NOXTTON - ქართული კომპანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალურ ინდუსტრიაში

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი, მნიშვნელობა და მასშტაბები სულ უფრო იზრდება. მზარდი გამოწვევების წინაშე მდგარი უამრავი ორგანიზაცია ხსნას ტექნოლოგიური შესაძლებლობის აქტიურ ათვისებასა და ეფექტიან გამოყენებაში ხედავს. შესაბამისად, იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ამ სფეროში ოპერირებენ და არა მხოლოდ საკუთრივ ინდუსტრიას, არამედ სხვადასხვა სახის ბიზნესსა და ორგანიზაციას უწყვეტობისა და მდგრადობის მიღწევაში ეხმარება. მათ შორისაა ქართული კომპანია Noxtton-ი, რომლის პირველი ნაბიჯები 2016 წელს დიდ ბრიტანეთში, რამდენიმე ქართველისგან დაკომპლექტებული გუნდის, კიბერუსაფრთხოების პირველი პროექტით იწყება. დღეს კი ის მრავალპროფილურ საერთაშორისო საინფორმაციო-ტექნოლოგიურ კომპანიას წარმოადგენს, რომლის პორტფოლიო შთამბეჭდავი რაოდენობისა და მასშტაბის შესრულებულ პროექტებს ითვლის.

გლობალურ ბაზარზე დაწყებული კომპანიის საქმიანობა ამჟამად საქართველოზე ფოკუსირდება და ამ ინდუსტრიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ცდილობს, საშუალო და მსხვილ ორგანიზაციებს კი საკუთარი ციფრული და ტექნოლოგიური გადაწყვეტებით განვითარებაში აქტიურად უჭერს მხარს.

თუ როგორია Noxtton-ის განვითარებისა და მუშაობის თავისებურებები, რა შესაძლებლობებს სთავაზობს ის გლობალურ ბაზარს და როგორია კომპანიის ხედვა, ამის შესახებ Entrepreneur-ს მისი დამფუძნებელი, გივი ჩხარტიშვილი და მმართველი პარტნიორი, ლუკა ქობალია უყვებიან:

„ჩვენი პირველი პროექტი დიდ ბრიტანეთში შედგა. როგორც ყველა სტარტაპი, სულ რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი გუნდი ვიყავით, რომელსაც ჯერ ორგანიზაციის სახე არ ჰქონდა. პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოებას უკავშირდებოდა. მოგვიანებით კი უკვე ჩამოყალიბდა ტექნოლოგიური კომპანია საკუთარი სტრატეგიითა და მკაფიო გეგმებით.

პირველ წელს დაახლოებით 10 ძალიან საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, რამაც ამ ინდუსტრიის დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი დაგვანახა. ძალიან მალე, საქმიანობას სხვა მიმართულებებიც შევმატეთ და მომსახურების სპექტრი გუნდთან ერთად გავაფართოვეთ. მოგვიანებით კი შეიქმნა სრულფასოვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რომელსაც ნებისმიერი ციფრული მიმართულებით შეუძლია კონსულტაციისა და სერვისის გაწევა: მობილური აპლიკაციებისა და ვებგვერდების დიზაინი და დეველოპმენტი, CRM და ERP-სისტემების დეველოპმენტი, ელექტრონული კომერცია, IT-კონსალტინგი, ტექნოლოგიური აუდიტი, AI-ჩატბოტები, ციფრული მარკეტინგისა და Big Data & Analytics, კიბერუსაფრთხოება და სხვა.

ჩვენი მოდელი არა ბიუროკრატიულ, არამედ მულტიდივიზიურ, გუნდურ ფორმატზე არის დაფუძნებული, სადაც თითოეული ადამიანი და შესაბამისად გუნდი, საკუთარი მიმართულების განვითარებაზე ზრუნავს“, − გვიხსნის გივი ჩხარტიშვილი.

ევროპული სტარტის შემდეგ, კომპანია საქართველოს ბაზარზე დაახლოებით 18 თვეა გამოჩნდა. მიზანს ქართული ბაზრის სწრაფად ათვისება და საერთაშორისო ბრენდების საქართველოში „ონბორდინგი“ წარმოადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება კი გუნდს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკა და მიდგომები ლოკალურად გააზიაროს, თუმცა კომპანიის ძალისხმევა მხოლოდ საქართველოსკენ არ არის მიმართული.

გუნდის ნაწილი ამჟამად ესტონეთშია, საიდანაც პროექტების დეველოპმენტის მართვა ხორციელდება, თუმცა Noxtton-ის წარმომადგენლები სხვა ბევრ ქვეყანაშიც ჰყავს და პროექტებს რამდენიმე რეგიონში პარალელურად უწევს მენეჯმენტს. დღევანდელი მოცემულობით კი, მთავარი რესურსი მაინც საქართველოშია მობილიზებული.

„ზოგადად, ციფრულმა სამყარომ განვითარება დასავლეთიდან დაიწყო და ახლა ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენ ინაცვლებს. შესაბამისად, ეს ინდუსტრია უფრო მზარდი და პოტენციურად განვითარებადი აღმოსავლეთ ევროპის მხარეშია. ეს საქართველოშიც კარგად იგრძნობა. ჩვენს მაგალითზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება ამ ყველაფრით და სურთ, გარკვეული დოზით ციფრულ სივრცეში გადაინაცვლონ. მაგალითად, ვებსაიტების მიმართულება საკმაოდ აქტუალურია და ყველას უნდა ამ სფეროში კარგად იყოს წარმოჩენილი. ეს გვაძლევს იმის მოტივაციას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ რაც შეიძლება მეტ კომპანიას ციფრულ სამყაროში ეფექტიანად წარმოჩენაში დავეხმაროთ“, − ამბობს ლუკა ქობალია.

იმისათვის, რომ ქართული პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტად იქცეს, ადგილობრივად უამრავი რამ არის გასავითარებელი. უპირველესად, ორგანიზაციები გაციფრულების მზარდ ტენდენციასა და გამოწვევას წარმატებით უნდა გაუმკლავდნენ. გაციფრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა არსებობს პრობლემები, რომლებსაც კომპანიები სხვადასხვა მეთოდით უმკლავდებიან.

„ზოგადად, მთავარი პრობლემა, რომელიც ქართულ ბაზარზე პანდემიის დადგომისთანავე გამოიკვეთა, მუშაობის ონლაინსივრცეში გადატანა იყო, რამაც საკმაოდ ბევრ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მათ კი, ვინც დროულად დაიწყო სამუშაო პროცესში ეჯაილ-სტრუქტურის შემოტანა, საბოლოო ჯამში ძალიან დაეხმარა.

ვურჩევდი კომპანიებს, კარგად შეისწავლონ ეს სტრატეგია, ჩაატარონ კვლევები ამ მიმართულებით და შემდეგ ეფექტიანად გადაიყვანონ გუნდები ეჯაილ-სტრუქტურაზე, რაც ტრადიციული იერარქიული ბიუროკრატიის ამოცანაზე ფოკუსირებული, მოქნილი გუნდური მუშაობით ჩანაცვლებას გულისხმობს. ეს კი არა მხოლოდ ოფლაინრეჟიმში მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა, არამედ კომპანიებს ონლაინრეჟიმშიც განსაკუთრებულად დაეხმარება“, − ლუკა ქობალია.

გივი ჩხარტიშვილის დაკვირვებით, ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ორგანიზაციებს, ერთი მხრივ კარგად აქვთ გააზრებული ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, თუმცა, მობილიზების მიუხედავად, ორგანიზაციული და საოპერაციო თვალსაზრისით, არ არიან მზად ციფრულ მოწყობაზე გადასასვლელად: „გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დიდ ორგანიზაციას დაუკვეთავს ტექნოლოგიური პროდუქტები, გაგვიკეთებია აბსოლუტური სისრულითა და ფუნქციონალით, მოგვირგია ციფრული არქიტექტურა და ე.წ. footprint-ი მათ ორგანიზაციულ მოთხოვნებზე, მაგრამ გადაბარების შემდეგ, ვერ მომხდარა დამკვეთის მხრიდან მიღებული სერვისების ეფექტიანად ათვისება და სამუშაო პროცესში იმპლემენტაცია.

როგორც გამოცდილება აჩვენებს, ტექნოლოგიების სექტორში, საკმაოდ დიდი არის დივიაცია მოლოდინსა და მიღებულს შორის, რაც გამოწვეულია  იმით, რომ არ ტარდება ორგანიზაციის შიდა და გარე რესურსებისა და შესაძლებლობების კვლევა და საჭიროებისამებრ ადაპტირება რესტრუქტურიზაციის სახით.

ძალიან ბევრს ჰგონია, რომ თუ დაუკვეთავს ციფრული პროდუქტის დეველოპმენტს, მინიმალური ჩართულობით შესრულდება და გადაბარების შემდეგ, ყველაფერი ავტომატურად კარგად იქნება. ეს უტოპიური იდეალით სწორია, თუმცა ნებისმიერ პროგრამულ თუ ციფრულ პლატფორმას სჭირდება სწორი გამოყენება, მენეჯმენტი, ორგანიზაციულ რესურსებთან და სტრუქტურებთან ადაპტირება, შემდგომი მხარდაჭერა და განვითარება, რასაც ხშირ შემთხვევაში დიდი, გამოცდილი ორგანიზაციებიც კი არ ითვალისწინებენ.

სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარე, ჩვენ დღეს ვპოზიციონირდებით, როგორც ციფრული საკონსულტაციო-ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ არა მხოლოდ ვქმნით პროდუქტებს, არამედ უზრუნველვყოფთ შექმნილი და არსებული პროდუქტებისა და ორგანიზაციული რესურსების შერწყმას, განვითარებასა და სინერგიას.

ჩვენი მეშვეობით, ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება სწორად შეაფასონ ნებისმიერი ტექნოლოგიური გამოწვევა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული, მონეტარული თუ სტრუქტურული რისკ-ფაქტორები და ბენეფიტები“, − ამბობს გივი ჩხარტიშვილი.

ხოლო იმისათვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას და სიახლეებთან ეფექტიანად მოხდეს ადაპტირება, სულ უფრო იზრდება ციფრული კომპეტენციებისა და ცოდნის მნიშვნელობა, რომელსაც სწავლის მსურველებს პრაქტიკოსი, გამოცდილი პროფესიონალები გაუზიარებენ. სწორედ ისინი, ვინც ინდუსტრიის პულსაციას გულისყურით უსმენენ და ზუსტად იციან, თუ რა სახის უნარების განვითარება და ცოდნის შეძენაა საჭირო.

Noxtton-ი ამ მიმართულებაზეც ზრუნავს და გლობალურ გამოცდილებას სასწავლო მოდულებად გარდაქმნის. ამისათვის კი ციფრული ინდუსტრიის აკადემიასა და მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებს წარმოგვიდგენს, რომელმაც უკვე 3500-ზე მეტი ადამიანის გადამზადება შეძლო.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია კომპანიის მონაწილეობით ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც დაახლოებით 20 თვის წინ შეიქმნა და დღეს უკვე რამდენიმე სასწავლო მიმართულება აქვს: დეველოპმენტი, მარკეტინგი, დიზაინი და ბიზნესი. ოთხივე მიმართულებით 70-ზე მეტი კურსი, მასტერკლასი და ვორქშოპი ტარდება. „ციფრული ინდუსტრიის აკადემია“ სასწავლო პროგრამებს გლობალური აუდიტორიისთვისაც გეგმავს.

ციფრული პროდუქტების მართვის კურსი კი სწორედ ლუკა ქობალიას ეკუთვნის, რომელიც მორგებულია საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე: „ამ კურსის იდეა დაფუძნებულია იმ ხარვეზებზე, რომლის იდენტიციფირება არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორების მიერაც მოხდა. ეს ყველაფერი დამუშავდა და მათთან კოორდინირებით  ისეთი სილაბუსი და მიდგომა შეიქმნა, რომელიც ნებისმიერი სახის პრობლემის თავიდან არიდებას უწყობს ხელს. არაერთ ქართულ კომპანიასთან გვაქვს შეხება, მათ შორის სექტორში არსებულ ყველაზე დიდ ორგანიზაციებთან, რომელიც საკმაოდ კარგ გამოცდილებასა და ინსაიტს გვაძლევს ინდუსტრიასთან დაკავშირებული გამოწვების კუთხით.

პროგრამის მეშვეობით, დამსწრეები ეცნობიან ციფრულ სამყაროს, პროექტების სახეებს, მართვის დეტალებს, პროცესებს შორის ტექნოლოგიურ სხვაობებს და მახასიათებლებს, თუ როგორია დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ურთიერთობა ციფრულ სივრცეში, როგორ უნდა წარიმართოს კომუნიკაცია საწყისი ეტაპიდან, რათა მოლოდინსა და საბოლოო პროდუქტს შორის დიდი აცდენა არ იყოს.

„რეალურად, ასეთი სურათია საქართველოში: ჩვენს ქეისს თუ ავიღებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ორგანიზაცია არ არის ჯერ ფართოდ ცნობილი, ჩვენი ჰოლდინგის, ინფრასტრუქტურისა და მენეჯმენტის ქვეშ არის უამრავი ციფრული პლატფორმა და პროდუქტი. მაგალითად, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში დღეში თუ 5 წუთს მაინც ატარებს ადამიანი სოციალურ ქსელში, ჩვენ მიერ დამიზნებულ რეკლამას, პროდუქტს თუ ინფორმაციას, მინიმუმ ორჯერ მაინც ხვდება და ეს მაჩვენებელი, ჩვენ შემთხვევაში ასტრონომიულად იზრდება.

2 წლის წინ, კვირაში ნახევარმილიონიანი ჯამური „ინგეიჯმენთი“ გვქონდა, დღეს კი ყოველკვირეულად 18-20 მილიონს უპრობლემოდ ვაღწევთ. იგივე შემიძლია გითხრათ გადახდებისა და პროცესების ავტომატიზების მიმართულებითაც. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრის ათვისება საოცარი სისწრაფით ხდება და კომპანიები აქტიურად ცდილობენ გაციფრულებას, გაჰიბრიდებას და ადამიანური კაპიტალისა და რესურსის ციფრული პროდუქტების მიმართ მობილიზებას.

ყველა ორგანიზაციას, რომელსაც აქვს პრეტენზია, 5 ან 10 წლის შემდეგ იარსებოს, მიზნად დაუსახავს კოლაბორაციული, ავტომატიზაციის სისტემების, ციფრული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვა და გამოყენება. ზუსტად ამ მიზეზითა და მიზნით ვარსებობთ და ვცდილობთ კომპანიებს როგორც ლოკალურად, ასევე გლობალურად დავეხმაროთ შესაძლებლობების განვითარებაში“, − გვიხსნის გივი ჩხარტიშვილი.

ასე აგრძელებს Noxtton-ი სერვისების მთელი სპექტრით ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას როგორც ქართულ, ისე ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე. დასახული მიზნების მიღწევას კი ის დიდი გამოცდილება და კომპეტენცია უზრუნველყოფს, რომელიც კომპანიას ზურგს უმაგრებს და ყოველ ჯერზე ამოცანების სიღრმისეული ანალიზითა და ეფექტური გადაჭრით სრულდება. დღეს Noxtton-ი გლობალურ არენაზე უამრავი ორგანიზაციისთვის სწორედ იმ საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს, რომელიც უკიდეგანო შესაძლებლობების ციფრულ სამყაროში მათ სწორ ნავიგაციას უზრუნველყოფს.

entrepreneur.ge