Chikatai – ეკოლოგიურად სუფთა, ხელნაკეთი სათამაშოები ბავშვებისთვის

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულია გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის ბიზნესდაჯილდოება წელსაც ტრადიციისამებრ, თუმცა უჩვეულო ფორმატში გაიმართა. ქვეყნის უმსხვილესმა საფინანსო და ტექნოლოგიურმა კომპანიამ 2020 წლის გამარჯვებულები შეკრებების აკრძალვის ფონზე ონლაინ გვამცნო. წლევანდელ რჩეულებს კი სწორედ ის ქართული ბიზნესკომპანიები წარმოადგენენ, რომლებმაც განსაკუთრებულად რთული წლის მიუხედავად, თავს მოდუნების უფლება არ მისცეს და საქმიანობის უწყვეტად გასაგრძელებლად, სწრაფი რეაგირებით ალტერნატიული გზები გამონახეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც განვითარებაზე ორიენტირებული ყოველდღიური მუშაობით ახალი სიმაღლეების დასაპყრობად ძალისხმევას არ ზოგავენ და ამით სხვებსაც დიდ მოტივაციას სძენენ. 2020 წლის ბიზნესდაჯილდოების ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს Entrepreneur-ი გაგაცნობთ.

ლაშა ღუღუნიშვილი

Chikatai თამარა ბუიღლიშვილის მიერ 2017 წელს შექმნილი ქართული ბრენდია, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული მასალით, ხელნაკეთ სათამაშოებს ბავშვებისთვის გია ყანჩელის გენიალური მელოდიებით ქმნის. ყველაფერი კი პირველი საცდელი სათამაშო სპილოს შეკერვით დაიწყო, რომელიც ლეგენდარულ კომპოზიტორს გააცნეს და მისგან საჩუქრად პირველი მელოდიაც მიიღეს.

წელს Chikatai მსოფლიოს უმსხვილესი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივის − „გაეროს გლობალური შეთანხმების“ წევრი გახდა. ბრენდს ახალი ხაზიც დაემატა, რომელიც მეგობარი ბრენდის − Spilow-ს კაბებიდან მორჩენილი ნაჭრებით იქმნება. ეს პროექტი საწარმოო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანასა და გარემოს დაცვას ემსახურება.

Chikatai ყოველი წინგადადგმული ნაბიჯით, მზარდ სოციალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, მდგრადი წარმოების განვითარებაში საკუთარი ღირებული წვლილის შეტანას ცდილობს.

ამის კიდევ ერთი კარგი დასტურია „ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისთან“ გაფორმებული მეგობრობის მემორანდუმი. პროექტის მხარდასაჭერად, საგანგებოდ შეიქმნა საქველმოქმედო სათამაშო ქურციკი, კამპანიის სლოგანით „პატარა საჩუქარი დიდი შედეგისთვის“. მათი გაყიდვიდან სრული მოგება კი ვაშლოვანის ნაკრძალში ქურციკებისთვის მონიტორინგის საყელურების შეძენას მოხმარდება. პროექტი საქართველოში ქურციკების რეინტროდუქციას ითვალისწინებს, რომლებიც გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით წინგადადგმული ნაბიჯები უკვე გვაქვს − წელს, საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა, რაც საქართველოში ამ სახეობის სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა.

„Chikatai არის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და შესაბამისად, პირველ ჰანგებს ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. „პირველი ჰანგი მნიშვნელოვანია“ − ასე ჟღერს Chikatai-ის სლოგანი. (#firsttrackmatters). ჩვენი ყველა სათამაშო, ცხოველი, ფრინველი ან ზღვის ბინადარია. ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს. სწორედ ეს არის Chikatai-ის მამოძრავებელი ძალა. ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ იმ მიზნით, რომ ხაზი გაგვესვა და გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინება ბიზნესის განვითარების პროცესში. ფინალში მოხვედრა კი ადასტურებს ჩვენი ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანის პროექტის ძირითად მესიჯს, რომლის თანახმად, „პატარა ნაბიჯიც მნიშვნელოვანია“, − თამარა ბუიღლიშვილი.

დღიდან დაარსებისა, Chikatai უწყვეტად მუშაობს ბრენდის იდენტობის შექმნასა და გაძლიერებაზე, ისევე, როგორც პროდუქციის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე. 2021 წლიდან სათამაშოებში გამოყენებული ქსოვილები სრულად, 100%-ით ორგანული და სერტიფიცირებული მასალით ჩანაცვლდება, რაც ხარისხს უფრო გააუმჯობესებს.

„სათამაშოებს თურქეთის ლაბორატორიაში ვაგზავნით დასადასტურებლად, რომ ჩვენი პროდუქტი იმ EN71 სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც ექსპორტზე გასატანად და 2021 წლიდან უკვე ქართულ ბაზარზე რეალიზაციისთვისაც აუცილებელი პირობაა“, − თამარა ბუიღლიშვილი.

Chikatai-ის 2021 წლიდანაც დიდი გეგმები აქვს, რაც მთელი რესურსისა და ძალისხმევის წარმოების ზრდისა და ექსპორტზე გატანისთვის დათმობას გულისხმობს. როგორც თამარა გვეუბნება, დაარსების პირველივე დღიდან, Chikatai-ს კიდევ ერთი დიდი ოცნება აქვს, რომელსაც საიდუმლოდ ინახავს და მის ასასრულებლად ძალებს არ ზოგავს.