You can be on Entrepreneur’s cover!

მარტივი გზები, თუ როგორ უნდა იზრუნოს თქვენმა კომპანიამ გარემოს დაცვაზე ჩვენს პლანეტაზე მარტივად მოახდენთ დადებით გავლენას, თუ თქვენს თანამშრომლებს ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების დანერგვისკენ უბიძგებთ და ამისთვის ყოველდღიურ პროცესებსა და ამოცანებში პატარა, მწვანე ინიციატივებს გამოიყენებთ.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pexels

ეჭვი არავის ეპარება, რომ გარემოს დაბინძურება და ნარჩენები ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პლანეტის ყველაზე დიდი პრობლემა გახდა, და მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება, თუ არაფერს გავაკეთებთ მის შესაჩერებლად ან შესანელებლად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეიძლება. ბევრს წერენ მოძრაობაზე, რომელიც ჩვენს პლანეტაზე და მის მდგრად განვითარებაზე ზრუნავს, თუმცა, ძირითადად მხოლოდ ადამიანების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეკოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო სერიოზული ხდება, ამიტომ ეკოლოგიაზე მხოლოდ პირადად თქვენ კი არ უნდა ზრუნავდეთ, არამედ მთელი თქვენი კომპანიაც. თქვენც შეძლებთ ვითარების შეცვლას, თუ თქვენს კომპანიაში ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებს დანერგავთ.

სამწუხაროდ, დამკვიდრებული აზრი არსებობს იმის შესახებ, რომ ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების დანერგვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ზოგიერთ მეთოდები დანერგვა, მაგალითად, მზის პანელების დამონტაჟება, მართლაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ყოველდღიური მეთოდების უმრავლესობა ნებისმიერისთვისაა ხელმისაწვდომი. ჩვენს პლანეტაზე მარტივად მოახდენთ დადებით გავლენას, თუ თქვენს თანამშრომლებს ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდების დანერგვისკენ უბიძგებთ და ამისთვის ყოველდღიურ პროცესებსა და ამოცანებში პატარა მწვანე ინიციატივებს გამოიყენებთ (აბა, წინ მთელ გუნდთან ერთად!). მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ეს ერთი შეხედვით მომაბეზრებელი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში, მწვანე პლანეტაზე ზრუნვა შეიძლება სახალისოც გახდეს და გარდა ამისა, მთელი გუნდის ერთად მუშაობა საერთო მიზნის მისაღწევად მათი ერთმანეთთან დაახლოვების შესანიშნავი საშუალებაც აღმოჩნდეს.

კომპანიაში ეკოლოგიურად უსაფრთხო მოდელზე გადასვლისას, ხშირად პატარა მეთოდებით დაწყება სჯობს. პირველი ნაბიჯი, თქვენს გუნდთან შეხვედრა უნდა იყოს, თქვენ ერთად უნდა განიხილოთ და შეაფასოთ ახალი გზები, რომლებითაც თქვენი კომპანიის ნარჩენების რაოდენობას ან ენერგიის მოხმარებას შეამცირებთ. ამ შემთხვევაში, თქვენს გუნდს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ექნება მდგრად განვითარებაზე, ახალ რეალობასაც უფრო ადვილად მოერგება, და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ჩვევადაც ექცევა.

დასაწყებად იდეები ხომ არ გჭირდებათ? ქვემოთ რამდენიმე გზას გაეცნობით, რომლითაც თქვენი კომპანია მდგრად მოდელზე გადასვლას შეძლებს.

დისტანციური სამუშაო გარემო

ერთ-ერთი საუკეთესო გზა თქვენი ბიზნესის დასახმარებლად მდგრადი განვითარების მოდელზე გადასვლაში, დისტანციური სამუშაო რეჟიმია. იგი მყისიერად შეამცირებს მოხმარებული სინათლისა და ელენერგიის გამოყენებას (რომ არაფერი ვთქვათ კომუნალურ გადასახადებზე) და ასევე სატრანსპორტო საშუალებებსაც, რომელსაც თქვენი გუნდი სამსახურში სასიარულოდ იყენებს. თუ თქვენი თანამშრომლები დისტანციურ სამუშაოზე გადავლენ, ამით მყისიერად შეამცირებთ ენერგიის მოხმარებას, რომელსაც თქვენი გუნდი ყოველდღიურად სამსახურში მოსასვლელად იყენებდა.

თუ არ ხართ მზად მთლიანად დაემშვიდობოთ თქვენს საოფისე სივრცეს, ან თქვენი სამუშაო ისეთია, რომ თანამშრომლები უმეტესად ადგილზე უნდა იყვნენ, ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამაც შეიძლება დიდი ცვლილება გამოიწვიოს. თანამშრომლებისთვის როტაციის განრიგი შეადგინეთ, და ოფისსა და სახლს შორის გაანაწილეთ სამუშაო დრო. თუ თანამშრომლების რაოდენობას შეამცირებთ სამსახურში, ამით ენერგიას დაზოგავთ, თანამშრომლებს კი, საშუალებას მისცემთ მაშინ გამოცხადდნენ სამსახურში, როდესაც საჭირო იქნება.

იმ შემთხვევაშიც კი არსებობს გამოსავალი, თუ აუცილებელია თქვენი და თქვენი გუნდის ყოველდღიურად ოფისში გამოცხადება. თქვენ ენერგიის გამოყენების შემცირება მაშინაც კი შეგიძლიათ, როდესაც ყოველდღიურად ოფისში ხართ. უბიძგეთ თქვენს გუნდს, გამორთონ სინათლეები, და გამაგრილებელი და გამათბობელი მოწყობილობები (თუ ეს შესაძლებელია), როდესაც ოთახში არ არიან.

ელექტრო მოწყობილობების გათიშვა, როდესაც მათ არ იყენებთ, და მხოლოდ მაშინ ჩართვა, როდესაც იყენებთ, ყოველთვის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ენერგიის მოხმარების შემცირებას და მოწყობილობების გაცილებით დიდი დროის განმავლობაში მოხმარებას.

გაცილებით მწვანე საოფისე მასალები

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქაღალდი და პლასტმასი გარემოს აბინძურებს. თუმცა, ოფისის პირობებში, ამ ორი მასალის გამოყენებაზე უარის თქმა ნამდვილად რთულია. კომპანიებისთვის დღევანდელ სამყაროში დოკუმენტაციის წარმოება აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველა პროცესში უნდა გამოიყენოთ. ციფრულ სამყაროში შეაბიჯეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება ზოგჯერ რამდენიმე პრობლემაც კი შეგიქმნათ. ისეთი რესურსები, როგორებიცაა ღრუბელი, Google Drive და მსგავსი პლატფორმები, კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას მკვეთრად შეამცირონ ქაღალდის გამოყენება და ამ დროს მნიშვნელოვანი დოკუმენტებიც შეინარჩუნონ. ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა Docusign, კომპანიებს ქაღალდზე ხელმოწერის ალტერნატივას უქმნის, ადრესატებს შეუძლიათ მარტივად წაიკითხონ და ციფრულად მოაწერონ ხელი დოკუმენტებს უსაფრთხო პლატფორმაზე, და ზესაიდუმლო ან კერძო ვითარებაში საერთოდ შეამცირონ ქაღალდის საჭიროება.

მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდისა და პლასტმასის მასალები გარკვეული ოდენობით ყოველთვის არის ოფისში, არსებობს გზები, რომლითაც შეგიძლიათ გარშემომყოფებს უბიძგოთ ისინი ნაკლებად გამოიყენონ. თუ ოფისში სამზარეულო გაქვთ, ერთჯერადი ნივთები არ გამოიყენოთ, მრავალჯერადი დანაჩანგალი და ჭურჭელი იქონიეთ, რომელთა გარეცხვაც ადვილია (თვალყური ადევნეთ რა რაოდენობის წყალია საჭირო მათ გასარეცხად). თუ საშუალება გაქვთ, თანამშრომლებს მრავალჯერადი ბოთლები აჩუქეთ წყლისთვის, რომლებსაც თან ატარებენ მთელი დღის განმავლობაში. მხოლოდ ერთ მრავალჯერად ბოთლს 167 ერთჯერადი პლასტმასის ბოთლის შეცვლა შეუძლია წელიწადში.

თქვენს გუნდს ამ ცვლილებებთან ადაპტირებაში უნდა დაეხმაროთ და საუკეთესო იქნება, თუ შესახსენებლად პატარა ფურცლებს გამოაკრავთ მთელ ოფისში. ან კონკურსი გამართეთ, იმ თანამშრომლის გამოსავლენად, ვინც ყველაზე უკეთ შეძლებს ყოველთვიურად ქაღალდის ან პლასტმასის ნარჩენების შემცირებას. თუმცა გახსოვდეთ, რომ ფრთხილად უნდა იყოთ, ამ საკითხზე მეტისმეტად დიდი ყურადღება არ უნდა გაამახვილოთ, რადგან ამ შემთხვევაში, ეკოლოგიაზე ზრუნვა უფრო მეტად რუტინულ სამუშაოს დაემსგავსება და არა შესაძლებლობას. ეკოლოგიაზე ზრუნვა საინტერესო გზაა, ყოველდღიურად სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ, ამიტომ საუკეთესი იქნება თუ ამას ხალისიანად გააკეთებთ.

ელექტრო ხელსაწყოების გადამუშავება

მოდით, თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს: თითეულ ჩვენგანს მაინც ძალიან ეზარება, ელექტრო ხელსაწყოების უტილიზაციაზე ზრუნვა. ჩვენ მათ დღეების ან თვეების განმავლობაში ვიტოვებთ, და ცდუნება გვაქვს საბოლოოდ სანაგვეში გადავუძახოთ. მართალია, მხოლოდ ერთმა ელექტროხელსაწყომ შესაძლოა გარემოზე დიდი უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს, მაგრამ სინამდვილეში მათი უმრავლესობა ტოქსიკურ ნაერთებს შეიცავს, რომლებმაც შესაძლოა ნაგავსაყრელზე გაჟონონ და ზიანი მიაყენონ გარემოს (ვერცხლისწყალი და ნაგავი ერთმანეთს არ ერევა).

საბედნიეროდ, დიდი იმედია, რომ თქვენი მოძველებული გაჯეტები საიმედო ხელებში აღმოჩნდება, რადგან კომპანიების უმრავლესობას პროგრამები აქვს დანერგილი - მფლობელებს მათ გამოსყიდვას ან გაცვლას სთავაზობენ. თქვენ გარკვეულ ფულად კომპენსაციას მიიღებთ, ისინი კი თქვენს ელექტროხელსაწყოს გადაამუშავებენ კიდევაც და პროფილსაც შეუცვლიან. Apple თავისი გაცვლის პროგრამითაა ცნობილი, და იმითაც, თუ როგორ ზრუნავს თავისი პროდუქციის წარმოებისას ნარჩენების შემცირებაზე. რაგინდ შესანიშნავი უნდა იყოს თქვენი ელექტროხელსაწყოების გადამუშავების შესაძლებლობა, ასევე მნიშვნელოვანია, მათზე სათანადოდ იზრუნოთ, რომ ნაკლებად მოგიწიოთ მათი ხელახლა შეძენა. თქვენს ელექტროხელსაწყოებს რეგულარულად ჩაუტარეთ ტექნიკური შემოწმება და ყოველთვის გამორთეთ ისინი, როდესაც არ იყენებთ, რომ ენერგიაც დაზოგოთ და აკუმულატორი დროზე ადრე არ გამოვიდეს მწყობრიდან.

ეჭვი არ არის, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვა უზომოდ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, და ეს თითოეულმა ადამიანმა და კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან, არ არის აუცილებელი, ეს მეთოდები ძვირი ან რთული იყოს. უბრალოდ, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ენერგიის მოხმარების ეკონომიას, ნარჩენების შემცირებას და მათ სათანადოდ გადამუშავებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თქვენს კომპანიას სრულიად მარტივად შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს გარემოზე!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი