📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

რაგბი - ერთსულოვანი გუნდურობა განვითარებისთვის "ჩვენმა ქართულმა რაგბიმ უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც ჩვენი ერთგული გულშემატკივრების არმიას იმედებს გაუმართლებს. ამისთვის თავი არ უნდა დავზოგოთ!"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

რაგბი სპორტის გამორჩეული სახეობაა, რომელიც განსაკუთრებულ გუნდურ შეჭიდულობას, მიზნისადმი ერთსულოვან სწრაფვასა და სტრატეგიას მოითხოვს. ამგვარი გუნდური ჰარმონია კი დიდი შრომისა და ძალისხმევის ფასად მიიღწევა, რაც ცხადია, სწორი სამწვრთნელო პრაქტიკიდან მომდინარეობს. თანამედროვე ორგანიზაციები და კომპანიები თანამშრომლების ერთიან, შეკრულ გუნდად ჩამოყალიბებისთვის არაერთ შიდა თუ გარე აქტივობას მიმართავენ, რისთვისაც საკმაოდ დიდ რესურსებს ხარჯავენ. თანამედროვე Teambuilding-აქტივობებში ხშირად შეხვდებით სპორტის, განსაკუთრებით კი რაგბის გუნდურობის მაგალითს, რომელიც ერთი მიზნისკენ მსწრაფი გაერთიანებული ძალების საუკეთესო მაგალითია.

რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, რომელშიც უამრავი მოყვარული თუ პროფესიონალი, კიდევ უფრო მეტი კი გულშემატკივარია ჩართული. მიუხედავად საქართველოს ნაკრების მიერ მიღწეული მრავალი საერთაშორისო წარმატებისა, შემდეგი წლიდან ნაკრებს არაერთი საერთაშორისო შეჯიბრებისა თუ გამოწვევისთვის მოუწევს სამზადისის დაწყება. ეს კი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს − როგორც სპორტსმენების, ასევე იმ სტრუქტურის მხრიდან, რომელსაც ამ ყველაფრის მართვაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. 2021 წლის დადგომასთან ერთად, სიახლეებისა და ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია რაგბის კავშირი, რომელიც მთელ რიგ პროცესებს კოორდინირებულად უნდა გაუძღვეს და ამ სპორტის შემდგომი განვითარებისთვის იზრუნოს. რაგბის გამორჩეული მახასიათებლების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ Entrepreneur-ს ირაკლი აბუსერიძე − საქართველოს ნაკრების 15-გზის კაპიტანი და მსოფლიო თასის 3-გზის მონაწილე ესაუბრა:

„რაგბი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც გუნდის ყველა წევრი ერთმანეთს ვაძლიერებთ და ვაერთიანებთ. ამ სპორტში გუნდური ძალებით მაქსიმალური კეთდება, რომ შენ გვერდში მდგარს დაეხმარო და ყველა მილიმეტრი თუ სანტიმეტრი ერთად მოიპოვოთ. აქ ოჯახური განწყობაა და ერთიანი სულისკვეთებით ყველაფერი კეთდება წარმატების მისაღწევად. ტექნიკურ პროფესიონალიზმთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, მოთამაშეებს ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდეთ და მოედანზე ერთმანეთის განწყობებს კარგად გრძნობდნენ. რაგბში ზოგადად ასეა, რომ მხოლოდ საკუთარ საქმეს არ აკეთებ, შენ გვერდში მდგარსაც უნდა დაეხმარო. სწორედ ამ ერთიანი ძალით უნდა მიიწევდეს წინ არა მხოლოდ გუნდი, არამედ ის სპორტული სისტემა და ორგანიზაციაც, რომელსაც ამ გუნდზე მზრუნველობა ევალება. ეს ყველაფერი საკმაოდ კომპლექსურია", − ირაკლი აბუსერიძე.

მიაჩნია, რომ რაგბში ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რომელიც სპორტსმენისგან განრიგით გაწერილი სავალდებულო ვარჯიშების გარდა, საკუთარ თავზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. ეს მოთამაშემ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გუნდისა და ქვეყნისთვისაც უნდა გააკეთოს. ირაკლი აბუსერიძე სპორტსმენთა იმ თაობას მიეკუთვნება, რომლებმაც კარიერა გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველოში დაიწყეს და საკმაოდ რთულ პირობებში უწევდათ განვითარება. ეს კი მათგან თავდაუზოგავ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვდა, რათა წარმატებულ სპორტსმენებად შემდგარიყვნენ. აქტიური სპორტული კარიერის განმავლობაში, მნიშვნელოვანი წლების გატარება საფრანგეთში მოუწია − ქვეყანაში, სადაც შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურა ყველაფერს აკეთებს სპორტსმენებისთვის, რათა მათ წმინდა სპორტული და გუნდური განვითარების გარდა, სხვა საზრუნავი არ ჰქონდეთ და რესურსები ყოფით საკითხებზე არ დახარჯონ. ვინაიდან საქართველოს შემდეგი წლიდან მსოფლიო თასისა და კიდევ არაერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი თამაშისთვის ეტაპობრივი სამზადისის დაწყება უწევს, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მომზადება და სისტემური მიდგომა სჭირდება.

„რაგბის სწორი განვითარების სადარაჯოზე უპირველესად, რაგბის კავშირი უნდა იდგეს. მან უნდა გააუმჯობესოს მთელი რიგი საკითხები არაერთი მიმართულებით: მენეჯმენტი, ფინანსური რესურსების მიზნობრივი ხარჯვა, სიახლეებთან ადაპტირება, მწვრთნელების რესურსის სწორად განაწილება და სხვა, რათა ქართული რაგბი უწყვეტად განვითარდეს. მათ შორის, „კოვიდ"-შეზღუდვების პირობებშიც. იმისთვის, რომ მოახლოებულ ჩემპიონატებზე წარმატებით ვიასპარეზოთ, დროული სამზადისის დაწყებაა საჭირო. გასაუმჯობესებელია სათამაშო დონე და სამწვრთნელო პრაქტიკა მენეჯერული მხარის პარალელური განვითარებით. მენეჯმენტმა აუცილებლად უნდა აუწყოს ფეხი გუნდის დინამიკას. დღეს ჩვენი ეროვნული ნაკრები ძირითადად ლეგიონერებზეა დაფუძნებული. აუცილებლად უნდა შეიქმნას ვერტიკალი და შევავსოთ ის მოზარდებიდან, სტუდენტებიდან. ინტენსიური შევსება აუცილებლად უნდა მოხდეს და რეზერვები მუდამ მზად უნდა გვქონდეს. ჩვენი მიზანია, მუდმივად მომზადებულ, დიდ ადამიანურ და სპორტულ რესურსს ვფლობდეთ. აუცილებლად უნდა მივაღწიოთ მდგრად გუნდურ დონეს. ძალიან კარგადაა გასავითარებელი ვიდეოანალიტიკოსის ინსტიტუტი, რათა მოთამაშეებმა მუდმივად შეძლონ დეტალურად საკუთარი თამაშის გარჩევა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა. რაგბის კავშირი 2021 წელს განახლებული ძალებითა და ორიენტირით უნდა შეუდგეს. დახარჯულ ძალისხმევასა და მცდელობას კი გულშემატკივარი ყოველთვის ამჩნევს და თავდადებას სათანადოდ აფასებს", − ამბობს ირაკლი აბუსერიძე.

ნებისმიერი წარმატების მნიშვნელოვან გასაღებს, პროფესიონალიზმთან ერთად, გარშემო შემოკრებილ ურთიერთგამგებ, ერთ სხეულად გაერთიანებულ გუნდში ხედავს. სწორედ ისე, როგორც ეს რაგბშია. ყველაზე მთავარი კი გამოცდილი სპორტსმენის აზრით, პასუხისმგებლობის აღება და გამბედაობაა − ისე, როგორც ამას რაგბის სათამაშო მოედანზე საკვანძო ფიგურა − ჰავბეკი, ანუ 9 ნომერი მოთამაშე აკეთებს, რომლის მაისურსაც ირაკლი აბუსერიძე წლების განმავლობაში ატარებდა.

როცა ჰავბეკი რაქში მონაწილე ბოლო კაცის ფეხთან დგება, მან უკვე იცის, რომ სამი თვალსაჩინო არჩევანი აქვს. პირველი არჩევანი ბურთის ხაზზე გაშვებაა, მეორე არჩევანი შეტევის მოკლე ფრთაზე გადატანა, ხოლო მესამე კი, ათსა და ჰავბეკს შორის ჩამდგარი შერკინების წევრები არიან. ჰავბეკი ბურთს ხელში იღებს, არსებულ სამ ვარიანტს შორის გადაწყვეტილების მისაღებად კი დაახლოებით ორი წამი აქვს. ამ დროს ცხრა ნომერი მოწინააღმდეგის მხარეს იყურება და გასაძრომ ადგილს ეძებს. პატარა სივრცის შემჩნევისთანავე, ჰავბეკს არსებული სამი ვარიანტიდან უცებ ყველა ავიწყდება და ბრძოლის ინსტინქტი მთელი ძალით ერთვება, რომელიც სხეულს მთლიანად იპყრობს. ის ადრენალინით ავსებულ კუნთებს ბოლომდე ძაბავს და დაუფიქრებლად შეტევაზე გადადის. ამ მომენტში ჰავბეკი მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, რადგან თუ დანახულ სივრცეში ვერ გაძვრება, დიდი ალბათობით ბურთი დაიკარგება და შეტევის შესაძლებლობა მოწინააღმდეგე გუნდს ექნება. მაგრამ თუ ჰავბეკმა მოახერხა და გაძვრა, ამით გუნდს უზარმაზარ ჯაფას დაუზოგავს, დიდ მანძილს მოიგებს და შესაძლოა ლელოც დაამიწოს. სწორედ ასეთი მიზანსწრაფულობისა და შეუპოვრობის სტრატეგიით ხედავს ირაკლი აბუსერიძე რაგბის განვითარების გზას, რომელმაც ახალი სიმაღლეები უნდა დაგვაპყრობინოს.

„ჩვენმა ქართულმა რაგბმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ერთგული გულშემატკივრების არმიას იმედს გაუმართლებს. ამისთვის თავი არ უნდა დავზოგოთ. ხშირად სასურველი შედეგი მარტივად არ მიიღწევა, თუმცა დიდი შრომის, ერთიანობისა და ნებისყოფის შედეგად, ყველაფერი შესაძლებელია", − ირაკლი აბუსერიძე.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი