სოციალური საწარმო "კაფუნეს" ახალი მომსახურება, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრაზე იზრუნებს

By
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„კაფუნე“ რუსთავში არსებული სოციალური საწარმოა, რომელიც კაფეში მისულ მომხმარებელს სასიამოვნო გარემოს სთავაზობს სოციალიზაციისა და დადებითი კომუნიკაციისთვის. სოციალური კაფეს მისიას წარმოადგენს ნაკლებად კონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების, სოციალიზაციისა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა. „კაფუნეში“ ყოფილი მსჯავრდებულები არიან დასაქმებულები. გემრიელი წასახემსებლები და ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები, სასიამოვნოსთან ერთად, პროდუქტიულ სივრცესაც ქმნის მომხმარებლისთვის. აქ ხშირად მოისმენთ მოწვეული სპიკერებისა თუ სტუმრების საინტერესო განხილვებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, რომელიც ზოგჯერ ახალი იდეების გენერაციის წყარო ხდება, განსაკუთრებით, რუსთაველი ახალგაზრდებისთვის. 

entrepreneur.ge

2020 სოციალური საწარმოებისთვისაც გამოწვევებით სავსე წელი აღმოჩნდა. 2019 წლის ივლისში წარმატებით გახსნილ „კაფუნეს“, არსებობიდან 1 წლის თავზე, არაერთ შეზღუდვასა და რეგულაციასთან მოუხდა ადაპტირება, რათა covid-19-ის პარალელურად მუშაობის გაგრძელება შეძლებოდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი, ლუკა კობერიძე გვიყვება, მიუხედავად გამოწვევებისა, სოციალურმა საწარმომ შეძლო, იმაზე უკეთესი ფინანსური შედეგებისთვის მიეღწია, ვიდრე გეგმის მიხედვით იყო გათვალისწინებული. „კაფუნე“ მონაწილეობდა სოციალურ საწარმოთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ „სოციალური მეწარმეობის მე-9 ფორუმში“ და იყო ერთ-ერთი ნომინანტი „წლის სოციალური საწარმოს“ ნომინაციაში. შესამჩნევია, რომ „კაფუნეს“ გუნდი გახსნის დღიდან შემართებით მუშაობს იმისთვის, რომ სივრცე, გარემო და სამუშაო პირობები გააუმჯობესოს.

პანდემიის გამოცხადების შემდეგ, 2020 წლის მარტის თვიდან „კაფუნემ“ 3 თვით შეაჩერა საქმიანობა. მიუხედავად ამისა, გუნდმა შეძლო ამ პერიოდის სასარგებლოდ გამოყენება და ფიქრი იმაზე დაიწყეს, თუ როგორი მომსახურება შეეთავაზებინათ სტუმრებისთვის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც საქმიანობის გაგრძელება დაშვებული იქნებოდა.

„შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ: გავაუმჯობესეთ კაფეს ინფრასტრუქტურა, ხოლო სივრცე უსაფრთხოების ნორმებისა და გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით მოვაწყვეთ. გადავამზადეთ ჩვენი გუნდის წევრები, რათა შეცვლილ რეალობაში საქმიანობის გაგრძელება უსაფრთხოდ შეგვძლებოდა და პოტენციურ სტუმრებთანაც შესაბამისი კომუნიკაცია დავამყარეთ. ძირითადი აქცენტი გავამახვილეთ კაფეს ღია სივრცეზე, ხოლო დახურული სივრცე დროებით დავკეტეთ, რათა მოსული სტუმრებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შეგვეთავაზებინა. შედეგად, მივიღეთ, რომ წინა წლის პერიოდთან შედარებით, „კაფუნეს“ შემოსავალმა დაახლოებით 200% შეადგინა, ხოლო სტუმრების ნაკადი 220%-მდე გაიზარდა. მიღწეული შედეგები ჩვენთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდა, გაგვეგრძელებინა სივრცის კეთილმოწყობა და მოვმზადებულიყავით ზამთრისთვის. ამავე პერიოდში დავამატეთ გარე გათბობა, ახალი მაგიდები, გავაკეთეთ გადახურვა, რათა შემოდგომის პერიოდში მაქსიმალური კომფორტი შეგვექმნა ჩვენთან მოსული სტუმრებისთვის. 

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, როდესაც ინფიცირების მაჩვენებელმა სწრაფი ზრდა დაიწყო, განმეორებითი შეზღუდვების დაწესების საშიშროებიდან გამომდინარე, დავიწყეთ რესურსების სწორ განაწილებასა და მართვაზე ზრუნვა“, − ლუკა კობერიძე. 

შემოდგომაზე დაწესებულ შეზღუდვებს, „კაფუნეს“ გუნდი უკვე მომზადებული შეხვდა და რეგულაციების ამოქმედებისთანავე, მომხმარებელს მიტანის მომსახურება შესთავაზა. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია დღის 12 საათიდან დილის 4 საათამდე. სოციალურმა საწარმომ თანამშრომლობა დაიწყო „გლოვოსთან“, რამაც მომხმარებელთა წრე მნიშვნელოვნად გააფართოვა. მენიუ განახლდა ახალი დასახელების იმ კერძებით, რომელიც უფრო მოთხოვნადია მიტანით მომსახურებისას. უახლესი პროდუქტი კი, რომელსაც „კაფუნე“ მომხმარებლებს სთავაზობს, საახალწლო სუფრაა. შეკვეთის შემდეგ, საახალწლო სუფრას კურიერი 31 დეკემბერს შინ მოგართმევთ. სიახლეების დანერგვისა და მოქნილობისკენ სწრაფვით, „კაფუნე“ პანდემიის „გადაგორებასა“ და საქმიანობის უწყვეტად გაგრძელებას კვლავაც აპირებს. 

„კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მომხმარებელს შევთავაზეთ, Facebook-მაღაზიაა. „კაფუნე“ თანამშრომლობს ქართველ მეწარმეებთან, რომლებიც ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს. ჩვენს სივრცეში ორი მათგანის პროდუქციაა წარმოდგენილი და Facebook-მაღაზია სწორედ მათი ხელშეწყობის მიზნით გავააქტიურეთ 5 დეკემბერს, რათა პროდუქციის დისტანციურად შეძენა გამხდარიყო ხელმისაწვდომი. 

დაწესებული შეზღუდვების პირობებშიც კი შევძლებთ ბოლომდე გავაგრძელოთ მუშაობა, რათა შევინარჩუნოთ თითოეული თანამშრომელი და არ დავტოვოთ ისინი შემოსავლის გარეშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვასრულებდეთ სოციალურ მისიას და ამავე დროს, ვზრუნავდეთ „კაფუნეს“ გუნდის თითოეულ წევრზე.

ახალი წლის პერიოდში ასევე ვგეგმავთ, ჩავერთოთ საქველმოქმედო ღონისძიებებში, რადგან ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, მხარს უჭერდეს მათ, ვისაც ამისი საჭიროება აქვს“, − ამბობს ლუკა კობერიძე.