგან მსოფლიო პანდემიის გამო, ხელოვნებას, როგორც არასდროს, სჭირდება დახმარება და გაციფრულება, რაშიც ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართულნი. Art Inception Georgia-ს შექმნის მთავარი მოტივაცია იყო არსებული პანდემია, რომელმაც არტინდუსტრია 360 გრადუსით შემოატრიალა და იძულებული გახადა, ონლაინსამყაროში გადასულიყო. „არტ ბაზელის" ბოლო კვლევის თანახმად, ნამუშევრების 37% უკვე ონლაინ იყიდება, მაშინ, როცა თებერვალში ეს ციფრი მხოლოდ 7% იყო. ხელოვნებამ გადაინაცვლა ციფრულ სამყაროში და იქიდან დაიწყო მომხმარებელთან კომუნიკაცია, რადგან მუზეუმები დაკეტილია, აღარ იმართება ღონისძიებები, გამოფენები გაუქმებულია და ა.შ.

ჩემი პირველი და მთავარი მოტივაცია იყო, ამ რევოლუციური ცვლილებების დროს დავეხმარო ქართულ არტსამყაროს გაციფრულების პროცესში. და მეორე − ეს არის განათლებისა და საერთაშორისო ფინანსური რესურსების მოზიდვა, რომელიც ასე სჭირდებათ ხელოვანებს. ჩვენმა პლატფორმამ ამ მიმართულებით უკვე დაიწყო მუშაობა. უკვე დაგვიკავშირდა რამდენიმე არტისტი, რომლებსაც სურთ, დავეხმაროთ საგრანტო კონკურსებისთვის განაცხადების მომზადებაში. აქვე დავაზუსტებ, რომ ჩვენი პლატფორმა თანამშრომლობს როგორც ინდივიდებთან, ისე არტორგანიზაციებთან (მუზეუმები, გალერეები, თეატრები, ხელოვნების კლუბები და სხვა)", − გვიზიარებს წამოწყების მთავარ მოტივაციასა და ხედვებს გვანცა კიკალიშვილი.

პლატფორმის გამრავალფეროვნებასა და განვითარებაზე ზრუნვა კი ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, რათა მისი მეშვეობით რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ხელოვანმა და არა მხოლოდ, დაუბრკოლებლად შეძლოს საქმიანობასთან დაკავშირებული სურვილებისა და მიზნების მიღწევა. Art Inception Georgia-სთვის თვალის დევნება და მის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების ათვისება კი მსურველებს როგორც Facebook, ასევე Instagram-სივრცეში უკვე შეუძლიათ.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი